გემრიელი მკურნალი - კვირის პალიტრა

გემრიელი მკურნალი

საქართველოში გავრცელებულ კენკროვან კულტურებზე გვესაუბრება ბიოფერმერი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში აკაკი ღლონტი.

მაყვალი

მაყვალს ხშირად იყენებენ სისხლნაკლულობის დროს. ბულგარელებმა გამოიყვანეს უეკლო მაყვალი, გრძელი ნაყოფით და ძალიან მაღალი მოსავლიანობით - მის ერთ ძირზე ზოგჯერ 15-20 კილოგრამ ნაყოფსაც კი კრეფენ. გემრიელია მაყვლის კომპოტი და მურაბა. საკარმიდამო ნაკვეთებში უფრო პოპულარული მისი უეკლო ფორმებია, ხოლო ბუნებაში ეკლიანი ფორმები ხარობს - განსაკუთრებით, ტყისპირებში. მაყვალი 12-15 წლის განმავლობაშია მსხმოიარე. კარგი მოვლისას 1 ჰექტარი უეკლო მაყვალი 5-6 ტონა მოსავალს იძლევა. საჭიროა ნაკვეთის მორწყვა და გაფხვიერება. უეკლო მაყვალი საქართველოში უკვე ბევრ ფერმერს აქვს გაშენებული.

მარწყვი

მარწყვი დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს, რკინას და უებარი საშუალებაა დაბალი ჰემოგლობინის სამკურნალოდ, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა მისი მიღება სისხლნაკლულობის დროს. ადამიანი მარწყვს საკვებად უხსოვარი დროიდან იყენებს, მისი მოვლა-მოყვანა არცთუ ძნელია, უბრალოდ, კარგად განოყიერებული, ტენიანი, ფხვიერი ნიადაგი სჭირდება. ის ღია მინდვრებშიც კარგად ხარობს. მარწყვის ბაღის გაშენებას თუ აპირებთ, უმჯობესია, ორგანული ნივთიერებებით მდიდარი, წყალგამტარი ნიადაგი შეარჩიოთ. მარწყვის ბაღების გაშენება შეიძლება როგორც გაზაფხულზე, ასევე ზაფხულში და შემოდგომაზე. ბაღის მარწყვი მწკრივებად ხარობს, ბარის ზონაში, ძირითადად, მაის-ივნისში, ხოლო მთიან ზონაში - ივლისსა და აგვისტოში. განსაკუთრებით მომგებიანია მარწყვის შეჯვარებით გამოყვანილი ჯიში. თუ ჩვეულებრივი ჯიში მხოლოდ გაზაფხულზე და ზაფხულში იძლევა მოსავალს, რემონტატული, ანუ შეჯვარებული - მთელი წლის განმავლობაში. ის, ძირითადად, სათბურებში მოჰყავთ.

მოცვი

მოცვის სამკურნალო თვისებებს საქართველოში უძველესი დროიდან იცნობდნენ. მისგან მეტად სასარგებლო ნაყენი მზადდება. მოცვს ფენა-ფენად აყრიან შაქარს და მზეზე დგამენ. ამ დროს ბუნებრივი დასპირტვა ხდება. მიღებულ წვენს ანემიისა და კუჭის აშლილობისას იყენებენ, ნაყენი არაჩვეულებრივია სისხლნაკლულობის დროსაც. მოცვი და მისი პროდუქტები კარგია მხედველობისთვისაც. საქართველოში ძირითადად ტყის მოცვს იცნობენ, მაგრამ კანადელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა ახალი სახეობა - ლურჯი მოცვი შექმნეს, რომელიც მრავალ ქვეყანაში მოჰყავთ. მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მისი მოყვანა ნამდვილად ღირს, ამიტომ, საქართველოში ამ კულტურის გაშენება მასობრივად დაიწყეს. უკვე გაშენებულია რამდენიმე პლანტაცია გურიასა და სამეგრელოში და მოსავლიანობა ყველგან მაღალია, მოვლაც არ არის ძნელი - მხოლოდ მორწყვა და ნიადაგის განოყიერება სჭირდება. მოცვის საბითუმო ფასი 4 ლარიდან იწყება, ზოგჯერ უფრო ძვირიც ღირს. წარმოიდგინეთ, ფერმერი 10 ტონა მოსავალს თუ მოიწევს, რამხელა შემოსავალი ექნება. მოცვს მაღალი მჟავიანობის მქონე ნიადაგი უყვარს, დასავლეთ საქართველოში ასეთი ნიადაგი ხშირია, ამიტომ მოგვცა კარგი შედეგი. საგულისხმოა, რომ მოცვი ჩვენთან როცა შემოდის, სხვა ქვეყნებში მაშინ ყვავილობას იწყებს, მოსავლის აღებას ჩვენ ვასწრებთ და ამ დროს ბაზარი თავისუფალია, ამიტომ ამ მცენარის მოყვანას საქართველოში ძალიან კარგი მომავალი აქვს. მოცვი შეიძლება გაყინოთ, ან ჩირის სახით შეინახოთ და მერე მთელი წელი გამოიყენოთ.

