"ადგილი რომ მქონდეს, აივანზე ხეებსაც დავრგავდი"
29-09-2014
"ადგილი რომ მქონდეს, აივანზე ხეებსაც დავრგავდი"
ნათია ფანჯიკიძე: "აივანზე მცენარეების უმეტესობა ყინვაგამძლეა, თუმცა არა პეტუნია. ის ერთწლიანი მცენარეა, ჩემმა პეტუნიებმა კი მესამე წელია, 16-გრადუსიან ყინვას გაუძლეს. მათაც საოცარი ერთგულება იციან..."

"ზამთარში ჩემს სახლში გაზაფხულია"


თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მეუღლეს, ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს მცენარეები ისე უყვარს, რომ მთელი ბინა ყვავილებით აქვს სავსე, სტანდარტული აივანი კი ბაღნარად უქცევია. ალასანიებს შინ ვეწვიეთ და ეს სილამაზე საკუთარი თვალით ვიხილეთ.


- მცენარეები ასე როდის შეგიყვარდათ?
- ყვავილების სიყვარული, ალბათ, დაბადებიდან მომყვება.
მახსოვს, ბაბუა (მამის მამა), პედაგოგი და თბილისში ერთ-ერთი ცნობილი სკოლის დირექტორი, პენსიაში 60 წლისა საკუთარი ნებით გავიდა და სახლი მგალობელი ჩიტებით გაავსო. წიგნიც გამოსცა, როგორ უნდა კვებო და მოუარო იადონს... შინ ჯადოსნური სამყარო ჰქონდა, მცენარეებიც ისე უყვარდა, რომ მაისიდან რაჭაში მივყავდით და იქ მეზობლებს ხეხილის
ნერგებსაც კი უმყნობდა. ჩვენს სოფელში გაშენებული ბაღების უმეტესობა ბაბუას დამყნობილი ხეხილით არის სავსე. რაჭაში ულამაზესი ვარდისფერი ვარდი ჰქონდა. ბებიას ერთი ჩაის ვარდი უყვარდა, რომელიც გახმა, მაგრამ ბაბუას დარგული ვარდისფერი ვარდი დღესაც ცოცხალია. სამწუხაროდ, მის ყვავილობას ვერ ვესწრებით, რადგან უდროობის გამო რაჭაში გვიან ჩავდივართ...

- თქვენ როგორ დაიწყეთ ფლორისტობა?
- ვაშინგტონში როცა ვცხოვრობდით, იქაც მქონდა მცენარეები. ადრე თბილისში, დოლიძის ქუჩაზეც შინ ვამრავლებდი მცენარეებს, მიუხედავად იმისა, რომ მზე კარგად არ ადგებოდა... ამ ბინაში კი, სადაც ახლა ვცხოვრობთ, მზე ცოტა უკეთ ანათებს აივანს და ყვავილებიც გავამრავლე. იმდენია, მათ მორწყვას ყოველდღე ერთ საათს ვუნდები. ძირითადად, დილაობით ვრწყავ, რადგან საღამოს სამსახურიდან დაღლილი ვბრუნდები. ამ სილამაზესთან ურთიერთობა ენერგიას მაძლევს, რომ მერე დაუღალავად ვიმუშაო.

- რამდენი ქოთანი გაქვთ?

- სავარაუდოდ, 100-მდე. ზუსტად არც ვიცი, არ დამითვლია.

- ეს ჩინური ვარდი უნდა იყოს...
- დიახ, ორნაირი ჩინური ვარდი მაქვს. ქოთანში ორივე ერთად ჩავრგე და მშვენივრად გაიხარეს. სხვათა შორის, ბევრი მცენარის სახელი არ ვიცი. მცენარის სახელს მხოლოდ მათი მოვლის წესების სწავლისას ვკითხულობ და მერე აღარც ვიმახსოვრებ. ერთი ძალიან ლამაზი მცენარეა, მონსტერა ჰქვია, მაგრამ ისე არ მომწონს ეს სახელი, რომ ეს ყვავილი შინ არ მაქვს. მოკლედ, სახელები ხელს მიშლის ჩემს წარმოდგენებში... აი, ის ყავის ხეა, ხომ ხედავთ, რა ლამაზია...

- მცენარეებს ფოთლით ამრავლებთ?
- დიახ, ახლა იებს ვამრავლებ. ყვავილობისას არ არის სასურველი, აწყენინო და გასამრავლებლად ფოთოლი მოსწყვიტო. მოკლედ, ველოდებოდი, როდის დაისვენებდა, რომ ფოთოლი მომეწყვიტა.

- მცენარეებს ყიდულობთ თუ გჩუქნიან?
- რაც ოთახშია, ყველა ნაჩუქარია, აივანზე კი ჩემი ნაყიდია... ზოგი მცენარე სეზონურად ყვავის, ზოგიც მთელი წლის განმავლობაში კეკლუცობს. ჩემი ყვავილებიდან მუდმივად სულ რაღაც ყვავის. ერთი ბეგონია ზამთარშიც ყვავილობს, ახლა კი რატომღაც ისვენებს, სეზონები აქვს არეული, მაგრამ არ მწყინს. სამაგიეროდ, ზამთარში ჩემს სახლში გაზაფხულია... ზამთრის სიცივით გამოწვეული უსიამოვნო ემოციები ამ ყვავილებმა დამამარცხებინა.

- ზამთარში აივნიდან მცენარეები შინ არ შემოგაქვთ?
- უმეტესობა ყინვაგამძლეა, თუმცა არა - ყველა, მაგალითად, პეტუნია. მეყვავილეები ამბობენ, რომ ეს ერთწლიანი მცენარეა, ჩემმა პეტუნიებმა კი მესამე წელია, 16-გრადუსიან ყინვას გაუძლეს. ძალიან მიყვარს ისინი და მათაც საოცარი ერთგულება იციან. ერთადერთი, რაც წლეულს აივანზე გამეყინა, ლიმონი იყო... ირაკლის ზეთისხილი აჩუქეს, პრაქტიკულად, მკვდარი ხე გავაცოცხლე...

- ნიადაგს რით ანოყიერებთ?
- აივანზე მცენარეებს ნაკელით ვანოყიერებ, ოთახში რაც მაქვს, მათთვის ჰუმუსს ვყიდულობ.

- ქოთნებს საგანგებოდ არჩევთ?

-  პლასტმასის ქოთნები ძვირია და არც მომწონს. ადრე ჰიპერმარკეტში კერამიკის ულამაზესი ქოთნები საკმაოდ იაფი ღირდა და მაშინ ბევრი ვიყიდე. ჩვენი მეთუნეების ქოთნები კი მირჩევნია, მაგრამ ხშირად უხარისხოდ არის გაკეთებული - თიხის გამოწვისას ელექტროენერგიას ზოგავენ და ამიტომაც ქოთნები იშლება. 

- ზოგიერთი ფლორისტი მცენარეებს ელაპარაკება.

- დიახ, მეც ველაპარაკები მათ.  ყვავილები მართლა ჩემი ნაწილია.…

- განაწყენებაც იციან?
- როგორ არა. ზოგიერთს არ უყვარს, როცა ხანგრძლივად ტოვებ. სხვამ რაც უნდა კარგად მოუაროს, დროულად მორწყას, მაინც განიცდიან. ამ ზაფხულს რაჭაში რომ წავედი, ჩემმა შვილებმა კარგად მოუარეს, მაგრამ რამდენიმემ მაინც იწყინა ჩემი წასვლა - როცა ჩამოვედი, დახრუკულები დამხვდნენ. როგორც კი ჩემი ხელი იგრძნეს, გამწვანდნენ. ხანდახან რომელიმეზე მიფიქრია, რომ ჩემთან შუქი არ ჰყოფნიდა და ვიღაცისთვის მიჩუქებია, მაგრამ მერე გული დამწყვეტია. მე მჩუქნიან, მაგრამ მე გაჩუქება მენანება. ამიტომ თუ ყვავილის ჩუქება მინდა, ვყიდულობ.…

- ოჯახის წევრები მხარს უბამენ თქვენს გატაცებას?

- ამ ბოლო დროს ეკა, ჩემი გოგონა, დაინტერესდა. ახლობელთან რაღაც მცენარე უნახავს და სთხოვა, გამიმრავლეთო. ისე კი ჩემი ოჯახის წევრები ყვავილებს არ უვლიან. საერთოდ ასეა, როცა ვიღაც აქტიურია, სხვები პასიურობენ... მაგრამ ყოველთვის, როცა მოვლას ვთხოვ, მშვენივრად პატრონობენ. დარწმუნებული ვარ, თვითონაც გული დასწყდებათ, ერთ მშვენიერ დღეს რომ ეს მცენარეები გაქრეს...
ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც სილამაზეს ვერ აღიქვამს, ყვავილის დანახვა ბედნიერებას არ ანიჭებს. მაგრამ მოვლა შრომას მოითხოვს, ეს კი ზოგს ეზარება...

- რას ურჩევთ მათ, ვისაც ჯერ შინ ქოთნის ყვავილები არ აქვთ?
- შეიყვარონ და გაამრავლონ მცენარეები. მათ გარემოცვაში ადამიანი აგრესიასაც ნაკლებად ავლენს. ადგილი რომ მქონდეს, აივანზე ხეებსაც დავრგავდი. აი, ხედავთ, რვა ჯიშის მარტო ვარდი მაქვს.

ლალი ფაცია
nino
30 სექტემბერი 2014 10:26
უზომოდ მიყვარს ყვავილები და ის ადამიანებიც ვინც ყვავილებს უვლის და ამრავლებს, რა კარგი მეუღლე ყავს ალასანიას, ყველაფერს კარგს გისურვებ ნათია.
sergio
29 სექტემბერი 2014 21:21
ფლორისტი-ახალი სიტყვა ქართულ სიტყვაკაზმულობაში

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები