"ყვავილები ჩემი ოჯახის წევრები არიან" - კვირის პალიტრა

"ყვავილები ჩემი ოჯახის წევრები არიან"

"თუ ვხვდები, რომ ჩემთან კარგად გაიხარებს, მხოლოდ მაშინ მომაქვს სახლში. ეს ყვავილი ახლობელმა მომცა. პატარა ქოთანში იყო, გალაღდა და გაიზარდა..."

"სახლი პატრონს უნდა ჰგავდეს"

მსახიობ ბაია დვალიშვილს ძალიან უყვარს ყვავილები. მისი სახლის ყველა ოთახი და სამი აივანი სავსეა მცენარეებით, რომელთაც გულმოდგინედ უვლის. მცენარეების სიყვარული მას დედისგან (მსახიობი მარინე თბილელი) მოჰყვება.

ქალბატონ ბაიას სახლში მრავალწლოვანმა მცენარეებმაც კარგად გაიხარეს. პატრონი თითოეულს *ოჯახის წევრად მიიჩნევს და მათზე ისე საუბრობს, როგორც ადამიანებზე.

- ოჯახში სულ გვქონდა მცენარეები... მახსოვს, ვეებერთელა ალოე საახალწლოდ ნაძვის ხის მაგივრობას გვიწევდა - სათამაშოებით ვრთავდით. დედაჩემი მის ტოტებს წყვეტდა, რეცხავდა, ალოეს მასას თაფლში ურევდა და სახეზე ვისვამდით. დედა რომ გარდაიცვალა, ალოემ ხმობა დაიწყო - 30 წლის მაინც იყო. ტოტები შევაცალე და დავარიგე, რომ სხვებსაც გაეხარებინათ...

ბიძამ და ბიცოლამ იები მაჩუქეს. 10 წელიწადია, ცოცხალი აღარ არიან, მაგრამ ია ხარობს. მრავალფერი იების ბუჩქია და ყველა ერთ ქოთანშია მოთავსებული... ასე კარგად გამოიყურება, თან ჩემთვის საყვარელი ადამიანების სახსოვარია და ვერ დავაცალკევებ... მოკლედ, სულ ჩემთან არიან, გაგიჟებით ყვავიან ზამთარ-ზაფხულ.

- ისე საუბრობთ მცენარეებზე, თითქოს ოჯახის წევრები იყვნენ...

- კი, ისინი მართლაც ოჯახის წევრებივით არიან... მახსოვს, შინ გვქონდა სხვადასხვაფრად მოყვავილე ბალბა. დედაჩემს უცხოეთიდანაც ჩამოჰქონდა\, სადღაც მოწყვეტდა ტოტს და წამოიღებდა... ამბობდა, კახეთს მახსენებსო. დედა სიღნაღიდან იყო, იქ დაიბადა და ბალბაც იქიდან ახსოვდა. ძალიან უყვარდა, ამბობდა, ჰაერს წმენდსო, მაგრამ მათი შინ შემოტანა საზამთროდ ძალიან გვიჭირდა. მე გამჭვირვალე ცელოფანს ვაფარებ და აივანზე ვტოვებ.

- ვატყობ, ეს ყველაფერი დედისგან მოგყვებათ...

- დიახ. თანაც შინ როცა ასეთი სილამაზეა, სხვანაირად როგორ შეიძლება? ოღონდ ზაფხულში დასასვენებლად წასვლისას ყვავილები და კატა ვის დავუტოვო, არ ვიცი... ძალიან შევეჩვიე, სახლს ალამაზებენ, ჰაერს წმენდენ, განწყობაზე დადებითად ზემოქმედებენ... მაგრამ ყველა მცენარეს ვერ ვუვლი. თუ ვხვდები, რომ ჩემთან კარგად გაიხარებს, მხოლოდ მაშინ მომაქვს სახლში. აი, აქ რომ ყვავილი დგას - სამწუხაროდ, მისი სახელი არ ვიცი - ახლობელმა მომცა. აქაურობას ძალიან მოუხდა. პატარა ქოთანში იყო, გამოვუცვალე ქოთანიც და მიწაც, გალაღდა და გაიზარდა...

მცენარეებს კარგად ვკვებავ სასუქით - ვყიდულობ ბიოჰუმუსს, წყალში ვაზავებ და ყველას ვუნაწილებ. ზამთარში წყალში გაზავების გარეშეც შეიძლება ცოტ-ცოტა დაასხა.

- ამ არაჩვეულებრივ ჩინურ ვარდზეც მითხარით რამე...

- ეს ჩინური ვარდი 20 წელიწადია, აქ ბინადრობს. რომ გაუშვა, ეს ოთახი მთლიანად დასჭირდება, ამიტომ ყოველ ივლისს ტოტებს დაუნდობლად ვაცლი, მხოლოდ ღეროს ვუტოვებ. ეს ზურა შევარდნაძემ მასწავლა. მერე კი ნელ-ნელა ისევ უშველებელი იზრდება. წლეულს მოვერიე და სხვა ქოთანშიც გადავრგე... სახლს სიმწვანე უხდება, მიყვარს დიდი ხე-მცენარეები, რომლებიც დეკორის ნაწილი ხდება.

- კაქტუსი იშვიათად ყვავილობს, თქვენ კი შინ რამდენიმე კაქტუსი გაქვთ...

- წლის განმავლობაში 6-7-ჯერ ყვავილობს და თითოეულს 13-14 ყვავილი ამოსდის. სულ ვამბობ, რომ ესენი ამსხვრევენ ლეგენდას თუ მითს კაქტუსების შესახებ... ზამთარში უფრო ხანგრძლივად ყვავიან. ახლა შემოვიტანე აივნიდან და მარტამდე აღარ მოვრწყავ. მარტიდან კი ნელ-ნელა ვაპკურებ წყალს. ეს რომ მასწავლეს, ისიც მითხრეს, ზამთარში გარეთ დატოვეო, მაგრამ ვერ ვრისკავ. ისე, კაქტუსები დიდად არ მიყვარს და უცნაურია, რომ სწორედ ჩემთან ყვავიან. როგორც ჩანს, მოსწონთ აქაურობა. აივანზე რომ გავალ და ყველა ერთად ყვავის, საოცარი სანახავია. ახლა ფიკუსის გაზრდას ველოდები, მაჩუქეს...

ტელეგადაცემაში რუბრიკა გვქონდა - "აივნების გამწვანება", პრიზებიც კი იყო დაწესებული, მაგრამ მაინცდამაინც გამოხმაურება არ მოჰყოლია. დავდიოდით, სახლებს ვათვალიერებდით... ერთი უცნაურობა გვჭირს ქართველებს - არ ვუვლით სადარბაზოებსა და აივნებს, თითქოს ჩვენი არ იყოს. სახლი გაპრიალებული უნდა იყოს, მაგრამ სადარბაზო არ უნდა დავგავოთ, აივანი არ უნდა გავამწვანოთ... მიმაჩნია, რომ ჩვენს ქალაქს ეს ყველაფერი ძალიან ახალისებს.

სადარბაზო რომ დაგავო, ფული საჭირო არ არის - მხოლოდ ცოცხი უნდა... დიდი ამბავი არც აივანს სჭირდება - იშოვე ქოთანი, მიწა და ჩარგე ყვავილი - ეს არის და ეს.

ნაყიდი ყვავილები არც მაქვს, სულ ნაჩუქარია. ბოლოს და ბოლოს, ვინმეს სთხოვე ყვავილის ტოტი... მოკლედ, დედაჩემმა სადარბაზოს დალაგებაც მემკვიდრეობით გადმომილოცა, სულ მე ვალაგებ. მეზობლებიც კარგად გრძნობენ თავს, რომ ამ საქმეს მე ვაგვარებ. სამი აივანი მაქვს და სამივე გამწვანებულია: მაქვს ხვიარა ვარდებიც და სუროც.

- ამბობენ, ყვავილებმა მიჩვევა იციანო...

- დიახ, იციან. დედა ამბობდა, ესმით, რომ ველაპარაკებიო. ესმით თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ჩემთან მართლაც კარგად ცხოვრობენ...

- შემოსასვლელ კარზე პეპლები გაქვთ გაკრული, რაც სტუმარს კარგ განწყობაზე აყენებს და ღიმილს ჰგვრის...

- თავიდან მე და ჩემმა გოგონამ სათვალთვალოზე გავაკარით პეპლის სტიკერი. მოგვეწონა და კარი ნელ-ნელა გავავსეთ პეპლებით. ამით სადარბაზოც გავალამაზეთ. არ მიყვარს თანამედროვე სახლები, რომლებიც ოფისებს ჰგავს. არ მესმის, იქ როგორ შეიძლება ცხოვრება. სახლი პატრონს უნდა ჰგავდეს. ჩემთვის არც ანტიკვარულ ნივთებს აქვს მნიშვნელობა და არც ძვირფას ავეჯს, ასეთ გარემოში მგონია, რომ მაღაზიაში ვარ... უნდა ვიცხოვრო იქ, სადაც ადამიანი ჩანს. აქ დედაჩემისა და მამაჩემის დატოვებული ბევრი რამ ხელუხლებელია - ეს ხომ მათი სახლია. ბავშვობასთან კავშირს ვერ გავწყვეტდი, ეს არის ჩემი სიმდიდრე...

სხვათა შორის, მამასაც ძალიან უყვარდა მცენარეები და უვლიდა კიდეც, ჩემს მეუღლეს კი, რომ დავუბარებ, მცენარეებს წყალი დაუსხი-მეთქი, აქ ტბა დგება...

ჩემი ოცნებაა, ქალაქში მქონდეს მიწის პატარა ნაკვეთი, რომელსაც სამოთხედ ვაქცევდი.

- გარდა ბიოჰუმუსისა, რით ანოყიერებთ ნიადაგს და რამდენ ხანში ერთხელ უცვლით მას მცენარეებს?

- 2-3 წელიწადში ერთხელ, აგარაკიდან (წეროვანი), ან ტყიდან ჩამომაქვს მიწა... ჩაის ნაყენი რომ დარჩება, ვასხამ ცივ წყალს და ამ მასასაც ყვავილებს ვასხამ. კარგია ხორცის ნარეცხის დასხმა. აგარაკზე კომპოსტსაც ვაკეთებ - ამაზე უკეთესი გამანოყიერებელი არაფერია. აგარაკიდან ქათმის ექსკრემენტიც ჩამომქონდა, წყალში ვხსნიდი და როგორც ნაკელს, მცენარეებისთვის ვიყენებდი.

მოკლედ, გამწვანება და მცენარეები ყველანაირ სახლს უხდება, ამიტომ ვეცადოთ, გავამრავლოთ და მოვუაროთ ყვავილებს. გარდა სილამაზისა, ისინი განწყობას ამაღლებს და შინ ყოფნა უფრო გინდება.

ლალი ფაცია