"დევების საზრდო" ფუტკრის რძე
24-11-2014
"დევების საზრდო"  ფუტკრის რძე
"ეს პროდუქტი ბუნების უნიკალური საჩუქარია"

თაფლის სასარგებლო თვისებები საყოველთაოდ არის ცნობილი, მაგრამ ფუტკარი სხვა უნიკალურ პროდუქტსაც გვაძლევს - ფუტკრის რძეს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ფუტკრის რძის მიღებისას სისხლში ჰემოგლობინის რაოდენობა იზრდება და მიმდინარეობს ორგანიზმის განახლება. გარდა ამისა, ფუტკრის რძე სისხლს ქოლესტერინისგან წმენდს, ხელს უშლის უჯრედების დაღუპვასა და ნაოჭების წარმოქმნას...

ფუტკრის რძის შესახებ უფრო დაწვრილებით მოგვითხრობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაციის კონსულტანტი ჯაბა ჭეიშვილი:


- ჩვენი წინაპრები ფუტკარს ხეზე ახარებდნენ: მორს, რომელსაც დღემდე ბუკს
უწოდებენ, გული ჰქონდა ამოღებული. მას ხის ტოტებზე, მოხერხებულ ადგილას მოათავსებდნენ. გაზაფხულზე ნაყარი ფუტკარი იქ შესახლდებოდა და მრავლდებოდა. სხვათა შორის, ამ გზით თაფლს საქართველოში XX საუკუნის 40-იან წლებამდე მოიპოვებდნენ. მართალია, ეს პრიმიტიული ხერხი იყო, მაგრამ ჩვენი წინაპრები საქმეს თავს კარგად ართმევდნენ, თაფლიც საკმარისად ჰქონდათ და სანთელიც.
უძველესი დროიდან ფუტკრის რძესაც იღებდნენ, მაგრამ მისი წარმოება მასობრივად XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო.

- როგორ მზადდება ფუტკრის რძე?

- რძეს მუშა ფუტკრები ჯირკვლებიდან, ყვავილის მტვრისა და თაფლისგან გამოიმუშავებენ. ფუტკრის რძე არაჟნისმაგვარი, მოთეთრო-მოყვითალო ფერისა და მომჟავო გემოს პროდუქტია. ის უნიკალური საშუალებაა, რასაც კიდევ ერთი ფაქტიც ადასტურებს:
დედა ფუტკარი დაბადებიდან ფუტკრის რძით იკვებება და 8-10 წელიწადს ცოცხლობს, ხოლო მუშა ფუტკარი დაბადებიდან 3 დღის განმავლობაში იკვებება ფუტკრის რძით, შემდეგ - თაფლითა და ყვავილის წვენით და ცოცხლობს მხოლოდ შვიდ თვეს. საკვებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

- რას უხდება ფუტკრის რძე?

- ფუტკრის რძე სიბერის შემაჩერებელი უნიკალური ნივთიერებაა, რომელიც გულის მუშაობასაც აუმჯობესებს. იაპონიის სკოლებში მას უფასოდ არიგებენ, რადგან აზროვნების უნარსა და ტვინის მუშაობას შესამჩნევად აუმჯობესებს. ის შეუცვლელია სპორტსმენებისთვის, რადგან ენერგიის საოცარი წყაროა, რაც მე საკუთარ თავზეც გამომიცდია. თუმცა, ფუტკრის რძე არ უნდა მიიღოს იმან, ვისაც ალერგია აქვს ყვავილის მტვერზე და შესაბამისად, ფუტკრის პროდუქტებზეც.

ამიტომ ექიმის კონსულტაციის გარეშე ფუტკრის რძის მიღება არ უნდა დავიწყოთ და აუცილებლად დავიცვათ დოზები. იაპონიასა და ჩინეთში, რომლებიც ფუტკრის რძის წარმოების მსოფლიო გიგანტები არიან, ადამიანები 1 გრამ ფუტკრის რძეს იღებენ. იქ ბევრ რძეს მოიხმარენ და ამიტომ ბევრსაც აწარმოებენ.

- როდის იწარმოება ფუტკრის რძე?

- ფუტკრის რძის მიღების ბევრი ტექნოლოგიური საშუალება არსებობს. რძეს იღებენ გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის დასაწყისში, როცა აკაციის ყვავილობა დაიწყება და სკაში თაფლი მასობრივად შემოდის. უკიდურეს შემთხვევაში, დამზადება სექტემბრის ბოლომდე შეიძლება, მერე კი ეს ვეღარ მოხერხდება.
საგანგებოდ ვარჩევთ ძლიერ, ჯანსაღ ოჯახებს, სადაც ბევრია ახალგაზრდა ფუტკარი. საფუტკრეში სანიტარიული და ჰიგიენური პირობებიც უნდა შევქმნათ, რაც სამკურნალო პრეპარატების დამზადების ყველა მოთხოვნას შეესაბამება.
ფუტკრებმა უნდა "იფიქრონ", რომ დედა ფუტკარი აღარ ჰყავთ. ამიტომ მას ცალკე გადავსვამთ, რამდენიმე მუშა ფუტკართან ერთად. როცა ფუტკრებს ჰგონიათ, რომ უდედოდ დარჩნენ, ახალგამოჩეკილ ფუმფლს შეარჩევენ და მას კვებავენ. თუმცა, ეს უფრო სამოყვარულო მეთოდია, ხოლო კლასიკური მეთოდი ასეთია:
უნდა ჩავუდგათ სადედე ჯამები, რომელსაც ფუტკარი ეჩვევა და ფუტკრის რძეს იქ აგროვებს. ზოგი ოჯახი 15-20 მილიგრამ რძეს გამოყოფს, ზოგი - 40-50-ს. თუ მეფუტკრე გენეტიკურად ძლიერ ოჯახებს აარჩევს, ფუტკრის რძეც მეტი იქნება.

- თუ ადამიანი გადაწყვეტს ამ პროდუქტის მოხმარებას, რამდენ ხანს შეიძლება ეს განაგრძოს?

- წელიწადში ერთი თვეც საკმარისია, თუმცა, უფრო ხშირად მიღებაც არ გაწყენთ, ოღონდ მისგან მოგვრილი ენერგია აუცილებლად უნდა დახარჯოთ. დილით, უზმოზე, ენის ქვეშ 0,5 გრამი უნდა ამოიდოთ, ოღონდ არ უნდა გადაყლაპოთ. ის თანდათან გაიწოვება. მე ყველას ნახევარი გრამი ფუტკრის რძის მიღებას ვურჩევდი, რადგან 1 გრამი მეტისმეტია. რამდენიმე დღეში უკვე მიხვდებით, რამდენად ენერგიული გახდით და რა სასარგებლოა ფუტკრის რძე. ვიმეორებ, ფუტკრის რძე ბუნების უნიკალური საჩუქარია. ფუტკრის რძეში შემავალ სასარგებლო ნივთიერებებს ადამიანის ორგანიზმი ძალიან ადვილად შეიწოვს. ფუტკრის რძე შეიძლება თაფლსაც შევურიოთ, მაგრამ ჯობია დამოუკიდებლად მივიღოთ.

ფუტკრის რძე მალფუჭებადი პროდუქტია და მას მაცივარში ინახავენ 2-6°გრადუს ტემპერატურაზე, სტერილურ, ჰერმეტულად თავდახურულ მცირე ზომის მინის ჭურჭელში ან ერთჯერად შპრიცში. მისთვის არც გაყინვა ვარგა და არც ზედმეტი სითბო.

ადამიანი უნდა ცდილობდეს, რაც შეიძლება ჯანსაღი, ჯანმრთელი და ნატურალური პროდუქტები მიიღოს. ამიტომ სკები უნდა მოვარიდოთ რკინიგზებს, საავტომობილო გზებს ან ქიმიურ ქარხნებს. ფუტკარი უნდა ცხოვრობდეს მაქსიმალურად ბუნებრივ გარემოში, ის მხოლოდ 5-6 კილომეტრის რადიუსზე დაფრინავს და მეფუტკრემ ეს მანძილი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

ფუტკრის რძე ფართოდ გამოიყენება პარფიუმერიაშAი. ხელს უშლის უჯრედების დაბერებასა და ნაოჭების წარმოქმნას. დღეს საქართველოში ამ უძვირფასეს პროდუქტს ბევრი მეფუტკრე აწარმოებს. ეს საკმაოდ მომგებიანი საქმეა, 1 გრამი ფუტკრის რძე, სეზონის მიხედვით, 2-დან 5 ლარამდე ღირს. ერთ ჯერზე სკიდან, სულ მცირე, 20 გრამი ფუტკრის რძეც რომ ამოვიღოთ, უკვე მოგებას გვაძლევს. მით უმეტეს, თუ სეზონის განმავლობაში უწყვეტად ამოვიღებთ.

ამ საქმეს დიდი შრომაც უნდა, ცოდნაც და სულიერებაც, მაგრამ მიღებული შედეგი ამად ღირს. ყველას ვურჩევდი, ჯერ კარგად შეისწავლონ მეფუტკრეობის საწყისები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყონ ფუტკრის მოვლა.

ხათუნა ჩიგოგიძე
თამარი
28 ოქტომბერი 2016 10:14
სად უნდა შევიძინოთ და რა ჯდება 1- გრამი?
ჯაფარი
22 თებერვალი 2016 11:18
მეც მეფუტკრე ვარ და სრულებით ვეთანხმები ამ მოსაზრებას
ia
24 ნოემბერი 2014 09:55
მეფუტკრეობა ძალიან შრომატევადი საქმეა.ჩვენ ქვეყანაში დაუფასებელი რადგან თაფლის რეალიზაცია არ ხდება საზღვარგარეთ.არ ექცევა ყურადღება ამ დარგის განვითარებას სახელმწიფოს მხრიდან.მარტო მეფუტკრეების ძალისხმევა არ კმარა.მეფუტკრე ვარ და კარგად ვიცი ეს.

რედაქტორის რჩევით