როგორ ავაღორძინოთ ეთერზეთების წარმოება... - კვირის პალიტრა

როგორ ავაღორძინოთ ეთერზეთების წარმოება...

"საქართველოში რადიაციის ფონი დაბალია, ჩვენი ნედლეული კი, ბუნებრივი პირობების გამო, განსაკუთრებით სურნელოვანი"

ეთერზეთები და ექსტრაქტები - ამ სურნელოვან ნივთიერებებს კაცობრიობა ოდითგან ამზადებდა. რამდენიმე ათეული წლის წინ ეთერზეთების მრავალფეროვანი პროდუქცია ჩვენს ქვეყანაშიც მზადდებოდა, მით უფრო, რომ მის დასამზადებლად ნედლეული უხვად გვაქვს.

საბჭოთა ეკონომიკის ნგრევასთან ერთად მრეწველობის ეს დარგიც დაინგრა, მაგრამ დარჩა ხალხი, ვისაც ეთერზეთების წარმოების მნიშვნელობა გააზრებული ჰქონდა და შესაბამისად, დარგის აღორძინებას შეუდგა. თუმცაღა, ეს მეტად რთული აღმოჩნდა, მათ შორის, მეწარმე რევაზ კერესელიძისთვისაც:

- მცენარის ფოთლებიდან, ყვავილებიდან თუ თესლიდან გამოწურული ეთერზეთები და ექსტრაქტები უნიკალური შემადგენლობის მასაა, რომელიც სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ამიტომაც გამოყენების თვალსაზრისით უნიკალურია, - მათ იყენებენ მედიცინასა და კულინარიაში, პარფიუმერიაში.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ეთერზეთების წარმოების ტექნოლოგია ქალაქ კრასნოდარში ვიყიდე. ამ ტექნოლოგიაში მანქანა-დანადგარების სქემებიც შედიოდა. მათი აწყობა ჩემმა მეგობარმა ითავა და შევუდექით საქმეს. ამ უნიკალური ნივთიერებების თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოების ერთადერთი ბაზა შევქმენით, სადაც რამდენიმე სახის მაღალი ხარისხის ეთერზეთისა და ექსტრაქტის ნიმუშები მივიღეთ; სამწუხაროდ, მხოლოდ სინჯები, რომელიც დღემდე არ გამიყიდია, რადგან ეთერზეთებისა და ექსტრაქტების ყველა კლიენტი, სულ ცოტა, 3000-4000 კილოგრამ ეთერზეთს ითხოვს... ამის შესაძლებლობა და წარმადობა კი შეუძლებელია ჩვენს საპილოტე დანადგარზე. სწორედ ამიტომაც გვჭირდებოდა სახელმწიფოს თანადგომა, რასაც ამაოდ ველით.

ეთერზეთებს წყლის ორთქლით აწარმოებენ, ამ დროს მისაღებად 140 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა იყო საჭირო. ეს კი საშუალებას არ იძლეოდა, რომ მცენარეთა დისტილატში ყველა სასარგებლო ნივთიერება შენარჩუნდეს პირვანდელი სახით. ჩვენ კი თხევადი ნახშირორჟანგით ვიღებთ პროდუქციას. ამ დროს  მასში ყველა სასარგებლო ნივთიერება შენარჩუნებულია. მსგავსი საწარმოები არსებობს ევროპაში და მათი პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე ძალიან ძვირად იყიდება; ქართული პროდუქცია კი, ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 20-30 ამერიკული დოლარით იაფი უნდა იყოს, - ჩვენ ხომ მის მისაღებად საკმაოდ მრავალფეროვანი ნედლეული გვაქვს.

- ამასთან, ჩვენი ნედლეული ეკოლოგიურად სუფთაა და შესაბამისად, მათგან მიღებული ეთერზეთებიცა და ექსტრაქტებიც ასეთივე იქნება.

- საქართველოში რადიაციის ფონი დაბალია, ჩვენი ნედლეული კი, ბუნებრივი პირობების გამო, განსაკუთრებით სურნელოვანი. სხვათა შორის, კახეთიდან ჩამოვიტანეთ და დავამზადეთ წიპწის ექსტრაქტი, რომელიც კილოგრამი 150 დოლარი ღირს უცხოეთში. ამ საუცხოო ექსტრაქტს მედიცინაში სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. წიპწის მაღალხარისხოვანი ჩვეულებრივი ზეთი წარმოების ტექნოლოგიის გამო ძალიან ძვირი ღირს. დავამზადეთ ასევე ევკალიპტის, სვიის, დაფნის, წიწაკის, ასკილის ეთერზეთებისა და ექსტრაქტების ნიმუშები...

ეთერზეთებისა და ექსტრაქტების დამზადებას დიდი რაოდენობით ნედლეული სჭირდება, - 100 კილოგრამი მწვანე მასიდან საშუალოდ 2-6% ეთერზეთი და ექსტრაქტი გამოდის.

ეს იმაზეა დამოკიდებული, ეთერზეთებს რისგან ვამზადებთ, მცენარეს როგორი გამოსავლიანობა აქვს. მაგალითად,

ქინძის მარცვალს, საიდანაც ქინძის ექსტრაქტი მზადდება, ბევრად მეტი, 6% გამოსავლიანობა აქვს, ვიდრე, მაგალითად, წიპწას, რომლითაც 2% ექსტრაქტი მზადდება...

საუცხოო ექსტრაქტი დავამზადეთ სვიითაც. როგორც იცით, სვიას ლუდის წარმოებაში იყენებენ, საქართველოში მისი ექსტრაქტი ევროპიდან ჩამოაქვთ, ჩვენ კი მისი დამზადება შეგვიძლია.

- თქვენი დანადგარებით რა რაოდენობის ეთერზეთებისა და ექსტრაქტების დამზადება შეგიძლიათ?

- სამწუხაროდ, დიდი რაოდენობის არა.

იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქტი გავყიდოთ და წარმოება ჩვენთვისაც და ქვეყნისთვისაც რენტაბელური იყოს, სულ მცირე, 3000-4000 კილოგრამი პროდუქციის დამზადებაა საჭირო. უცხოელებიც ამ რაოდენობის პროდუქტს გვთხოვენ წლის განმავლობაში. თუმცა, ჩვენი მანქანა-დანადგარებით იმ რაოდენობის პროდუქციის დამზადება მაინც შევძელით, რომ უცხოელები მოგვეზიდა...

2006 წელს ეთერზეთების მცირე საწარმო ნატახტარში ავაშენეთ, მაგრამ ვერც იქ გავზარდეთ წარმოების მოცულობა, რადგან ამისთვის დიდი სახსრებია საჭირო; რაც შეეხება კერძო ინვესტორებს, საქართველოში ეს სფეროც უცნაურია, - მოვა ინვესტორი, გაძლევს თანხას, მაგრამ მოითხოვს, რომ თანხა მეორე თვეშივე დაუბრუნო ორმაგი მოგებით.

ჩვენი საქმე კი ასე არ გამოვა, - გაფართოებასა და სოლიდური ბაზრის მოზიდვას, რომელსაც დიდი მოგება მოაქვს, დრო სჭირდება. ჩვენ გვყავს პარტნიორები, მაგალითად, პოლონეთი, რომელმაც 20 ტონა გვირილის ექსტრაქტი შეგვიკვეთა, მაგრამ დღეს ამ რაოდენობის ექსტრაქტი რომ დავამზადოთ, მანქანა-დანადგარების გაფართოებაა საჭირო. ჩვენ კი წლიურად მხოლოდ 300 კილოგრამი ექსტრაქტების დამზადება შეგვიძლია.

- მომგებიანი წარმოების დასაფინანსებლად სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა მიმართოთ. მათ მსგავსი პროექტების დასაფინანსებლად კონკურსი აქვთ გამოცხადებული.

- ჯერ კიდევ თებერვალში შევიტანეთ პროექტი და პასუხი რომ ვერ მივიღეთ, თავად მივაკითხეთ. გვითხრეს, პროექტი მოგვწონს, მაგრამ ბანკს უნდა მიმართოთ თანხისთვისო, - საუბარია შეღავათიან აგროსესხზე, რომლითაც ამ პროექტში მონაწილე ბანკები სოფლის მეურნეობის სამინისტროს კონკურსში გამარჯვებულებს აფინანსებენ. ბანკში კი გვითხრეს, იმ შემთხვევაში დაგაფინანსებთ, თუკი ფინანსური შემოსავალი გაქვთ, ანგარიშზეც ორჯერ მეტი თანხა უნდა გქონდეთო. ამდენი ფული რომ გვქონდეს, კონკურსშიც არ მივიღებდით მონაწილეობას, დამოუკიდებლად გავაკეთებდით საქმეს... დასანანია, რომ სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსების გამართული ბაზა არ გვაქვს.

- ეს ნიშნავს, რომ ეთერზეთებისა და ექსტრაქტების წარმოება უნდა შეწყვიტოთ?

- ამ საქმის გაგრძელება დაფინანსების გარეშე ძნელია. არადა, ამ საქმით არა მხოლოდ ჩვენ, ქვეყანაც მოიგებდა. საქართველოში უხვად არის ის ნედლეული, რომელთა ექსტრაქტები და ეთერზეთები მსოფლიო ბაზარზე ძვირად ფასობს, - დაფნა, ტარხუნა, წითელი წიწაკა, ველური ასკილი, ევკალიპტი, გვირილა... ჩვენ უნიკალური გვირილის მარაგი გვაქვს, რომლისგანაც დამზადებული ექსტრაქტი უცხოეთში კილოგრამი 324 დოლარად იყიდება... მხოლოდ ასკილის ექსტრაქტით წელიწადში თავისუფლად შეგვიძლია 300.000 დოლარი მივიღოთ... გარდა ამისა, დამზადებული ექსტრაქტები ძლიერი კონსერვანტებია, შენახვის განსაკუთრებულ პირობებს სულაც არ მოითხოვს. ერთადერთი, ეთერზეთები მზის სხივების ზემოქმედებას არ უნდა განიცდიდეს, მუქ ჭურჭელში უნდა იყოს მოთავსებული. რაც შეეხება ნედლეულის მოპოვებას, ამაში ჩვენი მოსახლეობა სიამოვნებით ჩაერთვება. მაგალითად, აჭარაში ძვირფასი ევკალიპტის შეგროვება შეიძლება, გურიასა და სამეგრელოში - დაფნის და ა.შ.

ასე რომ, პერსპექტივა ძალიან დიდია. დღეს მსოფლიოში ეთერზეთებისა და ექსტრაქტების მომხმარებელია თევზის, ხორცპროდუქტების, რძის ნაწარმის, საკონსერვო და სწრაფი კვების პროდუქტების, პარფიუმერიული მრეწველობა... ფარმაცევტული მრეწველობის 40% ამჟამად ნატურალური ნედლეულის ექსტრაქტებზე მზადდება, ჩვენში არსებული ისედაც მცირერიცხოვანი საწარმოები კი მედიკამენტებს უცხოეთიდან შემოტანილი ექსტრაქტებით ამზადებენ.