ზამთრის დამამშვენებლები - ყვავილები ოჯახსაც ინახავს
22-12-2014
ზამთრის დამამშვენებლები - ყვავილები ოჯახსაც ინახავს
"რაც უნდა უსახური იყოს სახლი, თუ ყვავილებს შეიტან, იქაურობას მშვენიერების მადლი მოეფინება"

"დილით ჩემს ყვავილებს რომ დავივლი, თან დავღიღინებ, კოკრებს ველაპარაკები. ვიცი, რომ ესმით"


როცა ფლეიტისტი ციური გობოძე დიდი ხნის უნახავ მეგობრებს თავის ყვავილებს აჩვენებს - აი, მეყვავილეც გავხდიო, მათ ეს არ უკვირთ. ამ სილამაზის შემხედვარემ შეუძლებელია არ გაიფიქრო, რომ მის შექმნას სწორედ ხელოვანის სული სჭირდება. რაც უნდა დარდი ჰქონდეს. ქალბატონი ციური ყვავილების მოვლისას ჩუმად ღიღინებს და გრძნობს, ყვავილები როგორ
"უსმენენ".



- ყვავილები ჩემთვის არა მხოლოდ სიშვიდისა და სილამაზის სიმბოლოა. მათი მადლიერიც ვარ, რომ ოჯახი გამიძლიერეს. არცთუ დალხინებულ წლებში მე და ჩემი ქმარი ხილ-ბოსტნეულის გაყიდვით ვარჩენდით სამ შვილს. ძალიან ვწვალობდით, მაგრამ მაინც ბედის კმაყოფილი ვიყავით, რომ თავი როგორღაც გაგვქონ
და. ერთხელაც, ვდგავარ ამ ჩემი ხილ-ბოსტნეულის ყუთებთან და ვხედავ, ჩემი მეუღლე იელის ტოტებით მოდის, ტოტები კი ყვავილებით ისეა დაფარული, ფოთოლიც არ უჩანს.

ქმრის ხელში ყვავილები არ გამკვირვებია, რადგან ძალიან უყვარს ბუნება, მაგრამ ის კი გამიკვირდა, რომ მითხრა, ეს ლამაზი ტოტები შენ მოგიტანე, მაგრამ მოდი, ზოგი დავდოთ და ვსინჯოთ, გაიყიდება თუ არაო. დავთანხმდი და ყველა ტოტი რამდენიმე წუთში გაიყიდა. ორივეს გაგვიხარდა. ამის მერე კახეთიდან ტიტების ჩითილები ჩამოვიტანე და არც ის დამრჩენია გაუყიდავი... ასე მივხვდით, რომ ყვავილები დაუმადლებლად ამოგვიდგებოდნენ გვერდით - რაც უნდა მოხდეს, ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, რომელიც სილამაზეს დააფასებს და ყვავილს გულისა თუ ოჯახის წევრების გასახარებლად იყიდის.

ჩვენ კი ყვავილის მოვლა-მოშენება არ გაგვიჭირდებოდა - წარმოშობით კახეთიდან ვართ, ვაზის მოვლას შეჩვეულები, მიწის სიყვარულიც ვიცით; როგორც ვაზს, ყვავილსაც მოფერება და სიყვარული სჭირდება, ბავშვივით გრძნობს, რომ ეფერები და ინაბება. დილით ჩემს ყვავილებს რომ დავივლი, თან დავღიღინებ, კოკრებს ველაპარაკები. ვიცი, რომ ესმით. ყველას თავისი ხასიათი აქვს - ზოგს დილის მზე უყვარს, ზოგს - საღამოსი, ზოგი მთელი დღე თუ მზისგულზეა, მაშინ გრძნობს თავს კარგად, ზოგი კი რამდენიმე საათით უნდა მოაშორო მზეს და სიბნელეში ამყოფო მზეთუნახავივით, რომ თავისი სილამაზე გამოავლინოს.

- ასეთი რომელია?
- მაგალითად, შობის ყვავილი. ის შობიდან გაზაფხულამდე ცეცხლივით გიზგიზებს და ამ დროს მართლაც ღვთაებრივად ლამაზია. სხვათა შორის, შემიმჩნევია, ბავშვები ისე ვერ ჩაუვლიან, მისკენ არ მოიხედონ. ხშირად ახლობლების შვილებს ამ ყვავილის ლეგენდას ვუყვები: ერთ ქვეყანაში ღარიბ პატარა და-ძმას ძალიან უნდოდა, შობას თავისი მოძღვრისთვის საჩუქარი მიერთმია, ფული კი არ ჰქონდა, ამიტომ უბრალო ყვავილი მიუტანეს, მაგრამ ისეთი სიყვარულით, რომ ყვავილი წითლად აჩახჩახდა. მას შემდეგ ის წითელია.

- ლამაზი ლეგენდაა. კიდევ რომელი ყვავილია ზამთრის, შობის ყვავილივით?

