იაფი ტექნიკა კოოპერატივებისთვის - კვირის პალიტრა

იაფი ტექნიკა კოოპერატივებისთვის

"საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა და ახალ წლამდე კოოპერატივები დაფინანსებასაც მიიღებენ"

"მოტობლოკი კოოპერატივს 900 ლარად გადაეცემა, მაშინ როცა მისი ღირებულება დაახლოებით 4.000 ლარია"

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორში თითქმის მოსახლეობის ნახევარია დასაქმებული, უფრო ზუსტად, თვითდასაქმებული. ისინი ძირითადად მცირემიწიანი ფერმერები არიან, ამიტომ მოწეული პროდუქციის გაყიდვით ძალიან მცირე შემოსავალს იღებენ და ვერც ქვეყნის მთლიანი დოვლათის შექმნაში შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი. საქმეში ჩახედული ადამიანები ფიქრობენ, რომ სოფლის მეურნეობის არაეფექტურობა დანაწევრებულ ნაკვეთებზე საქმიანობის შედეგია, ამიტომ მთავრობამ ევროკავშირის რეკომენდაციითა და მხარდაჭერით კოოპერატივების შექმნის წახალისება გადაწყვიტა.

გიორგი მიშელაძე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე: "სააგენტომ სტატუსი უკვე 259 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს მიანიჭა, სადაც გაწევრებულია 1971 მეპაიე. მათ შორის 461 ქალია. ამ 259 კოოპერატივში მობილიზებულია 4,773 მილიონ ლარზე მეტი კაპიტალი საპაიე შენატანის სახით. საუბარია როგორც ფულად, ისე ქონებრივ შენატანებზე.

- რომელი რეგიონი ლიდერობს კოოპერატივების რაოდენობით?

- პირველ ადგილზეა ქვემო ქართლი, სადაც 40 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია შექმნილი, რაიონების მიხედვით კი გარდაბნის რაიონი - 20 კოოპერატივით. ქვემო ქართლს მოსდევს შიდა ქართლი, აჭარა და ა.შ. მაღალმთიან რეგიონებში 67 კოოპერატივია შექმნილი და აქ დასაქმებულია 365 მეპაიე.

მოგეხსენებათ, მაღალმთიან რეგიონებში კოოპერაციის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. საშუალოდ დღეში სააგენტოში 2 განაცხადი შემოდის კოოპერატივის სტატუსის მისაღებად და, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვანიჭებთ სტატუსს.

- რა შეღავათებით სარგებლობს კოოპერატივი?

- საგადასახადო შეღავათები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის საგანგებოდ განისაზღვრა. ასევე, სტატუსის მინიჭებისთანავე კოოპერატივს უფლება ეძლევა, მიიღოს გრანტი, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო პროგრამებში, რომლებიც მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის არის განკუთვნილი.

ამ ეტაპზე მცირეგაბარიტიანი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარეობს - კოოპერატივებს მოტობლოკები გადაეცემათ. ეს არის დანადგარი სათიბით, გუთნითა და კულტივატორით. მოტობლოკი კოოპერატივს 900 ლარად გადაეცემა, მაშინ როცა მისი ღირებულება დაახლოებით 4.000 ლარია. ძირითადად, თითო კოოპერატივს ხუთ მოტობლოკს გადავცემთ. ეს მცირეგაბარიტიანი ტექნიკა განკუთვნილია არა დიდი მასივების დასამუშავებლად, არამედ რთული რელიეფისთვის, იქ, სადაც მძიმე ტექნიკა ვერ მუშაობს. თითო მოტობლოკი ამუშავებს 4 ჰექტარ მიწას. რადგან ჩვენთან ნიადაგი უფრო მძიმეა, შესაძლოა, ამდენი ფართობი ვერ დაამუშაოს და ესეც გავითვალისწინეთ, როცა 5-5 მოტობლოკის გადაცემა განვსაზღვრეთ. სახელმწიფო პროგრამები მომავალშიც იქნება, რათა კოოპერატივები არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, აგრეთვე საწარმოო ხაზებითა და სხვა დანადგარებითაც აღიჭურვოს.

- გრანტის მიღება ყველა კოოპერატივს შეუძლია?

- საგრანტო პროგრამები ხორციელდება ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის) ფარგლებში, მას ოთხი არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია (CARE, Mercy Corps, Oxfam, Pin) ახორციელებს. მათ გადანაწილებული აქვთ სხვადასხვა რეგიონი, რაიონი და თავიანთ სამოქმედო არეალებში მუშაობენ. საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა და ახალ წლამდე კოოპერატივები დაფინანსებასაც მიიღებენ.