კაკალი მარგებელი - კვირის პალიტრა

კაკალი მარგებელი

კაკალი სასარგებლო მცენარეა, რომელიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ძველ ბაბილონში ქურუმები მოქალაქეებს კაკლის ჭამას უკრძალავდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ მისი ნაყოფი სასიკეთოდ მოქმედებდა ტვინის უჯრედებზე, ამიტომ კაკალი ყველას არ უნდა ეგემა... როგორ გავახაროთ ეს სასარგებლო მცენარე? - გვესაუბრება ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაციის მრჩეველი, ფერმერი ჯაბა ჭეიშვილი.

- ჩვენი წინაპრები კაკლისგან ამზადებდნენ კერძებს და ზეთსაც ხდიდნენ, ოღონდ მცირე რაოდენობით. საქართველოში არ არის დიდი პლანტაციები, რომ კაკლის ზეთი ვაწარმოოთ, არადა, ის ყველანაირ ზეთს ჯობია და ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. კაკლის ზეთი დაპრესვით მზადდება და მისი დანაკარგი ოჯახურ პირობებში მეტია, ვიდრე ქარხანაში. მაგრამ თუ მეურნეს 10 ძირი კაკალი მაინც აქვს, საკმაო რაოდენობით შეძლებს მის გამოხდას, ოღონდ ეს ჯიშებზეც არის დამოკიდებული. ყველაზე ცხიმიანი კაკლის ჯიშია პეკანი, რომელიც საქართველოში მასობრივად არ არის გავრცელებული. ფორმით ის თხილს ჩამოჰგავს, ოღონდ ნაყოფს დათესვიდან 12 წელიწადში იძლევა, ხოლო დამყნობიდან - 6-7 წლის შემდეგ. კაკლის ფოთლები და მერქანი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, მავნებელი ნაკლებად ერჩის. კაკლის ფოთლებს ფიჭის შესანახადაც იყენებენ, რადგან ჩრჩილიც არ ეკარება. სხვათა შორის, ფოთლების სუნი თაგვსაც არ მოსწონს, სამკურნალოდაც გამოიყენება, ხოლო მერქნისგან შესანიშნავი საღებავის მიღება შეიძლება.

- როგორ უნდა მოვაშენოთ და გავამრავლოთ კაკლის ხეები?

- უმჯობესია კარგი ჯიშის კაკალი გავაშენოთ - ბუნებაშიც არის ასეთი ჯიშები და იყიდება კიდეც. საქართველოში ნერგების გაყიდვა ახლა დაიწყეს: სანერგეები თბილისის ზღვაზე, ქობულეთსა და  ოზურგეთშიც არის, იმერეთში კი ბერძნული ჯიშის  ნერგები თურქეთიდან ჩამოაქვთ. ის 50-დან 60 კილოგრამამდე ნაყოფს ისხამს.

- როგორი წესით უნდა დაირგოს კაკალი, ან რამხელა უნდა იყოს მანძილი ნერგებს შორის?

- ქართული კაკლის ხეებს შორის მანძილი, სულ მცირე, 10 მეტრი მაინც უნდა იყოს, რადგან ის დიდი იზრდება. თუ კაკლის ხე ნამყენია, უფრო ადრე გაიზრდება და მოსავალსაც მალე მოგვცემს. დამყნობილი კაკალი მესამე წლიდან იძლევა პირველ ნაყოფს. კაკლის მყნობა ცოტა პრობლემური საკითხია, ამისთვის სპეციალისტია საჭირო.

მიწას წინასწარ უნდა განაყოფიერება, ორმოს სიგრძე-სიგანე დაახლოებით 50/50 სმ უნდა იყოს, თუმცა, ზოგი 1 მეტრი სიღრმის ორმოსაც აკეთებს. მერე მას ნეშომპალითა და გადამწვარი ნაკელით ავსებენ და ამის შემდეგ რგავენ მცენარეს. აუცილებელია ჭიგოც დავასოთ, ნერგი ქარმა რომ არ აქანაოს და ახალწამოზრდილი ფესვები არ დაუზიანოს. ნერგი თავიდანვე თუ დაიჩაგრება, სწრაფად ვეღარ გაიზრდება.

თითოეულ ნერგს ბავშვივით უნდა მოვლა. სასურველია, ძირში მოთიბული ბალახი დავუყაროთ. ეს მულჩირებაა (ნიადაგის მოშიშვლებული ნაწილის გადაფარვა სხვადასხვა მასალით) და ნიადაგში ნერგს ტენს უნარჩუნებს. მართალია, კაკალს ძლიერი ფესვთა სისტემა აქვს და ამიტომ მორწყვას არ საჭიროებს, მაგრამ ნერგებს ფესვთა სისტემაში ტენი არ უნდა გამოუშრეს, ამიტომ საჭიროა ბალახებით დაფარვა და ხანდახან მორწყვაც კი. მულჩირებისთვის არ შეიძლება წიწვოვანი მცენარეების გამოყენება, რადგან მათი ტოტები და ფოთლები მიწიდან აზოტს გამოდევნის.

მართალია, მავნებლები კაკლის ხეს ნაკლებად ეტანებიან, მაგრამ ძალიან საშიშია ამერიკული პეპელა, რომელიც მის ფოთოლსაც კი ჭამს. ამიტომ უნდა შევამოწმოთ, ნერგს რამე ხომ არ უჭირს. პლანტაციის გაშენებამდე ფერმერმა ნიადაგის ანალიზიც უნდა გააკეთოს...

მიწა, სადაც კაკალს გააშენებთ, არ მოაცდინოთ: ვიდრე ნერგები წამოიზრდება, იქ შეიძლება დარგოთ ბოსტნეული, ლობიო და სხვა პარკოსნები. ამით უფრო ნაყოფიერი გახდება და კაკლის ხეც ადვილად გაიზრდება.

ვისაც გადაწყვეტილი აქვს კაკლის ხეების დამყნობით გამრავლება, ერთ ადვილ მეთოდს გავუზიარებ, რომელიც ოზურგეთის რაიონის სოფელ ბაღდათში მცხოვრებმა ფერმერმა გიგლა ბორჩხაძემ მასწავლა. ალბათ, იცით ველური კაკალი, რომელსაც ხალხში კერკეტ კაკალს ეძახიან. მისი ნაჭუჭი ისე მაგარია, გატეხა ლამის თაგვსაც უჭირს. ველური კაკალი დაავადებების მიმართ მეტად გამძლეა, მერქანი ისეთი კარგი არა აქვს, როგორიც ქართულ კაკალს, მაგრამ საძირედ გამოდგება, თანაც, მის ნაყოფს მაღალი ცხიმიანობა აქვს. კარგი, ჯიშიანი კაკლის ხეების გასამრავლებლად

ავიღოთ ორი ჯიშის კაკალი - კულტურული და ველური. გავბურღოთ ველური კაკლის მერქანი იმ ზომაზე, რა სისქისაც კულტურული (დასამყნობი)  ჯიშის ხის დიამეტრია. გავუყრით მას ამ ნახვრეტში, ქერქის კონტაქტის ადგილებს შემოვსერავთ, ბაღის მალამოთი დავფარავთ, შემოვახვევთ ბაღის მალამოთი გაპოხილ ტილოს და კაკალი უკვე დამყნობილია.

ამას ყველა გააკეთებს, ოღონდ დამყნობა გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე უნდა მოასწროთ, როცა ხეებს ფოთლები არა აქვს.

- ნაყოფის ღირსებებზეც ვისაუბროთ. მისი მომზადების ბევრი ხალხური მეთოდი არსებობს.

