რატომ გადაშენდა საქართველოში ჯეირანი
17-11-2014
რატომ გადაშენდა საქართველოში ჯეირანი
ჯეირანს - ბუნების მშვენიერ ქმნილებას, საუკუნეების განმავლობაში აქებდნენ და ხოტბას ასხამდნენ... საქართველოში ჯეირანი იმდენი ყოფილა, რომ მასზე ნადირობდნენ კიდეც.

"სამწუხაროდ, ჯეირანი, ანუ სპარსული ქურციკი საქართველოში უკვე გადაშენებულია, წითელ წიგნში კი შეიტანეს, მაგრამ ეს საქმეს ვერ შველის," - გულისტკივილით გვითხრა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა იასონ ბადრიძემ, რომელიც ქურციკის ცხოვრების ნირს, მის თავისებურებებს აზერბაიჯანში - შირვანის ნაკრძალში აკვირდებოდა.

- მსოფლიოში 12 სახის ქურციკი არსებობს. საქართველოში გავრცელებული იყო ჯეირანი, ანუ სპარსული ქურციკი, რომელიც
ამიერკავკასიაში უხსოვარი დროიდან ბინადრობს. ამჟამად ის აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთის სტეპებში გვხვდება, ოღონდ პოპულაცია იქაც მცირერიცხოვანია. შირვანის ნაკრძალში სულ 6 ათასამდე ინდივიდია. სპარსული ქურციკი ბინადრობს თურქმენეთში, ყაზახეთის სამხრეთ ნაწილში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში, აგრეთვე ავღანეთში, პაკისტანში, მონღოლეთსა და ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

დღეს საქართველოში აღარავის ახსოვს, სად ბინადრობდა ქურციკი,
ამის გარკვევა მხოლოდ გასული საუკუნის ისტორიული წყაროებით შეიძლება. ასი წლის წინ ცნობილი ზოოლოგი ნიკოლაი დინიკი წერდა: "ამიერკავკასიაში ქურციკი გავრცელებულია თბილისიდან ბაქომდე არსებულ სტეპებში, თბილისიდან რუსთავამდე, გარეჯის უდაბნოში, გარდაბნისა და დედოფლისწყაროს რაიონებში", - ესე იგი, მისი გავრცელების არეალი საკმაოდ დიდი ყოფილა.

- რამ გამოიწვია ქურციკის გადაშენება საქართველოში?
- ეს ბოლო 40 წლის განმავლობაში მოხდა. ოდითგანვე შირაქი და ივრის ზეგანი ცხვრის ზამთრის საძოვრებად გამოიყენებოდა, იქ საუკუნეების განმავლობაში თანაარსებობდნენ ცხვრები და ქურციკები, მაგრამ დაიწყო ურბანიზაცია - აშენდა რუსთავი, დაგუბდა თბილისის "ზღვა", მოიხნა დიდი ფართობი და ამან ქურციკის საარსებო გარემო შეამცირა. ბუნებრივი საძოვრების განადგურების გარდა, გაათმაგდა ცხვრის რაოდენობაც. დაიწყო ეროზიული პროცესები, რაც დღემდე გრძელდება. საძოვრების 50% უკვე განადგურებულია. საკვები ბაზის შემცირებას თავისთავად მოჰყვა ქურციკის რაოდენობის შემცირება, ამას ბრაკონიერობაც დაემატა და ქურციკი გადაშენდა.

- როგორ უმკლავდება ქურციკი საფრთხეს, როგორ ცხოვრობს ან მრავლდება?

- ქურციკის ჯოგში, მგლების ხროვის მსგავსად, დროებით რამდენიმე ოჯახია თავმოყრილი. დომინანტი მამრის ძირითადი მიზანი საუკეთესო მდედრების "მოხიბვლაა", რათა ძლიერი შთამომავლობა დაუტოვოს პოპულაციას. მას ექვსამდე მდედრი ჰყავს. მათთვის თავის მოსაწონებლად მხოლოდ კონკურენტი მამრების დამარცხება არ კმარა - დომინანტმა იერითაც უნდა მოხიბლოს მდედრი.

შემოდგომის მიწურულს ქურციკებს "სიყვარულის სეზონი" ეწყებათ. ჯგუფში თუ მანამდე შედარებით თავშეკავებული ურთიერთობა იყო, ერთმანეთის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება იწყება. საბოლოოდ ჯგუფი რამდენიმე ნაწილად იყოფა და თავის ტერიტორიას იკავებს. კონფლიქტი გრძელდება განაყოფში, ანუ ქვეჯგუფში მოხვედრილ მამრებს შორისაც და მთავრდება ერთის სრული გამარჯვებით, რომელიც დამარცხებულებისგან რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრს ათავისუფლებს. მამრი ქურციკი გააფთრებით იცავს ტერიტორიას კონკურენტებისგან მაშინაც კი, როცა ისინი არ ჩანან.

ცხოველის "სტატუსზე" რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას: ასაკი, წონა, საბრძოლო იარაღის ანუ რქების, ეშვების განვითარება, ასევე - აგრესიულობა, ტერიტორიის ცოდნა, ორთაბრძოლის გამოცდილება. ასევე მნიშვნელოვანია დომინირების ჟინი. სოციალური სტატუსი კონკურენტებს შორის მძაფრი ორთაბრძოლით მოიპოვება. გაივლის მძიმე ზამთარი და აპრილის ბოლოს ან მაისის შუა რიცხვებისთვის ქვეყნიერებას ქურციკთა ახალი თაობა მოევლინება.

- პატარა ქურციკი სწრაფად იზრდება?
- ახალშობილი 4-6 საათი რჩება დაბადების ადგილას, გაშრობის შემდეგ კი ფეხზე წამოდგება. დედა მას რამდენიმე თვის განმავლობაში უვლის და კვებავს. ხშირად ნაშიერს სხვა მდედრებიც აჭმევენ. უფროსები საგულდაგულოდ ზრუნავენ ნაშიერის გადარჩენაზე. ახალშობილ ქურციკს მხოლოდ ბალახებში ჩაწოლა და განაბვა შეუძლია. მას მტერი ბევრი ჰყავს: მგელი, ტურა, მელა, ზოლებიანი აფთარი და ველის კატაც კი. ახალშობილზე მაჩვის თავდასხმაც კი არის აღწერილი. ერთი კვირის შემდეგ პატარა ქურციკები ჯგუფებს ქმნიან და მტრის გამოჩენისას გონივრულად იქცევიან: მაშინვე კი არ წამოიშლებიან, ჯერ იცდიან, იქნებ მტაცებელმა ვერ დაინახოს, მაგრამ როცა მათ შორის მანძილი 4 მეტრამდე შემცირდება, წამოიშლებიან და სხვადასხვა მხარეს გარბიან. ასეთ დროს მტაცებელი იბნევა და კონკრეტულ მსხვერპლს ვეღარ არჩევს, ეს კი განუზომლად ზრდის თითოეული პატარის გადარჩენის შანსს.
საოცარია, მაგრამ პატარა ქურციკის, ანუ ლიკლიკას სისწრაფე საათში 70 კილომეტრია. მათი გაქცევაც ლამაზი სანახაობაა: სპარსული ქურციკები, ისევე, როგორც ქურციკების სხვა სახეობები, სირბილისას მაღლა ხტებიან. ამ ნახტომების წყალობით ქურციკი მტაცებლის ადგილმდებარეობასაც აკონტროლებს და თან მოხერხებულად ცვლის სირბილის სისწრაფესა და მიმართულებას. სხვათა შორის, მგელს თითქმის არ აქვს ქურციკის დაწევის შანსი, იმიტომ, რომ მისი სისწრაფე საათში 65 კმ/სთ-ს არ აღემატება, ხოლო ზრდასრული ქურციკი 80 კმ/სთ სიჩქარით გარბის.

მტაცებლის წარმატების ერთადერთი შანსი მოხერხებული მანევრია, ხოლო ქურციკის ამოცანა - ამ მანევრის დროზე შემჩნევა. ასე რომ, თავდაცვას კარგი ფიზიკური მომზადება და გამოცდილება სჭირდება. ამას ქურციკი თამაშით აღწევს. თამაშისას ძლიერდება მისი კუნთები და ცხოველი უფრო სწრაფი და მოქნილი ხდება. პატარები კი ამ დროს დედის ან სხვა ინდივიდების გამოცდილებასაც ეზიარებიან და ბევრ რამესაც  სწავლობენ.

- ცნობილია, რომ ისინი ძალიან ფრთხილი არიან და ერთმანეთს ყოველთვის ატყობინებენ მტაცებლის მოახლოებას...

- ბალახის ძოვისას ჯოგის პერიფერიაზე მყოფი ქურციკები პერიოდულად წყვეტენ ჭამას და რამდენიმე წამით აქეთ-იქით იყურებიან. საფრთხის გამოჩენისთანავე ისინი სტვენის მსგავს ბგერას გამოსცემენ, რაც ხიფათის მომასწავებელია, მაგრამ ეს ხმა, შესაძლოა, ჯოგის ცენტრში ვერ გაიგონონ, ამიტომ შუაში მყოფი ქურციკები ირგვლივ მყოფთა კუდებს აკვირდებიან. ვინც სტვენას გაიგონებს, კუდი უნდა ასწიოს - ეს მათი თავდაცვითი რეაქციაა. როცა ყველა მზად არის გასაქცევად, ელოდებიან, საით გაიქცევიან პერიფერიაზე მყოფი თანამოძმეები. სწორედ ასეთი ნიშნების წყალობით ჯოგის ცენტრში მყოფი ქურციკები, იმის მიუხედავად, რომ მოშორებით მიმდინარე მოვლენებს ვერ ხედავენ, მტაცებლის გამოჩენას მაშინვე იგებენ. ეს არის ინფორმაციის გადაცემის უნიკალური სისტემა.

- შესაძლებელია თუ არა საქართველოში ამ მშვენიერი პოპულაციის აღდგენა?
- ეს დიდ სახსრებს, დროსა და ადამიანურ რესურსს მოითხოვს, თუმცა დიდი ძალისხმევით ყველაფერია შესაძლებელი.
მიუხედავად იმისა, რომ ურბანიზაციამ ძალიან შეამცირა ქურციკისთვის გამოსადეგი ტერიტორია, მაინც გვაქვს საკმარისი ფართობი, სადაც ის არსებობას შეძლებს - ვაშლოვნის ნაკრძალში ან შირაქისა და ივრის ზეგანზე, ოღონდ უნდა შემცირდეს ზამთრის საძოვრების დატვირთვა და ჭარბი ძოვების გამო ეროზირებული ფართობები აღდგეს.
ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორიც უნდა გამოვყოთ: კაპიკი იქნება ამ შრომის ფასი, თუ ჩვენს ქვეყანაში ბრაკონიერობა არ აღმოიფხვრა. ბუნებისადმი ბრაკონიერების დამოკიდებულება თემურ-ლენგის თუ ჯალალ-ედ-დინის შემოსევებს მაგონებს!

ხათუნა ჩიგოგიძე
DINO_ZAUR
22 ნოემბერი 2014 11:14
სამწუხაროდ ! ს ა მ წ უ ხ ა რ ო დ!!! არამარტო ჯეირანი, არამედ ამ წუთში დღეს, წელს და ამ წლებშიც სისტემატიურად ხდება გარეული ცხოველების ფრინველების, თევზის უკანონო მოპოვება "შინაური ცხოველების\" მიერ.

პირადად ჩემი დაგკვირვებით (ვთევზაობ როგორც აღმოსავლეთ, ისე დას. საქართველოში) თევზის პოპულაცია რამდენიმეჯერ არის შემცირებული ბოლო 10-15 წლის განმავლობაში.

სირცხვილია ეს ჩვენი შვილების და ჩვენი მომავალი თაობების წინაშე !


ჯემალ რატიანი
19 ნოემბერი 2014 14:12
ვინ, ვინ და იასონ ბადრიძეს არა აქვს უფლება ილაპარაკოს ჩლიქოსნებზე, მითუმეტეს ჯეირანზე. რამ გაანადგურა საქართველოში ჩლიქოსნები - ცხვარმა და სავარგულების მინიმალურად ათვისებამ თუ გრანტების მეშვეობით იასონის მიერ მგლების რიცხოვნების კატასტროფულად ზრდამ? ახლახან თბილისის ცენტრში, ბოგდან ხმელნიცკის ერთერთი კორპუსის ეზოში მაშველებმა მგელი დაიჭირეს (ინფორმაცია გაავრცელა ტვ რუსთავი 2-ის 16.11.2014 15 სთ კურიერმა).ისე, ქ-ნ ხათუნას დიდი მადლობა უნდა უთხრათ, იმისათვის რომ საქართველოში გვყოლია ტარძანი N2 იასონ ბადრიძის სახით (იხ. გაზეთი კვირის პალიტრა 6-12 ოქტომბერი, 2014,N37). სულ რაღაც 30 წლის უკან სახელმწიფოს მიერ ორჯერ იყო მცდელობა ვაშლოვანის ნაკრძალში ჯეირანის რეინტროდუქციის თაობაზე.ორივეჯერ მგლის მსხვრეპლნი გახდნენ ისინი.რკინის ღობემაც ვერ შეაკავა მგელი, კარანტინის დროს















.

რედაქტორის რჩევით