შველი საოცრად აგრესიული ყოფილა
08-12-2014
შველი საოცრად აგრესიული ყოფილა
უდიერი მოპყრობის გამო  XX  საუკუნის დასაწყისში შვლის რიცხოვნობა ევროპის არაერთ ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა, ზოგიერთ ადგილას კი ეს მშვენიერი ცხოველი საერთოდ გადაშენდა. თუმცა, ევროპელებმა შეძლეს და მდგომარეობა გამოასწორეს. `დღეს ევროპაში შველს ყველგან ნახავთ: ბუნებაში, გზატკეცილებზე და ქალაქის განაპირა უბნებშიც, საქართველოში კი მათი რიცხვი მაინც მცირეა", _ გვითხრა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ, რომელიც ამ მშვენიერი ცხოველის შესახებ მოგვითხრობს.

- ბრაკონიერობა და უკონტროლო ნადირობა ყველაზე დიდი საფრთხეა ცხოველთა სამყაროსთვის, განსაკუთრებით კი ისეთი
ძუძუმწოვრისთვის, როგორიც შველია. ბრაკონიერობა ძნელი გასაკონტროლებელია, რთულია გაიგო, ადამიანი ტყეში რომ შევიდა, იქ რამე დააშავა თუ არა. თუმცა, ინტენსიური რეიდებისას შესაძლებელია სასურველი შედეგიც მივიღოთ, შესაბამისი ორგანოები უნდა აკონტროლებდნენ, ხომ არ ნადირობს ადამიანი შველსა და სხვა იშვიათ ცხოველებზე.

ევროპის ქვეყნებში ნადირობა დაშვებულია, მაგრამ მოწესრიგებულად - ზოგ
ადგილას ნებადართულია, ზოგან კი არა, გათვალისწინებულია, სად რომელი სახეობა არის შემცირებული. ჩვენთან კი წესია - ბუნებაში რაც შეგხვდება, უნდა მოკლა!
ამას ვერ დავარქმევთ მოწესრიგებულ ნადირობას, მით უმეტეს, საქართველოში შველზე ნადირობა საერთოდ აკრძალულია.

- ძირითადად, სად არის გავრცელებული შველი?
- შველი ძალიან ლამაზი და მოხდენილი ცხოველია. შობს უფრო ხშირად ერთ ან ორ ნუკრს, რომელთა ტანი თეთრი ხალებითაა დაფარული. საქართველოში შვლის ორი ქვესახეობა გვხვდება - ევროპული და ციმბირული. ევროპული სახეობა საქართველოში თითქმის ყველგან არის, ოღონდ მთა და ძალიან მაღალი ადგილები არ უყვარს - ტყის ცხოველია და ჯავახეთისა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს გარდა, ყველგან ბინადრობს. საქართველოში შველი გადაშენების პირას ჯერ არ არის, მაგრამ არც ბევრია.

2012 წელს აღრიცხეს და გაირკვა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შვლების რაოდენობა 7000-ს აღწევდა. ამას თუ შევადარებთ რომელიმე ევროპული ქვეყნის სამონადირეო მეურნეობას, სადაც მათი რიცხვი 50-60 ათასს აღწევს, უკვე გასაგებია, რა მდგომარეობაც გვაქვს.

შველი ნაკრძალებშიც გვხვდება, დაცულ ტერიტორიებზეც და ბუნებაშიც. ყველაზე ბევრი აჭარაშია, როგორც ჩანს, იქ შვლებს ნაკლებად ერჩიან და ამიტომაც მრავლდებიან.
რაც შეეხება ციმბირულ შველს, მისი გავრცელების არეალი მოიცავს შუა აზიას, დასავლეთ ჩინეთს, მონღოლეთის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, ურალსა და ციმბირს, თუმცა, გვხვდება საქართველოშიც. ევროპული და ციმბირული შველი ერთმანეთს იმდენად ჰგვანან, რომ შეიძლება ვერც გაარჩიოთ.

- შვლებსაც აქვთ გამორჩეული ჩვევები და რიტუალები?
- დიახ, აქვთ. გამრავლების დროს მამრ შვლებს შორის ხშირია შეჯახება და ბოლოს გამარჯვებული ტერიტორიას ეპატრონება. ბრძოლა მიმდინარეობს არა მარტო ტერიტორიის, არამედ მდედრების გამოც. რქების ზომა, ამტანობა, ფიზიკური სიძლიერე - ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ლიდერის გამოსავლენად. მამრები ყოველ გაზაფხულზე იცვლიან რქებს და ყოველ წელიწადს უფრო ლამაზი, დატოტვილი რქები ამოსდით. ბუნებაში შესაძლოა 17 წელიწადსაც იცოცხლონ, ტყვეობაში კი უფრო დიდხანს ცოცხლობენ, რადგან საფრთხე ნაკლებად ემუქრებათ.

- როგორ ცხოვრობენ შვლები და ნაშიერზე რომელი ზრუნავს?
- შვლები უმეტესწილად განმარტოებით ცხოვრობენ, ძირითადად კი მცირე, 2-4 ინდივიდიან ჯგუფებს ქმნიან. ისინი ტყეში ერთად დადიან. მამრს ადვილად განასხვავებთ მდედრისგან, რადგან რქები მდედრს არა აქვს. შვლები ივლის-აგვისტოში ჯვარდებიან, ამ დროს ისინი წყვილებად ცხოვრობენ.
ძუძუმწოვრებში ასეა: მამრი მდედრებთან მხოლოდ გამრავლების დროს შეიძლება ნახოთ. მდედრები ქმნიან ზემოხსენებულ მცირე ჯგუფებსაც, მამრს კი გამრავლების პერიოდის შემდეგ მათთან ვეღარ შეხვდებით.
შველს, ცხოველთა უმეტესობის მსგავსად, პოლიგამია ახასიათებს. ჩლიქოსნებს შორის არც მახსენდება სახეობა, რომელიც მონოგამიურია. აი, მტაცებლები მონოგამები არიან, მათ შორის - მგლებიც. შვლები კი ჩამოყალიბებული პოლიგამები არიან. ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც ახლო ნათესავების შეჯვარების თავიდან აცილებაა შესაძლებელი, რათა ჯანსაღი და ძლიერი შთამომავლობა გაჩნდეს. ნუკრზე უმეტესად დედა ზრუნავს. ნაშიერზე ზრუნვა ნებისმიერი ძუძუმწოვრის დამახასიათებელი ნიშანია და ეს თვისება შველსაც აქვს.
ნუკრებს სხეულზე ულამაზესი ხალები აქვთ, რომელიც ზრდასრულ ასაკში თანდათან ქრება.

- მტაცებლებს შორის რომელია ყველაზე საშიში შვლისთვის?

- ადამიანის გარდა, საქართველოში შვლის ყველაზე დიდი მტრები არიან მგელი და ფოცხვერი. ზოგჯერ შველი შეიძლება დათვმაც მოინადიროს, მაგრამ იშვიათად. სხვათა შორის, ზამთრობით შვლები სოფლებში შედიან, განსაკუთრებით, დიდთოვლობისას, როცა საკვები ცოტაა და ხშირად ადამიანის მსხვერპლიც ხდებიან. მაგრამ თუ გულისხმიერი ადამიანები პოულობენ, ჩვენთან მოჰყავთ, ჩვენ ვუვლით, მოვაღონიერებთ და მერე ბუნებაში ვაბრუნებთ. ერთხელ შველს მანქანა დაეჯახა და მისმა მპოვნელებმაც მოგვმართეს დასახმარებლად.
საქართველოში შვლები ბინადრობენ ლაგოდეხის ნაკრძალში, მტირალას ეროვნულ პარკში, კოლხეთის ეროვნულ პარკში, კინტრიშის ნაკრძალში, თითქმის ყველგან, გარდა ვაშლოვნის ნაკრძალისა.

- თბილისის ზოოპარკში თუ გყავთ შვლები?
- არ გვყავს და ამას მიზეზი აქვს: შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ
შველი  აგრესიული ცხოველია, განსაკუთრებით, მამრი. მათ საკმაოდ დიდი ტერიტორია სჭირდებათ, თორემ ერთმანეთს დახოცავენ. როცა გამრავლების პერიოდი არა აქვთ, ცალ-ცალკე ვოლიერში უნდა გყავდეს. ასე რომ, რამდენიმე შველს რამდენიმე ვოლიერი სჭირდება, ერთის ტყვეობაში გაჩერება კი ცოდოა.
ამიტომაც გადავწყვიტეთ, სულ არ გვყავდეს. შველი ძალიან ლამაზია და ამიტომ ჩანს უწყინარი, თორემ სულ სხვა ბუნებისაა: მაგალითად, ამ რამდენიმე წლის წინ მამალი შველი მეზობელ ვოლიერში გადაიპარა და მაკე ირემი მოგვიკლა. მდედრებიც ჩხუბობენ ერთმანეთთან, მომვლელების მიმართაც საკმაოდ აგრესიული არიან.
დატყვევებული შველი საცოდავი სანახავია, თითქოს ადგილს ვერ პოულობს და ბარიერებს ეჯახება, რქებიც საშიში აქვს, ამიტომ ვამჯობინეთ, მათ თავისუფლება მივცეთ. თანაც ცხოველის ტყვეობაში ყოფნას რაღაც მიზანი უნდა ჰქონდეს, უფრო ხშირად ეს მათი გამრავლება და ბუნებაში დაბრუნებაა.

საბედნიეროდ, დღეს ისეთი მდგომარეობა არა გვაქვს, რომ შველი გადაშენების პირას იყოს მისული, ამიტომ უმჯობესია ის თავისუფლად ცხოვრობდეს და საქართველოს ბუნებას ამშვენებდეს.

ხათუნა ჩიგოგიძე
ავთანდილ ხარაბაძე
17 ივლისი 2015 10:57
ეს ყველაფერი არის იმის ბრალი რომ უცოდინრები იყვნენ სათავეში, ეს მიგვიყვან იქამდე რომ მოისპობა ბევრი გარეული ცხოველი ისედაც რა არის დარჩენილი მტაცებლების რაოდენობის კონტროლი არსებობს ყველა ქვეყანაში საქარტველოს გარდა ისეთ ადგილებში სადაც მგელი არასდროს ენახათ ეხლა გარეტ გასვლის ეშინიათ იმედია მიხედავენ დროზე ამ დიდ პრობლემას.
ქიზიყი
05 მარტი 2015 10:57
ჯემალ რატიანს

მაგაზე პასუხის გაცემას რამდენი ხანი ველოდებით, მაგრამ ამაოდ. ბევრი რამ არის შესაცვლელი კანონში. იმდენად მომრავლებულია მტაცებლის ყველა სახეობა, რომ ხელს უშლის სხვა დანარჩენს გამრავლებას.
ჯემალ რატიანი
08 დეკემბერი 2014 16:47
გურიელიძეს და ბადრიძეს არა აქვთ მორალური უფლება ილაპარაკონ ჩლიქოსნებზე. მათი აზრით საქართველოში ირმის, შველის, ქურციკის და სხვ. ჩლიქოსნების რიცხოვნობის მკვეთრი შემცირება, ხოლო ზოგიერთის (მაგ. ჯეირანის) გადაშენება გამოწვეულია ბრაკონიერობით. არ არის ეს სწორი. დაასახელოს გურიელიძემ, ბოლო სამი წლის განმავლობაში სად და როდის მოკლა ბრაკონიერმა შველი? საქართველოში ჩლიქოსნების რიცხოვნების მკვეთრი შემცირება უპირველეს ყოვლისა გამოწვეულია უცხოეთის გრანტომანიის მეშვეობით ბადრიძის, გურიელიძის და სხვათა მიერ ჩვენს ქვეყანაში მგლის რიცხოვნების კატასტროფული ზრდით. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რის საფუძველზე და როგორ მოხვდა მგელი საერთაშორისო კონვენციის სიაში როგორც საქართველოში გადაშენების პირას მყოფი ცხოველი? პასუხია ამაზე გასაცემი.



რედაქტორის რჩევით