ნატო გელაშვილის "ქოთნის გოგოები"
08-12-2014
ნატო გელაშვილის "ქოთნის გოგოები"
"ზარმაცი ადამიანი ყვავილს ვერ გაახარებს"

"ნებისმიერი მცენარე უკუღმა რომ ჩავრგო, წაღმა ამოდის. ეტყობა, ძალიან რომ მიყვარს, გრძნობენ და მომყვებიან"


კომპოზიტორ ნატო გელაშვილს ძალიან უყვარს ყვავილები. მცენარეების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება, ალბათ, იშვიათიც კი არის. "რომ მეტყვიან, ამ ყვავილს პატარას მოვატეხო, უარს ვეუბნები, - დაელოდე, გაგიხარებ და თვითონ მოგაწვდი-მეთქი", - ამბობს ნატო და თავის "ქოთნის გოგოებზე" (ყვავილებს ასე ეძახის) გატაცებით საუბრობს.


- ბავშვობიდან მიყვარდა ყვავილები და მეფოთლიას, მეყვავილეს მეძახდნენ... გაზაფხულზე იით, ენძელათი,
ყოჩივარდათი ვიწყებდი, შემოდგომაზე კი, ყვავილი რომ გაქრებოდა, ლარნაკში ფერადფოთლოვან ტოტებს ვაწყობდი, ოღონდ კი რამე მცენარე მქონოდა. დღესაც, მინდორში რომ გავდივარ, თაიგულით ვბრუნდები. ეზოიანი სახლი რომ მქონდეს, სასწაულებს ჩავიდენდი...
მცენარეები უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს... თუ სადმე სტუმრად მივალ და იქ ყვავილები მხვდება, სიხარულისგან თავბრუ მეხვევა და ვიწყებ
კითხვას, - რა მცენარეა? ხომ არ გამატანთ? იქნებ გამიხაროთ? ნერგი მომცეთ...

- საკმაოდ დიდი სახლი გაქვთ, მაგრამ თითქმის ადგილი აღარ არის, ქოთანი არ იდგეს...
- სანამ აქ გადმოვიდოდი, 8 წელიწადი ერთ ოთახში ვცხოვრობდი და ეს ყვავილები იმ 1 ოთახში მქონდა, როგორ ეტეოდა, არ ვიცი. დილით რომ ვიღვიძებდით, მცენარეები ლამის ცხვირ-პირში გვედებოდა, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები შეგუებული იყვნენ ამას... სულ რომ დაიმტვრეს, გაფუჭდეს შინ რამე, არასოდეს ვჩხუბობ, მაგრამ საკმარისია, ყვავილს რაიმე დაუზიანდეს...

- ზაფხულში მცენარეები აივანზე გაგაქვთ?
- ზაფხულში გამოზამთრებული ყვავილების ვერანდაზე გატანისას მხოლოდ ჩემი ხმა ისმის: "ფრთხილად, ყვავილი არ დააზიანოთ!" ყოველი გაშლილი კვირტი ენერგიას მმატებს, როცა იშლება, იმ დღეს შესანიშნავ ხასიათზე ვარ. ქალაქგარეთ რომ გავდივარ და შინ ჩემი მეუღლე რჩება, "ფეისბუკით" მიგზავნის სურათებს: - აი, შენი "გოგოები", ნახე, რამხელა ყვავილი გაიშალაო. ერთხელ, მიწისძვრისას, თბილისში არ ვიყავი, თაროდან ქოთანი გადმოვარდა და ყვავილი დაზიანდა. ჰოდა, ტრაგიკული ხმით დამირეკეს, ცუდი რამ უნდა გითხრათო. შემეშინდა, რა მოხდა-მეთქი? ქოთანი გადმოვარდაო...

ზარმაცი ადამიანი ყვავილს ვერ გაახარებს. ბევრი წვალება უნდა - მიწის გადახალისება, გაცოცხლება, ძველი ფოთლების მოცილება, სასუქი. რაიონიდან გადამწვარი ნაკელი მომაქვს. ქოთანში მიწა მორწყვისგან თანდათან დაბლა რომ დაიწევს და აკლდება, ვამატებ. გასულ ზაფხულს აივანზე დიდი გადარგვა მოვაწყვე და მთლიანად მიწაში იყო სახლი. ზოგი ყვავილი ისე გაიზარდა, ქოთანში აღარ ეტეოდა, ზოგს პირიქით, პატარა ქოთანი უნდოდა. მოკლედ, გადავიტან-გადმოვიტანე. მათი მოვლისას ისეთი განცდა მაქვს, თითქოს პატარა ბავშვები მყავდეს.

- ზაფხულში, როცა ქალაქიდან გადიხართ, თქვენს "გოგოებს" მეუღლე რამეს ხომ არ აკლებს?

- ვახოს რამე რომ არ გამორჩეს, ქოთანს პატარა ქაღალდს ვაკრავ, რომელზეც ვაწერ, როგორ მოვლას საჭიროებს, რამდენი უნდა წყალი. ზოგიერთს სიცხეშიც არ უყვარს ბევრი წყალი. არის ყვავილი, რომელსაც სულ სველი ნიადაგი სჭირდება.

- თქვენს ვაჟებს უყვართ მცენარეები?
- ყვავილების გარემოცვაში ცხოვრებას პატარაობიდანვე მიეჩვივნენ. დარწმუნებული ვარ, აქედან ეს მცენარეები რომ გავაქრო, სიცარიელეს იგრძნობენ, გული დასწყდებათ.

- დილას ყვავილების მოვლით იწყებთ?
- აუცილებლად, განსაკუთრებით, ზაფხულში, რადგან წელიწადის ამ დროს ყვავილის მორწყვა 2-3 საათითაც რომ დაგაგვიანდეს, შეიძლება ვერ გადაიტანოს. ამიტომ როგორც კი ვიღვიძებ, ყველა ყვავილს ჩამოვუვლი ხოლმე. ვაცლი შეყვითლებულ ფოთლებს. არ მიყვარს, როცა ფოთოლი უყვითლდება, მინდა, სულ ხასხასა მწვანე იყოს... თითოეული ყვავილის კვირტს, როგორც ბავშვის პირველ სიტყვას, ისე ველოდები. მერე იმ კვირტებს ისე ვითვლი, თითქოს მოსავალს ვითვლიდე. ეს იმხელა სიხარული და ბედნიერებაა, სიტყვებით ვერც ავხსნი. როცა ზამთარში ქოთნები აივნიდან ოთახში შემომაქვს, უნდა ნახოთ, აქ რა სილამაზეა...

...ეს ბეგონია სადგერის წმინდა გიორგის მონასტრიდან მოვაბრძანე, დედებმა მაჩუქეს, ძალიან პატარა იყო. მათთან სტუმრობა მიყვარს, ამას ისიც აორმაგებს, რომ იქ უამრავი მცენარე აქვთ. იციან, რომ ყვავილები მიყვარს და სულ მეუბნებიან, აბა, რომელი მოგწონს, გვითხარი და გაგიხარებთო... ჰოდა, ეს ბეგონია მათ გამიხარეს და ახლა მე ვუვლი. მის გვერდით ქრისტეს ყვავილს რომ ეძახიან, ის არის, ეგეც ბეგონიას ჯიშია. როგორც ამბობენ, ფოთოლზე ჯვარი ესახება. ძალიან ძვირფასი ყვავილია. აი, ეს ქრისტეს ეკალია, ანუ ის მცენარეა, ქრისტეს ეკლის გვირგვინი რომ დაადგეს. ძალიან ლამაზი, წითელი პატარა ყვავილები აქვს. იმხელა გაიზარდა, ვეღარც გადარგავ, სულ ეკალშია. ეს კი ბარაქის ხეა.

ყვავილებს ადამიანებივით უხარიათ, სწყინთ, ამიტომ სულ ველაპარაკები. ერთხელ რომელიღაც ჭკნებოდა და დავუყვირე, გადაგაგდებ-მეთქი და მას მერე გამოცოცხლდა. როცა ზაფხულში ორი თვით გასული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე ყურადღებას არ აკლებს, რაღაც მოწყენილები მხვდებიან - ჩემი "გოგოები" გრძნობენ ჩემს შინ მოსვლას.

- ჩინური ვარდის მთელი ოჯახი გაქვთ - დედა-შვილი და ლამის მთელი შთამომავლობა...
- დედა გვიან შემოდგომით გავსხალი, განასხლავი ღეროები წყლიან ლარნაკში ჩავაწყვე და გაიხარა, კვირტებიც გამოიღო და ყვავილები გაიშალა. მერე ქოთნებში გადავანაწილე და ასე გაიზარდნენ.

- აივანზე ჯერაც ბევრი ყვავილია, არ გეშინიათ, რომ გაგეყინოთ?
- ზოგიერთს ყინვა რომ დაჰკრავს, მერე უკეთ ყვავილობს, მაგალითად, ჩინური ვარდი. ერთ დღეს ჩინური ვარდი, რომელსაც უთვალავი კვირტი და ყვავილი ჰქონდა, გაფუჭდა, არადა, წინადღეს არაფერი ეტყობოდა. შემოვედი ოთახში და ფოთლები დაცვენილი ჰქონდა. მიზეზი დღემდე ვერ ამიხსნია, ხე ერთ კვირაში გახმა.  
აი, ეს მირონის ხეა, ულამაზესი - თეთრი, სურნელოვანი ყვავილით.

