"მწარე" იტალიური ეზო და "მეგობარი" ლიმონი
22-09-2014
"მწარე" იტალიური ეზო და "მეგობარი" ლიმონი
გასულ კვირას მთაწმინდაზე ერთ იტალიურ ეზოს ვესტუმრე. მომცრო ეზოში მოსახლეები მჭიდროდ ცხოვრობენ. მანანა ბიბილაშვილმა, პრაქტიკულად, უმიწო ადგილას, ქოთნებში, ისეთი ბაღ-ბოსტანი გააშენა, მისი ხილვა ნებისმიერს სიამოვნებას მოჰგვრის. ჩვენი რესპონდენტი პროფესიით ისტორიკოსია, წლების წინ სკოლაში მუშაობდა, ახლა სამსახური აღარ აქვს, სამაგიეროდ, საკუთარი ხელით შესანიშნავი ბაღნარი გააშენა.

- მცენარეები ბავშვობიდან მიყვარდა. მამა თუკი სადმე წავიდოდა, ჩემს გასახარებლად ყოველთვის ყვავილებით ხელდამშვენებული ბრუნდებოდა. უმეტესად მინდვრის ყვავილები მოჰქონდა...

- მცენარეების სიყვარულზე აქაურობა მართლაც მეტყველებს...
- უამრავი
მცენარე გავახარე, 100-მდე ქოთანი მაინც იქნება: სხვადასხვა ფერისა და ჯიშის პატარძალა, ნაპოლეონის ქუდი, ბეგონიები, ბევრი ია, ჩინური ვარდები, ლიმონი, პალმები, ნაირ-ნაირი ნაძვი, მარადმწვანე მცენარეები, ორქიდეა, გვიმრა, სამნაირი აზალია, კამელია, ამარილისი, ჟასმინი აქამდე ერთხელ ყვაოდა და წლეულს უკვე ოთხჯერ იყვავილა, კაქტუსები... ყვავილი ძალი
ან რომ მომწონებია, ფოთოლი ან ღერო მომიტეხია, შინ მომიტანია და გამიმრავლებია. მცენარეები არასოდეს მიყიდია. თუ რომელიმე მცენარე მომეწონებოდა, ახლობლები მასაჩუქრებდნენ.

- ირგვლივ მცენარეთა მრავალფეროვნებაა, თუმცა, ყურადღებას იქცევს ქოთნებში ჩარგული მრავალი წიწაკა...
- კი, 30 ქოთანი წიწაკა მაინც იქნება.

- დეკორატიულია?
- ჩვეულებრივი წიწაკაა, ოღონდ საოცრად მწარე. როცა დამწიფდება და გაწითლდება, მოვკრეფ, მზეზე გავახმობ, დავფქვავ და მთელ ზამთარს ვიყენებ. საწებელი იქნება თუ ტყემალი, ყველაფერს ჩემი წიწაკით ვაზავებ.

- როდის თესავთ?

- ამას თებერვლის შემდეგ ვაკეთებ... როცა გაწითლდება, რამდენიმე წიწაკას მოვკრეფ და გავახმობ, მერე თესლს გამოვყრი და დიდ, მიწით სავსე ქოთანში  მოვაბნევ, მიწას ზემოდანაც დავაყრი. უზარმაზარი ბუჩქივით იზრდება. ეს არის ჩითილები, მერე მათ ვაცალკევებ და თითოეულს ქოთანში ვრგავ. იმდენი წიწაკა მოდის, ყველას ვეხვეწები, წაიღონ.

- ძნელი მოსავლელია?

- განსაკუთრებული არაფერი უნდა. წყალი არ უნდა მოაკლდეს და ისიც, ზომიერად. როცა მე და ჩემი მეუღლე ზაფხულობით აგარაკზე, აბასთუმანში მივდივართ, მცენარეებს მეზობლებისა და რძლის იმედად ვტოვებ. ამას გარდა, გაზაფხულზე აბასთუმნიდან ნაკელი მომაქვს და მცენარეებს, მათ შორის, წიწაკას, ვუყრი.

- ახლა რომ აცივდება, მცენარეებს რას უშვრებით?

- ამდენ ქოთანს შინ ვერ შევიტან. გარეთ იქნება, სანამ მოყინავს. მერე, რაც დარჩება ნაყოფი, როგორც გითხარით, გავახმობ და დავფქვავ. მოსავალი შარშან უკეთესი მქონდა, სულ სხვადასხვა ფერის (იასამნისფერი, ყვითელი) წიწაკები დაისხა.

- ლიმონიც მშვენივრად ხარობს...
- ეს ლიმონი სულ პატარა შევიძინე და დიდი გაიზარდა. ერთი ბუჩქი 40-50 ცალ ლიმონს ისხამს. ხანდახან ფოთლები უყვითლდება და მაშინ მაღაზიაში მცენარეთა დასაცავ საშუალებას ვყიდულობ და ვასხურებ. ფოთლებზე რაღაც დაავადებაც უჩნდება და იმისთვის სხვა სითხეს ვიყენებ, ფოთლებს აჯანსაღებს, კვებავს და სიმწვანეს სძენს. ეს ლიმონი ჩემი მეუღლის უსაყვარლესი მეგობარია. როცა პატარა იყო, ქოთანში გადავრგეთ და გაუჭირდა, ფოთლები გაუხმა, გადაგდებას ვუპირებდი, მეუღლემ კი მითხრა, ნუ იჩქარებო. და მართლაც, გაზაფხულზე გამოცოცხლდა, ახალი, მწვანე ყლორტები გამოიტანა. მერე წავიდა და წავიდა. უგემრიელესი, თხელკანიანი, ძალიან ხარისხიანი ნაყოფი აქვს.

- ლიმონს სხლავთ?
- კი, ვსხლავ, ზედმეტი ტოტებისგან ვათავისუფლებ და ბუჩქად ვზრდი. საოცარი სანახავია, თან ყვავილობს, თან მწვანე ნაყოფი ასხია, ადრე დასხმული უკვე გაყვითლებულია - ამის ნახვას არაფერი ჯობს.

- პამიდორი სადაურია?
- ეს პამიდორი მე არ გამომიყვანია, შევიძინე, არ მეგონა, პაწაწინა ჩითილი თუ ასე გაიხარებდა და დაისხამდა. თითქოს მიწაში საფუარი ყოფილიყოს, ისე გამრავლდა... ისეთი წვრილი ნაყოფი ესხა, ყურძნის მტევანს ჰგავდა... აი, ის კი, მეორე პამიდორი, ჩემი გამოყვანილი ჩითილია, მაგრამ სიწითლეში ჯერ არ შესულა. პამიდორს არ უხდება ზედმეტი წყლის დასხმა. ჯობს დააკლდეს, თორემ ზედმეტმა წყალმა შესაძლოა ფესვები დაულპოს.

- ეზოში ყურძენიც გაქვთ, თქვენს ფანჯრებზე გადადის.
- "ადესის" ორი ძირია, მოდის და მოუყვება... ერთხელ გოგრაც დავრგე, ქოთანში პიტნის კარგი ბუჩქი და მზესუმზირაც გავახარე.

- ყველაზე უპრეტენზიო ყვავილები რომელია?

- პეტუნიები ყველაზე იოლად ხარობს. ახლა მათ თესლს მოვაგროვებ და  გაზაფხულზე მიწაზე მოვაბნევ. ნაირ-ნაირი ფერები იშლება, არაჩვეულებრივად ხარობს. გაზაფხულიდან ნოემბრამდე ყვავის, ყველაზე მეტად მოყვავილე მცენარეა...

არ მიყვარს მოჭრილი ყვავილი. თუ ვინმეს ჩემი პატივისცემა უნდა, ყვავილი ქოთანში ჩარგული უნდა მაჩუქოს, თუნდაც სულ მცირე ქოთანი იყოს. ეს ყველაფერი მიწისა და მცენარის სიყვარულია. მიწის გარეშე ყვავილი ხომ არ ამოვა? ყველას ვურჩევ, შეიყვარონ ყვავილები, მეტი სილამაზე რა უნდა იყოს?
აი, ამ პალმას ყოველდღე ახალი ტოტი გამოაქვს და რომ დავხედავ, ენერგიით მავსებს, ველაპარაკები კიდეც, ვეფერები. კვირტი რომ გაიშლება, ამაზე ხომ სულ ვგიჟდები.

- თქვენი მაგალითი ადასტურებს, რომ თბილისის შუაგულში, პატარა ეზოშიც შეიძლება უამრავი მცენარის გახარება...
- კი, ნამდვილად შეიძლება.

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით