ბროწეულას პრეცედენტი - როგორ აქციეს კინოხელოვანებმა ხრიოკი წალკოტად
15-12-2014
ბროწეულას პრეცედენტი - როგორ აქციეს კინოხელოვანებმა ხრიოკი წალკოტად
"ბროწეულას ამ ადგილებს მხოლოდ ბროწეულის მოსავლიანობის გამო თუ დაარქმევდნენ. თანაც ლამაზი სახელიც არის. ამ, ერთ დროს უდაბნოდ ქცეულ მიწაზე ყველაფერი ხარობს და მოდის"

რედაქციაში  შემოსულმა წერილმა, რომელსაც ხელს ქართული კინოხელოვნების კორიფეები (რეზო ჩხეიძე, ოთარ იოსელიანი, რეზო ესაძე, გუჯა ბურდული, ნანა მჭედლიძე, იმედა კახიანი, თენგიზ არჩვაძე...) აწერდნენ, ბევრი საფიქრალი გაგვიჩინა - დაახლოებით 55 წლის წინ კინოხელოვანთა მიერ პრაქტიკულად უდაბნოში სააგარაკედ აღებული და დღეს უკვე წალკოტად ქცეული სოფლის მკვიდრნი სახელმწიფოს ისეთ საქმეში
სთხოვენ თანადგომას, რომელმაც ბევრი რამ დადებითად უნდა შეცვალოს. თუ ყოფილ სააგარაკო დასახლებებში, რომლებიც უკვე სოფლებად გადაიქცა, კოოპერატივების მსგავსად შეძლებენ ერთობლივ საქმიანობას, ამით საკუთარ თავსაც დაეხმარებიან და ქვეყანასაც მიაწვდიან სურსათს.


ბროწეულა ე.წ. ამხანაგობის საფუძველზე შეიქმნა. ახალგაზრდა, რომელიც მაშინ ამ ამხანაგობას ჩაუდგა სათავეში, დღეს ხანდაზმული კაცია და
სოფლის ადრინდებურად გულშემატკივარი. ბროწეულა სწორედ  კინოოპერატორ გივი ყურელთან ერთად მოვიარე და ძალამოცემული წამოვედი - კინემატოგრაფისტთა სოფელი ვითარდება. თუკი სახელმწიფო მათ აზრსა და გამოცდილებას გაითვალისწინებს, სააგარაკე მეურნეობები ქალაქების გამოკვებაში სერიოზულ როლს შეასრულებენ. ამისთვის კი კანონმდებლობაა საჭირო...

გივი ყურელი: - ვიდრე უდაბნოში ამ სოფლის აშენების ამბავს მოგიყვებოდეთ, უნდა გითხრათ, თუ რა პოტენციალი გააჩნია სააგარაკე მეურნეობებს, რომლებიც 1969 წლიდან შეიქმნა. სააგარაკე-საბაღე ადგილები ეკონომიკის დასახმარებლად გამოუყვეს ქალაქელებს. მაშინ ამ მეურნეობებმა გაამართლა, - როცა პურიც ჭირდა, აქ მოწეული პროდუქტით გაჰქონდა ხალხს თავი.  მაშინდელი ამხანაგობები  ქალაქელების საწევრო-შენატანებით იქმნებოდა, რითაც საბაღე-სააგარაკე მეურნეობების კეთილმოწყობაც ხდებოდა.

