"თამბაქოს, ისე როგორც კონიაკს, რაც უფრო დიდხანს შეინახავ, უფრო მეტი ფასი და არომატი ედება" - კვირის პალიტრა

"თამბაქოს, ისე როგორც კონიაკს, რაც უფრო დიდხანს შეინახავ, უფრო მეტი ფასი და არომატი ედება"

"ნამდვილ თამბაქოს ყვითელი ფერი უნდა ჰქონდეს, ხოლო ის, რასაც ჩვენი მწეველები ეწევიან, მოშავო, გაურკვეველი მასაა"

თამბაქოს კულტურა აჭარაში XVII საუკუნის ბოლოს შემოვიდა. მისგან დამზადებული თუთუნის (მოსახლეობა მას ამ სახელწოდებითაც მოიხსენიებს) ფასი თანდათან იზრდებოდა. მოგვიანებით კულტურა გავრცელდა აფხაზეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში, მარნეულსა და ლაგოდეხში. თუმცა, მაღალხარისხოვნად მხოლოდ აჭარისა და აფხაზეთის თამბაქო ითვლებოდა. დღეს აჭარაში თამბაქო მხოლოდ გლეხურ მეურნეობებში და ისიც მცირე რაოდენობით მოჰყავთ. მწარმოებლები მას "მშრალ ფულს", ანუ შემონახულ კაპიტალს უწოდებენ. როგორ იწარმოება აჭარაში თამბაქო და ექნება თუ არა მას მომავალში პერსპექტივა, ამის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსს, აგრონომ ლევან ბოლქვაძეს ვესაუბრეთ:

- ეს კულტურა ჩვენმა გლეხმა იმ დროიდან გაამრავლა, როცა აჭარა თურქეთს ეკუთვნოდა. თურქეთის ტერიტორიაზე დარჩენილ ართვინელებს დღესაც მოჰყავთ თამბაქო.

აჭარაში მაღალხარისხოვანი თამბაქოს გავრცელებას კლიმატურ-ნიადაგური პირობები უწყობს ხელს. შიდამთიან აჭარაში, შავი ზღვის ზოლში, ზომიერი კონტინენტური ჰავაა, ხოლო ნიადაგი - ზომიერად ტენიანი, ამიტომაც აქ საუკეთესო ხარისხის თამბაქო მოდის. მისი ძირითადი მწარმოებლები ქედის, შემდეგ კი შუახევის რაიონები არიან.

სწორედ აქაური თამბაქოს მაღალი ხარისხის გამო ააგეს ინგლისელებმა ბათუმში XIX საუკუნის ბოლოს თამბაქოს ქარხანა, სადაც თამბაქოს ფერმენტაციით დაწყებული, მისი დამზადების ჩათვლით, ყველა პროცესი სრულდებოდა და სიგარეტი გასაყიდად უცხოეთში იგზავნებოდა.

საბჭოთა პერიოდშიც დიდი გამავლობა ჰქონდა აჭარულ თამბაქოს, რომელიც 2000 ჰექტარზე ითესებოდა და 4000 ტონა ხმელი თამბაქოს ნედლეული იწარმოებოდა.

თამბაქოს გლეხური მეურნეობებიც კუსტარულად ამუშავებდნენ. გამომშრალი თამბაქოს ფოთლის დასაჭრელად იყენებდნენ დანადგარს, რომელსაც ჩვენი წინაპარი ორი საუკუნის განმავლობაში იყენებდა. ამ დანადგარს "ჰავანი" ჰქვია, თამბაქოს წვრილ ნაწილებად ჭრის.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თამბაქოს ნაკვეთები იმდენად შემცირდა, რომ 2000 ჰექტრიდან 126 ჰექტარზე დავიდა. აქედან დაახლოებით 10 ჰექტარზე აწარმოებს თამბაქოს შუახევი, დანარჩენზე კი - ქედა.

თამბაქოს მოყვანა მძიმე შრომაა, ჩითილების გამოყვანიდან, კრეფისა და დაპრესვის ჩათვლით. ამ კულტურის ფოთოლი ნიკოტინს შეიცავს, აქვს სპეციფიკური სუნი და ფერი, რომელიც შიშველი ხელით კრეფისას ძალიან ძნელი მოსაშორებელია. ითვლება, რომ მისი სუნი ალერგიულ დაავადებებს უწყობს ხელს... ჩემი ოჯახიც თამბაქოს მწარმოებელი იყო მანამ, ვიდრე კულტურა ჩვენი ოჯახისთვის რენტაბელური გახლდათ.

- თამბაქოს მოწევაც მავნებელია, მაგრამ ვისაც უნახავს, როგორ ეწევიან აჭარაში ჭარმაგი მოხუცები თუთუნს, ვერ დაიჯერებ, რომ თამბაქო სიცოცხლეს ამოკლებს...

- მეტისმეტი ყველაფერი საზიანოა და მით უფრო, ნიკოტინი. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ მწეველის სიცოცხლეს კატასტროფულად სწორედ ის სიგარეტი ამოკლებს, რომელიც დღეს ჩვენთან შემოდის. ეს შხამია.

ჩვენთან შემოტანილ სიგარეტში არა ნამდვილი თამბაქო, არამედ უცხოეთის თამბაქოს ქარხნებში დამუშავების შემდეგ დარჩენილი შხამიანი ნარჩენები გამოიყენება.

ეს არაერთხელ დაადასტურა ლაბორატორიულმა შემოწმებამ. თუმცა, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, - ნამდვილ თამბაქოს ყვითელი ფერი უნდა ჰქონდეს, ხოლო ის, რასაც ჩვენი მწეველები ეწევიან, მოშავო, გაურკვეველი მასაა. რაც შეეხება ჩვენს თამბაქოში ნიკოტინის შემცველობას, ის გამომდინარეობს თამბაქოს ხარისხებიდან. ჩვენში საუკეთესო ხარისხის თამბაქოდ და შესაბამისად, ყველაზე მაღალხარისხოვან სიგარეტის მასალად "სამსუნი" მიიჩნევა. სწორედ მას ყიდულობდნენ უცხოელები რამდენიმე ათეული წლის წინ, მაღალი კლასის სიგარეტის გასაკეთილშობილებლად. "სამსუნის" შემდეგ კი მოდის "ტრაპიზონი" და "ვირჯინია", რომელიც ლაგოდეხსა და ბოლნისში იყო გაშენებული და მისგან საშუალო ხარისხის თამბაქოს ამზადებენ.

- დღეს რომელი ჯიშის თამბაქო მოჰყავთ?

- იმ 126 ჰექტარზე, ძირითადად, "სამსუნი" და "ტრაპიზონი" მოჰყავთ. მას შემდეგ, რაც გლეხი მოსავალს აიღებს და გამშრალ თამბაქოს დააბინავებს, ის მართლაც თვლის, რომ შინ "მშრალი ფული" აქვს. თამბაქოს, ისე როგორც კონიაკს, რაც უფრო დიდხანს შეინახავ, უფრო მეტი ფასი და არომატი ედება.

ამ კულტურისთვის მიწის მომზადება თებერვლიდან იწყება, - მიწა სუფთავდება და კვალსათბურები კეთდება, იმის მიხედვით, რა ფართობზეა ნავარაუდევი თამბაქოს მოყვანა. მაგალითად, უკვე მარტში 1 ჰექტარი ნაკვეთის გასაშენებლად თამბაქოს 20-30 კვმ კვალში თესავენ და ზემოდან დასათბუნებლად პოლიეთილენს აფარებენ. შუა აპრილიდან შუა მაისის ჩათვლით კი უკვე ამოსული თამბაქოს ჩითილები ირგვება. საჩითილედ გამზადებულ კვლებს ფერდობებზე მიშვებული რუებით რწყავენ, შემდეგ შიგ ჩითილებს საგანგებო ხის პალოებით რგავენ. 1 ჰექტარ მიწაზე 100 ათასი ჩითილის ჩარგვაა საჭირო. ჩითილები 15 დღის შემდეგ უნდა გაითოხნოს, უკვე ერთი თვის შემდეგ კი პირველი ფოთლები უნდა შემოეცალოს. ამ ფოთლებისგან მზადდება თამბაქო, თუმცა, არა ისეთი მაღალი ხარისხის, როგორიც ზაფხულში მოყვანილისგან. მოკრეფილ თამბაქოს ფოთოლს ჯერ ყუნწებით ხმელ გვიმრაზე აწყობენ, რომ ოდნავ შეყვითლდეს, შემდეგ კი ძაფზე აცვამენ (ამჟამად, - პოლიეთილენზე, თუმცა, ადრე ამისთვის ბუნებრივი კანაფი გამოიყენებოდა, რომელზეც თამბაქოს ფოთლები არ ცურავდა და უფრო მოსახერხებელი იყო) და 2-3 კვირით გასახმობად კიდებენ ღია ფარდულებში. ერთხანს (4-5 დღე) მზისგულზე ამყოფებენ, რათა მასში არსებულმა ნივთიერებებმა განსაკუთრებული ფერი, არომატი და თვისებები შეიძინოს. ამის შემდეგ ძაფზე აცმულ ფოთოლს ძაფიანად ჭრიან და აკიდოებად ისეთ სათავსებში გადააქვთ, სადაც არც ზედმეტი ტენია და არც ზედმეტი სიცხე და ფოთოლი ბოლომდე გამოშრება. ამის შემდეგ კი საგანგებო პრესებში ყუნწებით გარეთ ბარდანებად იკვრება. თითოეულ ასეთ ბარდანაში 25-30 კილოგრამი თამბაქო ეტევა. სწორედ ეს არის თამბაქოს სარგებლიანობა, მას გლეხი სხვა კულტურებთან ერთად ამუშავებს, მაგრამ სხვა მალფუჭებადი პროდუქციისგან განსხვავებით, წლების განმავლობაში ინახავს და ყიდის მაშინ, როცა სჭირდება.

- დღეს დაახლოებით რა ფასად იყიდება ასე დამზადებული თამბაქო?

- უკვე დაჭრილი, ხარისხის მიხედვით, კილოგრამი - 20, 25, 30 ლარად, ხოლო დაუჭრელი შეიძლება 6-დან 12 ლარამდეც გაიყიდოს. თუმცა, მოწევისთვის თამბაქოს ფოთოლი ყველა შემთხვევაში დაფერმენტებული უნდა იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი წელიწადი მაინც უნდა იყოს შენახული, რათა მასში შემავალი ცხიმოვანი მჟავები და ცილები დაიშალოს.

თამბაქო ავადდება სხვადასხვა ვირუსული და სოკოვანი დაავადებით, რომელთან საბრძოლველადაც პლანტაციებში სპეციალურ საშუალებებს იყენებდნენ, მაგრამ ახლა ნათესები იმდენად მცირეა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი თამბაქო 100%-ით სუფთა ბიოლოგიური კულტურაა. ჩვენი პროდუქციის 70% დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ფოთში გაედინება. მაგალითად, შარშან მის შესაძენად სომეხი ბიზნესმენები კარდაკარ დადიოდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ თამბაქოს წარმოებაზე მოთხოვნაა. 4 წელიწადია, რაც ქედაში სიგარის დასამზადებელი თამბაქოს ჯიში 2 ჰექტარზე ითესება. ეს ჯიში საგანგებოდ შემოიტანეს კუბიდან. როცა ფოთოლს მოიწევენ და დაამზადებენ, პროდუქცია შესაფუთად უკან, კუბაშივე მიაქვთ და იქიდან მზა სიგარები ჩამოაქვთ, რომელიც ჩვენში საკმაოდ მაღალ ფასად იყიდება.

- ჩვენ შეფუთვას ვერ მოვახერხებთ?

- რა თქმა უნდა, მოვახერხებთ, თუმცა, ამას გამოცდილება სჭირდება. მთავარია, რომ ჩვენი თამბაქოსთვის ბაზარი არსებობს. დაგეგმილია თამბაქოს სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა აჭარაში, ლაგოდეხსა და მარნეულში. ამით გადავარჩენთ თამბაქოს ქართულ ჯიშებს. ამ კულტურას ქვეყნისთვის სარგებლობის მოტანა შეუძლია და მისი წარმოება უნდა აღორძინდეს.