გიორგი შენგელაია - კახელი მეღვინე და დიღმელი მებოსტნე - კვირის პალიტრა

გიორგი შენგელაია - კახელი მეღვინე და დიღმელი მებოსტნე

"ღვინოს დედაჩემის სახელი - "ნატო ვაჩნაძე" დავარქვი, ბოთლებშიც ისხმება და ცოტ-ცოტას ვყიდი"

"ბაღში მუშაობა ზოგჯერ ჩემს პროფესიასაც მირჩევნია..."

სოფელ დიღომში თავისი მამულის სანახავად რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ რამდენიმე წლის წინ დამპატიჟა, - ამოდი, ჩემი მოწეული ბოსტნეული უნდა განახოო. მაშინ ეს ვერ შევძელი, სამაგიეროდ, ბატონ გიორგის გასულ კვირას ვეწვიე. რეჟისორი ამ სოფელში წლებია ცხოვრობს. როგორც ამბობს, ქალაქში ცხოვრებას გადაეჩვია და სოფლის მეურნეობა და მიწაზე შრომა ზოგჯერ პროფესიასაც ურჩევნია. 20 წელიწადია, კახეთში მევენახეობასაც მისდევს...

- 90-იან წლებში, ცხოვრება რომ გაჭირდა, სოფლის მეურნეობაზე გადავერთე, თან ოჯახსაც რომ დავხმარებოდი, კახეთში ვენახი გავაშენე.

- თქვენს დედულეთში, ანუ გურჯაანში?

- გურჯაანისა და ველისციხის მიჯნაზეა სოფელი ახაშენი. იქ ვენახის გასაშენებლად ერთი ცნობილი და ყველაზე კარგი ადგილია, "ფაფრის მინდორს" ეძახიან, სადაც საუკეთესო ყურძენი მოდის. ნელ-ნელა კერძო პირებისგან მიწის ყიდვა დავიწყე. დიდი ფული არასდროს მქონდა, ამიტომ ჯერ 1 ჰექტარამდე შევიძინე, მერე მოვუმატე, ახლა 3 ჰექტარი მაქვს, მეტი არც მჭირდება. ცოტ-ცოტას ვყიდი, ღვინოს დედაჩემის სახელი - "ნატო ვაჩნაძე" დავარქვი, ბოთლებშიც ისხმება.

- რამდენი წელია სოფელ დიღომში ცხოვრობთ?

- დიდი ხანია. მე ხომ მიშა ჭიაურელის სიძე ვიყავი და მან თავის დროზე ამ მეურნეობისა და სახლ-კარის აშენება წამოიწყო. მეც მივეხმარე და აქაურობას ერთად მივხედეთ, - ახალგაზრდა სიძე ვიყავი, მიშა უკვე ხნიერი გახლდათ და ცხადია, მეტად ვაქტიურობდი. მერე ჩემმა სიმამრმა აქაურობა მემკვიდრეობით ჩემს შვილს, ნიკუშას გადასცა. ახლა, ფაქტობრივად, ნიკუშას სახლში ვცხოვრობ.

- გამოდის, სოფლის სიყვარული სიმამრივით თქვენც აღმოგაჩნდათ...

- კი, ის დიღმელი კაცი იყო, დედულეთი სოფელ დიღომში ჰქონდა (სონღულაშვილის ქალი გახლდათ მისი დედა. მამა კი საგარეჯოელი ჰყავდა)... თავიდან აქ მხოლოდ ზაფხულში ამოვდიოდი, მაგრამ ბოლო 10 წელია, მუდმივად სოფელ დიღომში ვარ. ბაღში რა ხეხილსაც ხედავთ, სულ ჩემი დარგულია. აქ მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ეს საქმე ზოგჯერ ჩემს პროფესიასაც მირჩევნია...

- რატომ?

- იქ ვიღლები, ბევრი სანერვიულოა, აქ შენსას შენთვის აკეთებ, თან მიმაჩნია, რომ ღმერთი ბუნებაშია და ახლა, ამ სიბერის ჟამს, აზრი ჩემი აქ ყოფნისაც ეს არის. ჯერ ერთი, აუტანელი გახდა ქალაქიც - როცა ჩავდივარ, ვიხრჩობი, სუნთქვა მიჭირს... რა სჯობია, როცა დილას მამლის ყივილი და ძაღლის ყეფა გაღვიძებს...

სახლი ძველებურია. ვინც მოდის, მეუბნება, ბატონო გიორგი, რატომ არ გაქვთ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარაო? ხისა მირჩევნია-მეთქი, ვპასუხობ. ახლობლებს ხუმრობით იმასაც ვეუბნები, რომ მე ვარ კახელი მეღვინე და დიღმელი მებოსტნე...

- ბაღ-ბოსტანში წლევანდელი მოსავალი უკვე აღებული გაქვთ, ყველაფერს თქვენ აკეთებთ?

- ახლა ცოტა სიარული მიჭირს, მაგრამ ადრე სულ მე ვმუშაობდი. ნაწილობრივ შვილები მეხმარებიან.

- ნიკუშას უყვარს აქ შრომა?

- კი, მაგრამ ეგენი მაინც პირწავარდნილი ქალაქელები არიან. აქ კვირას თუ ამოვლენ... ისე, ნიკუშა ჯერ არ არის იმ ასაკში, როცა ამ საქმის კეთება მეტად მოუნდება.

დიღომში საოცარი ხალხი ცხოვრობს, ერთი ქალბატონია, ვინც მივლის და ერთი მებაღე, ისინი მეხმარებიან. ამ ჩემს ფართო აივანზე დავჯდები და ყველაფერს თვალს ვადევნებ, რაც კეთდება.

ყველანაირი ხეხილი მაქვს: ატამი, ვაშლი, ქლიავი, გარგარი, ჭერამი, ბალი, მსხალი, კარალიოკი, ბროწეული. მათი მოვლა საინტერესო საქმეა, არანაკლებ საინტერესო, ვიდრე წიგნების კითხვა. როცა ბუნებაში ხარ, ცხოვრებაზე ფიქრობ, ბაღში რომ ხარ, სხვა აღარაფერზე გინდა ფიქრი...

აქ ჩემნაირ ბაღს ვერ ნახავთ. უკვირთ ხოლმე, ვახ, გიორგის როგორი ბაღი აქვსო... ყველაზე დიდი ტრაგედია გაუნათლებლობაა. მე სულ კონსულტაციებს გავდიოდი და გავდივარ სოფლის მეურნეობის სპეციალისტებთან, უკვე ბევრი რამ ვიცი: როგორ უნდა ვაზის გასხვლა, პირველი წამლობა... უნდა იცოდე, რა რის მერე გააკეთო. აქაურებისგანაც ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ ის თაობა აღარ არის, წინათ რომ იყო, წავიდნენ...

- თქვენი ეზოს ვენახზე რას მეტყვით? აქ ტალავერიც არის და კახურად რომ ვთქვათ, "პლანებად" გაშენებული ვაზიც ხარობს...

- ეს ტალავერი სახლის არქიტექტურაშიც ჯდება, ამ თაღებიან სახლს ქვემოდან რომ გამოვხედე, ასე მოითხოვა, - ერთი კარგი გასასვლელი ხომ უნდა იყოს ბაღში-მეთქი... თანაც, ტალავერი ადვილი მოსავლელია. სამწუხაროა, რომ ბევრი ჩემი მეგობარი დღეს ცოცხალი აღარ არის, თორემ აქ კარგ ქეიფებს ვაწყობდით. დოდო აბაშიძე მყავდა ერთხელ თამადად... 50 წელი რომ შემისრულდა, ამ ტალავრის ქვეშ 700 კაცი იჯდა. აქ ქეიფს რა სჯობია?

- ახლა ვენახში რა კეთდება?

- არაფერი, როგორც კახელები ამბობენ, ვენახი ისვენებს მარტამდე, ოღონდ ნოემბერში მოხვნა სჭირდება, მთელი ზამთრის ნალექი იმ მოხნულში რომ ჩავიდეს და დედამიწაც ამ სინესტეს კარგად დაიჭერს.

ზამთარში გასხვლა არ შეიძლება. ყინვა რომ დაარტყამს, გასხლული რქიდან სიცივე ადვილად ჩავა ვაზში და გაფუჭდება. გასხვლა მარტიდან (გააჩნია ამინდს) იწყება, მერე გასხლული რქები უნდა დააკრა (გინდა "პლანზე" და გინდაც ტალავერზე). ხეხილსაც ასევე უნდა, - გაზაფხულზე უნდა მიხედო, ხმელი ტოტები მოაშორო, გასხლა და ფორმა მისცე.

ცოტა მოგვიანებით ბოსტანი ითესება, ყველაფერს თავისი წესი აქვს...

- მაგალითად, პამიდორსა და ბადრიჯანს როდის თესავთ?

- ყველაფერი თესლიდან გამომყავს. თესლს ბაზარში არ ვყიდულობ, არაჩვეულებრივი ორგანიზაციაა "ჩემი მამული" და მათგან ადრე გაზაფხულზე მომაქვს ყველაფრის თესლი.

- ანუ პამიდვრის ჩითილებს არ ყიდულობთ?

- არა, ვთესავ და ისე მომყავს ყველაფერი. დაჩითილებული ცოტა ადრე ისხამს, მაგრამ ეგ არ მაინტერესებს. ჩემთან ჩვეულებრივად ყველაფერი თესლიდან ამოდის...

რატომღაც ცდილობენ, ხეხილიც ნამყენი შეიძინონ, მაგრამ ნამყენი ხეხილი მალე კვდება. ის ადგილი, სადაც ერთმანეთზეა გადაწებებული საძირე და სადედე, არ არის ღონიერი. ხშირად ავადმყოფობა ემართება. ახლა მთელ საქართველოში ისეთ ხალხს ვეძებ, რომლებსაც ხეხილი კურკიდან გამოჰყავთ.

- მაგრამ კურკიდან გამოყვანილ ძირებზე ამბობენ, სუსტიაო...

- პირიქით, ნამყენი ხეხილია სუსტი. ბევრს ისხამს, მაგრამ როგორც ვთქვი, ადრე კვდება, კურკიდან გამოყვანილი კი შეიძლება 100 წელიც იდგეს და თან საღ ნაყოფს ისხამს.

- მოკლედ, ისეთი ბაღი გაქვთ, რომ არც ხილს ყიდულობთ და არც ბოსტნეულს?

- არ ვყიდულობ, ყველაფერი ჩემი მაქვს. ხედავთ, ჩირსაც ვაკეთებ, აქ აივანზე დავალაგებთ, შრება და ხმება... ერთი, რაც არა მაქვს ჩემი, პურია. მარტო მაგას ვყიდულობ...

აქ ყოფნა ჯანმრთელი ცხოვრების წესია. ბუნებასთან სიახლოვე საოცრებაა. წელიწადის სხვადასხვა დროსაც აქაურობას სხვა ხიბლი აქვს, გაზაფხულზე საოცარი სურნელი ტრიალებს, როცა ამდენი ხეხილი ლამაზად ყვავის.

საქართველო ბრწყინვალე ქვეყანაა. ისეთი პირობები, რაც აქ არის, იშვიათია. სამწუხაროა, რომ ვერ ვიყენებთ ისე, როგორც საჭიროა. საცხოვრებლად ყველა ქალაქში გარბის. კაცი ყოველდღე რომ არ დადის ბალახზე, წყლის ხმა და ძროხის ბღავილი არ ესმის, სულიერებას სცილდება. ეს ყველაფერი, დამიჯერეთ, სიცოცხლეს გიხანგრძლივებს.

ლალი ფაცია