ჩვენი ეზო
15-12-2014
ჩვენი ეზო
ლანდშაფტის დიზაინერის რჩევები

"სპეციალისტმა უნდა გაითვალისწინოს ბაღის მდებარეობა, მზე საიდან ადგება, სად ამოდის და ჩადის, ამაზე დაყრდნობით უნდა დააგეგმაროს ეზო"


ლანდშაფტის არქიტექტურა უმჭიდროეს კავშირშია ბუნებასთან და არაერთ ბუნებრივ ფაქტორსაც ითვალისწინებს. მიკროკლიმატურ პირობებს, ნიადაგის და ტერიტორიის თავისებურებებს თან ერთვის ფანტაზია და პროფესიონალიზმი და ბუნებასთან კავშირით იქმნება სიახლე. ოღონდ ამ პროფესიის ადამიანების ამოცანა არა მარტო ახლის შექმნაა, არამედ არსებული ტერიტორიის განვითარებაც. ლანდშაფტის არქიტექტორი თამარ თავართქილაძე უმაღლეს სასწავლებლებშიც კითხულობს ლექციებს, კერძო კომპანიაშიც საქმიანობს
და ზურა შევარდნაძესთანაც, "გარდენიაში".


- ლანდშაფტის არქიტექტორის პროფესია XIX საუკუნის ბოლოდან არსებობს. მანამდე ამ ხელობას მხატვრები, არქიტექტორები, მებაღეები ითავსებდნენ, მათი გაშენებულია მშვენიერი, საუკუნოვანი პარკები და ბაღები (ვერსალის და სხვ.).

- საქართველოში ეს დარგი მაინცდამაინც არ არის განვითარებული...

- უმთავრესად იმიტომ, რომ ეს პროფესია მჭიდროდ არის
დაკავშირებული ფუფუნებასთან, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან.
როცა ადამიანს ცხოვრება უჭირს და ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, ვერ მოსთხოვ ბაღის დიზაინზე ფიქრს, თორემ საქართველოს გამწვანების კულტურა აქვს. მაგალითად, წინანდლის ბაღი, დადიანების სასახლის პარკი, თბილისის ბოტანიკური ბაღი (ერთ-ერთი სანიმუშო ბაღი იყო მსოფლიოს მასშტაბით).
დღეს ადამიანები საზღვარგარეთ ხედავენ, რამდენად დიდი როლი ენიჭება მწვანე გარემოს და ნელ-ნელა ითავისებენ მის მნიშვნელობას.  მწვანე გარემო ერთი-ერთი ანტიდეპრესანტული საშუალებაა, ამიტომ უნდა მოვახდინოთ მისი პოპულარიზაცია, ვაჩვენოთ, რამდენად დადებითად მოქმედებს ის არა მარტო ჯანმრთელობაზე, არამედ ფსიქიკურ განვითარებაზეც.

-  ვისაც  შესაძლებლობა არ აქვს, მაგრამ სურს ეზოს მიხედოს, როგორ მოიქცეს?

- სპეციალისტის გარეშეც შესაძლებელია ჰქონდეთ ლამაზი ეზო, თუ არ დაეზარებათ ყველაფრის მიხედვა.

- რის გაკეთება შეიძლება, ვთქვათ, სახლთან, 30 კვმ ფართობზე?
- თავიდანვე ზუსტად უნდა ვიცოდეთ,  რას ვაკეთებთ - სამეურნეო ნაწილისთვის გვინდა, განმარტოებით ფიქრისთვის, ბავშვის სათამაშოდ, სანერგისა თუ ყვავილნარისთვის.
ტერიტორიის დალაგებას, ბალახის გაკრეჭას, გამხმარი ფოთლების აკრეფას ხომ ფუფუნება არ სჭირდება?! სიამოვნების მონიჭება მხოლოდ მწვანე გაზონსაც კი შეუძლია.
ბევრი მცენარის დარგვა არ განსაზღვრავს შედეგის ხარისხს, მთავარია, რამდენად მოვლილი და ურთიერთშერწყმული დეტალებია ბაღში.

- თუ მინდა, რომ ამ 30 კვმ-ზე მარადმწვანე მცენარეები დავრგო და მოსასვენებელი ადგილიც მოვაწყო, როგორც სპეციალისტი, როგორ დაყოფდით ტერიტორიას?

- სპეციალისტმა უნდა გაითვალისწინოს ბაღის მდებარეობა, მზე საიდან ადგება, სად ამოდის და ჩადის, ამაზე დაყრდნობით უნდა დააგეგმაროს ეზო. სხვათა შორის, მარადმწვანე მცენარეებს ხშირად გვთხოვენ, თუმცა მცენარე, რომელიც მთელ წელიწადს სახეს ინარჩუნებს, ვფიქრობ, მოსაწყენია. მოყვავილე მცენარეებსაც თავისი ხიბლი აქვს.

- ვარდების ბაღის გაშენებისკენ მიბიძგებთ?
- მცენარეები, რომელთა გაშენებაზე შევთანხმდებით, ზუსტად წესის მიხედვით უნდა განთავსდეს.
ვარდის ნარგავებს შორის აუცილებლად უნდა დავტოვოთ 40-50 სმ (არის ხვიარა, ბუჩქი, ჯუჯა ვარდი), უყვართ მზიანი ადგილი. ფერებიც უნდა გავითვალისწინოთ, არც ეკლებმა არ უნდა შეგვიქმნას დისკომფორტი - ისეთ ადგილას უნდა დაირგას, რომ ეს დეტალები წინასწარ განისაზღვროს.

- თუ ბავშვებისთვის სათამაშო ადგილი გვინდა?
- იქ, სადაც ბავშვია, უპირველესად, უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს დაცული. პატარები უნდა მოვარიდოთ შხამიან და ალერგიის გამომწვევ მცენარეებს. მაგალითად,
ოლეანდრი შხამიანია და არ ირგვება იქ, სადაც ბავშვები არიან. არც მჩხვლეტავფოთლებიანი მცენარეები უნდა დავრგოთ ახლო-ახლო, რათა ბავშვს გადაადგილება არ გაუჭირდეს.
ისეთი მწვანე გარემო უნდა შეიქმნას, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს. საბავშვო გასართობია ქვიშა, მას თერაპიული ფუნქციაც აქვს და კარგია ბავშვების გონებრივი განვითარებისთვისაც.
ზუსტად უნდა გაუგო დამკვეთს, რისი მიღება სურს და ამის მიხედვით ხდება ტერიტორიის ზონირება, ამ ზონების ერთმანეთთან დაკავშირება.
ფანჩატური და მოსალხენი ისეთ ადგილას უნდა მოეწყოს, რომ ნადიმით მოხუცი ადამიანები არ შეწუხდნენ, ანუ სახლიდან მოშორებით. მცენარეებსაც არ უნდა შეექმნას პრობლემა.

- აუზს როგორ გააკეთებდით?
- აუზს თავისი დასასვენებელი ზონა სჭირდება, სადაც შეზლონგებიც დაეწყობა და სასიარულო ადგილიც უნდა იყოს. ეს ყველაფერი სახლიდან ცოტა მოშორებით ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ეზოში შემომსვლელს არ ეცეს თვალში. ხშირად ვაკეთებთ აუზთან დასაჯდომ, გადახურული ქოლგის ზონას, სადაც ყავას ან კოქტეილს მიირთმევენ.

- ვისაც საშუალება არ აქვს, სპეციალისტს გეგმა გააკეთებინოს და მასთან კონსულტაცია გაიაროს?
- სამაგიეროდ, მათ უკვე აქვთ ფუფუნება, ჰქონდეთ მიწის ნაკვეთი. დიზაინერის გარეშეც შეუძლიათ ის ადგილი გაალამაზონ. დეკორატიულ როლს ხეხილის ნერგებიც კი თამაშობს, მაგალითად, სხვადასხვა სეზონზე ძალიან ლამაზია კარალიოკი - გაზაფხულზე ულამაზესი ყვავილი აქვს, ზამთრის პირას კი ხეს ნაყოფი ამკობს, მშვენიერია ბროწეულიც. ხეხილის ნერგები ხელმისაწვდომია, ოღონდ დასარგავად ზონები სწორად უნდა შევარჩიოთ.
საქართველოში განსხვავებული ზონებია და არ შეიძლება აღმოსავლეთისა და დასავლეთის მცენარეების აღრევა. მაგალითად, ბროწეული უფრო დასავლური კულტურაა, მაგრამ თბილისში კარგად გრძნობს თავს, ცოტა მაღლა - წავკისში, შინდისში, კი მოდის, მაგრამ ოდნავ ზემოთ - უჭირს. ბროწეულს მყუდრო ადგილის შერჩევა უნდა, ცოტა პრეტენზიულიც არის.

ეზოს გასალამაზებლად ლამაზკვლებიანი ბოსტანიც საკმარისია. ბალახიც, რომელიც ბუნებრივად მოდის, მოვლილი უნდა იყოს და მოირწყას. ამას ფუფუნება და დიზაინერის რჩევები არ სჭირდება.

- რას ეტყოდით მრავალსართულიან სახლებში მცხოვრებლებს?
- დიდი ძალისხმევა არ სჭირდება აივნებზე თითო ყვავილის ქოთნის გადმოკიდებას ან ხვიარა ვარდის გაშვებას, ერთწლოვან მცენარეებს, რომლებიც მთელი ზაფხული შესანიშნავად ხარობს. მოკლედ, მთავარი ამ საქმის სიყვარულია და მას ფული კი არა, სიყვარული, სურვილი სჭირდება...

ლალი ფაცია
ბებილო
22 დეკემბერი 2014 13:18
ნუ ასამარებთ ქართულ სიტყვებს! ნუ ანაცვლებთ ქართულ სიტყვებს უცხო სიტყვებით!
დააგეგმაროს... არსწორი გამოთქმაა.
უნდა იყოს: დაგეგმოს
ლანდშავტი... ადგილმდებარეობა,მიწის ზედაპირი,
ბუნებრივი ფაქტორი.... ბუნებრივი თვისებები
ფანტაზია.... წარმოსახვის უნარი
პროფესიონალიზმი.... პროფესიულობა
ანტიდეპრესანტული.... ანტიდეპრესიული, დეპრესიის საწინააღმდეგო
პოპულარიზაცია.... გავრცელება,გაცნობა
ფსიქიკურ.... ფსიქიურ
მარადმწვანე, იწერება მარად მწვანე (ცალ-ცალკე)
მოსასვენებელი ადგილი.... დასასვენებელი ადგილი
ფუნქცია.... მნიშვნელობა
ზონირება .... დაყოფა
ერთწლოვანი.... ერთწლიანი
ისწავლეთ ქართული ენა!

რედაქტორის რჩევით