ქართული ხელობა
22-12-2014
ქართული ხელობა
შვიდი წლის წინ ოზურგეთის ცენტრში უჩვეულო ნაძვის ხე იდგა - მთლიანად ჩიჩილაკებით მორთული. ამ სილამაზის შემქმნელი სოფელ მაკვანეთის მკვიდრი გიზო თოიძე გახლდათ. ბატონი გიზო 78 წლის არის და უკვე აღარც ახსოვს, რამდენი ხანია, ამზადებს ჩიჩილაკებს. მათი გამოთლა მამამ ასწავლა: მამამისი, გერმანე თოიძე ჩიჩილაკებს კომუნისტების დროსაც ამზადებდა - ჯერ თავისი ოჯახისთვის გამოთლიდა, მერე მთელ სოფელს შემოუვლიდა და მეზობლებს თოვლივით თეთრი, ულამაზესი საკალანდო ხეებით ამარაგებდა.

მამის ტრადიცია შვილმა განაგრძო, ახლა კი ჯერი
13 წლის შვილიშვილზე - გიორგიზე მიდგა. "ჯერ არ იწევს ამ ხელობისკენ, მარა მაგანაც უნდა ისწავლოს ბაბუის ხელობა!" - ამბობენ თოიძეები და დიდი სიყვარულით ყვებიან საახალწლო ჩიჩილაკის მორთვა-მოკაზმვის ლამაზ ტრადიციაზე.

გურულები ახალ წელს კალანდას ეძახდნენ, ეს დღესასწაული განსაკუთრებით უყვარდათ და ჩიჩილაკის გარეშე ვერც წარმოედგინათ. ოთახს ამშვენებდა
თოვლივით ქათქათა, კურკანტელას მარცვლებითა და ფოჩიანი კანფეტებით დამშვენებული ჩიჩილაკი. ეს იყო რიტუალური ნივთი, რომელსაც საგანგებოდ საახალწლოდ ამზადებდნენ.

როგორ ამზადებენ ჩიჩილაკს


ჩიჩილაკს თხილის მსხვილი ჯოხისგან ამზადებდნენ. ჯოხს ჯერ გაახურებდნენ, კანს გააცლიდნენ და ბასრი დანით ბოლოდან წვერისკენ თხელი ბურბუშელების ათლას იწყებდნენ, მერე კი ამ ბურბუშელებს აკეცავდნენ. აკეცილ ბურბუშელებს ისევ ღერძზე გადმოფენდნენ და ძირზე სადგარს უმაგრებდნენ.

ზედა წვეროს ჯვარედინად ჩაჩეხავდნენ და შიგ ჯვრის ფორმით ჩასვამდნენ წამახულ ჯოხებს, რომელთა ბოლოებზე ჩამოაცვამდნენ ორ ბროწეულს ან ვაშლს, ორ კვერცხს, ე.წ. ყვინჩილებს. ჩიჩილაკზე ჰკიდებდნენ გაპუტულ შაშვს, რომელსაც ფრთებსა და კუდზე ბუმბულს უტოვებდნენ, სამკაულს, ფერად ძაფებს, ფოჩიან კანფეტებს და სხვ. ჩიჩილაკის ერთ-ერთი ატრიბუტი იყო კალპი.

კალპი მარადმწვანე სუროსა და წითელმარცვლიანი კურკანტელის ლერწებისგან მოწნული რგოლია, რომელსაც ჩიჩილაკის ზემოთ, ბურბუშელის შეკრების ადგილას დგამდნენ. კალპზე დებდნენ ყველითა და კვერცხით შეზავებულ გულამოჭრილ კვერცხს, ხოლო ზემოდან ადგამდნენ ყვინჩილებიან ჯვარს. ეს საყოველთაო წესები გახლდათ, თუმცა, დღევანდელი ოსტატები, მათ შორის გიზო თოიძეც, ჩიჩილაკს უფრო მარტივი წესითაც ამზადებენ. ბატონი გიზო თხილის ჯოხს არ ალბობს, ხელი ისე აქვს გაწაფული, რომ ჩიჩილაკს ნედლი თხილის ჯოხისგანაც კარგად თლის. ჩიჩილაკისთვის საჭირო მასალას ტყეში ეძებს.

ველური თხილის ჯოხებს ჭრის და ოჯახში მიაქვს. მართალია, ჩიჩილაკი შინაური თხილისგანაც კეთდება, მაგრამ შინაურ თხილს მოსაჭრელად ვერ იმეტებს. ჯერ კანს აცლის და მერე თლის. ამისთვის სპეციალური, მოკაუჭებული დანაა საჭირო, მაგრამ ხელიც გაწაფული უნდა გქონდეს. ახალმოჭრილი, ნედლი ტოტი უნდა გათალო იმიტომ, რომ ხმელი არ ითლება. ჩიჩილაკის გამოთლას ძალაც უნდა - ამ დროს ხელი იღლება, მაგრამ ამავე დროს, ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია. ჩიჩილაკს სპეციალური ფეხებიც უნდა ჰქონდეს. გიზო თოიძე ჯერ იმ ფეხებს ამზადებს, ბოლოს კი ჩიჩილაკს თავზე ჯვარს ადგამს. მერე მას ისე რთავენ, როგორც სურთ, მაგრამ ჩიჩილაკს ყოველთთვის უნდა ამშვენებდეს კურკანტელის მარცვლები, ასევე - სუროს ლამაზი ფოთლები. ზოგიერთ ოჯახში მასზე კანფეტებს, ვაშლს და მანდარინსაც ჰკიდებენ.

შობა-ახალი წლის ჩავლის შემდეგ ზოგან ჩიჩილაკს წვავენ, მაკვანეთში კი მარნებში ჰკიდებენ. ის გამოშრება და ჩამოვარდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩიჩილაკის დაწვა.

ჩიჩილაკები... ნაძვის ხეზე

ყველა ნივთსა და მცენარეს, რომლებითაც ჩიჩილაკი ირთვება, სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და უმთავრესად ოჯახის სიმრავლეს, სიძლიერეს გამოხატავს. ახალი წლის დღეებში ჩიჩილაკი ისევე აუცილებელია, როგორც ნაძვის ხე. ამიტომ, გურიასა და მთელ საქართველოში ნაძვის ხეს ხშირად უმშვენებს გვერდს ჩიჩილაკი, რომელსაც დაწვის შემდეგ ამ ოჯახის ყველა უსიამოვნება მიაქვს - ასეთია საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული რწმენა.

- ჩიჩილაკი ძალიან კარგად იყიდება. შედარებით პატარა ერთი ლარი ღირს, მაგრამ არის 3-ლარიანი, 10-ლარიანი და უფრო ძვირად ღირებულიც. ერთ წელიწადს თითო ჩიჩილაკში 70 ლარი გადაგვიხადეს - თბილისში დიდი კონცერტი იმართებოდა და ამ კონცერტისთვის შეკვეთა მოგვცეს, ხოლო ამ რამდენიმე წლის წინ ოზურგეთში საახალწლო ნაძვის ხე ჩვენს ოჯახში დამზადებული 700 ჩიჩილაკით მორთეს, - ამბობს გიზო თოიძის მეუღლე, ქალბატონი ლილი, - ჩემი ბადიშებიც მშვენიერ ჩიჩილაკებს ამზადებენ, ბაბუას ხელობა არ დაკარგეს. ნაძვის ხესა და ჩიჩილაკს ახლით ახალ წელს ვდგამთ და ნათლისღებას ვხსნით. 18 იანვარს ჩვენს ოჯახში ნაძვის ხეც იშლება და ჩიჩილაკიც.
ახალი წელი ახლოვდება და გიზო თოიძისა და სხვა ოსტატების ოჯახებში უკვე დაიწყეს ულამაზესი ჩიჩილაკების გამოთლა, რომლებმაც ახალი წლის დღეებში მრავალი ოჯახი უნდა დაამშვენოს და ჩვენს ქვეყანას ხვავი, ბარაქა, სიხარული მოუტანოს.

დასავლურ-ქართული ტრადიცია


ჩიჩილაკი ახალი წლის სიმბოლოა და მისი მორთვის ტრადიცია, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. წინათ გურიასა და იმერეთში ახალი წლის დღეებში ყველა ცდილობდა ოჯახში ჩიჩილაკის დადგმას. დღეს ტრადიცია აღდგა. 21-ე საუკუნის საქართველოში ჩიჩილაკი სულ უფრო პოპულარული ხდება და მას ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში შეხვდებით.

არსებობდა ჩიჩილაკის რამდენიმე სახეობა, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული გურული ჩიჩილაკი გახლდათ. მკვლევართა აზრით, ჩიჩილაკის დამზადების ტრადიცია წმინდა ბასილის სახელს უკავშირდება. გურიაში მას "ბასილის ფაფუკ წვერებსაც" ეძახდნენ, საახალწლოდ გამომცხვარ ნამცხვარს კი - "ბასილის პურს" უწოდებდნენ. 14 იანვარი წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღე გახლავთ და როგორც ჩანს, ხალხმა ამ ფორმით გამოხატა მოწიწება წმინდანის მიმართ. ჩიჩილაკს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სადღესასწაულო ხონჩაზე, ნათლისცემის წინა ღამეს კი მას აუცილებლად წვავდნენ - ასეთი იყო წინაპართა ადათი.

ხათუნა ჩიგოგიძე

zviadi
28 დეკემბერი 2014 11:38
odabade-ს
არ გასკდე ბოღმით ამ საახალწლოდ :)))) არსად არ წერია აქ, რომ ჭანები იყვნენ, თუ მეგრელები, უძველესი მოსახლეობა არ იყო იქაურობის, სადაც ახლა გურიაა. ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ჩიჩილაკი მხოლოდ გურიაში შემორჩა კომუნისტების დროსაც კი და "წმინდა ბასილის პური", საშობაო ღვეზელი (ახლა რომ საცხობებში დაიწყეს ცხობა და რატომღაც "გურული ღვეზელი" დაარქვეს) და კალანდობის ტრადიციაც და ტერმინოლოგიაც მხოლოდ გურიამ შემოინახა - ყველა გურული დაადასტურებს, რომ ბავშვობიდან ახსოვს ეს ამბები, ხოლო შენ (თუ ტყუილს არ იტყვი), ვერ გაიხსენებ ამას სამეგრელოში 20, 40, ან თუნდაც 60 წლის წინ.
ასე რომ, ნუ იძაბები, ახალ წელს გილოცავ და გურულებს მადლობა უთხარი, რომ
ტრადიცია შემოგინახეს :)))))
odabade
28 დეკემბერი 2014 11:05
ბასილი დიდი იყო ჭანი. ჭანეთიდან -რომელსაც ქართველი (დღევანდელი) ისტორიკოსები არადა არ აღიარებენ ასეთად.მათ უფრო გაურკვეველი გაბადოკია ურჩევნითა (თუმცა კაბადუკიაც მეგრული ტოპონიმია). ასე რომ როცა მეგრელ-ლაზები ჩიცილაკს აკეთებდნენ (თუ ეს ბასილი დიდს უკავშირდება) მაშინ აწინდელი გურულები დღევანდელ დასავლეთ საქართველოში არც იყვნენ.

რედაქტორის რჩევით