- ერთ-ერთი ასეთი რეცეპტია თაფლში არეული კაკალი, რაც ენერგიის მოსაკრები საუკეთესო საშუალებაა. მე მას დაღლილობის მოსახსნელად ვიყენებ. სასურველია, ყოველდღიურად მივირთვათ 50 გრამ თაფლში შერეული 50 გრამი კაკალი. კაკალი, ისევე როგორც თაფლი, ადამიანის ჯანმრთელობასაც რგებს და ამავე დროს ენერგიის ულევი წყაროა.

კაკლის სიკეთე

კაკალი დიდი რაოდენობით შეიცავს: ცილებს, ცხიმებს, ამინომჟავებს, ვიტამინებსა და ეთერზეთებს. მის მიღებას ექიმები ბევრი დაავადების დროს ურჩევენ. კაკლის მუდმივი მოხმარებით შესაძლებელია ათეროსკლეროზის თავიდან აცილება და ძლიერი ნერვული სტრესის მოხსნა, ის სასარგებლოა შაქრის დიაბეტის, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და ანემიის დროსაც.

კაკლის მურაბა

საშუალო სიდიდის (მწვანე) კაკალი გავთალოთ, ჩავყაროთ შესაფერ ჭურჭელში, დავასხათ ბლომად წყალი და სამ დღეს გავაჩეროთ. ყოველდღიურად სამჯერ ვუცვალოთ წყალი. მეოთხე დღეს წყალი გადავწუროთ, თითოეული კაკალი წვრილი ჩხირით დავჩხვლიტოთ, დავაყაროთ 500 გრამი კირი, დავასხათ იმდენი წყალი, რომ კარგად დაიფაროს და გავაჩეროთ სამი დღე-ღამე. მეოთხე დღეს კაკალი გავრეცხოთ გამდინარე წყლით, რათა კირი არ შეჰყვეს. გარეცხილი კაკალი ჩავყაროთ შესაფერის ჭურჭელში, დავასხათ წყალი და ოთხ დღეს გავაჩეროთ (თუ კაკალი უკვე კირში გამოყვანილი შევიძინეთ, მაშინ მისი მომზადების პროცესი აქედან იწყება). დღეში სამჯერ ვუცვალოთ წყალი. მეხუთე დღეს ქვაბში ბლომად წყალი ჩავასხათ, ავადუღოთ, ჩავყაროთ კაკალი, ვხარშოთ 15 წუთი და წყალი გადავღვაროთ. ქვაბში კვლავ ჩავასხათ წყალი, ავადუღოთ, ჩავყაროთ ერთი სუფრის კოვზი შაბი, კაკალი და 15 წუთი ვადუღოთ. გადავწუროთ, დავასხათ მდუღარე წყალი და ვადუღოთ 10 წუთი, შემდეგ ისევ გადავწუროთ, დავასხათ წყალი, ჩავყაროთ ერთი ჭიქა შაქრის ფხვნილი (ან 2-3 სადილის კოვზი თაფლი), ჩავყაროთ კაკალი და ვადუღოთ ნახევარი საათი. წყალი გადავწუროთ.

სუფთა ქვაბში ჩავასხათ ბლომად წყალი; ადუღებისთანავე ჩავყაროთ 2 კილოგრამი შაქარი, ავადუღოთ, ჩავყაროთ შიგ კაკალი და ვადუღოთ. კაკლის ხარშვის დროს ჩავამატოთ პატარა, სუფთა პარკში მოთავსებული დანაყილი დარიჩინი, მიხაკი, ილი და ვხარშოთ, სანამ კაკალი მზად იქნება (კაკალი შავად უნდა ბრწყინავდეს). როცა მურაბა მოიხარშება, ცეცხლიდან გადმოვდგათ და გემოვნებით ვანილი დავუმატოთ.

მასალა: კაკალი - 100 ცალი; შაქარი - 2 კილოგრამი და 1 ჩაის ჭიქა; კირი - 500 გრამი; შაბი - 1 სუფრის კოვზი; მიხაკი, დარიჩინი, ილი, ვანილი - გემოვნებით.

იხილეთ ასევე: ჯუჯა კაკალი "დიდია"

ხათუნა ჩიგოგიძე