გამრჯე გლეხი უდაბნოსაც წალკოტად აქცევს - კვირის პალიტრა

გამრჯე გლეხი უდაბნოსაც წალკოტად აქცევს

"ძალიან მიკვირს, როცა კაცს თავისი შრომით ცხოვრებას სხვისთვის ხვეწნა ურჩევნია, დამეხმარეო. მე კი სიხარულით ვეხმარები ყველას, მაგრამ ასე სხვისი დახმარების იმედით წუთისოფლის გატანა ძნელია...

ამდენ ჭირნახულს რა თავში ვიხლი, სტუმარს თუ არ გავუმასპინძლდი! იმ ქვეყნად წასაღებად ვერც სახლ-კარს წამოვიკიდებ ზურგზე და ვერც მოსავალს, - სიკეთეს წავიმძღვარებ და სიყვარულს..."

არაგვისპირის მთიან ზონაში, სადაც მოსავალი ნაკლებად მოდის, ნოდარ კაჭკაჭურს ისეთი კარ-მიდამო აქვს, ხვავითა და ბარაქით გაგაკვირვებთ. მის შესახებ კოლეგისაგან შევიტყვე, რომელიც სოფელ არაგვისპირიდან ერთდროულად განცვიფრებულიც დაბრუნდა და გახარებულიც... ვუთხარი, ეგ კაცი მეც უნდა ვნახო-მეთქი და ბრძენი ქართველი გლეხის სანახავად სიხარულით გავეშურე. სწორედ ასეთ გლეხი უდგას ბურჯად სოფელსა და ქვეყანას...

არაგვისპირის ტრასაზე ნოდარ კაჭკაჭურმა ჯერ თავისი ორსართულიანი სასახლე დამანახა, ფაცხითა და სამზადით - ჩემი მარჯვენით სულ 2 წელიწადში ავაგეო, მერე კი მეორე სახლში წამიყვანა, - უფრო მეტად იქ ვცხოვრობთ, სადაც ძირითადი ნაკვეთი გვაქვს, რომ ბაღ-ბოსტანში ტრიალი ნებისმიერ წამს შეგვეძლოსო. არაგვისპირიდან მოტანილი ქვებითა და ულამაზესი ორშიმოებით შემკულ ღობესთან მივედით. ამდენი ქვა როგორ ამოიტანეთ არაგვისპირიდან, ან ეს ამდენი ჭრელი ორშიმო რად გინდათ-მეთქი. გაეღიმა, - შრომასთან ერთად სილამაზეც მიყვარს და მასპინძლობაც, - სტუმარს ჩემი კარ-მიდამოს ნახვა უნდა უხაროდეს, ეგ ორშიმოებიც სასაჩუქრედ მაქვსო. ამოდენა ქონება როგორ შექმენით-მეთქი, - ვკითხე ბატონი ნოდარის მეუღლეს. ქალბატონმა ეთერიმ ნაჯაფ ხელებზე დაიხედა და, - შრომითა და მიწითო. მერე განაგრძო:

- ჩემი მეუღლე რვაშვილიანი ოჯახიდან არის, 8 შვილის პატრონს განა რამდენი უნდა ჰქონოდა, მაგრამ ვიდრე ფუძეს მივეჩვეოდი, მე და ჩემი ქმარი 2 წელიწადს გაჭირვებით მაინც შეგვინახეს, მე 18 წლის ვიყავი, ის - 21-ის. მერე დედამთილმა მითხრა, - აგე, 600 კვადრატულ მიწას გაძლევთ და ცალკე გადადითო. მაშინ რომ დავიდეთ შრომის ტვირთი მე და ჩემმა ქმარმა მხრებზე, აღარც ჩამოგვიღია. როგორც კი პირველი შვილი გაგვიჩნდა, ჩემმა ქმარმა - შიმშილით ხომ არ მოვკლავო და დაიკაპიწა ხელები. იმის შემდეგ იმ ჩვენს მიწაზე, ჩვენი ქოხის გარდა, გოჯიც არ დაგვიტოვებია, ზედ რომ ნათესი არ გვქონოდა, ჩვენი საყოფი სიმინდიც მოგვყავდა, ლობიოც და ბოსტნეულიც.

სიხარულით ცას ვეწიეთ, 3000 კვადრატული მიწის ნაკვეთი რომ მოგვცეს. არაგვისპირზე ქვასა და ღორღს რა დალევს. ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ქვაზე ფეხი რომ არ წაგმტვრეოდა. ქანცის გაწყვეტამდე, გათენებამდეც კი ვშრომობდით. გათენებისას ბავშვები იღვიძებდნენ, მათ მივხედავდი, ნაკვეთში წამოვიყვანდი. 4 შვილი გავზარდეთ. მათ შემხედვარეს იმედიცა და ძალაც გვემატებოდა. ამ მოვლილ-გასუფთავებულ მიწაზე ყველაფერი ხომ დავთესეთ, ატმებიც დავრგეთ. იმისთანა ატამი გამოგვადგა, ბაზარში რომ ამ ატმებით დაგვინახავდნენ, - არაგვისპირელები მოდიოდნენ, ახლა ჩვენ ატამი არ გაგვეყიდებაო და თავიანთ კალათებს ზედ წააფარებდნენ ხოლმე.

- ახლა აღარ დადიხართ ბაზარში?

- ნაკლებად. ოჯახი რომ გაგვიმრავლდა, მეტი შრომა დაგვჭირდა. მარტო ღორს 30 სულს ვზრდიდით. იმ დროს სახლთან ახლოს წყალი არ გვქონდა და პირუტყვისთვის შორიდან მომქონდა.

1992 წელს, როცა გლეხებს მიწები დაგვირიგეს, კიდევ 4500 კვადრატული მიწა მოგვცეს. მიწა სიმდიდრეა, ტყუილად გასაველურებლად მამულს ნამდვილად არ დავიმატებდით, მაგრამ ეს ნაკვეთი უფრო ქვიანი გამოდგა და შემეშინდა, ქმარს ვუთხარი, - ამის გასაწმენდად ჯანი არ გვეყოფა-მეთქი; მაგრამ მიწის სიყვარულმა ჯანიც მოგვცა და ღონეც, დასვენება არ ვიცოდით. ახლა კი ამ ადგილებს დავხარით, ბამბასავით ფაფუკი მიწაა. აი, წაგიყვანთ და გაჩვენებთ, იქ რა სამოთხე გვაქვს...

ასე წავედი არაგვისპირა ნაკვეთში, სადაც ამ გამრჯე ოჯახის ხვავი და ბარაქა იქმნება...

ეზოში ნაკელის გროვები დავინახე...

- შხამებით გაჯერებულ მოსავალს ვერც ოჯახს ვაჭმევ და ვერც სხვას მივყიდი. ზოგჯერ ამინდის გამო სიმინდს თუ მივაყრი სასუქს და ისიც ძალიან ცოტას, - მითხრა ნოდარ კაჭკაჭურმა და ჩალის ზვინებისაკენ გამიძღვა.

იქაურობა რამდენიმე ნაკვეთად იყო დაყოფილი, - ზოგან სარებზე ჯერაც იყო ახვეული დამჭკნარი პომიდორი, ზოგან ქინძი და ოხრახუში ბიბინებდა, ზოგან სიმწიფისგან დამძიმებული წიწაკა იწვა მიწაზე, იქვე ჭარხალი და კომბოსტო ეთესა, ერთ ნაკვეთზე იონჯაც ბიბინებდა. ამ სანახაობამ განმაცვიფრა, - არაგვისპირში შედარებით ცივი კლიმატია და ასეთ მოსავალს არ მოველოდი. ნოდარ კაჭკაჭურმა მიწა მოფშვნიტა და მითხრა:

- აი, რა ფაფუკი მიწაა, ოღონდ ყველაფერს შრომისა და ტვინის დაყოლება სჭირდება. სხვამ კიდეც რომ ბევრი მოსავალი მოიწიოს, ბოლომდე ვერ მიიტანს, რადგან ჩემ გარდა ნაკვეთი არავის შემოღობილი არ აქვს, ამიტომაც ხან ღორი უნადგურებთ მოსავალს, ხან ძროხა. გულმა როგორ უნდა მოგითმინოს, როცა შენი შრომა ტყუილად ცუდდება... ამიტომაც,  გავიჭირვე და ჩემი ნაკვეთი შევღობე. მერე ნაკელი შემოვიტანე. სწორედ ეს ნაკელი ანაყოფიერებს და აფხვიერებს მიწას.

დეკემბერში რომ მიწას დავხნავ, მერე გაზაფხულზე კიდევ გადავუვლი მინიტრაქტორით და ისედაც ნაკელისგან გაფხვიერებულ მიწას კიდევ უფრო გავაფხვიერებ. ამის შემდეგ, როცა თესვას ვიწყებ, მიწა ხელში თივთიკივით მომყვება. გათენებულიც არ არის, სამუშაოდ რომ გავდივარ, მთავარია, იმდენი სინათლე იყოს, მიწას ვხედავდე და ვთოხნიდე.

თესვას მარტიდან კარტოფილით ვიწყებ, - აქ დიდებული კარტოფილის მოსავალი მოდის, - წელს 3 ტომარა კარტოფილი დავთესე და 2 ტონა მივიღე. სიმინდიც 2 ტონა მომივიდა, ისეთი ტაროები დაისხა, მეზობლები მეუბნებიან, - თუ რამე ასეთი მოსავლის მოყვანის წამალი იცი, გვითხარიო. წამალი კი არა, სწორი აგროტექნიკა ვიცი, თავის დროზე ვთესავ და ვხნავ. მაგალითად, სიმინდს სამჯერ ვთოხნი, ბოლოს, როცა ყანას თოხი აღარ სჭირდება, გავივლი და სიმინდის ძირში თუ ბალახს შევამჩნევ, ხელით ვგლეჯ.  ყველაფერს ასე ძირისძირად ვუვლი, ნიორია თუ ლობიო, იმგვარად ვთოხნი, რომ სარეველა არ უნდა ჭაჭანებდეს. წელს სულ 200 კვადრატულ მეტრზე დავთესე ლობიო და 320 კილო მოსავალი მოვიწიე.

- თქვენმა მეუღლემ მითხრა, მოსავალი ბაზარში გასაყიდად უდროობის გამო ვერ მიგვაქვსო.

- ასეა. ბაზარში სიარულს დრო უნდა, მყიდველებს ჩვენი მისამართი არ ეშლებათ, თავად მოდიან.

3 ქალიშვილი მყავს დაოჯახებული და მათ ვეხმარები. თანაც, ბაზარში რომ ვიარო, აქეთ სხვა მოსავალი გამიფუჭდება და ვიზარალებ. იონჯა წელს მეოთხედ მაქვს მოსათიბი, პირუტყვიც მყავს და ჭამა ხომ უნდა! რაც მომრჩება, გავყიდი,

წელს ბალახს მთაში წვიმებმა მოუსწრო და ხალხმა ვეღარ ჩამოიტანა, ამიტომ თივა ძვირი ეღირება.

- აქ ხომ მიწა ყველას აქვს, იონჯას მაინც რატომ არ თესავს ხალხი პირუტყვისთვის, ეს ხომ ძალიან იოლი საქმეა?

- მართლაც... იონჯის თესლი თბილისში იყიდება, დათესავ და პირუტყვიც გამოკვებილი გეყოლება; თანაც

იონჯის ნაკვეთს დაახლოებით 7 წელიწადს მაინც გადახვნა აღარ უნდა - თესლი თავისით ჩადის მიწაში და მეორე წელიწადს ამოდის.

ძალიან მიკვირს, როცა კაცს თავისი შრომით ცხოვრებას სხვისთვის ხვეწნა ურჩევნია, დამეხმარეო. მე კი სიხარულით ვეხმარები ყველას, მაგრამ ასე სხვისი დახმარების იმედით წუთისოფლის გატანა ძნელია.

- თქვენზე მითხრეს, ძალიან სტუმართმოყვარეაო.

- აბა, ისე ამდენ ჭირნახულს რა თავში ვიხლი, სტუმარს თუ არ გავუმასპინძლდი! იმ ქვეყნად წასაღებად ვერც სახლ-კარს წამოვიკიდებ ზურგზე და ვერც მოსავალს, - სიკეთეს წავიმძღვარებ და სიყვარულს. ჩემი ცოლი მეუბნება ხოლმე, - 100 წლის შემდეგ, როცა იმ ქვეყნად წახვალ, სანანებელი არაფერი გექნება, ისე იცხოვრე, როგორც გული გეტყოდაო. ეგეც მეხმარებოდა ამ საქმეში - კაცს თუ ოჯახი დალაგებული არ აქვს, დღედაღამ მუხლჩაუხრელად რომ იშრომოს, მაინც არაფერი ექნება... თუ გინდა შენი ნაშრომი შეირგო, სილამაზეც არ უნდა დაივიწყო - მშვენიერი ყვავილებიც მაქვს. ვიდრე არ აცივდება, ჩემი გეორგინები ისე წითლად ბიბინებენ, გულს უხარია.

- თქვენც გაიხარეთ. თქვენნაირი ბრძენი გლეხი ქვეყნის იმედია.

- მაგრამ ჩემნაირი გლეხი ბევრი რომ იყოს, სახელმწიფო უფრო უნდა დაუდგეს გვერდში, მე გლეხი ვარ და შრომით მომდგამს ბარაქა, მაგრამ ახლა რომ ცარიელზე გლეხი შრომას იწყებს, ის ქვეყნისთვის დოვლათს ისე ვერ შექმნის, ჯერ თუ ქვეყანა არ ამოუდგა მხარში.