დაინახე სილამაზე: ბუნებრივი მასალებისგან საახალწლო სამშვენისების დამზადებაც შეიძლება
22-12-2014
დაინახე სილამაზე: ბუნებრივი მასალებისგან საახალწლო სამშვენისების დამზადებაც შეიძლება
"სიმინდის ფუჩეჩის ანგელოზები, ხავსის ნაძვის ხე და მაწვნის ქილისგან დამზადებული სანათური"

"ეს თხილით, კაკლითა და კენკრით სავსე ტომრები ნაძვის ხესთან დასადებად ძალიან ორიგინალური რამ არის, წინასაახალწლო განწყობას ქმნის და ბარაქის სიმბოლოდაც აღიქმება"


გირჩის, რკოს, ფიჩხის, ხავსის, კაკლის, თხილის, წაბლის, ნუშის ნაყოფის, ფუჩეჩის,  ხმელი ან ნედლი ფოთლის თუ ნაძვის ტოტის ერთმანეთთან შეხამებით, შესანიშნავი კომპოზიციები იკვრება. ამავე დროს, ეს ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი სამშვენისებიც გახლავთ. სწორედ ასეთ სამშვენისებს აკეთებს ფლორის დიზაინერი ნანა
თაყაიშვილი. ახალი წელი კარს არის მომდგარი და სპეციალისტებიც საახალწლო თემატიკაზე მუშაობენ. მეც მათ ამ სასიამოვნო გარემოში ვეწვიე.


- ბუნებრივი მასალისგან სადღესასწაულო სამშვენისებს ვამზადებთ. აი, ხედავთ, როგორი პატარა, ორიგინალური ნაძვის ხეები გვაქვს? ასეთებს სხვაგან ვერ ნახავთ და ასეთივეა ნებისმიერი ნივთი, რომელიც აქ არის.
ბუნება თვალთახედვას გიფართოებს,
იდეები ჩნდება და სხვადასხვა ნივთის დამზადება გინდება... ყველაფერი ბუნებრივი მასალისგან არის შექმნილი და საახალწლოდ ნაძვის ხის გასალამაზებლად თუ საჩუქრად მშვენიერია.

- სამუშაოდ ყველაზე საინტერესო ბუნებრივი მასალა რომელია?

- ვერ წარმოიდგენთ, როგორი საინტერესო მასალაა შტორმისგან სანაპიროზე გამორიყული პატარა ჯოხები. ისინი ტალღებისგან სხვანაირად არის დამუშავებული და ფერიც სხვაგვარი აქვს - მოიასამნისფრო, მორუხო. ვიყენებთ კენჭებსა და ლოკოკინებსაც.

დასავლეთ საქართველოში მარადმწვანე მცენარეების საოცარი ნაზავია. ისეთი ლამაზი წიწვოვანი ხეებია, როგორსაც სხვაგან ვერ შეხვდებით. გურიაში ისეთ უნიკალურ, პატარა გირჩებს ნახავთ, გაოცდებით. იქაურ, ნებისმიერი ხის წიწვსაც კარგად ვიყენებთ...

- კიდევ რას იყენებთ?
- კაკალსა და რკოს, ამა თუ იმ მარცვლეულს, ხავსს, კენკრას, ასკილის ბუჩქის ანაჭერს, დეკორატიულ ტირიფს თხელი ლამაზი ტოტებით, ნაფოტებს... წიწვოვან ხეებს კანი სძვრება და მას მასალად ვაგროვებთ; ამ სქელი კანისგან მშვენიერი სამშვენისები იქმნება.

- ამჟამად საახალწლო თემატიკაზე მუშაობთ. კონკრეტულად რას აკეთებთ?
- სხვადასხვანაირ ნაძვის ხეებს. მასალად ხავსს, ნაფოტებს, სანოტო ფურცლებს ვიყენებთ. ვამზადებთ ლავანდის ულამაზეს გვირგვინებს. სხვათა შორის, ამ მცენარის გამოყენება ჩვენში ბოლო დროს დაიწყო. დღეს
სამების საკათედრო ტაძრის ბაღში კარგად ხარობს ძალიან ლამაზი და სურნელოვანი ლავანდა; მას არომათერაპიაშიც იყენებენ...

ჯვალოსგან ან სხვა ბუნებრივი ქსოვილისგან პატარა ტომსიკებს ვკერავთ, რომლებშიც ლავანდას ვდებთ, ან ტომრებს თხილით, კაკლითა და ნუშით ვავსებთ. ეს ტომსიკები საახალწლო ნაძვის ხის სამშვენისებადაც გამოიყენება და ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალებაც არის. მას ძალიან კარგი არომატი აქვს. ჩრჩილის საწინააღმდეგო ნაფტალინი ქიმიური საშუალებაა, ლავანდა კი მას მშვენივრად ენაცვლება... ჩვენ სამშვენისებს პატარა მორებისა და ნაფოტებისგანაც ვაკეთებთ, ვიყენებთ არყის ხის კანსაც...

- ეს პატარა ტომსიკები ბარაქის სიმბოლოდაც შეიძლება აღვიქვათ, არა?

- კი, ეს თხილით, კაკლითა და კენკრით სავსე ტომრები ნაძვის ხესთან, დასადებად ძალიან ორიგინალური რამ არის, წინასაახალწლო განწყობას ქმნის და ბარაქის სიმბოლოდაც აღიქმება.
ძალიან მოსწონთ ფუჩეჩის თოჯინები, რომლებიც სიმინდის ფუჩეჩისგან კეთდება. საახალწლოდ ფუჩეჩისგან ანგელოზებსაც ვამზადებთ. მათ ნაძვის ხის წვერის მოსართავადაც იკეთებენ. გადაჭრილი მორებისგან შანდლებს ვამზადებთ... აი, ამ ნაძვის ხისთვის კი პალმის კანი გამოვიყენეთ.

- ერთ-ერთი ნაძვის ხე, ვატყობ, ხმელი ფოთლებისგან გაგიკეთებიათ...
- დიახ, ქუჩაში ვიყავი გასული, ჭადრის ფოთლების დიდ გროვასთან მოვხვდი... ვფიქრობდი, ამისგან რა გავაკეთო, განსხვავებული რომ გამოვიდეს-მეთქი და აი, ასეთი ნაძვის ხის შექმნის იდეა მომივიდა. მისი ტანი ფოთლებისგან ავკინძე, მერე შევღებე და ორიგინალური რამ მივიღე... რადგან წელს ცხვრის წელი მოდის, პატარა ცხვრებიც გვაქვს - პატარა ხეებისა და მატყლის ძაფისგან დამზადებული. ხედავთ, რა ლამაზია? მათ ნაძვის ხეზე ჩამოსაკიდად ვამზადებთ.

- საოცარი ხელი და ფანტაზიის უნარი გაქვთ.
- ბავშვობიდან მქონდა მოთხოვნილება, სულ რაღაც მეკეთებინა. ხან რას ვიგონებდი, ხან - რას. პატრიარქი ამბობს ხოლმე, ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს, რაც ძალიან უყვარსო. მე ისეთ საქმეს ვაკეთებ, რაც ძალიან მიყვარს.
მუშაობისას ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დრო ჩერდება.  კი ვიღლები, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს, რომ ასე ვიხარჯები.

- თქვენს ჩანაფიქრს ბუნებამ დიდი გასაქანი მისცა...

- ბუნება მართლა საოცრებაა. რამდენიმე დღის წინ სტუმრად უკრაინელი ფლორისტი გვყავდა. უკრაინაში ეს დარგი კარგად არის განვითარებული. ჰოდა, სტუმარი მასტერკლასების ჩასატარებლად მივიწვიე საპატრიარქოს მებაღეობის კოლეჯში, სადაც მეც ვასწავლი. საქართველოში პირველად იყო და გაოცებული დარჩა - მსგავსი რამ არასდროს მინახავს, რა საოცარი ბუნება გაქვთო. განსაკუთრებით ჩვენი კედრის გირჩით მოიხიბლა, რომელსაც ვარდის ფორმა აქვს. ასეთი გირჩები ჩვენთან არ არისო. მოეწონა ჩვენი ლანდშაფტიც. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ვერ ვაფასებთ საკუთარ ბუნებას, არადა, მასში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის აღმოსაჩენი.

- რას ურჩევთ ადამიანებს, ბუნებაში ხეტიალისას როგორ მოიქცნენ, რას მიაქციონ ყველაზე მეტად ყურადღება?
- საქმეც ის არის, რომ ყველას ვერ ურჩევ. მაგალითად, ერთი მეგობარი სულ მეუბნება, სად გაქვს ამის ნერვებიო. არადა, ნეტავ იცოდეთ, ეს საქმე როგორ მამშვიდებს. განსაკუთრებით ბავშვები უნდა მივაჩვიოთ, რომ ბუნებას სხვა თვალით შეხედონ, ვინაიდან ბავშვი ყველაფერს განსაკუთრებულად აღიქვამს. მათ უნდა გაიგონ, რომ ბუნება ღვთის ბოძებული საუნჯეა და მას უნდა გაუფრთხილდნენ. თუ ადამიანს ბუნება უყვარს, ის სხვანაირიც იზრდება.

- თქვენი საქმიანობით გვიბიძგებთ, ქიმიური წარმოების პროდუქტებს აღარ გავეკაროთ და ბუნებრივი მასალის გამოყენებით შევქმნათ ორიგინალური ნივთები.
- ფლორისტიკაში ახლა ასეთი ტენდენციაა - ცოცხალი ყვავილებისთვის კომპოზიციის გასაკეთებლად ე.წ. ოაზისს ვიყენებთ. ეს არის ერთგვარი აგური, ფლორისტიკულ ქაფსაც ვეძახით. ის წყალში სველდება, სინოტივეს დიდხანს ინარჩუნებს და წყლიანი ლარნაკის მაგივრობას გვიწევს. მას იმიტომ ვიყენებთ, რომ თაიგულის შესაქმნელად ოაზისზე უკეთესი ჯერ არაფერი გამოუგონებიათ. ჩვენმა უკრაინელმა სტუმარმა კი გვითხრა, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით, ოაზისი დიდ საფრთხეს ქმნის, რადგან მიწაში არ იხრწნება. გარემოს პრობლემები რომ არ შეუქმნან, თანდათან კოლბებზე გადადიან. უნდა გაკეთდეს ისეთი კომპოზიცია, რომელიც წყლიან კოლბაში ჩაიდება. ეს უკვე თანამედროვე ფლორისტიკაა. დიახ, ბუნებასა და ეკოლოგიაზე ფლორისტებმა უნდა ვიზრუნოთ.

- აქ გამხმარ ლიმონის ნაჭრებსაც ვხედავ, რომლებიც ასევე მასალად გამოგიყენებიათ...
- დიახ, ლამაზია, მისგან ბევრი რამ კეთდება. აქვეა თავთავიც, მისგანაც ბევრ რამეს ვამზადებთ, მაგრამ საახალწლო თემატიკაში ხშირად არ ვიყენებთ. ასკილიც კარგად გვადგება და არყის ხის ქერქიც, ოღონდ ჩვენთან არყის ხეები არ არის და ეს დიდი პრობლემაა. ეს ქერქები კიევიდან ჩამოვიტანე.

- ლავანდიან ტომსიკებს როგორ აკეთებთ?

- ბუნებრივი ქსოვილის ან ჯვალოსგან შევკერავთ პატარა ტომრებს. მათში ჩავაფენთ ოაზისის ნაჭერს და ლავანდის ღეროებს სათითაოდ ჩავსვამთ ოაზისში, რომ ჩამაგრდეს. ლავანდას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ძლიერ ეთერზეთებს შეიცავს, თან გამხმარი წლობით ინახება. ისე, პატარა ტომსიკების ნაცვლად ბალიშების შეკერვაც შეიძლება.

- ტომსიკაში ოაზისის ნაჭერი რომ არ ჩავაფინოთ და ისე ჩავაწყოთ ლავანდის ყვავილები?
- შეიძლება. ოაზისს მხოლოდ სიმყარისთვის ვიყენებთ. ტომარას ლენტსაც თუ შემოვუჭერთ, ძალიან გალამაზდება... მოკლედ, ფიქრი და შრომა ნუ დაგვეზარება და ყველაფერს შევძლებთ.

ლალი ფაცია
dali
28 დეკემბერი 2014 15:44
გოგოებო ძალიან მომწოხართ. ძალიან მენატრებით რუსთავი 2-ზე.
გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. ჯამრთელობა და სიხარული არ მოგკლებოდეთ.
Nata
23 დეკემბერი 2014 14:39
რა კარგი ინსპირაციაა ბავშვების ოჯახებისთვის. საკუთარი ხელით შექმნილი სათAმაშოები ძალიან ძვირფასია ბავშვებისთვის

რედაქტორის რჩევით