გირჩის "რთველი" რაჭაში - კვირის პალიტრა

გირჩის "რთველი" რაჭაში

"მზა გირჩის თესლის 1 კილოგრამში უცხოელები დაახლოებით 50 ევროს იხდიან"

თლუღის ჭალა საახალწლო ნაძვის ხეებით ევროპას ამარაგებს

რაჭაში სოჭის გირჩა და ხვანჭკარა ის სიმდიდრეა, რაც დაცლის პირას მისულ სოფელს აიმედებს და რაჭველებს მშობლიურ მიწაზე აბრუნებს... ამბროლაურში სოჭის თესლის შეგროვებას 50 წლის წინ რუსებმა მოჰკიდეს ხელი, უცხოეთში გაიტანეს და დიდი ფულიც იშოვეს... რაჭის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოსული ზღაპრული მოსავალი უცხოელებმა საბჭოთა სახელმწიფოს დანგრევის შემდეგაც ვერ დაივიწყეს და ახალი გზები გამონახეს მის წასაღებად. ამჟამად ამბროლაურიდან უცხოეთში წელიწადში საშუალოდ 10 ტონა მზა გირჩის თესლი გადის. სოფელ თლუღსა და მის მიმდებარე სოფლებში, ალბათ, მსოფლიოში საუკეთესო სოჭი იზრდება (ეს ნორდმანის, ანუ კავკასიური სოჭია). გირჩის თესლის თითქმის ყველა მწარმოებელიც ამ ადგილებში მუშაობს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ხოტევის თემში (სადაც სოფელი თლუღი და მიმდებარე სოფლები შედის) რობიზონ ავალიანი გირჩის "რთველში" სტუდენტობის დროიდან მუშაობს.

- 70-იან წლებში, სტუდენტობისას, მეც ვკრეფდი გირჩას. ერთხელ მე და ჩემმა მეგობრებმა 2 ტონა გირჩის თესლი დავამზადეთ და "დინამოსთან", ლაბორატორიაში ჩავიტანეთ - თესლი საბოლოოდ სწორედ ლაბორატორიაში უნდა დამუშავდეს და მერე გაიგზავნოს უცხოეთში. დასათესად საჭირო გირჩა მხოლოდ ამბროლაურში მოდის - თლუღსა და მის მიმდებარე სოფლებში: უყეშში, ველევში, კვირიკეწმინდაში, სხარტალში. ამ ადგილებს თლუღის ჭალასაც ვეძახით. აქ, 176 კვადრატულ კილომეტრზე, ოდესღაც შერეული ტყე ყოფილა, მაგრამ დაახლოებით 120 წლის წინ ხანძარს გაუნადგურებია და სწორედ ხანძრის შემდეგ ამოსულა სოჭი.

აქაური სოჭი საუკეთესოა აღმოცენების კოეფიციენტით - ნათესების დაახლოებით 78%  ამოდის. თლუღის უნიკალური სოჭი თითქმის 150-200 წელიწადს ცოცხლობს და დაახლოებით 60 მეტრამდე იზრდება, თუმცა გირჩის მოსავალი შედარებით ახალგაზრდა, დაახლოებით 45-მეტრიან ხეებზე იკრიფება სექტემბრიდან ოქტომბრამდე. ბოლო წლებში გირჩის "რთველი" 15 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე გრძელდება, მოსავალი კი ევროპის 8 ქვეყანასა და ამერიკაში გადის.

- და გირჩის თესლის მწარმოებელი კომპანიები კარგ შემოსავალსაც იღებენ...

- გირჩის თესლის წარმოებაზე დაახლოებით 12 კომპანია მუშაობს, მათ შორის - უცხოელებიც. უკვე მზა გირჩის თესლის 1 კილოგრამში უცხოელები დაახლოებით 50 ევროს იხდიან. ამ ძვირფას პროდუქციას სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ. დანიამ, მაგალითად, ამ თესლით მთელ ევროპაში საახალწლო ნაძვის ხეების ბიზნესი დაიწყო. ჩვენებური სოჭის თესლიდან ხე 7-8 წელიწადში იზრდება. მწიფე გირჩაში დაახლოებით 25 ცალი თესლია. ზოგიერთ ქვეყანაში გირჩის თესლს პარფიუმერიასა და კულინარიაში იყენებენ. ერთ-ერთ დანიელ ბიზნესმენ ქალბატონს აქაურები ძალიან ემადლიერებიან - იგი თლუღისა და ჭელიაღელის სკოლების მოსწავლეებს ეხმარება... აქაური მოსახლეობა გირჩის "რთველში" მიღებული შემოსავლით ამოისუნთქავს ხოლმე. შემოსავლის ნაწილი რაიონის ბიუჯეტშიც შედის.

მოსახლეობას 1 კილოგრამი გირჩის დაკრეფაში 2 ლარს უხდიან, მაგრამ წლეულს ცუდი მოსავალი იყო და 1 ლარი, ზოგს კი 1,7 ლარი გადაუხადეს. 1 კილო გირჩიდან 60 თეთრი ამბროლაურის ბიუჯეტში რჩება.

- თუ ევროპა 1 კილოგრამ გირჩის თესლში 50 ევროს იხდის, ყველაზე მძიმე სამუშაოს შემსრულებელს - გირჩის მკრეფავს - რატომ ერგება ასეთი მცირე გასამრჯელო?

- ეს იმიტომ, რომ ჩვენი უფლებების დაცვას ვერ ვახერხებთ. თუმცა გირჩის თესლის მიღებას კრეფის შემდეგაც დიდი შრომა უნდა... კრეფის დროს ჩვენი მოსახლეობა მთაში ორხიდიანი მანქანებითა და კარვებით მიდის და იქ ერთ თვეს რჩება. ყველა მსურველი სამუშაოს ვერ იღებს, თუმცაღა, გირჩის კრეფაში ყველას დასაქმება არც შეიძლება - ეს ძალიან სახიფათო საქმეა. გირჩა კენწეროში იზრდება და მკრეფავებსაც დაახლოებით 45-მეტრიან ხეებზე უწევთ ასვლა, მკრეფავები კენწეროში ადიან და იქიდან ყრიან დაკრეფილ გირჩას. მახსოვს, ერთხელ, ახალგაზრდობაში, 15 სოჭზე ძირს ჩამოუსვლელად დავკრიფე ნაყოფი - ტოტიდან ტოტით გადავდიოდი ხეებზე. საქმე ის არის, რომ არეულობის წლებში ვიღაც ნაძირალებმა სოჭის კენწეროები დაჭრეს და ჩამოყარეს, რომ მოკრეფა გაადვილებოდათ. ახლა ამ კენწეროების ადგილზე სუსტი ტოტებია ამოსული და როგორც კი ფეხს დადგამ, მაშინვე ტყდება...  3-4 წლის წინ დამსაქმებლები შეცდნენ, სოჭზე გამოუცდელი ხალხი აუშვეს და სამი ახალგაზრდა დაიღუპა. ამ საქმეს პროფესიონალები სჭირდება. ასეთია ნოდარ ქევანიშვილი. იგი 61 წლის არის და დღეში საშუალოდ, 30 ტომარა გირჩას კრეფს. ტომარაში 20-25 კილოგრამი გირჩა ეტევა. მოკრეფის შემდეგ გირჩა უნდა გავაშროთ, რაც წვიმიან ამინდებში ძალიან ჭირს. სანამ სპეციალური საშრობები აშენდებოდა, ხალხი ნაყოფს ორპირ ქარში, საკუთარ სახლებში აშრობდა. გამომშრალ გირჩას კომბლებით ბეგვავდნენ, თესლს ცრიდნენ და ხელახლა აშრობდნენ. ახლა გირჩა საგანგებოდ აგებულ ფარდულებში ვენტილატორებით შრება, სპეციალური ტექნიკით ილეწება, ისევ შრება და თბილისში მიაქვთ.

იქაც სპეციალური დანადგარებით სუფთა თესლსა და მინარევებს ახარისხებენ და 2-კილოგრამიანი ტომრებით უცხოეთში გზავნიან.

- ბრძანეთ, რომ თლუღის ზონაში გირჩის პროფესიონალი მკრეფავები გყავთ. რამდენია მათი მოკრეფილი რეკორდული მოსავალი?

- წლეულს, მაგალითად, ზაქარია ჩიხრაძემ 5 ტონა დაკრიფა. გირჩის შემოსავალი ჩვენში ხვანჭკარის შემოსავლის შემდეგ არცთუ ურიგოდ ითვლება. თუკი ფასი მოიმატებს, ჩვენებურებისთვის ეს დიდი სტიმული იქნება მშობლიურ სოფლებში საცხოვრებლად...

ფიჭვის გირჩის მურაბა

მასალა: ფიჭვის მწვანე გირჩა (იკრიფება ივნისის პირველ რიცხვებში), შაქარი და წყალი.

მომზადება: ფიჭვის ნორჩი, მწვანე გირჩები კარგად გავრეცხოთ. დავაყაროთ 2-ჯერ მეტი რაოდენობით შაქარი. დავასხათ 1 კგ-ზე 1 ჩ/ჭ წყალი. ვადუღოთ, სანამ წვენი და გირჩები არ გაყავისფრდება და არ დარბილდება.

უგემრიელესი და ძალიან სასარგებლო მურაბაა. აკეთებენ გირჩების ჯემსაც.