ქართული სოიის უნიკალური თვისებები
01-12-2014
ქართული სოიის უნიკალური თვისებები
ეს უნივერსალური მარცვლეული ძალიან ბევრ პროდუქტს ანაცვლებს

საქართველოში სოია XX საუკუნის დასაწყისში, რუსეთ-იაპონიის ომისას გამოჩნდა - რუსი იმპერატორის ქართველმა ჯარისკაცებმა ჩამოიტანეს...

გიორგი ღუღუნიშვილი, მარცვლეულის მომყვანი კომპანიის დირექტორი:
- სოია ჩვენში გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა - საქართველოში მეცხოველეობა ოდითგან იყო განვითარებული და ხალხი ამიტომაც დაინტერესდა. ის ძალიან ყუათიანი საკვები აღმოჩნდა პირუტყვისთვის. შემდგომში სოიის სხვა დადებითი თვისებებიც აღმოაჩინეს და  XX  საუკუნის მეორე ნახევარში ეს კულტურა უკვე 20 000 ჰექტარზე ითესებოდა. მერე კი, როცა
სოიისგან მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ სულ უფრო მრავალფეროვანი პროდუქციის მიღება დაიწყო, მისი მოყვანა შევწყვიტეთ. რატომ არის ეს კულტურა უნიკალური? იმიტომ, რომ მასში შედის ცილა, რომელიც ცხოველურ ცილას 90%-ით ცვლის. არ არსებობს მცენარე, რომელიც ამ მხრივ მას შეედრება - სოია, სხვა შემადგენელ ნივთიერებებთან ერთად, დაახლოებით 40% ცილას
შეიცავს იმის მიხედვით, როგორ ნიადაგზე, რა პირობებში იზრდება. გარდა ამისა, სოია შეიცავს ვიტამინებს, რკინას, მანგანუმს, კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს... მასში შედის უჯრედისი და მიკროელემენტები... სოიას იყენებენ ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიული, გულის იშემიური დაავადებების, ქრონიკული ქოლეცისტიტის, შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნის, ალერგიული დაავადებებისა და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის. სწორედ ამ ამოუწურავი ჩამონათვალის გამო იმდენად გაიზარდა მსოფლიოში მოთხოვნა ამ კულტურაზე, რომ ის მცენარის ბუნებრივმა წარმადობამ ვერ დააკმაყოფილა. მსოფლიო გენმოდიფიცირებული სოიის წარმოებაზე გადავიდა. ასეთ დროს ამ კულტურის ისტორიული და ბუნებრივი ჯიშების დაკარგვა შეიძლება დანაშაულადაც კი ჩავთვალოთ.

საბედნიეროდ, გამოჩნდა ხალხი, რომელთაც ეყოთ გონიერებაც და გამოცდილებაც - ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სოიას ვერ ელეოდნენ და ძალიან პატარა ნაკვეთებზე რამდენიმე მუჭას მაინც თესავდნენ. გარდა ამისა, იყვნენ მეცნიერები, ვისაც ამ კულტურის მნიშვნელობა ესმოდათ და ყველაფერს აკეთებდნენ მის გადასარჩენად.
როცა სენაკში სელექციის ინსტიტუტი გაუქმდა, მისმა დირექტორმა ეთერ ოდიშარიამ სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა (სოიის თესლის შენახვის ვადა სულ 4 წელია), სოიის თესლი ინსტიტუტიდან წაიღო და საკუთარ ეზოში დათესა. სწორედ ეს ქალბატონი დაგვეხმარა, სამეგრელოში მუჭა-მუჭა მოგვეგროვებინა და სასელექციო ნაკვეთებზე დაგვეთესა ქართული სოიის 10 ჯიში. ნაკვეთები გვაქვს აბაშაში, გურიაში, სამტრედიაში, ბოლნისში, ლაგოდეხში,
მიღებული მოსავლის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოში უკვე უნიკალურად ქცეული ქართული ბუნებრივი სოიის დაკარგვის აღარ უნდა შეგვეშინდეს.

მაგალითად, გურიაში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვალვიანი ზაფხული გვქონდა, ქართული სოიის ნათესებიდან 2 ტონა მოსავალი მივიღეთ და ეს არ არის ცოტა... ამ სოიაში დაახლოებით 44% ცილა აღმოჩნდა,ზეთიანობა კი 20%-ია და ნამდვილად ვიცი, ასეთი მაღალი ზეთიანობა ამ კულტურას მხოლოდ ჩვენთან აქვს.

თამარ კოდუას ოჯახი თაობების განმავლობაში მუშაობდა სოიის სელექციაზე... ჩვენს მოყვანილ სოიის ჯიშებს სწორედ ქალბატონი თამარი იკვლევს.

- ბრძანეთ, რომ ქართული სოიის 10 ჯიში დათესეთ...

- ჯიშის საბოლოო დადგენას სამი წელიწადი სჭირდება. როცა ამ დროში მისი ყველა მონაცემი შემოწმდება, მეცნიერები მხოლოდ მაშინ ამბობენ, რომ ესა თუ ის ჯიში აქვთ. მალე ქართული სოიის გადარჩენილი ჯიშების სრული აღწერილობაც გვექნება. ახლანდელი მოსავალი იმისთვის არის საჭირო, რომ ჯიშები სრულად აღვადგინოთ. იმის გარდა, რაც ჩვენმა მეცნიერებმა, სავარაუდოდ, სოიის ჯიშებად მიიჩნიეს, შევაგროვეთ მცირეოდენი თესლი და თითო მუჭობით დავთესეთ, რომ გაგვემრავლებინა და არ დაგვეკარგა. ჩვენ ვაპირებთ, 3 წელიწადში სოიის თესლით მთელი დასავლეთ საქართველოს ფერმერები მოვამარაგოთ.

- სოიის ნათესებიდან გურიაში 2 ტონა მარცვლეული მიიღეთ. ალბათ, ყველას სათესად არ გამოიყენებთ. რეალიზაციას როგორ მოახდენთ?

- სოიაზე ისეთი მოთხოვნილებაა, ვინც დათესავს, გაყიდვის პრობლემა არ ექნება.
ფოთში უკვე გვაქვს სოიის გადამმუშავებელი ქარხანა, რომელმაც ფერმერებისგან სოია საკმაოდ მაღალ ფასად შეიძინა.

ეს მომავალშიც ასე იქნება, მთავარია, ჩვენ სოიის მოყვანა არ შევწყვიტოთ. თუმცა, თუკი სოიით სარგებელს ნახავენ, ეს არ მოხდება... ამ კულტურის ერთი უნიკალური თვისებაც მინდა აღვნიშნო - ის ფესვებზე განლაგებული კოჟრის ბაქტერიებით ჰაერიდან აზოტს შეიწოვს და მერე ამ აზოტით მიწას ამდიდრებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ნიადაგისთვის, რომელიც მოუვლელობით გამოფიტულია და ნაკვეთმონაცვლეობა სჭირდება, სოია ნამდვილი "წამალია", ბუნებრივ პირობებში აზოტით ნიადაგის გამამდიდრებელი. ახლა ის ლეგენდა გამახსენდა, რომელიც ქართველებს ძალიან გვიყვარს - უფალი რომ მიწებს არიგებდა და ქართველი დაგვიანებით მივიდა, სტუმარი მყავდა და ვერ მოვედიო, უფალმა კი საუკეთესო მიწა აჩუქა. ეს რეალობაში ასე აისახება - დედამიწაზე არსებული 33 კლიმატური ზონიდან 28 საქართველოში გვაქვს (ამის დადასტურება საჩხერეში სოფელი დარკვეთიც არის, სადაც ნახევარ ეზოში შეიძლება წვიმდეს, ნახევარში კი მზე იყოს), სწორედ ამის გამო ჩვენში ვერც ერთი კულტურა ცალ-ცალკე ვერ განვითარდება, აუცილებლად უნდა იცოდე, ამ 28 ზონაში რა მოიყვანო და რას რა შეაშველო. მაგალითად, ჩვენ რომ კარგი ხარისხის თესლი გვაქვს, აუცილებლად იმ მიწის კვლევის შედეგებიც უნდა გვქონდეს, სადაც ამ თესლს დავთესავთ, რადგან ჩვენთან მოსავლიანობას მეტწილად ის განსაზღვრავს, ვთესავთ თუ არა კულტურას იმ ზონაში, სადაც მისთვის ხელსაყრელი პირობებია. მსგავსი რამ სულაც არ სჭირდებათ იმ ქვეყნებს, რომლებიც ტრამალებზეა გადაჭიმული, 500 კილომეტრს გაივლი და მაინც ერთსა და იმავე კლიმატურ სარტყელში ხარ!

- რამდენჯერმე ახსენეთ, რომ ჩვენ არაგენმოდიფიცირებული სოია გვაქვს და ეს მართლაც დიდი სიმდიდრეა, მაგრამ ნუთუ მართლა არ მოიპოვება მსოფლიოში ქვეყანა, სადაც არაგენმოდიფიცირებულ სოიას თესავენ?
- დღეს სოიის უდიდესი მწარმოებლები არიან ამერიკა, ჩინეთი, პორტუგალია, უნგრეთი, ბულგარეთი... მე ვიყავი ამ ქვეყნებში და არაგენმოდიფიცირებული სოიის თესლს ვერსად წავაწყდი. ყველგან გეუბნებიან, თესლი გვაქვს, წაიღეო, მაგრამ როცა ბუნებრივი სოიის თესლს სთხოვ, ხელს გიქნევენ - ასეთი არ გვაქვსო. უკრაინაც სოიის უდიდესი მწარმოებელია, მაგრამ არაგენმოდიფიცირებული თესლი არც იქ არის. მხოლოდ რუსეთში, რომელმაც 2006 წელს მიიღო კანონი გენმოდიფიცირებული თესლის დათესვის წინააღმდეგ, მივაკვლიე სოიის 4 ჯიშს, რომელთაგან 3 სახეობა ჩვენგან არის გატანილი. სწორედ ამის გამო შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუნებრივი სოიის სახით უნიკალური სიმდიდრე შემოგვრჩა და მომავალში ბევრი ქვეყანა მოინდომებს ჩვენგან ამ სიმდიდრის შესყიდვას.
ნანა
15 თებერვალი 2015 16:55
სად შეიძლება სოიოს თესლის შეძენა?
DINO_ZAUR
06 დეკემბერი 2014 11:14
რა თითო მუჭა დათესვვა არ გადამრიოთ. მამნაჩემი აგერ ყოველ წელს თესავს წინა წლის აღებული მოსავლიდან გადარჩეულს სათესლეს, მინიმუმ რამდენიმე კილოგრამს. და ასევე ჩემი მეზობლებიც დასავლეთში. წელს გვალვა იყო და ძალიან ცუდი მოსავალი მოვიდა. სულ დამჭკნარი იყო სოიოს კაკალი, მარამ სათესლე მაინც აიღეს. ასე რომ მთელი თერჯოლა გმირები ყოფილან :))))))))
citeli
01 დეკემბერი 2014 20:29
სოფ. დარკვეთი ჭიათურის რაიონშია

რედაქტორის რჩევით