ჭვავი პურეულის "მარგალიტი" - კვირის პალიტრა

ჭვავი პურეულის "მარგალიტი"

"ჭვავისა და ხორბლის ფქვილის ნარევით უგემრიელეს პურს გამოაცხობთ"

მას ერწო-თიანეთში ბიჭაპურს ეძახდნენ, იმერეთში - ქუბას, საინგილოში - ჩავდარს, რაჭაში - ზოფხს, სამეგრელოში - ჭვიას, ხოლო სვანეთში - მანაშს, ანუ მანააშს... საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამ მცენარის უამრავი სახელი იყო გავრცელებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველებს ჭვავი უძველესი დროიდან მოჰყავდათ.

როგორ მოვიწიოთ ჭვავი? გვესაუბრება ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაციის კონსულტანტი და ფერმერი ჯაბა ჭეიშვილი:

- ჩვენმა წინაპრებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ ჭვავი ძალიან სასარგებლოა და თესავდნენ. მაგალითად,  ჩემი დიდი ბაბუა - ამბაკო ბაბილოძე, რომელიც ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში ცხოვრობდა, ჭვავს ყოველთვის თესავდა. ეს მიწა მან 1900 წელს შეისყიდა. მისი შვილთაშვილის შვილი ვარ, ამიტომაც გადავწყვიტე, წინაპრების გზა განვაგრძო.

- ჭვავი როგორ მიწაზე უნდა დაითესოს?

- ჭვავი კარგად მოვლილ და დამუშავებულ მიწაზე უნდა დათესოთ. ჩვენი წინაპრები როცა აიღებდნენ სიმინდს, ღომის ღომს, დაკრეფდნენ ყურძენს, მერე ჭვავს თესავდნენ, რათა მიწა ზამთარში გამოუყენებელი არ დარჩენილიყო. სექტემბრის ბოლოს თესავდნენ და მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისში იღებდნენ მოსავალს. ასევე თესავდნენ ბრინჯსაც, ოღონდ ჩვენთან ხმელეთის ბრინჯი ხარობდა და არა წყლისა. ნამდვილი ჭვავის პური - დიეტური საკვებია, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს. ჩვენს მაღაზიებში რომ იყიდება, იმ პურს ჭვავთან საერთო არაფერი აქვს, რადგან საღებავებითა და ვიტამინებითაა გაძეძგილი, ეს არ არის ბიოლოგიურად სუფთა საკვები.

- რით გამოირჩევა ნამდვილი ჭვავის პური ჩვეულებრივი ხორბლის პურისგან?

- ნამდვილი ჭვავის პური ყუათიანია და კუჭ-ნაწლავისთვის საუკეთესო.  ჭვავის პურის 2-3 ნაჭერიც საკმარისია დასანაყრებლად. მხოლოდ ჭვავის ფქვილის პური მაგარი გამოდის, ამიტომ მას ქართული ხორბლის ფქვილი უნდა შეურიოთ. შეიძლება ნახევარი ნახევარზე შეურიოთ, ან 70%/30%-ზე - პური უფრო გემრიელიც გამოდის და ბარაქიანიც.  ჭვავის ფქვილისგან ხორბალზე არანაკლები საფუარი მზადდება - მისივე დამჟავებული ცომისგან.

- დამწყებ ფერმერებს დააინტერესებთ - ჭვავის ნათესებს როგორ უვლიან?

- შემოდგომაზე მიწა კარგად უნდა დამუშავდეს, დაიფარცხოს და ჭვავი დაითესოს, შესაძლოა, მწკრივშიც. ჩვენი წინაპრები პირდაპირ მოაბნევდნენ ხოლმე, რადგან ხელიც მიჩვეული ჰქონდათ და თვალიც, იცოდნენ, რამდენი უნდა მოეყარათ.

ჭვავის ნათესებს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, არც თოხი უნდა და არც - გამარგვლა. იმიტომ, რომ ზამთარში ბალახი ვერ ამოდის, ხოლო გაზაფხულზე, როცა მიწა თბება, ჭვავი ყველა სარეველა ბალახს ჩაგრავს.

და თუნდაც ამოვიდეს ბალახი, ჭვავს დიდად მაინც ვერ დააზიანებს. როცა თავთავები დამწიფდება, მოსავალს ჩვეულებრივ აიღებთ და მზეზე კარგად გააშრობთ. ოღონდ დასავლეთ საქართველოში, სადაც ნესტიანი ჰავაა და ჭვავის მოსავალს აუცილებლად სჭირდება კარგად გამოშრობა.

გაშრობის მერე ჩვენი წინაპრები ჭვავს ფქვავდნენ და უგემრიელეს პურს აცხობდნენ. დადგენილია, რომ ჭვავი ძალიან სასარგებლოა დიაბეტიანებისთვის, ის არ იწვევს კუჭ-ნაწლავის გადატვირთვას და მსუბუქი მოსანელებელია, რა თქმა უნდა, თუ ადამიანი ზომიერად მიიღებს. ექიმები ჯანმრთელ ადამიანებსაც ურჩევენ ჭვავის პურის მიღებას.

- რომელი კულტურების ნამყოფ მიწაზე ჯობია ჭვავის გახარება?

- ჭვავის ნათესი ნებისმიერ მიწაზე ხარობს, მაგრამ ეს მიწა არ უნდა იყოს მწირი. მას მრავალწლიანების ქვეშაც თესავენ, ხეების ქვეშ, ან ბაღში, რადგან ჭვავის ფესვები და ნარჩენები მიწისთვის ძალიან სასარგებლოა - ნიადაგს ანოყიერებს. მთავარია, მეურნემ სხვადასხვა კულტურის მონაცვლეობა შეძლოს:

არ შეიძლება ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთზე ყოველ წელიწადს მიყოლებით დათესოთ ჭვავი, პური და სხვა მარცვლეული კულტურები.

ასეთი მცენარეები ერთ ადგილას ოთხ წელიწადში ერთხელ უნდა დაითესოს. თუ ერთ წელიწადს დათესავთ ჭვავს, მეორე წელიწადს ის სხვა რამით უნდა ჩაანაცვლოთ. მაგალითად, ჯობს პარკოსნები გაახაროთ, რადგან ისინი მიწას აზოტით ამდიდრებენ.

- ჭვავის საქონლის საკვებად გამოყენება თუ შეიძლება?

- ჭვავის ნამჯა საუკეთესო საკვებია პირუტყვისთვის, შეინახეთ ზვინად ან დაპრესილი. დასავლეთ საქართველოში, ნესტის გამო, ზვინი ცოტა მაღალზე უნდა დადგათ.

ჭვავი კარგად ხარობს დასავლეთში და უკეთ იხარებს აღმოსავლეთ საქართველოში, შედარებით მშრალი კლიმატის გამო. თუ ჭვავის ყანას ბიოსასუქსაც მიაშველებთ, უკეთეს შედეგს მიიღებთ. ჭვავს რაც უფრო ადრე დათესავთ, ანუ ოქტომბრის ბოლომდე მაინც, მით უფრო ადრე მიიღებთ მოსავალს (და პირიქით), უკვე მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში.

პარკოსნების გარდა, მომდევნო წელს ჭვავის ნამყოფ მიწაზე ბოსტნის გაშენებაც შეიძლება. ვისაც ცოდნა არ აქვს, შეუძლია ჯერ ჭვავის მოსავალი პატარა ნაკვეთზე მოიყვანოს, ამის შემდეგ უკვე დიდ მიწაზე მოყვანაც არ გაუჭირდება. გავიმეორებ: მთავარია, მიწა მწირი არ იყოს, ამიტომ ფერმერმა ის კარგად უნდა დაამუშაოს, რათა ჭვავმა ფესვების გადგმა შეძლოს...

საქართველო პურისა და მარცვლეული კულტურების სამშობლოა.

დასანანია, რომ ჩვენმა ხალხმა, ჭვავის მსგავსად, ბევრი უძველესი კულტურა დაივიწყა და აღარ მოჰყავს.

ხათუნა ჩიგოგიძე