რით შეიძლება ირჩინო თავი გურიაში?
13-10-2014
რით შეიძლება ირჩინო თავი გურიაში?
"გურია თხილის მხარეა, მაგრამ ჩვენი სოფელი თხილისთვის სამოთხეა, იმიტომაც ჰქვია თხინვალი, თხილის ნერგი სადაც უნდა ჩარგო, საუკეთესო ამოვა და გაიზრდება, ისეთი მიკროკლიმატი აქვს და ნიადაგი ისეთ ტენს უნარჩუნებს"

ციტრუსის ჩაბარებით იმედგაცრუებულ გურულებს ეს კითხვა დიდი ხანია აწუხებთ და პასუხსაც დიდი ხანია ეძებენ, - ათეულობით წლის წინ გაჩეხილ-გავერანებული ჩაი ახლაღა ცდილობს ფეხზე წამოდგომას; შედარებით გამძლე თხილს კი ბუნება მაინც ებრძვის. წელს, მაგალითად, გურიაში თხილის მოსავლის 70% ქარიშხალმა ძირს ჩამოყარა. ამის მიუხედავად,
"თუ კაცი გონიერია, სოფელი ღონიერია" - გურიაშიც არის ისეთი ხალხი, ვინც მეზობელ-მოკეთეს იმის მაგალითს უჩვენებს, რომ შრომისა და მეურნეობის გონივრული გაძღოლით კაცი ფეხზე მუდამ მყარად იდგება და სოფელსაც მოაძლიერებს...
ოზურგეთის სოფელ თხინვალის მკვიდრ ავთანდილ გუჯაბიძის თავზე უამრავმა ქარიშხალმა გადაიარა, მაგრამ მის ოჯახში ყველა ის სიმდიდრე
მოგხვდება თვალში, რაც მიწიდან კაცმა შეიძლება მიიღოს.


- თანასოფლელებისგან შევიტყვე, რომ ათეული წლების წინ გურიაში ყველაზე ახალგაზრდა, 32 წლის, სოფლის თავკაცი და საბჭოთა კავშირის დეპუტატი იყავით.
- გორბაჩოვის დროს აღმოჩნდა, რომ საბჭოთა იმპერიის სოფლებს შორის თხინვალი პირველი იყო ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების მიხედვით. ეს გრანდიოზულად მასშტაბური რიცხვი იყო, - სოფელშიც ჩამოვიდნენ და შეამოწმეს, ვინ როგორ ცხოვრობდა და როცა ყველა ოჯახში კომფორტი ნახეს, გაოგნდნენ.
მართალია, ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ მივხვდი, რომ თუ ბაზარს მოვძებნიდი და ამ ბაზარზე თხინვალის ციტრუსთან ერთად, სხვა სოფლების გაუსაღებელ ციტრუსსაც ჩემი სოფლის სახელით გავიტანდი, ეს დამატებით შემოსავალს მოგვცემდა.

მაშინ ციტრუსი სვერდლოვსკში გამქონდა. ამის საშუალება კი გორბაჩოვის იმ ბრძანებამ მომცა, რომლის მიხედვით თუკი გეგმას შევასრულებდით, მერე გეგმიდან 30%-ის სურვილისამებრ რეალიზების უფლება გვქონდა. მე ამ შემოსავალს გლეხებს ვახმარდი
ბანკში სოფლის სახელზე იდო თანხა და გლეხი თუ ახალ სახლს ააშენებდა ან სხვა რაიმისთვის დასჭირდებოდა, ფულს ბანკიდან გამოიტანდა და უკან ნელ-ნელა აბრუნებდა. ანუ მაშინ თხინვალში პირველი სოფლის ბანკი შევქმენით.

მერე საბჭოთა სახელმწიფო ნაცარტუტად იქცა და დაფინანსების ეს სისტემა დაგვენგრა. პირუტყვი მყავდა, ოზურგეთის ცენტრამდე, 20 კილომეტრის მანძილზე ფეხით ჩამქონდა ყველი და რძე, ბაზარში ვაბარებდი და უკან ფეხით მოვდიოდი. იმ დროისთვის გურიაში მხოლოდ ეს იყო გადარჩენის წყარო.
მერე თხილი და მისი გასაღების ბაზარიც გამოჩნდა და სანამ ჩემი თხილის ნარგავები ნაყოფს მომცემდა, სხვის თხილს ვიბარებდი და ვყიდდი. ამასობაში ჩემი თხილის პლანტაციაც გაიზარდა და უკვე 2 ტონამდე თხილს ვაბარებ.

წელსაც კარგი მოსავალი მაქვს. გურია თხილის მხარეა, მაგრამ ჩვენი სოფელი თხილისთვის სამოთხეა, იმიტომაც ჰქვია თხინვალი, თხილის ნერგი სადაც უნდა ჩარგო, საუკეთესო ამოვა და გაიზრდება, ისეთი მიკროკლიმატი აქვს და ნიადაგი ისეთ ტენს უნარჩუნებს.

- თქვენთან სიმინდიც კარგად ხარობს. წელს ისეთი ცხელი ზაფხული იყო, რომ სიმინდის მოსავალი თუ არ განადგურდა, განახევრდა. თქვენ კი მშვენიერი ყანა გაქვთ.
- ეგეც იმის წყალობაა, რომ ჩვენი ნიადაგი ტენს ინარჩუნებს. თუმცა, თუ არ იშრომე, ეს ვერაფერს გიშველის. სამ ტონამდე სიმინდი მომყავს და ფრინველსა და ღორს ვზრდი, - ხორცს რომ არ იყიდი, ეს შემოსავალიც ხომ ოჯახში რჩება. ასე რომ, ჩემს შვილიშვილებს ახალი, ნატურალური ხორცი არასოდეს მოჰკლებიათ.

გარდა ამისა, ბავშვებისთვის ცოცხალ ბუნებასთან ურთიერთობა სიცოცხლის მიმნიჭებელია.
სახლიდან 200-მდე მეტრის მოშორებით მთიდან გადმოჟონილ წყალს მთის სიღრმეში მივყევი და მე და ჩემმა მეზობელმა ისეთი წყარო შემოვიყვანეთ შინ, ვერასოდეს ვერავინ დაგვიშრობს.

- ეს ამბავი უფრო დაწვრილებით მომიყევით...

- ჩვენი სოფელი ტენიანი კია, მაგრამ ზაფხულის გვალვაში ჭები შრება. მიწის სხვადასხვა შრიდან გამონაჟონ წყალს ყურადღება უნდა მიაქციო, ეს სიმდიდრეა. ზოგიერთი სოფელი უწყლობას უჩივის, მაგრამ ერთ კაცს თუ არა, რამდენიმეს ხომ შეუძლია, ცოტა გაისარჯოს, მიწა ამოთხაროს და იქვე, წყლის ჟონვის ადგილას, ამოაშენოს პატარა აუზი, საიდანაც წყალს სახლამდე მიიყვანს. ჩემს მეზობელს ვუთხარი, - იმ გორიდან, საიდანაც წყალი ჟონავს, შეიძლება წყალი სახლებამდე გამოვიყვანოთ-მეთქი. ასეც გავაკეთეთ.

- ულამაზესი მარანი და ფაცხა რომ გაქვთ, ამაზე რატომ არაფერს ამბობთ?
- ეს ფაცხა და მარანი ჩემი ხელით ავაშენე. საოცარ სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს ის, რასაც აკეთებს. მოწეული ჭირნახულის ყურებაც საოცრად სასიამოვნოა.

ჩვენი სოფელი მთაგორიანია, ჩემს სახლსაც ერთი მხრიდან გორა ესაზღვრება. როცა გაწვიმდებოდა, ამ გორიდან იმდენი წყალი ჟონავდა ეზოში, წაიღო აქაურობა, თანაც მეწყერიც საშიში იყო. ვიფიქრე, ვიფიქრე და მეწყრისგან დასაცავად გორაზე ცემენტის კედელი ამოვაშენე და შიგ წყლის მილები დავატანე, რათა კედლის მიღმა წყალი არ დაგუბებულიყო. მერე ამ კედელზე რიყის ქვები ამოვაშენე და ულამაზესი გამოვიდა. კედელს შუაში კარი დავატანე, საიდანაც გორაში შეჭრილ მარანში შევდივარ. როცა ჩემი შვილები შინ მოიყრიან თავს, ღვინო ამ მარნიდან დოქით ფაცხაში მიმაქვს, მწვადებს ჩემივე გაკეთებულ მაყალზე ვწვავ.

- რომელი ღვინით ილხენთ, აქ, თხინვალში, რომელი ყურძნის ჯიში ხარობს?

- როგორც ყველა გურულს, ადესაც მაქვს, მაგრამ ადესის ღვინო მოსალხენი არ არის, საამისოდ ცოლიკაურია კარგი და მიდგას კიდეც.
david
04 ნოემბერი 2014 15:41
ესეთი მშრომელი კაცის მარჯვენა არ მოკლებოდეს ჩვენს ქვეყანას ამ კაცს კიდევ ღვთის წყალობა.
*******
14 ოქტომბერი 2014 13:58
სოფლის აშენება რო უნდათ, გაპრიალებულ კაბინეტში ჯიპით მიგრიალებული მუცლიანი კაცები კი არ უნდა დანიშნონ მინისტრებად ამ კაცს და ამისთანებს დაუძახონ.
qetevani
13 ოქტომბერი 2014 20:43
სოფელშიც ჩემი მეგობარი ცხოვრობს და მიწასაც ამუშავებს,მაგრამ ამინდმაც ხომ უნდა შეგიწყოს ხელი,მარტო ვირული მუშაობა გიშველის?

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა