რაჭულ-შვეიცარიული "5-ვარსკვლავიანი" ფერმა - კვირის პალიტრა

რაჭულ-შვეიცარიული "5-ვარსკვლავიანი" ფერმა

"თუ ხბოს დედის რძეს მოვაკლებთ, არც მეწველად ივარგებს და არც სახორცედ"

როცა შარდომეთის ფერმის შესახებ გავიგე, დაუჯერებლად მეჩვენა - დაცლილ რაჭაში ასეთი სერიოზული საქმე ვის რა იმედით უნდა წამოეწყო! თუმცა, როცა რიონის ნაპირას გაშენებულ ფერმას შევხედე, მეგონა, უცხო ქვეყანაში მოვხვდი. ამ ფერმის ამშენებელი ირაკლი კერვალიშვილი რაჭველია.  ჩვენ შარდომეთის ფერმის დირექტორს, როსტომ კერვალიშვილს ვესაუბრეთ:

- ამ ფერმამ მარტო მე არ ჩამისახა გულში იმედი, მისი შემხედვარე ბევრი ჩვენებური ფიქრობს, რომ რაჭაშიც შეიძლება საქმის დაწყება და ცხოვრება. ასეთ მიტოვებულ ადგილებში საქმის წამოწყებას ისეთი კაცი სჭირდება, ვისაც ეს ადგილები უყვარს. გვახსოვს, თბილისიდან ჩამოსულ სხვა ბავშვებს გული რომ გასართობად მიუწევდათ, ირაკლი მთაში მიდიოდა, სათიბებში. ფერმის შენება ხუთი წლის წინ საკუთარი ხარჯებით სულ მარტომ დაიწყო და საქმე ისე ააწყო, შვეიცარიელების დარწმუნებაც კი შეძლო, რომ მასთან თანამშრომლობა საიმედო იყო.

5 წლის შემდეგ ჩვენს ფერმას კაპიტალურად მოწყობილი საქონლის ორი სადგომი, თივის საშრობი, ტექნიკის სადგომი, სასადილო, ადმინისტრაციული შენობა და სტუმრების მისაღები ოთახებიც კი აქვს.

ფერმამ გარშემო სოფლებში სიცოცხლე დააბრუნა - აქ, საშუალო ხელფასი დაახლოებით 870 ლარია, სამუშაო პირობებიც თანამედროვეა და თუკი მუშახელს ასეთ პირობებს შესთავაზებ, რატომღა უნდა გაჩერდეს შხამიანი გამონაბოლქვით სავსე ქალაქში?! ახლა ჩვენს ფერმაში 40-მდე კაცი მუშაობს და კიდევ უამრავი მსურველია. სოფელში სულ 10 კაცი ცხოვრობდა, ახლა ბევრი დაბრუნდა, ახალგაზრდა ოჯახიც კი, და ჩვენთან დასაქმდა.

შვეიცარიელებს მეტი გამოცდილება აქვთ და წარმატების მიღწევის გზებს გვასწავლიან. ჩვენი სპეციალისტები პირუტყვთან მუშაობას ისე არ იწყებენ, ვიდრე მომზადების კურსს არ გაივლიან.

შარდომეთის გარდა, მიკროფერმები შქმერსა და გლოლაშიც შევქმენით, მომავალში კი სხვა სოფლებშიც ვაპირებთ. როცა ჩვენს ფერმაში პირუტყვის რაოდენობა 2000-მდე მიაღწევს, მთელი პირუტყვი მიკროფერმებში განაწილდება და ხალხს შემოსავალი ექნება - ხორცსა და რძეს გაყიდის.

- როგორც ვიცი, ჯერჯერობით რძის პროდუქტს არ აწარმოებთ...

- მომავალში ესეც იქნება. ოღონდ ჯერ უნდა გამრავლდეს მთის პირუტყვის ის ჯიშები, რომლებიც ხორცისა და რძის პროდუქტს მოგვცემს და ამასთან, მათი შენახვა ძვირი არ დაჯდება - მთის პირუტყვი რამდენიმე თვეს საძოვარზე ატარებს. ჩვენში ასეთი ჯიშები არ არსებობდა, ახლა კი გამოგვყავს. ბევრი დადებითი თვისება ჩვენებურ ჯიშსაც აქვს, - ადგილობრივ პირობებს კარგად არის შეგუებული, ადვილად შესანახია, თუმცა ტანად პატარაა, ხორცის წარმოებისთვის არცთუ მომგებიანი და ცოტას იწველის - საშუალოდ 5-7 ლიტრს.

მთის ახალი ჯიშის გამოსაყვანად კომპანიამ ადგილობრივთან ერთად სომხეთიდანაც შემოიყვანა კავკასიური ჯიშის 87 სული პირუტყვი და შვეიცარიულთან შეაჯვარა. იყო სირთულეებიც. მაგალითად, ის უცხოური ჯიშები, რომლებსაც ადგილობრივ პირუტყვთან ვაჯვარებდით, იმდენად დიდი ტანის იყო, რომ პირუტყვს მშობიარობა უჭირდა. ამჟამად პირუტყვს ისეთ შვეიცარიულ ჯიშებთან ვაჯვარებთ, რომ ეს პრობლემა აღმოფხვრილია.

უკვე 500 სულამდე ჯანმრთელი პირუტყვი გვყავს. გენეტიკურ მასალას ხელოვნური განაყოფიერებისთვის შვეიცარიული კომპანიისგან ვიღებთ. ამ ნაჯვარს ადგილობრივი პირუტყვისგანაც ბევრი დადებითი თვისება დაჰყვა. მაგალითად, კარგად განვითარებული ჩლიქები, რაც კლდიან ფერდობებზე მოძრაობას უადვილებთ. საძოვრები, საბედნიეროდ, გვაქვს და თანაც, ეკოლოგიურად ჯანსაღი. პირუტყვს ინსტრუქტორები და ვეტერინარებიც მიჰყვებიან. ამ ხალხსაც ადამიანური პირობები აქვს შექმნილი - კაცი რომ ოჯახს არის მოწყვეტილი და მთაში წასული, სანაცვლოდ ყველაფერი უნდა ჰქონდეს. შხაპისთვის წყალს მზის ენერგიის ბატარეებით ვათბობთ. და ერთი სიახლეც - ვისაც არაფერი გაუგია ,,ელექტრომწყემსის" შესახებ, ვეტყვი, რომ

ჩვენ "ელექტრომწყემსს" უკვე "ვასაქმებთ", ანუ ინსტრუქტორები ჯოგის საბალახო ტერიტორიას წვრილი ელექტროგამტარი თოკებით საზღვრავენ, რათა მას პირუტყვი არ გადასცდეს. როცა მონიშნულ ტერიტორიაზე ჯოგი ბალახს სრულად მოძოვს, სხვა ადგილზე გადაგვყავს. ორ კვირაში კი ძველ საძოვარზე დაბრუნებულებს ნორჩი ბალახი გვხვდება ამოსული.

მალე ხორცის წარმოებას დავიწყებთ. არ მგონია, ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს, რომ უცხოეთიდან შემოტანილ გაყინულ ხორცზე ჯანმრთელი, ხარისხიანი და გემრიელი ჩვენი პროდუქტია. პირუტყვს ეკოლოგიურად სუფთა საძოვრებზე ვზრდით. გარდა ამისა, ეკოლოგიურად სუფთა სხვა საკვებსაც ვაჭმევთ - დღეში 1-1,5 კილოგრამ ხორბალს, რომელსაც ადგილობრივი ფერმერებისგან ვყიდულობთ.

...მოგვიანებით ბატონმა როსტომმა შვეიცარიელი ფერმერი გამაცნო, რომელიც ფერმაში საქმის წარმოებას აკვირდება. მე მას ვკითხე, როგორ მოხდა, რომ უძველესი სამეურნეო კულტურის ქვეყანაში ქართველ მეურნეებს ევროპელმა ფერმერებმა აჯობეს.

- რატომ გიკვირთ? ჩვენთან არეულობა ასეული წლები არ მომხდარა. თქვენთან კი ხალხი ცოტა რომ დაწყნარდება, რაღაცის კეთებას დაიწყებს, ახალი დამპყრობელი შემოდის და გაკეთებულს ანადგურებს. ასეთ პირობებში პირუტყვის ჯიშის გამოყვანასა და ყველის ახალ სახეობებზე ვერ იზრუნებ. არასტაბილურმა გარემომ ბევრ რამეზე ხელი აგაღებინათ და პირუტყვის მოვლაშიც ბევრ რამეს ვერ ითვალისწინებთ.

- მაგალითად, რას?

- თუ ჯანმრთელი პირუტყვის გაზრდა გვინდა, სწორად უნდა ვკვებოთ. თუ ხბოს დედის რძეს მოვაკლებთ, არც მეწველად ივარგებს და არც სახორცედ.

შვეიცარიაში პირუტყვს საათობრივად ვკვებავთ და შედეგიც გვაქვს. გარდა ამისა, პირუტყვი მაშინაც ჩიავდება, როცა უშობელი ნაადრევად მაკდება; აუცილებელია პირუტყვის ჯანმრთელობის მუდმივი მეთვალყურეობა. თქვენს ქვეყანაში ეკოლოგიური პირობები კარგია, მაგრამ დროდადრო მაინც საჭიროა პირუტყვისთვის ვიტამინების მიცემა...

აი, სწორედ ასეთ გამოცდილებას ვუზიარებთ აქაურ სპეციალისტებს. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს.