"მიწის მოხელე" - კვირის პალიტრა

"მიწის მოხელე"

"ხალხი მთავრობას შეჰყურებს, რომ რამე გამოიმეტოს, არადა, ხელის განძრევაზე უნდა ვიფიქროთ"

"ბუნებრივი სასუქით პავლონიები ორ წელიწადში 15 მეტრი გაიზარდა, არადა, ეს ხე 7-8 წლის ჰგონიათ"

იქ, სადაც ოთხი წლის წინ ჩაის გაველურებული პლანტაცია იყო, ახლა ნამდვილი წალკოტია. ვაზი, ციტრუსი, ხილი და ბოსტნეული, ეგზოტიკური ხე და მცენარეები - გურიაში, სოფელ ლიხაურში, ფერმერ ბესო მჟავანაძეს ეს ყველაფერი დაახლოებით 1 ჰექტარზე აქვს გაშენებული.

ერთ დროს საჯარო მოხელემ, ქობულეთის გამგებლის მოადგილემ კარიერა მიატოვა და მამაპაპეულ სახლს დაუბრუნდა. ყოფილი მოჭიდავე ამბობს, რომ ახლა მიწას ეჭიდება, რაც ძალიან კარგად გამოსდის.

ბესო მჟავანაძე, ფერმერი: "ამ კარ-მიდამოში მამაჩემი ცხოვრობდა. 84 წლისა გარდაიცვალა და როგორც გურიაში იტყვიან, კერია არ გავაციე. სპეციალობით აგრონომი ვარ. წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩემი სპეციალობით და ვიცი, სად რა და როგორ უნდა დავთესო და დავრგო, ამიტომ სიამოვნებით მოვკიდე ხელი სოფლის მეურნეობას. ოთხ წელიწადში საკმაოდ კარგი მეურნეობა შევქმენი.

25 ძირი პავლონია მაქვს. ეს არის ძალიან მსუბუქი ხე, რომელსაც იყენებენ ავიამშენებლობაში, გემთმშენებლობაში, მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებლად, ინტერიერის მოსაწყობად. ბუნებრივი სასუქით პავლონიები ორ წელიწადში 15 მეტრი გაიზარდა, არადა, ეს ხე 7-8 წლის ჰგონიათ. ბამბუკიც მომყავს, რომლისგანაც ჭიგოებს ვამზადებ კიტრისა და პამიდვრისთვის.

ქიმიურ სასუქს არ ვიყენებ. დაახლოებით 80 სმ სიღრმეზე ვიღებ მიწას და მცენარეულ ნარჩენებს ვყრი. 20-25 სმ ფენა რომ დაგროვდება, 5-10 სმ მიწას ვაყრი და ასე ვიმეორებ ფენა-ფენა. შემდეგ ზემოდან ვაყრი ორგანულ ნარჩენს, ვასხამ ორგანიკას და ისევ მიწას ვაყრი. დაახლოებით 8-10 წელიწადს ამ ადგილას რაც უნდა დარგო, სასუქის შეტანა არ სჭირდება.

- რომელიმე კულტურის მოყვანის თქვენეული მეთოდი თუ გაქვთ?

- კარტოფილი ისე მომყავს, რომ მიწის ნაცვლად მულჩს ვაყრი - კარტოფილის დასათესად ხომ ვაკეთებთ კვალს, შეგვაქვს ნაკელი, ნაცარი და 20-20 სმ-ის დაშორებით ვთესავთ. შემდეგ, მიწის მიყრის ნაცვლად, დაახლოებით 30-40 სმ სიმაღლეზე ვაყრი თივას, ბალახს, ფოთლებს. როცა სოია მომყავს, მოსავლის აღების მერე კარტოფილს სოიას ნამჯას ვაყრი.

მიწაშიD დათესილი ერთ-ორჯერ ხომ უნდა გათოხნო, ამდენჯერვე მიწა უნდა შემოაყარო, მორწყა, შეწამლო და ა.შ. მულჩირებით მოყვანილს კი ეს ყველაფერი არ სჭირდება - მხოლოდ დავთესავ და მოსავლის ასაღებად მივდივარ. ამისთვის არც სამუშაო იარაღი მჭირდება - საკმარისია, გადავშალო გამხმარი ბალახი და როგორც კრუხის ბუდეში კვერცხები, ისე ყრია კარტოფილი.

- მიწის თხილიც თქვენი მეთოდით მოგყავთ?

- მიწის თხილი პირველად ინტერესის გამო დავთესე. ლობიოსავით 3-4 მარცვალი ჩავყარე თითო ბუდნაში. 19 კილოგრამი მოსავალი მივიღე. წლეულს ცოტა ვიავადმყოფე და ჭირნახულს სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე.

დაახლოებით ორი წლის წინ კი სიმინდი მოვიყვანე, რომელსაც ღეროზე 6 ტარო ჰქონდა. 24-25-კილოგრამიანი საზამთროც მომიყვანია. ავოკადოც მაქვს ბაღში და წლეულს უკვე ორი ნიშანი მოისხა.

ბაღჩაში მომყავს ასევე არტიშოკი და ბროკოლი. კიტრის 3-4 მოსავალს ვიღებ წელიწადში, ერთხელ ბოლო მოსავალი 29 დეკემბერს მოვკრიფე. ეს გასაკვირი არ არის, თუ თესვის დროს სწორად დაგეგმავ. უნდა გადაანაწილო და ეტაპობრივად დათესო, რათა რაც შეიძლება მეტჯერ მიიღო მოსავალი. არადა, დათესავენ ერთდროულად ბევრს და აგვისტოში კიტრი უკვე ილევა. აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში რომ დავთესავ კიტრს, პირველ ნიშნებს რომ მოისხამს, სხვა ადგილას კიდევ ვთესავ და პირველი მოსავალი რომ შემოდის, მეორე ნაყოფს ისხამს...

32 ჯიშის ვაზი მაქვს, აქედან 11 ძველი გურული ჯიშია.

სადაც კი გავიგონებდი, რომ ვიღაცას ჩემთვის საინტერესო ვაზის ჯიში ჰქონდა, მივდიოდი და მომქონდა. ზოგიც სხვადასხვა სანერგე მეურნეობიდან ჩამომქონდა. ევროპული ჯიშების სუფრის ყურძენიც მაქვს, მათ შორის - კარდინალი რიშელიე, ალფონსო ლავალი და იტალიური მუსკატი.

ჩხავერის ორმა ნერგმა კი, ფაქტობრივად, სასწაული მოახდინა. ორი წლის ნერგებმა, თითომ 10-12 კილოგრამი ყურძენი მოისხა. ორი პატარა ნერგიდან 5,5 ლიტრი სუფთა წვენი დავაყენე.

- ჭირნახულს ოჯახისთვის იყენებთ თუ ყიდით კიდეც?

- ჩემი და ჩემი ოჯახის სამყოფი ყველაფერი მაქვს, მაგრამ ახლა გადავწყვიტე, ჩემი საქმიანობა შემოსავლის წყაროდ ვაქციო. საადრეო მანდარინისა და ვაზის ნერგები გამომყავს, პავლონიებს ვზრდი და როცა მუშტარი გამოჩნდება, გავყიდი.

- როცა წარმატებული ფერმერების ამბებს ვისმენ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს სოფელს მხოლოდ ცოდნა აკლია...

- საბჭოთა პერიოდი გამოვიარეთ, როცა ხალხი მიჩვეული იყო უშრომელ შემოსავალს. არ არსებობდა ქარხანა, მეურნეობა, საწყობი, საიდანაც იქ დასაქმებული ადამიანი საღამოს სახლში წასვლისას ხელს რამეს არ გააყოლებდა. ახლა ასე აღარ არის. ყველაფერი შენი შრომით უნდა მოიპოვო. ხალხი მთავრობას შეჰყურებს, რომ რამე გამოიმეტოს, არადა, ხელის განძრევაზე უნდა ვიფიქროთ. "ბირჟაზე" დგომა და გაუთავებელი სმა-ჭამა სოფლად ლამის წესად იქცა. მე კი დღის საათები რომ არ მყოფნის, მთვარიან ღამეშიც ვმუშაობ.