- ბევრი, ყველას ვერც ჩამოთვლი... ასევე ძალიან ლამაზია მანანები, რომლებიც ზამთარში ყვავის, თუნდაც ყინვა მინუს 30 გრადუსი იყოს. გაზაფხულზე კი მიწაზე ნაძვის ტოტებივით უყვავილოდ დაეფინება... ქრიზანთემები პირიქით, დეკემბრის შუა რიცხვებში იძინებენ და გაზაფხულზე ისევ იღვიძებენ.
დეკორატიული ბუჩქების უმეტესობაც ზამთარში ლაღობს. რაც უნდა ცივი ამინდები დაიჭიროს, ასეთი მცენარეების შინ შემოტანა არ შეიძლება.

რამდენჯერე მითხრეს, დეკორატიულმა მცენარეებმა სიცივეში მოიწყინეს და შინ შევიტანეთ, შინ კი უარესი მოუვიდათ და როგორ გადავარჩინოთო... ამ დროს ვეუბნები ხოლმე, მომიტანეთ, მე მოგირჩენთ-მეთქი. მოაქვთ და ვუვლი, თან მიხარია, როცა ვხედავ, რომ დაღონებული ფეხზე დგება.
განა ბევრი რამ არის ამქვეყნად ისეთი, რაც ცხოვრებას გვილამაზებს? რაც უნდა უსახური იყოს სახლი, თუ ყვავილებს შეიტან, იქაურობას მშვენიერების მადლი მოეფინება. დეკორატიული კომბოსტო რომ კომბოსტოა, ისიც კი ულამაზესია.

- ამბობენ, რომ ყვავილის გახარება ქვიშიან ნიადაგში ჯობს...
- ქვიშა მართლაც უწყობს ხელს, რომ მცენარემ ფესვები თავისუფლად გაიდგას და წყალმაც არ დაალპოს. თუმცა, მცენარეს გააჩნია, ზოგს ტორფი მოსწონს, ზოგსაც - მიწა. ვისაც უნდა, რომ ლამაზი ბაღი ჰქონდეს, ყველა მცენარეს ყოველდღე ბავშვივით უნდა მოუაროს. ზოგი საზღვარგარეთიდან ეზიდება ყვავილებს, მაგრამ მე ჩემი კახეთიც მყოფნის - რა ყვავილი გინდა, რომ კახელებს არ ჰქონდეთ.
ერთი წელია, ნაკვეთი ვიყიდე ქალაქის გარეუბანში და მინდა, ჩემი ახალი ეზო ედემის ბაღივით გავალამაზო, თანაც ყვავილების მოვლით ოჯახს ვინახავ. ჩემს ოჯახში ყვავილების გარეშე სიცოცხლე არავის შეუძლია.

- თქვენთან ღვიის ბუჩქიც დავინახე. ღვია ხომ მთის მცენარეა, დეკორატიულ ბუჩქად როგორ იქცა?
- მოვლამ და მზრუნველობამ ღვიაც შეიძლება აქციოს დეკორატიულ მცენარედ. სხვათა შორის, აღმოვაჩინე, რომ ყვავილები კაცებს უფრო უყვართ! მაგალითად, ვხედავ, მოდის კაცი და თვალი ჩემი ყვავილებისაკენ გამოურბის, ამ დროს კი წინ ქალი მიუძღვის და ყვავილისკენ არც იხედება. ამას წინათ ათიოდე წლის ბიჭი გამოექცა დედას და გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა ლიმონის ხეს - დეიდა, ეს როგორ გაახარეო. დედამისი მოვიდა და წაიყვანა - რა დროს ლიმონია, გვაგვიანდებაო...

- ყვავილებზე ისეთი სიყვარულით საუბრობთ, უეჭველად წინაპრებისგან მოგდგამთ ეს სიყვარული...
- არა, მეყვავილე არავინ მყოლია. არც მეყვავილეებისგან მისწავლია ყვავილების მოვლა. ყველაფერი წიგნმა და გამოცდილებამ მასწავლა. შინ ახალ ყვავილს რომ მოვიტანდი, წიგნს გადავშლიდი და მასზე ყველაფერს ვკითხულობდი. ეს იყო და ეს.

მთავარია, ყვავილი გიყვარდეს, მისი მოვლის დრო გქონდეს და შრომა არ დაგეზაროს - მხოლოდ ეს არის საჭირო, რომ სილამაზეში იცხოვრო.
cico
05 იანვარი 2015 10:00
გამარჯობათ-ღმერტმა ხელი მოგიმართოთ ტქვენს საქმეში.ძალიან კი ვისიამოვნე თქვენი წერილის წაკითხვით-ამაზე კარგს ვერაფერს წავიუკითხავდი -ალბათ.გაიხარეთ და ახარეთ ტქვენი ყვავილები-რომ იცოდეთ მეც როგორ მიყვარს ყვავილები-მატზე ზრუნვა-რაღა თქმნაა უნდა ამის დრო უნდა გქონდეს მარტო სურვილი ვერაფერს მოგვცემს,მაგრამ მე ჩრემებურად ვცდილობ მოვიშენო ლამაზი ყვავილები და ეზო გავალამაზო.დიდი სიამოვნებიტ ვიმეგობრებდი ტქვენისტანა ადამიანთან და ჩემს ცოდნასაც ვავაგრმავებდი თქვენი დახმარებით. გაიხარეტ

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები