იყო ყვავი მგალობელი?! - კვირის პალიტრა

იყო ყვავი მგალობელი?!

ფრინველები საქართველოს ბუნების მშვენებაა. მათი მკვლევრები, ანუ ორნითოლოგები ამბობენ, რომ აგებულებითა და წარმოშობით ფრინველები ახლოს დგანან ქვეწარმავლებთან. დედამიწაზე დღეს 10 ათასამდე სახეობის ფრინველი ბინადრობს, ხოლო საქართველოში - 400-მდე. მათგან ნახევარზე მეტი მგალობელი ფრინველია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, ორნითოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი საქართველოში გავრცელებულ მგალობელ ფრინველებზე მოგვითხრობს.

მგალობელ ფრინველებს უწოდებენ ბეღურასნაირთა ქვერიგის წარმომადგენლებს. მასში შედის 4 ათასამდე სახეობის ფრინველი - მათი მთლიანი რიცხვის თითქმის ნახევარი. მგალობელთა ჯგუფში ირიცხება ყველასთვის ნაცნობი ბულბული და, ასე გასინჯეთ, ყვავიც. მგალობლები ხმას იმიტომ კი არ გამოსცემენ, რომ ეს მოსწონთ, -  მათი მიზანი ტერიტორიის დაუფლება და საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების მიზიდვაა. ამიტომ, ძირითადად, მამლები გალობენ. თითქოს მგალობელ ფრინველებს შორის ნამდვილი პატრიარქატია, თუმცა მეწყვილეს ბოლოს მაინც დედალი ირჩევს. საფრთხის მოახლოებისას თუ საკვების მიღებისას კი ჩიტები სრულიად სხვაგვარ ხმებს გამოსცემენ, რასაც გალობა აღარ ჰქვია.

საუკეთესო მიმბაძველებიც მგალობლების ქვერიგში შედიან. მათ შორის თუთიყუშები, თუმცა მიმბაძველობით მათ სხვები სჯობნიან. მაგალითად, ფრინველს, რომელსაც ქართულად კუდქნარა ჰქვია და დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში ბინადრობს, ნებისმიერი ხმის გამეორება შეუძლია. ბაძავს არა მარტო ადამიანებს ან ფრინველებს, არამედ მექანიკურ მოწყობილობებსა და მანქანებსაც კი. ზოგიერთი ფრინველი სასიამოვნოდ გალობს, ზოგის ხმიანობა კი ყურს გვჭრის, მაგალითად, ყვავისა.

ბულბული და შაშვი

მცირე ზომის, ჟღალი შეფერილობის ბულბული ლამაზი და ძლიერი ხმით ყველასგან გამორჩეულია. ტანით ბეღურაზე ოდნავ დიდია. ბევრს ბულბული ალბათ არც უნახავს. ის ბუჩქებში ბინადრობს და იშვიათად ჩანს. უმეტესად დილით ადრე, საღამოს ან ღამით გალობს, ხოლო გამრავლების პერიოდში, ანუ აპრილის ბოლოდან მაის-ივნისში - მთელი ღამე. ბულბული მწერებით იკვებება და შემოდგომის დადგომისთანავე თბილ ქვეყნებში მიფრინავს.

შავი შეფერილობის შაშვი ბაღებში, პარკებში, თითქმის ყველგან ბუდობს. ის გაზაფხულზე იწყებს გალობას. როცა ლამაზი, სასიამოვნო გალობა გესმით, ეს შაშვია. გალობენ მხოლოდ მამრები. სამხრეთის ქვეყნებისკენ შაშვი არ მიფრინავს, ზამთარში ის ხილითა და კენკრით იკვებება. შაშვი ბულბულზე დიდია, მამალი შავია, მხოლოდ ნისკარტი და ფეხები აქვს ნარინჯისფერი ან მოყვითალო. მდედრი უფრო რუხ-ყავისფერი შეფერილობისაა, რათა ბუდეში მჯდომი არ გამოჩნდეს.

გულწითელა

გულწითელას ადამიანის საცხოვრებელთან ახლოს ყოფნა უყვარს და სახლების გარშემო - ბაღებსა და ეზოებში ბუდობს. ამ ჩიტს წითელი შეფერილობის გულმკერდი და რუხი ფერის ზურგი აქვს, მისი გარჩევა სხვა ფრინველებისგან ძალიან ადვილია. სოფლებში კარგად ცნობენ გულწითელას ხმას.

"მომღერალი" ყვავები

თუ ყვავს ყურს დაუგდებთ, შეამჩნევთ, რომ ბგერები უხეშია, მაგრამ რაღაც ტონალობა მაინც გააჩნია. ერთმანეთთან კონტაქტისას სხვანაირ ხმებს გამოსცემენ, ტერიტორიაზე თავისი უფლებების გაცხადებისას მათი `გალობა" სულ სხვაგვარია,  ხოლო საფრთხის დროს - სრულიად განსხვავებული. ისინი ნაზ ბგერებს მხოლოდ მაშინ გამოსცემენ, როცა დედალი და მამალი ეკონტაქტებიან ერთმანეთს.

მერცხლები და ბეღურები

მერცხალი გადამფრენი ფრინველია. ჩვენი მერცხლები სამხრეთ აფრიკაში მიფრინავენ, მაგრამ ყოველთვის უკან ბრუნდებიან. მერცხლებისგან განსხვავებით, ბეღურები არსად მიფრინავენ. ხშირად, გამრავლების პერიოდის შემდეგ, გუნდ-გუნდად იკრიბებიან და `ნომადობენ", ანუ ერთი საკვები ადგილიდან მეორეზე გადადიან. როგორც წესი, შორს არ მიდიან და იმ ტერიტორიის გარშემო ტრიალებენ, სადაც ბუდობენ. გამონაკლისი მხოლოდ კლდის ბეღურაა, რომელიც საქართველოში ბინადრობს, მაგრამ სხვა ბეღურებისგან განსხვავებით, თბილ ქვეყნებში მიფრინავს.

ბოლოცეცხლა - ტურისტების რჩეული

ბოლოცეცხლას ძალიან ლამაზი წითელი კუდი აქვს. საქართველოში ყველაზე უფრო გავრცელებულია შავი ბოლოცეცხლა, შემდეგ მოდის ჩვეულებრივი ბოლოცეცხლა, ხოლო წითელმუცელა ბოლოცეცხლა ყველაზე ნაკლებად გვხვდება. წითელმუცელა ბოლოცეცხლა იშვიათი სახეობაა, რომელიც მხოლოდ კავკასიასა და ჰიმალაიში  ბინადრობს. იგი მყინვარებთან ახლოს, 3 ათასი მეტრის ზემოთ ცხოვრობს, ძალიან ლამაზი ფრინველია.  ბოლოცეცხლა არ მიფრინავს თბილ ქვეყნებში და გამოსაზამთრებლად მთებში რჩება, ოღონდ დაბლა, ხეობებში ინაცვლებს. ჰიმალაის მთებში მათ სანახავად წასვლა ძნელია, ამიტომ ზოგიერთი ტურისტი - ფრინველებზე დამკვირვებლები, ბერდვოჩერები, საქართველოში სწორედ ბოლოცეცხლების სანახავად ჩამოდიან.