როგორ მოვამზადოთ ნიადაგი ზამთრისთვის - კვირის პალიტრა

როგორ მოვამზადოთ ნიადაგი ზამთრისთვის

რჩევები ფერმერებისთვის

თუ ფერმერს ნივრის მოყვანა სურს, სასურველია, მისი დათესვა ნოემბერში მოასწროს. ნათქვამია: ძველ მთვარეზე ითესება ის, რაც ნაყოფს მიწის ქვეშ გამოიღებს, ხოლო ახალ მთვარეზე ის, რაც ნაყოფს მიწის ზევით იძლევაო.

ნივრის დათესვამდე მიწა უნდა დაიბაროს და კარგად გაფხვიერდეს. ნიორს არ უყვარს მძიმე ნიადაგი, მახინჯდება და სასაქონლო იერს კარგავს. ნიორი ითესება სექტემბრის 20-დან გიორგობამდე.

ესეც ხალხური გადმოცემაა, თუმცა განსაზღვრული ცოდნისა და დაკვირვების შედეგია. ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ, როდის და როგორ უნდა მოეყვანათ ესა თუ ის მცენარე.

- ბატონო ჯაბა, დაზამთრებამდე რას ურჩევდით ფერმერებს, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ მათი მამული უფრო ნაყოფიერი გახდეს?

- სასურველია მიწის განოყიერება ეფექტიანი მიკროორგანიზმებით ანუ ორგანიკით. ის ნიადაგს სასარგებლო ბაქტერიებით ამარაგებს. სამწუხაროდ, ჩვენთან გადაშენების პირას არის ჭვავი. არადა, ის ძალიან სასარგებლოა ნიადაგისთვისაც და ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჭვავი სწორედ ახლა ითესება, მაგრამ მას დიდი მტერი ჰყავს - თაგვები და სხვა მღრღნელები. ამიტომ მათ წინააღმდეგ ზომები ახლავე უნდა მივიღოთ. თუ პატარა მეურნეობა გაქვთ, კატაც კარგია, მაგრამ დიდი მამული სპეციალური პრეპარატით უნდა დამუშავდეს, რომლებიც თაგვებს ანადგურებს. ეს ვირუსული პრეპარატი თითქმის ყველა ვეტერინარულ მაღაზიაში იყიდება, ძვირიც არ ღირს და დარიშხანსა და სხვა საწამლავებზე ეფექტიანია. ამ წამალს პურის თავთავთან ერთად ჩამარხავთ მიწაში, თაგვს მისი სუნი მიიზიდავს და ერთმა თაგვმაც რომ გასინჯოს, სამი დღის შემდეგ ვირუსი ყველას გადაედება და თქვენს მოსავალს მღრღნელები ვეღარ გაანადგურებენ.

- მკითხველს აინტერესებს - როდის ჯობია ნერგის დარგვა - შემოდგომაზე, თუ გაზაფხულზე?

- ნერგების დარგვა შემოდგომაზეც შეიძლება - ხეხილის, თხილის და სხვ. ოღონდ აუცილებელია ერთი პირობის დაცვა: მიწა უნდა მომზადდეს და დარგვა ყინვებამდე უნდა მოვასწროთ, რათა ახალდარგული ნერგი ყინვამ არ დააზიანოს. თუ ყინვებს ვერ დავასწრებთ, მაშინ ჯობს, დავრგოთ გაზაფხულზე, როცა ყინვის საშიშროება გადაივლის.

კლიმატს აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ, ახალდარგული ნერგი ისედაც "სტრესშია" - ის სხვა ადგილას გადავიტანეთ, ახალ ნიადაგს უნდა შეეგუოს და ამას თუ ყინვა, თოვლი და ქარიშხალი დაემატება, ცუდ შედეგს მივიღებთ. ზოგიერთმა ნერგმა შესაძლოა, ყველაფერს გაუძლოს, მაგრამ რისკი რატომ უნდა გავწიოთ?

- ეს ეხება როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს?

- რა თქმა უნდა. ზოგადად, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მიწები დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ამიტომ აუცილებელია ნიადაგის ანალიზი, უნდა ვიცოდეთ მისი შემადგენლობა ჩვენს მამულში - მიწას რამე აკლია თუ არა, მჟავიანობა მაღალი აქვს თუ, პირიქით, დაბალი.

ფერმერების უმეტესობას უკონტროლოდ შეაქვს თავის მიწაში სასუქი, შესაძლოა, მიწას აზოტი არ სჭირდებოდეს, მაგრამ მაინც აძლევს.

ამიტომ არის საჭირო სრული კონტროლი. მიწის სრული ანალიზი 100 ლარი ღირს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ თანხისთვის დიდი შრომისა და დანახარჯის წყალში გადაყრა არ ღირს. ყველა პრეპარატი ნიადაგს სწავლულ აგრონომთან კონსულტაციის შემდეგ უნდა მივცეთ.

ზოგჯერ კონკრეტული პრეპარატი არ არის ხარისხიანი, ან ხარისხიანი არის, მაგრამ გამყიდველი არ უხსნის გამოყენების წესს, რა დოზაა საჭირო და რა პირობებში. ასეთ შემთხვევაში სასურველი შედეგი არ მიიღება. მიწის სრული ანალიზი კი აჩვენებს, რა ბაქტერიებია მიწაში, სჭირდება თუ არა მიკროორგანიზმების დამატება, აზოტის ან სხვა პრეპარატების მიშველება.

- ჩვენი გლეხების უმეტესობა არ იყენებს კომპოსტს, რომელსაც თქვენ ფერმერის "მარჯვენა ხელს" უწოდებთ.

- დიახ, კომპოსტი უეჭველად არის ფერმერის მარჯვენა ხელი და მისი მიშველება ნიადაგისთვის აუცილებელია. ეს არის იგივე სასუქი, რომელიც სასარგებლო ბაქტერიებს წარმოქმნის, შლის ნეშომპალას და ნიადაგს ანოყიერებს, რაც ჩვენს მიწებს ძალიან სჭირდება.

კომპოსტი ადვილი დასამზადებელია: ნარჩენებს დააქუცმაცებთ და გაზაფხულზე უკვე მზა სასუქს ანუ ნეშომპალას მიიღებთ. კომპოსტი კეთდება დაქუცმაცებული ბალახების, ფოთლების, ტოტების, ჩალისა და თივის ნარჩენებისგან. მათ დაწვას კომპოსტის გაკეთება ჯობს. ოღონდ ნარჩენები ჯანმრთელი უნდა იყოს, დაავადებული კი უნდა დაწვათ და ნაცარი გამოიყენოთ.

ჯერ დაიყრება ბალახის ფენა 40-50 სმ სიმაღლეზე, მოეყრება შავი მიწის თხელი ფენა, შემდეგ - თივა ან ჩალა. ასე ფენა-ფენად დააწყობთ ერთმანეთზე ნარჩენებს. თუ ამ მასას მოასხურებთ ორგანიკას, უფრო ადვილად დაიშლება და სასუქადაც იოლად გარდაიქმნება. საბოლოოდ მივიღებთ შავ მიწას, რომელიც ძალიან სასარგებლოა ბოსტნისთვის, ხეხილისთვის, ყველაფრისთვის. კომპოსტი ხის ძირებთან ძალიან ახლოს არ უნდა მოაყაროთ, არამედ ცოტა მოშორებით, რადგან მცენარეს შემწოვი ტოტები 1 მეტრის მოშორებით აქვს. კომპოსტი მიწას საუკეთესოდ ანოყიერებს. ის შეიძლება დააგროვოთ მიწაზეც, ჩვეულებრივ, ან მცირე მეურნეობებისთვის დაწნულ ჭურჭელშიც, გაზაფხულზე ეს უკვე შავი მიწა იქნება. სასურველია, რომ ასეთი ნარჩენები მთელი წლის განმავლობაში აგროვოთ და ფერმერს ყოველთვის ჰქონდეს მომარაგებული. 3-4 ტონამდე 1 ჰექტარზე. კომპოსტი შავ მიწად 5-6 თვეში გარდაიქმნება, ხოლო ორგანიკასაც თუ მიაშველებთ, სუფთა მიწა უფრო ადრეც გექნებათ. ნაკვეთის გასანოყიერებლად აღარც ქიმია დაგჭირდებათ, არც სასუქები და არც შხამქიმიკატები.

- გამოდის, ბევრი ქართველი მეურნე მიწას სათანადოდ ვერ უვლის?

- სამწუხაროდ, ასეა. ნიადაგი ისე უნდა დავახვედროთ ზამთრის თვეებს, რომ მერე, გაზაფხულზე, ის გამომშრალი და უნაყოფო არ იყოს. საქართველოში მიწების დიდი ნაწილი უვარგისია შხამქიმიკატებისა და სასუქების უკონტროლო და უთავბოლო ხმარებისგან. შხამქიმიკატისა და სასუქის გამოყენება განსხვავებული დოზითაა საჭირო, სხვანაირად ფერმერის შრომა წყალში ჩაიყრება. თუ სპეციალისტს ვერ მიმართავს, ამ საკითხებზე უამრავი ლიტერატურა არსებობს და შეუძლია გაეცნოს.

დასასრულ, გულისტკივილით უნდა გითხრათ: ჩვენს მეზობელ თურქეთში სპეციალური ტელეარხიც კი აქვთ ფერმერებისთვის, სადაც მათ უხსნიან, ასწავლიან, როგორ მოუარონ მიწას, როგორ მოიყვანონ ესა თუ ის კულტურა, ჩვენს ტელევიზიებში კი გასართობი გადაცემებისა და შოუების მეტს კაცი ვერაფერს ნახავს. მერწმუნეთ, სერიოზულ, საქმიან ადამიანებს სულ სხვა ტიპის გადაცემები აინტერესებთ. ჩემი აზრით, ქართველ ფერმერებს ნამდვილად არ აწყენდათ თავიანთ საქმეში დამატებითი ცოდნის მიღება, მით უმეტეს, ტელევიზიით უფრო ადვილია ახსნა, რა როგორ უნდა გავაკეთოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე