ნუ აურევთ მგელს მგლისფერ ძაღლში
06-10-2014
ნუ აურევთ მგელს მგლისფერ ძაღლში
"მოსახლეობას თავს, ძირითადად, ჰიბრიდები და გაველურებული ძაღლები ესხმიან"

სამი დღის წინ ტფილისის 11 რაიონში მგლები გამოჩნდნენ. ისინი რუსთაველის ქუჩაზე, ვაგზლის უკან შენიშნა მილიციის გუშაგმა, რომელმაც სროლა ატეხა და გაიქცნენ. მგლების შემოსევის საწინააღმდეგოდ თერთმეტმა კომისარიატმა მოაწყო შეიარაღებული შემოვლა... ყოველდღიურად ათვალიერებენ გერმანული კოლონიის მიდამოებს, სადაც მგლები საკმაოდ ხშირად ჩნდებიან, - წერდა 1923 წელს გაზეთი "ზარია ვოსტოკა" და თავის მკითხველს ამცნობდა, როგორ დაკბინა მგელმა ერთ-ერთი მოქალაქე - ვინმე ვარლამ ბებუთაიშვილი.

მგლები საქართველოში ყოველთვის
იყვნენ, მაგრამ ბოლო წლებში დასახლებულ პუნქტებშიც გამოჩნდნენ, განსაკუთრებით - კახეთში, სამეგრელოსა და იმერეთში. მათ თავდასხმას რამდენიმე ადამიანიც შეეწირა.
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იასონ ბადრიძე მიიჩნევს, რომ მგელი არც ისე საშიშია, როგორც ბევრს ჰგონია. ბატონი იასონი კარგა ხანს ცხოვრობდა მგლების გარემოცვაში და დაუფარავი სიმპათიით საუბრობს ამ
ამოუცნობ არსებაზე:


- ბოლო წლებში გახშირებული თავდასხმების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მგლების რაოდენობა თითქოს კატასტროფულად არის მომატებული, სინამდვილეში კი საქმე სხვაგვარადაა - კვლევებით დადგინდა, რომ ძალიან გამრავლდნენ ჰიბრიდები, ანუ მგელძაღლები. გაზრდილია გაველურებული ძაღლების რიცხვიც. როგორც წესი, ძაღლისა და მგლის შეჯვარება მაშინ ხდება, როცა მგლების რაოდენობა იკლებს. მე თუ მკითხავთ, ეს კატასტროფა არის. მგელი ცხოვრობს თავისი კანონებით, ჰიბრიდები - სულ სხვა კანონებით. მგელი ადამიანს გაურბის და უმიზეზოდ არაფერს ერჩის. ჰიბრიდებს კი არ აქვთ ადამიანის შიში, ამიტომაც მოსახლეობას, ძირითადად, ისინი ესხმიან.

მგლების ერთი კატეგორია შინაურ ცხოველებზე ნადირობს, მეორე - მარტო გარეულ ცხოველებს დასდევს, შინაურ ცხოველებზე დაგეშილი მგლები ნაშიერებსაც ასე ზრდიან. ასეთი მგელი ტყეში ვერ წავა და ირემს ან შველს ვეღარ მოინადირებს... საბჭოთა პერიოდში მგლის ტყავში თანხას იხდიდნენ, მეტიც, ერთხანს პრემიებიც კი დააწესეს და მოსახლეობა მგლებს ხოცავდა... 90-იანი წლების საქართველოში კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა არა მარტო ხალხისთვის, არამედ ბუნებისთვისაც. ყოველი მეორე იარაღით დადიოდა. ბრაკონიერებმა მოსპეს ყველაფერი, რისი მოსპობაც შეიძლებოდა. იმ წლებში ხევხუვებში ჩახოცილ ირმებს სუნით მიაგნებდი: დაუშენდნენ "კალაშნიკოვებს", ზოგს იქვე კლავდნენ, ხოლო დაჭრილი ირმები ტყეში გარბოდნენ და იქ იხოცებოდნენ. იგივე ხდებოდა მგლების თავსაც. მოკლედ, ზოგ ადგილას მგლები მოსპეს და შედეგად, ცოტა ხანში ტყეები ძაღლებით აივსო. გაველურებული ძაღლი კი საშინელებაა...

- თქვენ მგლებთან ერთად ცხოვრობდით და მათ აკვირდებოდით...
- 1970-იან წლებში ექსპედიციები მქონდა ბორჯომის ნაკრძალში, 1500 საათი მაქვს გატარებული მგლებთან. მაინტერესებდა მათი ცხოვრების ნირი, ქცევა, ხასიათი. დავყვებოდი და ვაკვირდებოდი, როგორ ცხოვრობდნენ. ოთხი თვე დამჭირდა, რომ შემჩვეოდნენ, მერე კი მათთან ერთად ვცხოვრობდი. 5-6 მეტრის მანძილზე მოდიოდნენ და ვატყობდი, რომ ძალიან მომეჩვივნენ...
ერთხელ მძინარე დათვს გადავაწყდი, ის წამოხტა და ჩემ წინ ყალყზე დადგა. ეტყობა, შევყვირე. ჩემი "მეგობარი" მგლები ეცნენ განრისხებულ მხეცს და გადამარჩინეს, თორემ იმ დათვს ერთი თათი რომ მოექნია, ჩემგან არაფერი დარჩებოდა.
შესაძლოა, არ იცოდეთ, რომ ძაღლთან შედარებით, მგლების აზროვნების დონე მაღალია. მათ შეუძლიათ დასახონ გეგმა და ამ გეგმის მიხედვით იმოქმედონ - ეს მეცნიერული ექსპერიმენტებით არის დადგენილი. 

- ჰიბრიდები მგლებისგან რით განსხვავდებიან?

- ჰიბრიდები შეჯვარების შედეგად ჩნდებიან. პირველ თაობაში ნაშიერების ერთი ნაწილი ძაღლს ჰგავს, ხოლო მეორე - მგელს. შემდეგ თაობებში ეს იცვლება, თუმცა მათი მგლებისგან გარჩევა მაინც შეიძლება - ჰიბრიდებს ყურის ფორმაც სხვანაირი აქვთ და აგებულებაც.
ბოლო წლებში ჰიბრიდებსა და გაველურებულ ძაღლებს ტყიდან მგლებიც გამოჰყვნენ, რადგან იქ საკვები აღარ აქვთ. მათ შორის ინტენსიური შეჯვარება მიმდინარეობს და გენეტიკურად სუფთა მგლების რაოდენობა შემცირებულია.

იყო შემთხვევა, როცა ივრის ზეგანზე მწყემსების მიტოვებულმა ძაღლებმა ადამიანი დაგლიჯეს, თუმცა ყველას ეგონა, რომ ის მგლებმა მოკლეს. ასეთი ცდომილება საკმაოდ ხშირია.

- თუ არის ცნობილი, დაახლოებით რამდენი მგელი ბინადრობს საქართველოში?
- მათ რაოდენობაზე ხშირად არარეალურ ციფრებს ასახელებენ. ზოგი იმასაც ამტკიცებს, საქართველოში 250 მგელიაო. ვინ გამოთვალა ეს ციფრი? ასეთი ხერხი მსოფლიოში არ არსებობს. მსხვერპლის რაოდენობის გაზრდიდან, ერთი წლის შემდეგ იზრდება მტაცებელთა რიცხვიც და პირიქით - თუ მსხვერპლის რაოდენობა ეცემა, მაშინ მტაცებლის რაოდენობაც მცირდება, რადგან საკვები ნაკლები აქვთ და ნაკლებ ნაშიერს შობენ. ბუნება აწონასწორებს ამ ყველაფერს. უცნაურია, მაგრამ მგელი რომ არ იყოს, მისი მსხვერპლი ცხოველებიც დაჩიავდებოდნენ და გადაგვარდებოდნენ. შოტლანდიაში მგლების მომრავლება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ირემი გადაგვარდა: რქების ფორმაც კი შეცვლილი და დეფორმირებული ჰქონდა. სწორედ მგლის დამსახურებაა, რომ ირემი იძულებულია, კარგ ფორმაში იყოს, რქებიც ნორმალური ჰქონდეს, სისწრაფეც და გამძლეობაც. საქართველოშIი 1970-იან წლებში მგლები ნაკრძალებშიც კი მოსპეს და მათი ადგილი ძაღლებმა დაიკავეს. მგლები მოსპეს ლამის მთელ ევროპაშიც, მაგრამ ახლა ისევ დაიწყეს მათი მოშენება.

- ვიცი, რომ მგლის ლეკვები ოჯახშიც გყავდათ და ზრდიდით...

- დიახ, ჩემი მგლები მყავდა, რომლებიც გავზარდე და ტყეში გავუშვი. ჯერ კიდევ თვალაუხელელ, ჩვილ ლეკვებს ვყიდულობდი და ვზრდიდი. იმ დროს ჩემთან სტუმრობა ერთ რამედ ღირდა: ბავშვები და მგლები ერთად თამაშობდნენ და ნამდვილი ზედახორა ჰქონდათ. 22 მგელი გავზარდე. ლეკვობაში თითის ფალანგებს ვაჭრიდი, რომ მერე მეცნო. ბოლო ჯგუფი ბუნებაში 1979 წელს გავუშვი და მერე ვაკვირდებოდი. 9 წლის შემდეგ შემხვდა ერთი წყვილი, ნეტავ გენახათ, ჩემი დანახვა როგორ უხაროდათ. სხვათა შორის, მგელს მშობლის საოცარი ინსტინქტი აქვს. მე მინახავს ერთი-ორი ოჯახი, სადაც ახალდაბადებულ ლეკვებს მშობლები დაუხოცეს და ისინი "და-ძმებმა" გაზარდეს, რომლებიც მხოლოდ ერთი წლისანი იყვნენ. ისე, მგლები ორი წლის ასაკში მწიფდებიან, დედობრივი ინსტინქტი კი ერთი წლის ასაკში, ოჯახში ახალი თაობის გაჩენისას უჩნდებათ.

- როგორ უნდა დაიცვას თავი ადამიანმა, რომელსაც მგელი ან ჰიბრიდი თავს დაესხმება?
- თუ მგელი ცხვარს გიჭამს, ცხადია, უნდა მოკლა, მაგრამ ამის გამო სახელმწიფომ პრემია არ უნდა დააწესოს. ის, რაც ჩვენი ბუნების წინააღმდეგ ხდებოდა და ხდება, მტრის შემოსევას ჰგავს. თითქოს სხვა ქვეყანას იპყრობენო, ისე მოსპეს და გაანადგურეს ყველაფერი! მართალია, მგლის მოკვლისათვის ახლა უკვე ჯარიმაა დაწესებული, მაგრამ ეს მეორე უკიდურესობაა: თუ ადამიანს ან შინაურ ცხოველს თავს ესხმის, როგორ არ უნდა მოკლა? თუმცა, ჩვენში ჯარიმას ვინ უყურებს... ირმის მოკვლისთვის პატიმრობას უსჯიდნენ, მაგრამ მაინც ხოცავდნენ. ნაკრძალებში იყვნენ დაბანაკებული შეიარაღებული ადამიანები და არც ერთ სულიერს არ ინდობდნენ. მაგრამ ბუნება ასეთ რამეს არ გვპატიობს. ბუნება ისეთი ორგანიზმია, მისი ერთი ნაწილის ამოღება მის სიკვდილს იწვევს. გული ან ღვიძლი რომ ამოვაცალოთ, ადამიანი კვდება. ასევეა ბუნებაც.

ხათუნა ჩიგოგიძე
elguja
06 ოქტომბერი 2014 22:48
ისე, მგელი შეგჭამს, თუ მგლისფერი ძაღლი ორივე შემთხვევაში მინიმუმ გეტკინება.
ნ.
06 ოქტომბერი 2014 20:10
ნუ გაჩეხავთ ტყეებს და არ ჩამოვა სოფლებში ნადირი.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-12-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-12-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა