კივი ტალავერზე - კვირის პალიტრა

კივი ტალავერზე

"კივის კულტურა კარგად დრენირებულ და ჰუმუსით (ნეშომპალით) განოყიერებულ-გამდიდრებულ ნიადაგს მოითხოვს. ხარობს გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში, აფხაზეთში, იმერეთსა და კახეთშიც - კერძოდ, ლაგოდეხის რაიონში, რადგან იქ მშრალი სუბტროპიკული ჰავაა. კივის მაღალი ტენიანობა და სარწყავი სისტემები სჭირდება", - ასე აგვიხსნა რამდენიმე თვის წინ, როდესაც ამ თემაზე ვმუშაობდით, ლაშა ღლონტმა - აგროეკონომისტმა, ბიოფერმერმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის საკითხების მთავარმა სპეციალისტმა. მას სოფელ გურიანთაში 1996 წლიდან საოჯახო ბიომეურნეობა აქვს და სხვა კულტურებთან ერთად, კივიც მოჰყავს.

სირთულის გამო, ალბათ, კაცი ვერც იფიქრებდა, რომ კივი სხვაგანაც მოვა, მაგრამ ის ჩვენს ქალაქში, ისანში, ერთი თბილისელი კაცის ეზოში კარგად ხარობს. ელექტრიკოსმა ილია ქორიძემ კივის ნერგები 8 წლის წინ დარგო.

- გურიაში ვიყავი ჩემს ბიძაშვილებთან, კივიზე ვისაუბრეთ და მირჩიეს, დარგეო. ხუთი ძირი - ოთხი დედალი და ერთი მამალი წამოვიღე და დავრგე. აუცილებლად დედალ-მამალი უნდა იყოს, რომ მოისხას. იმ იმედით დავრგე, რომ გაიხარებდა და გამიმართლა კიდეც - უკვე კარგად ისხამს. თუმცა, შარშან უკეთესი მოსავალი მქონდა, კარგი გაზაფხული იყო და 100 კილოგრამამდე დავკრიფე. წლეულს ყინვამ მარტის ბოლოს, აპრილის დამდეგს დაარტყა, არადა, კვირტი უკვე გამოტანილი ჰქონდა. საგანგებოდ გვიან გავსხალი, მაგრამ საფრთხეს მაინც ვერ ავცდი.

- ჩანს, ამ უბანში კივის გასახარებლად კარგი პირობებია...

- ჩვენი ეზო მაღლობზეა. ეს კულტურა ტემპერატურის სხვაობასაც იტანს. კივის ძალიან უყვარს წყალი. ზაფხულში, როცა ძალიან ცხელა, თითო ძირს ყოველდღე 30-40 ლიტრი მაინც უნდა დაუსხა. თუ თბილისში არ ვარ (ხშირად მიწევს მივლინებით სხვა ქალაქში წასვლა, მაგალითად, შარშან მთელი ზაფხული ქუთაისში გავატარე), ჩემი შვილიშვილები - 12 წლის დაჩი აფხაიძე და 5 წლის ილია ქორიძე უვლიან. უფროსი ყოჩაღობს, უმცროსი თამაშ-თამაშით ეხმარება. ერთ მხარეს წვეთოვანი მორწყვის სისტემა მაქვს დამონტაჟებული და თავისით ირწყვება, სამ ძირს კი პატარა ვედროებით ვუსხამ.

- წლეულს რამდენ კივის მიიღებთ?

- ალბათ, 40 კილოგრამამდე.

- როდის უნდა დაკრიფოთ?

- პირველივე ყინვის შემდეგ, მანამდე არ შეიძლება. ნაყოფი ხეზე არ მწიფდება, მერე კი სითბოში თუ შეიტანთ, ძალიან მალე დამწიფდება და დატკბება. თუ გრილ ადგილას შევინახავთ, სადაც ყინვა არ შეაღწევს, უკეთესია, გაზაფხულამდე შეინახება და ნელ-ნელა დამწიფდება.

- დარგვიდან რამდენ ხანში მიიღეთ პირველი მოსავალი?

- ნაყოფს სამ წელიწადში იძლევა, როგორც ვაზი. თუ გახსოვთ, თბილისში 2009 წლის ივლისში ძლიერი სეტყვა რომ მოვიდა, მაშინ სულ ორი თუ სამი ცალი კივი გადარჩა, ისიც იმიტომ, რომ ტალავერზე ოდნავ მოფარებულად იყო. სეტყვამ ფოთლებიც კი დააცალა. ის იყო პირველი მოსავალი. მერე და მერე დაიწყო, თუმცა, სეტყვამ მას შემდეგ კიდევ გამიფუჭა...

- ვაზთან მსგავსება ახსენეთ..

- ტალავერზე ისე უნდა გაზარდო და გაუშვა, როგორც ვენახი. სარზეც შეგიძლიათ მისი გაშვება. თუ რამე არ შეუყენე, წაიქცევა. ტალავერი შეიძლება იყოს ჰორიზონტალური, რასაც მიჩვეული ვართ ეზოებში, და ვერტიკალურიც - 3-4 მეტრ სიმაღლეზე მავთული უნდა გაჭიმოთ და ისე გაუშვათ...

- კიდევ რას აკეთებთ, რომ ხარისხიანი ნაყოფი მოკრიფოთ?

- ნიადაგს ვანოყიერებ საქონლის ნაკელით. ოქროყანიდან მომაქვს, იქ მოსახლეობას ძროხები ჰყავს. კარგია საქონლის დამწვარი ნაკელი. ორ წელიწადში ერთხელ ვაყრი, თუმცა, ყოველწლიურადაც შეიძლება. ოღონდ, შემოდგომაზე ვედროს 2/3 უნდა და გაზაფხულზე - 1/3.

- მოსავალს რომ აიღებთ, კიდევ რამის გაკეთებაა საჭირო?

- გაზაფხულამდე არაფერი, მერე კი გავსხლავ. თუმცა, გასხვლა დაკრეფის შემდეგაც შეიძლება, თუმცა კალამზე ერთით მეტი კვირტი უნდა დატოვოთ, ბოლოს თუ მოყინავს, დანარჩენი გადარჩება. ზუსტად ისე უნდა გასხლათ, როგორც ვენახი. მთავარია, ხესავით არ დაიბუროს.

- მოკლედ, დაამტკიცეთ, რომ კივის გახარება თბილისშიც შეიძლება.

- საოცარ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რა უნდა დარგო, რომ არ გაიხაროს!

- დიდი ეზო გაქვთ?

- გაგეცინებათ - ეზო 200 კვმ-ია, აქედან 100 კვმ გარაჟსა და მარანს უჭირავს, ტერასა გარაჟისა და მარნის თავზეა... მიწა 10 კვადრატულიც არ იქნება.

- და ასეთ მცირე ფართობზე ახარებთ ამ მცენარეს?

- რა ვქნა, ძალიან მიყვარს ბუნება...

- თურმე თქვენს ეზოში იზრდება ხეხილი, რომელზეც რამდენიმე ხილია დამყნობილი...

- შავი ქლიავის ერთ ძირზე დამყნობილია ატმის, ვაშლატამას, ალიბუხარისა და გარგარის თითო-თითო კალამი. ყველაფერმა გაიხარა. ვაშლატამასა და შავი ქლიავის კარგი მოსავალი მქონდა. ახლა ველოდები, რომ გარგარი და ალიბუხარიც მოისხამს.

პატარა მიწაა, ყვავილიც რომ გამოვა, მიხარია... არადა, მთელი ცხოვრება მესამე სართულის ფანჯრიდან ვიყურებოდი, საკუთარი ეზო-კარი მხოლოდ 10 წლის წინ ვიყიდე... მინდა, ერთი კურიოზული ამბავიც გიამბოთ. ამას წინათ მეზობლები ქუჩაში ვისხედით და ვლაპარაკობდით. ჯგუფმა ჩამოიარა, სავარაუდოდ, სომხები იყვნენ, ჯერ ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, მერე ერთ-ერთი მოგვიახლოვდა და ჩემს კივიზე გვეკითხება: "ეტო ჩტო? კარტოშკა"? გამეცინა და ვუთხარი: "და კარტოშკა". თავის თანმხლებთ ამაყად მიუბრუნდა, აი, ხომ გეუბნებოდით, კარტოფილიაო.

მოკლედ, ჩემს ეზოში ხეზე "კარტოფილი" მოდის...

ლალი ფაცია