ჟოლო

ჟოლო არომატულია და მდიდარია ვიტამინებით, ორგანული მჟავებითა და ნახშირწყლებით. ჟოლო საქართველოში ბუნებრივადაც ხარობს და ფერმერულ მეურნეობებშიც. მას კარგად განათებული მზიანი, თიხნარი ნიადაგი სჭირდება. სხვა კენკროვან კულტურებთან შედარებით, ვერ იტანს ყინვასა და გვალვას, ვერც ჭარბ ტენს ეგუება. ხალხურ მედიცინაში ჟოლოს ნაყენს, თაფლთან შერეულს, სიცხისა და გაცივებისას იყენებენ. ეს საუკეთესო ოფლმდენი და შარდმდენი საშუალებაა. ჟოლოს ჩაი საუკეთესოა გრიპისა და გაციების დროსაც. საუცხოო თვისებები აქვს ჟოლოს გამოყვანილ ჯიშს, რომელსაც საკუთარ მამულში მეც ვახარებ და საკმაოდ კარგ მოსავალს ვიღებ. სათბურში ჟოლო არასოდეს მქონია, რადგან სითბო მარწყვის მსგავსად უყვარს და ამიტომ მთელი ზამთარი გათბობა უნდა გქონდეს ჩართული, ამას კი დიდი თანხა სჭირდება. ჟოლოს მოყვანა დამწყები ფერმერისთვისაც კი ადვილია იმიტომ, რომ ის კარგად ხარობს ბუნებაში. ოღონდ საყრდენი და აკვრა სჭირდება, როგორც დაბლარ ვენახს. მოსავალი ნელ-ნელა მოდის და ყოველ 2-3 დღეში უნდა დაკრიფო. საკმაოდ შემოსავლიანი კულტურაა, რადგან კარგი ფასიც ადევს და მოთხოვნაც მაღალია.

"მომავალი ბიოლოგიურად სუფთა საკვებს ეკუთვნის"

ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი ყოველთვის სასარგებლოა, ქიმიური ნივთიერებებით მოყვანილი კი, რაც უნდა ტკბილი და გემრიელი იყოს, მაინც მომწამვლელია. ფერმერებს ვურჩევ, მოსავალი ორგანული, ბიოლოგიური სასუქების დახმარებით მოიყვანონ. მომავალი ბიოლოგიურად სუფთა საკვებს ეკუთვნის, მით უმეტეს - ხილსა და კენკროვან კულტურებს. ბიომეურნე ვარ და სხვებსაც ამას ვურჩევ. ბიოსასუქი მზადდება ჩამოცვენილი ფოთლების, მდინარის ლამის, ნეშომპალის, საქონლის ნაკელის დახმარებით. ტყეში ხომ ხარობს წაბლი, მუხა, მაყვალი და სხვა მცენარეები? ეს სწორედ ბუნებრივი სასუქის ანუ ნეშომპალის წყალობით ხდება. ადამიანმაც ბუნებას უნდა მიჰბაძოს, სწორედ ეს არის ბიომეურნეობა. 2 ჰექტარი ფართობი მაქვს და საერთოდ არ ვიყენებ ქიმიურ სასუქს, ყველაფერი მცენარეული სასუქით მომყავს. სამწუხაროა, რომ ქართული ბაზარი გაჯერებულია სხვა ქვეყნებიდან შემოსული იაფფასიანი პროდუქციით, რომლის ხარისხიც საეჭვოა. ამიტომ უმჯობესია ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია შევიძინოთ. ამით ქართველი გლეხიც გაძლიერდება და ჩვენს ჯანმრთელობასაც არგებს.