კარტოფილი - სვანეთის სიამაყე - კვირის პალიტრა

კარტოფილი - სვანეთის სიამაყე

"მთაში მდებარე სავარგულებამდე მისასვლელი გზები სვანეთს ჰაერივით სჭირდება"

"სვანური კარტოფილის სანდოობას ისიც განაპირობებს, რომ ჩვენი მოსახლეობა ქიმიკატებს

არ ხმარობს"

ვინც სვანური კარტოფილის გემო იცის, სხვა კარტოფილს არ გაეკარება! გამოთქმა, რომელიც ბევრ ჩვენგანს მოუსმენია, სრული სიმართლეა, - სვანეთში მოყვანილი კარტოფილი მართლაც შეუდარებელია; თუმცა, სამწუხაროდ, მასზე ხელი არც ისე ხშირად მიგვიწვდება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სვანეთში არცთუ ბევრი კარტოფილი მოდის, შორი მანძილის გამო კი მისი ტრანსპორტირება ზუგდიდის ბაზარს ვერ სცდება.

რა აძლევს სვანურ კარტოფილს გემოს, რატომ არის ის განსაკუთრებული, ამის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის საკონსულტაციო-საინფორმაციო სამსახურის უფროსი, აგრონომი ნინო რატიანი გვესაუბრება.

- იმის მიუხედავად, რომ სვანეთში კარტოფილის ნათესები არც ისე ბევრია, ჩვენთვის ეს პროდუქტი კეთილდღეობის ერთ-ერთ ფაქტორად ყოველთვის ითვლებოდა და დღესაც ითვლება... ადრე ხორბალიც ითესებოდა და უგემრიელეს პურს ვაცხობდით, მაგრამ პურის ყანას ახლა იშვიათად წააწყდებით, ის ლობიომ და სიმინდმა ჩაანაცვლა... კარტოფილი ნამდვილად არის სვანეთის სიამაყე, - ის ჩვენში ჯერ კიდევ  XVIII საუკუნეში შემოვიდა რუსეთიდან. ასე გრძელდებოდა XX საუკუნის ბოლო წლებამდე, სანამ ევროპისაკენ გავიხედავდით. საქმე ის არის, რომ კარტოფილის ჯიში, წესით, 3-4 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეიცვალოს, თორემ მოსავალი კნინდება და უვარგისი ხდება. 1995 წელს, როცა ფიზიკური გადარჩენა ჩვენივე მოყვანილ მოსავალზე იყო დამოკიდებული, აღმოჩნდა, რომ სვანეთში კარტოფილი, ფაქტობრივად, აღარ მოდიოდა, - გლეხი ერთ ჰექტარზე 2,5-3 ტონა კარტოფილს თესავდა და 5 ტონას ძლივს იღებდა. ამიტომ ჰოლანდიასა და გერმანიაში წავედით კარტოფილის თესლის ჩამოსატანად. მაშინ მართალია, ასე ხშირად არ ახსენებდნენ გენმოდიფიცირებულ პროდუქციას, როგორც დღეს, მაგრამ სპეციალისტებს ეს ფაქტორი გათვალისწინებული ჰქონდათ. მოკლედ, შემოვიტანეთ როგორც თეთრი, ისე წითელი კარტოფილი და სოფელ-სოფელ დავიწყეთ სიარული, რომ დაეთესათ. თავდაპირველად ფერმერები დავითანხმეთ, ისინი, რომლებიც ყველა პროფესიულ კონსულტაციას გაითვალისწინებდნენ.

როცა რამდენიმე თვეში 1 ჰექტარზე 50 ტონამდე მოსავალი მიიღეს, სხვებმაც მოგვთხოვეს სათესლე კარტოფილი.

- ალბათ, ეს უკვე ევროპული კარტოფილია და არა სვანური.

- სვანურს იმიტომ ვუწოდებთ, რომ აქაურ ნიადაგში ითესება. გემოს უპირველესად ნიადაგი განაპირობებს. მართალია, როგორც ყველგან, მთელ საქართველოში, ჩვენი ნიადაგიც ქიმიურად შესასწავლია, განსაკუთრებით საძოვრები, რომლებიც ბოლო წლებში შეცვლილი ეკოლოგიური პირობების გამო იფიტება, თუმცა, უმეტესად ჩვენი ნიადაგი მდიდარია ნივთიერებებით, რომლებიც მოსავალს კარგ გემოს აძლევს.

ალბათ, ჩვენი კარტოფილის სანდოობას ისიც განაპირობებს, რომ ჩვენი მოსახლეობა ქიმიკატებს არ ხმარობს. არადა, ზოგჯერ ეს ზომიერად აუცილებელიც არის. მართალია, მთაში, ზღვის დონიდან 1300 მეტრის ზემოთ, დაავადებების გადამტანების აქტიურობა ნაკლებია, მაგრამ დაავადებები მთის მოსავალსაც აქვს. მაგალითად, არსებობს კარტოფილის ფიტოფტორა, რომელიც ზოგჯერ 24 საათში ღუპავს მთელ მოსავალს.

ფიტოფტორა ხანგრძლივი წვიმების შემდეგ ჩნდება, როცა კარტოფილის ფოთოლს მზე დახედავს და სრულიად გააშავებს, - ტუბერები ხომ ფოთლებიდან იკვებება და ისინიც დღე-ღამეში ნადგურდება. თუ ხანგრძლივი გვალვაა, მაშინ ნიადაგი იფიტება და ფიტოფტორა ძირებიდან ანადგურებს მოსავალს. ფიტოფტორას წინააღმდეგ ფუნგიციდებს ვიყენებთ, მაგრამ ხშირად მოსახლეობა საჭიროდ არ მიიჩნევს მათ გამოყენებას.

აქტიურ პროპაგანდას ვუწევთ ნაკვეთმონაცვლეობას, - თუ მოცემულ ნაკვეთზე კარტოფილს რამე დაავადება გაუჩნდა, მოსახლეობას ვურჩევთ, ამ ნაკვეთზე მომავალ წელიწადს ლობიო ან ბოსტნეული დათესოს. ამ შემთხვევაში ხელს მცირემიწიანობა გვიშლის. მაგალითად, ლობიო აზოტით ამდიდრებს მიწას და მის ადგილას 3 წლის შემდეგ დათესილი კარტოფილი უკვე ბარაქიანად მოდის. ძალიან კარგია ნაკვეთმონაცვლეობისთვის კომბოსტოს, ჭარხლის დათესვაც... თუმცა, მოსახლეობა მაინც კარტოფილს ამჯობინებს, იციან, კარტოფილით ოჯახს ბევრად სწრაფად შემოუვა თუნდაც მცირე შემოსავალი, ვიდრე ბოსტნეულისგან.

- მოსავლის გაყიდვაში ტურიზმის განვითარება არ გეხმარებათ?

- ალბათ, დრო დადგება, ჩვენი გლეხი დაფიქრდება და კარტოფილთან ერთად სხვა ბოსტნეულსაც მოიყვანს. დღეს ამის საჭიროებას მოსახლეობის ის ნაწილი უფრო ხედავს, რომელიც საოჯახო ტურიზმით ირჩენს თავს. ასეთი კი ჯერჯერობით მხოლოდ 15%-ია. მანამდე კი კარტოფილი სვანეთიდან ჩააქვთ ზუგდიდის ბაზარში, სადაც გადამყიდველები არ უშვებენ; ამიტომ მთელ მოსავალს მათ აძლევენ, კილოგრამს 50 თეთრად. ამ პრობლემის აღმოფხვრას მინიმუმ 3-ოჯახიანი კოოპერატივების შექმნაც დაეხმარება, თუნდაც იმის გამო, რომ კოოპერატივებს თანამედროვე ტექნიკას იაფად აძლევენ, მაგრამ ამასაც ახლავს სირთულე, მესტიაში ნოტარიუსიც არ გვყავს, რომ კოოპერატივები დავარეგისტრიროთ, ამისთვისაც ზუგდიდში წასვლაა საჭირო; ამის გარდა, მთელი სვანეთი-სამეგრელოს აგრარული ტექნიკის შეკეთების ცენტრი აბაშაშია და ტრაქტორი რომ გაგვიფუჭდება, იძულებული ვართ, აბაშაში წავიღოთ შესაკეთებლად.

სანამ აბაშაში ჩვენს ტრაქტორს შეაკეთებენ, მანამ მესტიაში ხვნა-თესვა მთავრდება. ახლა შესაცვლელია კარტოფილის გერმანულ-ჰოლანდიური ჯიშიც. ეს უკვე მოსავალსაც დაეტყო, - თუ ამ ჯიშების დათესვის პირველ წლებში ჰექტარზე 50 ტონამდე მოსავალი მოდიოდა, ახლა 9-10 ტონის მეტი აღარ მოდის. ეს უკვე ცუდი მოსავალია და აუცილებელს ხდის კარტოფილის ჯანმრთელი თესლის შემოტანას, რაშიც ისევ სპეციალისტები უნდა დაგვეხმარონ. გარდა ამისა, სვანეთს ჰაერივით სჭირდება გზების გაყვანა მთაში მდებარე სასოფლო სავარგულებამდე.

შარშან სოფელ ხაიშთან ახლომდებარე მთაზე მდებარე ნაკვეთიდან გლეხმა ისეთი სტაფილო მომიტანა, გავოგნდი, - სასუქისა და მინერალების გარეშე მოყვანილი სტაფილოს ერთი ძირი კილოგრამსა და 200 გრამს იწონიდა!

იქ ხომ კარტოფილიც ასეთივე მოვა. ჩვენ კი ამ შესაძლებლობას მხოლოდ იმის გამო ვკარგავთ, რომ ამ სავარგულებამდე გზები არ გვაქვს.