- გასანოყიერებლად დამწვარ ნაკელს იყენებთ?
- დამწვარი ნაკელი საუკეთესოა, ოღონდ ზომიერება უნდა დაიცვა, თორემ ძირებს დაწვავ. უფრო ზამთრის პირას ჯობია მისი მოყრა, რადგანაც მათთვის ეს პერიოდი რთული გადასატანია. არ მიყვარს ჰოლანდიური ყვავილები, რომლებსაც ქიმიური საშუალებებით უნდა მოვლა. ის ყვავილები მიყვარს, რაც თვითონ მომყავს. თავად ვაფესვიანებ, ვრგავ. ნებისმიერი მცენარე უკუღმა რომ ჩავრგო, წაღმა ამოდის. ეტყობა, ძალიან რომ მიყვარს, გრძნობენ და მომყვებიან.

- ამ იასამნისფერ ულამაზეს მცენარეს "ნაპოლეონის ქუდს" ვეძახი, თქვენთანაც კარგად გაუხარია...
- მე მათ უბრალოდ "გოგოებს" ვეძახი, მათ თავისი წესები აქვთ, - დილას იღვიძებენ და საღამოს იძინებენ. ვგიჟდები ამ ჩერჩეტ "გოგოებზე". ბევრს გავუმრავლე - ღეროს წყალში ვდებ და ბოლქვს იკეთებს. ძალიან უყვართ მზე და სითბო. ზუსტად უნდა მიაგნო მოვლის წესებს, თუ რაიმე დააკლდა, ან ზედმეტი მოუვიდა, შეიძლება გაფუჭდეს, მაგრამ დამჭკნარსა და მკვდარს თუ მზე დაჰკრავს, მაშინვე გაცოცხლდება. ეს "გოგოები" აქ ახალი მობრძანებული რომ იყვნენ, ერთხელაც აივნიდან ოთახში შემოვიტანე და მოიწყინეს, ყველა მოკვდა, ავტირდი. გამწარებულმა ქოთანი ისევ აივანზე გავდგი და მოსწავლეებთან წავედი, მაგრამ დანა პირს არ მიხსნიდა. ბავშვებს შევჩივლე, ყვავილი მომიკვდა-მეთქი და მალე გიორგიმ, ჩემმა შვილმა, დამირეკა, - დედა, შენი "გოგოები" ადგნენო... როგორც ჩანს, აივანზე მზემ დაჰკრა და გამოცოცხლდნენ...

ეს გვიმრა ძალიან დიდი იყო, პატარა ქოთანში გადავრგე და თავიდან გავახარე. ამ მწვანე ყვავილს კი "კინტოს" ვეძახი.
ერთი რამ ვიცი - რასაც აკეთებ, გულით უნდა აკეთო. უგულოდ არც სიყვარული შემიძლია, არც მეგობრობა და არც ყვავილების მოვლა. თუ დამიჯერებენ, ამ ყველაფერს უზარმაზარი სიამოვნება მოაქვს. ერთხელ მაინც გაახარონ რამე მცენარე და ნახავენ, რამხელა ბედნიერება ეწვევათ. ამ "მწვანე გოგოებს" საოცარი ენერგია აქვთ, ცხოვრებას მიხალისებენ. ვისაც არ სჯერა, ყველას ჩემი სახლის ვერანდაზე ვეპატიჟები...

ლალი ფაცია
რუსუდანი
02 ივლისი 2018 23:34
მეც ძალიან მიყვარს ყვავილები როგორც ოთახის ისე ვარდებიც,დილას მეც მათი მოვლით ვიწყებ, ესმით როცა ვესაუბრები და ვეფერები. რაც შეეხება სასუქს მართლაც ძალიან კარგია დამწვარი ნაკელი, ოღონდ ნაკელი ვედროში უნდა ჩაყარო წყალი დაასხა და ერთი კვირა უნდა დაელოდო. მხოლოდ კვირაში ერთხელ შეიძლება ამ ხსნარით ყვავილების მორწყვა. არაჩვეულებრივ შედეგს მიიღებ.
ზაირა ჯიქია.
10 ივნისი 2015 19:14
ძალიან მიყვარდი ყოველთვის ,როგორც ქალი და როგორც კომპოზიტორი და მომღერალი.ახლა უკვე როგორც მეფოთლია და ყვავილების მოყვარული უფრო საყვარელი ხარ.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები