"ყვავილების ქვეყანა" შალაურში
20-10-2014
"ყვავილების ქვეყანა" შალაურში
"დილით გამოვაღებ ფანჯარას, გადავხედავ ჩემს ბაღს და ყველაფერი ცუდი მავიწყდება. მერე ჩამოვალ, დავივლი ყველა ყვავილს, მოვეფერები და დილა მშვიდობისას ვეტყვი"

"ყვავილებს ყველაფრის თქმა შეუძლიათ; როცა ვეფერები, სასწაულს სჩადიან, ზოგჯერ ცხადად შევიგრძნობ, როგორ ინაბებიან, ინაზებიან და სიამოვნებთ. თანაც ზოგ მცენარეს დილით უყვარს მოფერება, ზოგსაც საღამოს"


ეთერ მამალაშვილის ბაღი თელავთან, სოფელ შალაურშია. ისე, სიტყვა "ბაღი" ამ ეზოს არც კი შეეფერება, კარის შეღებისთანავე იწყება ზღაპარი, რომლის
დავიწყება შეუძლებელია. ბაღის ნახვა გაცილებით ადრე მინდოდა და ვერ მოვახერხე, - ქალბატონ ეთერს გული სწყდებოდა, როცა ჩამოხვალ, ყველაფერი დაყვავილებული იქნებაო... თუმცა, აქაურობა შემოდგომაზეც ედემი აღმოჩნდა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ აქ ნებისმიერი სეზონის, დროისა
და ქვეყნის მცენარეები ხარობს; ხოლო ედემს ჯადოსნური ხელი უვლის.


- ქალბატონო ეთერ, თქვენი ბაღის ქება, ალბათ, ბევრი მოგისმენიათ და ამით არ დავიწყებ, - უბრალოდ მითხარით, რა გახდა მიზეზი, რომ ამ საქმისთვის მოგეკიდათ ხელი?
- ადიგენში დავიბადე, იქ ლამაზი ეზო გვქონდა, - დედას უყვარდა ყვავილები და, ალბათ, იმ დროიდან "ამედევნენ". თუმცა მაშინ ეზოს გალამაზებაზე არც მიფიქრია. ახლა რომ ვიხსენებ, ჩემი ყვავილებისადმი სიყვარული მხოლოდ ერთი სასაცილო ამბით გამჟღავნდა, - 6 წლის რომ ვიყავი, გაზაფხულზე ისეთი სიცხე დაიჭირა, ჩვენი ეზოს ნარცისებმა თავი ჩაქინდრეს; თავჩაქინდრული ნარცისები რომ დავინახე, უნდა ვუშველო-მეთქი, ყველა დავთხარე და ჩრდილში გადავრგე. დედაჩემი რომ მოვიდა, ლამის გული შეუწუხდა, მაგრამ რას იზამდა...

19 წლისა წინანდალში გამოვთხოვდი. ძველი, დაბზარული 2 ოთახი და ცარიელი ეზო დამხვდა. დილით რომ გავიღვიძე, გულს შემომეყარა, აქ რა მაცხოვრებს-მეთქი. უეცრად გონება გამინათდა, - ვიყიდე ყვითელი საღებავი და ორივე ოთახი ყვითლად გადავღებე, ყვითელი ფარდებიც ჩამოვკიდე და იქაურობა მზესავით აკაშკაშდა. მერე წავედი ჩემს ადიგენელ მეზობელთან, რომელიც ბალახს თესავდა; გადავჩიჩქნე ეზო და ბალახი ჩავთესე, გზადაგზა ტიტის ბოლქვებსაც ვრგავდი. რომ გაზაფხულდა და ბალახიც ამოვიდა და ტიტაც, ეზოში სასწაული სილამაზე გადაიშალა. ვინც შემოდიოდა, უკან გასვლა აღარ უნდოდა. მერე ჩემი ქალიშვილი ეკა სოფელ შალაურში გათხოვდა. მე და მამამისი მასთან სტუმრად რომ მივდიოდით, გზად პირველივე არცთუ დიდი სახლი იმდენად მოგვწონდა, ვამბობდით, ნეტავი ამას პატრონი გაყიდდესო. ასეც მოხდა და ვიყიდეთ. ახლა სწორედ ამ სახლის ეზოა, მამულაშვილის ეზოს რომ ეძახიან. არადა, რომ შემოვედით, ეკალბარდით იყო სავსე. ის რომ გავაკაფვინეთ, აქაურობას თვალი შევავლე და წამსვე მივხვდი, რა მჭირდებოდა, - მოვიყვანე მუშები და ვთხოვე, ალაგ-ალაგ ტერასები გამიკეთეთ-მეთქი. მიწიდან 30-სანტიმეტრამდე ამაღლებული პატარ-პატარა მოედნები მოვაწყვე, რომ თითოეული ფიქლებით შემომეღობა, შიგ ყვავილები ჩამეთესა და ყვავილები ფიქლებზე ჩამოფენილიყვნენ.

მოკლედ, სულ ცოტაც და, ბაღი მქონდა. თუმცა, მერე ამ ბაღს ჩვენი ნახევარი ცხოვრება მიეძღვნა, - ნახევარიც შვილსა და შვილიშვილებს და სამსახურს.

ორი წლის წინ კახეთში საშინელი უბედურება რომ დაატრიალა სეტყვამ და საცხოვრებელი სახლებიც კი დალეწა, მაშინ ჩვენი მანქანა ნიაღვარმა რომ წაიღო, თავში ის მიტრიალებდა, ვაიმე, ჩემს ბაღს რა ეშველება-მეთქი! ეზოს კარი რომ შევაღე და ზოგი მცენარის მარტო ფესვები იყო გადარჩენილი, დავიჩოქე და როგორც ბავშვი, ავტირდი, მაგრამ მერე ყვავილების სიყვარულმა სასწაული შემაძლებინა, - ერთ თვეში ჩემი ბაღის დიდი ნაწილი ისევ ყვაოდა...
მე პროფესიით ექთანი ვარ და სრულიად განსხვავებულ საქმეზე ვმუშაობ, - პატარა ფეხსაცმელების მაღაზია მაქვს თელავში; თელავიდან ჩვენს სოფლამდე სულ 5 კილომეტრია და მე და ჩემი მეუღლე სულ გზაში ვართ. მაგრამ სახლის კარს რომ შემოვაღებ და ჩემს ყვავილებს შევხედავ, დაღლა მავიწყდება, ჩანთას მივაგდებ, ბაღში გავდივარ და იქ დაღამებამდე ვარ.
დილაც ასე იწყება: გამოვაღებ ფანჯარას, გადავხედავ ჩემს ბაღს და ყველაფერი ცუდი მავიწყდება. მერე ჩამოვალ, დავივლი ყველა ყვავილს, მოვეფერები და დილა მშვიდობისას ვეტყვი.

- თქვენ რომ თქვით, ყვავილებს დილა მშვიდობისას ვეუბნებიო, მე ის გამახსენდა, მიხეილ მამულაშვილი როგორ ამბობდა, - ყვავილმა დილა მშვიდობისა მითხრაო.
- ყვავილებს ყველაფრის თქმა შეუძლიათ; როცა ვეფერები, სასწაულს სჩადიან, ზოგჯერ ცხადად შევიგრძნობ, როგორ ინაბებიან, ინაზებიან და სიამოვნებთ. თანაც ზოგ მცენარეს დილით უყვარს მოფერება, ზოგსაც საღამოს.

ერთი მცენარე მიდგას, როგორც კი დაღამდება და ახლოს დაუდგები, ცხადლივ ხედავ და გესმის, როგორ ესალმება ღამის დადგომას, - თითქოს აფეთქდაო, ისე სწრაფად იშლება და აშრიალდება. ეს რომ მესმის, თავი დედამიწაზე აღარ მგონია.

ზოგჯერ რომელიმეს იმდენჯერ ვეტყვი, ჩემო ლამაზო გოგო ან ბიჭო-მეთქი, ხანდახან გავიფიქრებ, ახლა გზაზე ვინმემ რომ ჩამოიაროს, ალბათ, ჭკუათამყოფელი არ ვეგონები-მეთქი. მაგრამ როცა ჩემი ბაღის სანახავად უცხო ადამიანი შემოვა და მათ თვალებს ვხედავ, წამში ვგრძნობ, რომ ჩემს ყვავილებში მართლა არის სიცოცხლის ძალა, რომელიც ადამიანებს გადაეცემა. ერთხელაც, როცა ამ ჩემს ყვავილებს ჩამოვუარე და მივეფერე, ჩემმა ქმარმა მკითხა, რა იცი, ამ ყვავილებში რომელი ბიჭია ან გოგოო და ვუთხარი, გოგოს ყვავილები ასხია, ბიჭი კი ყვავილს არ ისხამს-მეთქი.

- მეუღლე რამდენჯერმე ახსენეთ, ალბათ, გეხმარებათ...
- მეუღლე რომ არ მეხმარებოდეს, ჩემს ბაღს იმდენი შრომა სჭირდება, მარტო ვერ გავუძლებდი. თითოეული ყვავილის, თითოეულ ნერგის გაზრდას ჩემი სიცოცხლის ნაწილი მიაქვს, მაგრამ არ მენანება. სამაგიეროდ, თავადაც მაძლევენ ძალას. ჩვევად მაქვს ხოლმე, - აი, დავრგე ბაღის რომელიმე ადგილას რომელიმე ბალახი ან ყვავილი, მერე სულ გარშემო ვუვლი და ვათვალიერებ, - ამ ადგილას რომ დავრგე, ნეტავ თუ უხდება, სხვაგან ხომ არ სჯობს გადარგვა-მეთქი; თუ ოდნავ ეჭვმა "შემიხიცინა", იმ მცენარეს იქ აღარ გავაჩერებ\. როცა დავინახავ, რომ მისი იქ ყოფნა გარშემო ყველა მცენარესა და ქვას უხარია და ამშვენებს, მხოლოდ მაშინ ვისვენებ. ფიქლებითაც თავად შემოვღობე ტერასები. წებოცემენტი სულ მაქვს, - ერთს შევათვალიერებ და იმავე წუთში ვხვდები, სად რამდენი კენჭი უნდა მივაწებო. ამ კენჭებისა და ქვებისგან მდინარეების ნაპირი ხომ ლამის დავაცარიელე, ახლა ჩვენი შუკის გზას მივადექი და სადაც ლამაზ ქვას დავინახავ, წერაქით ვიღებ, რომ ბაღი გავალამაზო.
როცა გაწვიმდება და ბაღი გადაირეცხება, ქვები ისეთ ნაირფერად აფერადდება, ერთი სიამოვნებაა მათი ცქერა.

- საიდან მოგაქვთ ყვავილის ჯიშები?
- ზოგჯერ სადმე ეზოში წავაწყდები და ისე ჩამივარდება გულში, რომ ვიდრე ჩემს ბაღშიც არ გავახარებ, ძილითაც არ მძინავს. ისეც მომხდარა, ქოთნის ყვავილი რომ მომწონებია, სახლში სულაც არ მივდიოდი, მაგრამ იმის შიშით, სხვა დამასწრებს ამის ყიდვას-მეთქი, მიყიდია, ტვირთაკიდებულს გულში ჩახუტებული მთელი დღე მიტარებია და მხოლოდ საღამოს მომიტანია შინ. ყვავილებს სადღა არ ვეძებ: თბილისის ყვავილების ყველა მაღაზიაში, რომლებშიც ყვავილებს უცხოეთიდან იწერენ, ნაცნობი გამყიდველები მყავს; ვინც ჩამოვიდა და ჩემი ბაღი ნახა, მას შემდეგ უცხო ყვავილებს მიგზავნიან, თანაც ხშირად ნახევარ ფასად. შეღავათს მიწევენ, მათ ხომ იციან, რა ღირს დღეს კარგი ყვავილები. ერთი მეზობელი სულ მეხუმრება, - ნეტავ რაც შენი ბაღის ყვავილები ღირს, ის ფული მომცაო. მეც ვეუბნები, ნეტავ მეც-მეთქი.
მაკო
17 ნოემბერი 2014 16:36
ქალბატონო ეთერ, ამ წერლის წაკითხვის შემდეგ ნათლად წარმოვიდგინე როგორი ქალბატონი ბრძანდებით,გაიხარეთ,გავკადნიერდები თუ ვიტყვი რომ ჩემი თავი შევიცანი თქვენ სიტყვებში,მართალია მე ასეთი წალკოტი არ მაქვს,მაგრამ სიყვარულით ისე მიყვარს როგორც თქვენ საუბრობთ ყვავილებზე,უფრო მეტიც,როცა ძალიან დავიღლები სამსახურში ჩემი ყვავილები და მათი მოვლა უსაზღვრო ენერგიას მაძლევენ,გაიხარეთ ქალბატონო ეთერ და წარმატებებს გისურვებთ,მე ალბათ თქვენ მხარეს ვერ მოვხვდები თორემ მეც მივიღებდი დიდ სიამოვნებას თქვენი წალკოტის ნახვით

რედაქტორის რჩევით