როგორ "შეჯდა" მწყერი ფერმაში
24-11-2014
როგორ "შეჯდა" მწყერი ფერმაში
"მწყრის მოშენებას თავისი სპეციფიკა აქვს. უპირველესად ხარისხიანი საკვები სჭირდება. ჩვენს შემთხვევაში, საკვების 70%-ს ყვითელი სიმინდი შეადგენს"

"დედალი მწყერი მალე ბერდება და მთელ წელიწადს ვერ ინარჩუნებს პროდუქტიულობას, ამიტომ 6 თვეში ჩანაცვლება სჭირდება"


მწყრის ხორცი და კვერცხი, სასარგებლო თვისებების გარდა, განსაკუთრებული გემოთიც გამოირჩევა. ამიტომ მოაშინაურა ადამიანმა ეს გემრიელი და სასარგებლო ფრინველი, რომელსაც თავიდან თურმე მხოლოდ დეკორატიული მიზნებისთვის იყენებდნენ.

საქართველოში მწყრის სულ რამდენიმე ფერმაა. ერთ-ერთს ბიზნესცნობარში მივაკვლიე და მის მეპატრონეს დავუკავშირდი. სასიამოვნო აღმოჩენა
იყო, რომ ბატონი თამაზი "კვირის პალიტრისა" და მისი სასოფლო-სამეურნეო ჩანართის, "მამულ-დედულის" მკითხველი აღმოჩნდა. მითხრა: თქვენი გაზეთის თითქმის ყველა ნომერი მაქვს, ვერც კი წარმომედგინა, რომ ერთ დღეს მე და ჩემი ფერმაც თქვენი გაზეთის ფურცლებზე მოვხვდებოდითო.


თამაზ მოსულიშვილი, ფერმერი: "პროფესიით ზოოტექნიკოსი ვარ. აგერ უკვე 27 წელია, მემწყერეობას
მივსდევ. ერთი ჭკვიანი მეგობარი მყავდა, პირველი იყო, ვინც საქართველოში ქამა სოკო სასათბურე პირობებში მოიყვანა და სწორედ მან მირჩია მწყრის მოშენება.

მემწყერეობას საქართველოში არცთუ დიდი ისტორია აქვს. მახსოვს, ვასილ მჟავანაძის დროს ნორიოს მეფრინველეობის ფაბრიკაში მოაშენეს, საგანგებოდ ცეკას პირველი მდივნისთვის.

მოგვიანებით თბილისის მიმდებარედ 6-7 ასეთი მეურნეობა გაჩნდა, რომლებიც მეტწილად მეფრინველეობის ფაბრიკის ბაზაზე იქმნებოდა. მეც ასე დავიწყე საქმიანობა, კოოპერატივი ჩამოვაყალიბე და საქართველოსთვის ყველაზე მძიმე წლებში ჩემი ფერმით, ფაქტობრივად, დენს დავყვებოდი - იმ ფაბრიკას მივეკედლებოდი ხოლმე, რომელსაც მეტ-ნაკლებად სტაბილურად ჰქონდა ელექტროენერგია. დაახლოებით 3 წლის წინ კი გადავწყვიტე მცხეთის რაიონში, სოფელ მისაქციელის მახლობლად, 1100 კვმ ფართობზე საკუთარი ფერმა ამეშენებინა. საქმეს ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად ვუძღვები. ახლა დაახლოებით 7 ათასი ფრთა მწყერი გვყავს. მეტის წარმოება შეგვიძლია, მაგრამ წლევანდელმა ცხელმა ზაფხულმა ძალიან დაგვაზარალა. ასეთ პირობებში მამლები არ იყვნენ აქტიურნი და კვერხცდება შემცირდა. ამას გარდა, ჩვენთან
მცირე მეწარმეობის განვითარებას დიდად აფერხებს ენერგორესურსების მაღალი ტარიფები, რომელიც ერთნაირია როგორც დიდი, ისე მცირე და მიკრობიზნესისთვის.

- ძნელია მწყრის მოშენება?
- მაშინ იყო ძნელი, როცა ამ საქმეს ვიწყებდით. მახსოვს,P პირველ მცდელობაზე საინკუბაციო კვერცხიდან, რომელიც სოჭის მახლობლად მდებარე ხოსტის მემწყერეობის ფაბრიკიდან ჩამოვიტანეთ, ფრინველის მხოლოდ 10-15% გამოვზარდეთ. მწირი იყო ლიტერატურა მემწყერეობის შესახებ და საჯარო ბიბლიოთეკაში  დავდიოდით საჭირო ინფორმაციისთვის. შესაბამისი ცოდნის მიღების შემდეგ, აღმოვაჩინეთ 17 შეცდომა, რომელიც მწყრების გამოზრდის პირველი მცდელობისას დავუშვით. შეცდომების გამოსწორების შემდეგ უკვე შევძელით, რომ საინკუბაციო კვერცხიდან მწყრის 97% გამოგვეზარდა. სხვათა შორის, სანამ მუშახელს დავიქირავებდით, რამდენიმე პარტია თავად გავზარდეთ, რათა ზუსტად გვცოდნოდა, რა სამუშაო უნდა შეესრულებინა დაქირავებულ თანამშრომელს.
მწყრის მოშენებას თავისი სპეციფიკა აქვს. უპირველესად ხარისხიანი საკვები სჭირდება. ჩვენს შემთხვევაში, საკვების 70%-ს ყვითელი სიმინდი შეადგენს. აუცილებელია საკვებდანამატებიც, რომელიც მდიდარია ვიტამინებითა და სასარგებლო ელემენტებით, რათა ფრინველისა და მისი კვერცხის ცილოვანი გამდიდრება მოხდეს. Mნორმალური საკვები, სითბო და სუფთა წყალი - ეს სამი რამ აუცილებელია.

- რა დროს გადაიქცევა მწყრის ჩოჩორი სახორცე ფრთად?

- 40-42 დღის მწყერი უკვე აღწევს სასურველ კონდიციას და შეიძლება მისი დაკვლა. მეკვერცხული მწყერი ცალკე გვყავს. გამოჩეკილი კვერცხი 2-3 კვირა გროვდება, შედის ინკუბატორში და წიწილა იჩეკება. მწყრის წიწილა მე-18 დღეს იჩეკება, 4 დღით ადრე ქათამთან შედარებით. მწყერი წლის განმავლობაში 280-320 კვერცხს დებს, მაგრამ დედალი მალე ბერდება და მთელ წელიწადს ვერ ინარჩუნებს პროდუქტიულობას, ამიტომ 6 თვეში ჩანაცვლება სჭირდება.

- მწყერთან ერთად ფერმაში ბევრი სხვა ფრინველიც გყავთ, მათ შორის ხოხბებიც...

- ხოხბების გარდა, გვყავს სხვადასხვა ჯიშის ქათმები, ინდაურები, იხვები, მაგრამ მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. გვყავს მოჩხუბარი მამალიც, რომელიც ფერმაში პოპულარობით სარგებლობს.
სხვათა შორის, ხოხობი საკმაოდ ძნელი გასაზრდელია, რადგან სხვა ფრინველებთან შედარებით ახალი მოშინაურებულია და, ძირითადად, ჭიაღუით იზრდება. რა თქმა უნდა, მარცვალსაც ვაწვდით, მაგრამ ცილით მდიდარი საკვებიც სჭირდება".
qeti tutberidze
25 ნოემბერი 2014 11:39
თამაზ, მიხარია შენი წარმატებები მე, როგორც ოჯახის მეგობარი ვიცი რა კოლოსალური შრომა ჩადეთ მაგ საქმეში შენ და შენმა ოჯახმა, იმ მძიმე წლებში,როგორი დიდი ენტუზიაზმით შრომობდით შენ და შენი მეუღლე, მარინა. დაგიფასდათ თავდაუზოგავი და პატიოსანი შრომა.კარგი ადამიანი ხარ, ერთგული მეგობარი, გისურვებ წარმატებას და კიდევ ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას.

რედაქტორის რჩევით