ახლა, როცა იმდროინდელი საბაღე მეურნეობების სისტემა სრულიად განადგურებულია, ჰაერივით აუცილებელი გახდა ახალი კანონის მიღება საბაღე მეურნეობებზე. ეს უნდა იყოს კანონი, რომელიც საბაღე მეურნეობებს ქალაქის "მარჯვენა ხელად" აქცევს და ამ არატრადიციულ სოფლებს წელში გამართვა და პროდუქციის გაყიდვა შეეძლებათ. უნდა შეიქმნას ამ მეურნეობის თვითმმართველობა, რომელსაც შეეძლება, აკრიფოს ამხანაგობის წევრებისგან საწევრო; პარალელურად, სახელმწიფოსაც სთხოვოს ნაწილობრივი დაფინანსება მეურნეობის კეთილმოსაწყობად. საბაღე მეურნეობების ამხანაგობით სახელმწიფო  ბევრად მეტს მოიგებს. როცა ეს "ახალი ქართული სოფლები" მოეწყობა, აქ ადამიანები არა მხოლოდ თავის სარჩენ პროდუქტს შექმნიან, არამედ ნამატსაც და გაყიდიან კიდეც.
აი, ამისთვის ვიბრძვით. აუცილებელია, ამ მეურნეობებში საზოგადოებრივი ტრანსპორტიც დაინიშნოს, - ვიცი ქალაქები, სადაც ადამიანები სამუშაო ადგილზე მისვლას 2-2 საათი უნდებიან, ჩვენს ამხანაგობებთან მისვლას ერთი საათიც არ უნდა. ამასობაში ქალაქისთვისაც და ქვეყნისთვისაც ძალიან დიდ საქმეს გავაკეთებთ, - როცა ხალხი დაინახავს, რომ არც მეურნეობებში სიარული ჭირს და არც პროდუქციის გადაზიდვა, სტიმული ექნება უფრო მეტის შესაქმნელად.

- ბრძანეთ, ბროწეულა არატრადიციული სოფელიაო, მაგრამ ისე მყარად დგას, ენა არ მოგიტრიალდება, ეს სახელი უწოდო. შეიძლება იმიტომ, რომ კინოხელოვანებმა თავის დროზე ლამაზად დაგეგმეს.

- სილამაზე და სიყვარული ყველაფერს სჭირდება, თუმცა, ბროწეულა მართლაც არ არის ძველი სოფელი. მახსოვს, როგორ ეძებდნენ მაშინდელი კინოსტუდიის ხელმძღვანელები საბაღე მეურნეობის ადგილს. ლოჭინის ხევი შეარჩიეს, ახლანდელ ლილოს ბაზრობასთან  რამდენიმე კილომეტრის მოშორებით. ეს იმიტომ, რომ აქ ჩამოდის პატარა მდინარე ლოჭინი და კიდევ უფრო პატარა - კოვზა, რომელიც გარშემო ფერდობებიდან ჩამონაჟონი წყლით საზრდოობს. იმდენად პატარაა, რომ ზაფხულში წანწკარით მოდის, თუმცა, ჩვენი მეურნეობისთვის უკვდავების წყაროა. როცა აქ მოგვიყვანეს, გარშემო უდაბნო იყო, მაგრამ გვინდოდა თუ არა, მიწას შევებით. პირველად ქვა-ღორღის გატანა დავიწყეთ. ზემოდან პაპანაქება მზე გვწვავდა, ქვემოდან - ცხელი მიწა. ვფიქრობდი, ბაღი კი არა, ერთი ხეც ვერ იხარებს-მეთქი. ამას ისიც ემატებოდა, რომ მთავრობის ბრძანებით, საბაღე მეურნეობები უნდა გვქონოდა, მაგრამ ვერ შემოღობავდი. ადამიანი ბუნებით მესაკუთრეა და ასე ვთქვათ, გამოსავალი ყველამ მოვძებნეთ - ზოგმა შპალებზე ვაზი გავჭიმეთ. ეს მავთულები კი, უნდოდა მთავრობას, თუ არა, უკვე ღობე იყო. ასე გავჭერით პირველი საძირკვლებიც და პირველი ქუჩებიც მოვაწყვეთ, რომლებსაც გამოჩენილ კინოხელოვანთა სახელები დავარქვით.

პირველი იპოლიტე ხვიჩიას ქუჩა გაჩნდა, - იმ დროს კახეთისკენ ტრასა არ გადიოდა, მხოლოდ მატარებელი მოძრაობდა და სწორედ იპოლიტეს დამსახურება იყო, რომ ბროწეულაში მატარებლის ბაქანი გაკეთდა.
როცა მატარებელი გაჩერდებოდა, ნახევარი შემადგენლობა იცლებოდა, - ამხანაგობის წევრები ბროწეულაში ჩამოვდიოდით სამუშაოდ. თანდათან გველებით სავსე ბუჩქნარიც გავკაფეთ და მის ადგილას ხეებიც დავრგეთ. ახლა რომ ვუყურებ ამ უზარმაზარ ხეებს, ვფიქრობ ხოლმე, რა ჯიუტად უნდა გვეშრომა მაშინ... იმ პაპანაქებაში ნერგების დასარგავად თბილისიდან დავდიოდით და წყალი ლოჭინიდან თუ კოვზადან ვედროებით მიგვქონდა მოსარწყავად. 2-3 წელიწადში ამ წამოჩიტულმა ნერგებმა თუ საძირკველზე აღმართულმა კედლებმა ეს უდაბნო შინაური გახადა. მართალია, ზოგმა ამ შრომას ვერ გაუძლო და წავიდა, მაგრამ ასეთები ცოტანი იყვნენ. მე კი, როცა დავიღლებოდი და ბროწეულაზე გული ცოტა ამიცრუვდებოდა, მაშინვე ცხონებული კოტე დაუშვილის ნათქვამს ვიხსენებდი, - დიდი მსახიობი დიდი ადამიანიც იყო. საბურთალოს ბაზართან ჰქონდა სახლი, სულ გვმასპინძლობდა და გვარიგებდა. ერთხელაც მითხრა, არანაირი მიწა ხელიდან არ უნდა გაუშვა კაცმა, მეც უარი ვთქვი, როცა ნაკვეთს მაძლევდნენ, ვფიქრობდი, ამ ხრიოკში რა უნდა გავაკეთო-მეთქი, მაგრამ ახლა ის ადგილები აყვავებულია და ძალიან მწყდება გული. ყველა მიწა აყვავდება და მათ შორის ბროწეულაც, თუკი მოუვლით, ეს კარგად დაიხსომეო.
ჩემმა მეგობარმა გიორგი ნადარაიამ, რომელიც 35 წელიწადი ემსახურებოდა ქართულ დოკუმენტურ კინოს, მაშინ ფიჭვის ციცქნა ნერგები რომ დარგო, ახლა ტყედ არის ქცეული. 

ნერგებზე თბილისის მერიას მივმართე, - ხომ ამბობთ, რომ მილიონი ნერგის დარგვას აპირებთ, ჩვენც მოგვეცით და გავახარებთ-მეთქი. მაგრამ არაფერი გამოვიდა, - თქვენ თბილისის საზღვრებში არ შედიხართ, ნერგი როგორ მოგცეთო. გეგონება, უცხო პლანეტაზე ვიყოთ და ჩვენი ნაძვების ჟანგბადი დედაქალაქისთვისაც არ იქნებოდა.
ახლა პირდაპირ დედაქალაქის გამწვანების სამსახურის უფროსთან ვაპირებ შეხვედრას და აღარ ყოფილა საშველი, ისიც თუ უარს მეტყვის.

- ბროწეულა რატომღა დაარქვით ამ ადგილებს?
- ჩვენს სოფელს, ისტორიულ სოფელ მარტყოფამდე, ესაზღვრება ადგილები, რომელსაც ბროწეულა ჰქვია. ასეთ სახელს ამ ადგილებს მხოლოდ ბროწეულის მოსავლიანობის გამო თუ დაარქმევდნენ. თანაც ლამაზი სახელიც არის. განვიზრახე, ბროწეულის ნერგები ბროწეულაშიც გამეხარებინა. იოლი გასახარებელია - მოჭრი, კალამს გააკეთებ, შემოდგომაზე მიწაში ჩაარჭობ და გაზაფხულზე უკვე დაფესვიანებულია.
ნერგებს მოსახლეობას ვურიგებ და სიამოვნებით რგავენ.
არაფერი ჯობია აყვავებული ბროწეულის ნახვას, - პირუტყვმა რომ არ გააფუჭოს, ეკლით ვღობავ. ამ ერთ დროს უდაბნოდ ქცეულ მიწაზე ყველაფერი ხარობს და მოდის, ხალხს ზამთარშიც ბოსტნეული გამოულევლად აქვს.

- ალბათ მიწის გასანოყიერებლად ნაკელს იყენებენ.

- შხამით ბროწეულაში არაფერი მოდის.
ხალხმა რომ თბილისში სამუშაო დაკარგა, გონებას მოუხმო, პირუტყვი გაამრავლა, - აქ ძროხებით ბევრი ოჯახს არჩენს. ვინც აქ, ბროწეულაში ცხოვრობს, ის უფრო წელში გამართულია ამ მხრივ.

ჩემი მეგობარი გიორგი ნადარაია აღარ მიდის თბილისში, ულამაზესი ეზო-კარი აქვს, ფრინველიც ჰყავს და ბაღ-ბოსტანიც - ღორსაც კი ზრდის, რომელიც საღორეზე ორ ფეხზე გადმომდგარი და თავაწეული ელოდება, როდის მიუტანენ გიორგი და მისი ცოლი, როზა, საკვებს. კარგი სურათია, კაცსაც კარგ ხასიათზე გაყენებს, ქალაქში ამას სად ნახავ! ნათელა მეტრეველმა კი ისეთი ჯიშის კურდღლები მოაშენა, თითო 6-7 კილოს იწონის. თავად პირუტყვის ნაკელით ვანოყივრებ ნაკვეთს და ჩემი შრომით მცირეოდენი მოსავალიც მომყავს.

როცა ამხანაგობები გაუქმდა და ვთქვი, მე რაღა მოხელე ვარ ბროწეულაში-მეთქი, სოფელში ღობეზე დამიწერეს - გივი, გვახსოვხარ, ბროწეულაში რევოლუცია ხდება, დაბრუნდიო.  სოფელში ლტოლვილებიც დასახლდნენ, 200 ოჯახია ისეთი, რომელიც არსად მიდის და აქ შრომით ირჩენს თავს, გული მტკივა, როცა ატალახებულ გზაზე მეზობელ სოფლამდე ფეხით მიმავლებს ვუყურებ, - თუ მეზობელ სოფელში დადის თბილისის ავტობუსი, რატომ არ შეიძლება აქაც დაინიშნოს, განა 200 ოჯახი ცოტაა, ბავშვები 3 კილომეტრზე დადიან სკოლაში ფეხით. ზამთარში კი სხვა გასაჭირიც არის - შეშა უნდა იყიდონ გასათბობად. არადა, ცენტრალური გაზსადენი აქედან 3 კილომეტრზეა. ამას წინათ გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის უფროსს, გიორგი ცაგარეიშვილს ვთხოვე, - ამდენი შეშა რომ იჭრება, ჩვენი ბუნება უფრო ნადგურდება, გაზი გამოგვიყვანეთ-მეთქი. ვნახოთ, რას იზამს... როცა მებაღეობის ამხანაგობების კანონის მიღებაზე ვლაპარაკობდი, სწორედ ყოფითი პრობლემების მოგვარებას ვგულისხმობდი, - 2008 წელს, ომის შემდეგ აქ, მდინარე კოვზაზე დაგუბებული ტბის ჯებირი გასკდა, 2 კაცი დაიღუპა. ტბიდან გადმოსულ წყალს მოსახლეობა მიჰქონდა. რაღა უნდა გვექნა, შევაგროვეთ ფული და შევაკოწიწეთ კოვზას არხი. ტბა დაგვიშრა. საწევროების აკრეფის კანონი რომ ყოფილიყო, ანგარიში გვექნებოდა და ტბა არ დაჭაობდებოდა.

- მაინც ულამაზესი სოფელი გაქვთ.
- დიახ. ერთხელ აქ ბატონმა რეზო ჩხეიძემ სტუმრად მოიყვანა მამია ბერიშვილის ვაჟი. მამია საქართველოს გახიზნული მთავრობის ხაზინას განაგებდა საფრანგეთში. იმ ბერიშვილმა სოფელში ფეხი რომ შემოდგა და მის შესახვედრად გამოსული სახეგაბრწყინებული ხალხი და გაშლილი სუფრები დაინახა, ხელი ასწია და დაიძახა, - საქართველო ცოცხლობსო. ნამდვილად ვცოცხლობთ, - მაგალითი ბროწეულაა, უდაბნოში შევქმენით წალკოტი. ესე იგი, ეს შეგვიძლია, მაგრამ მარტო კაცს ვერა, - მთავრობა უნდა გამოფხიზლდეს და მიწის მუშას დაუდგეს გვერდით.
kako
21 დეკემბერი 2014 20:40
Didebuli ideaა,egre sheidzleba Tbilisi's garshemo soplebis akvaveba DA rats mtavaria xalxis dasakmeba.mtavrobis xelis shetskobaa sachiro DA Ara nergebze uaris tkma,magram vis stalia xalxistvis?

რედაქტორის რჩევით