რა დაგვიჯდება ჭირნახულის დაზღვევა - კვირის პალიტრა

რა დაგვიჯდება ჭირნახულის დაზღვევა

საქართველოში აგროდაზღვევის საცდელი პროექტი 1-ელ სექტემბერს ამოქმედდა და ერთ წელიწადს გაგრძელდება. პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია. სახელმწიფო, გარკვეული პირობით, სოფლის მეურნეობის ყველა იმ პროდუქტის დაზღვევის სუბსიდირებას მოახდენს, რომელიც საქართველოში მოჰყავთ. აგროდაზღვევის კოორდინატორია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.

სახელმწიფო სუბსიდირების ლიმიტის ზედა ზღვარი კერძო ფერმერებისთვის - 30 ათასი, ხოლო კოოპერატივებისთვის 50 ათასი ლარია. პროექტში მონაწილეობა საქართველოში ლიცენზირებულ ყველა სადაზღვევო ფირმას შეუძლია. ამ ეტაპზე ხელშეკრულება ხუთ სადაზღვევო კომპანიასთან არის გაფორმებული, რომლებიც ფერმერებს სთავაზობენ მოსავლის დაზღვევას ოთხ სტიქიურ მოვლენაზე: საშემოდგომო ყინვაზე, სეტყვაზე, ჭარბ ნალექსა და ქარიშხალზე. სადაზღვევო კომპანია ზარალს აანაზღაურებს 100%-ისთვის ფრანშიზის - ანუ სადაზღვევო პოლისში მითითებული არაანაზღაურებადი მინიმუმის გამოკლებით.

სახელმწიფომ დაადგინა ნორმატიული ფასები ყველა დასაზღვევი პროდუქტისთვის, რომლებიც მოცემულია ინფოგრაფიკაში. შესაბამისად, ფერმერებს შეუძლიათ, დათვალონ, რა თანხის გადახდა მოუწევთ ჭირნახულის დასაზღვევად.