თქვენ რომ ცეტი გგონიათ... თხა მარჩენალიც არის - კვირის პალიტრა

თქვენ რომ ცეტი გგონიათ... თხა მარჩენალიც არის

"ყველაფერი ასეა - თუკი გიყვარს, ისიც გპასუხობს, თხა კი მარჩენალიც არის. შეიძლება ვერ გაგამდიდროს, მაგრამ თუ მოუვლი, ოჯახი მშიერი არ გეყოლება"

"ქართული თხის მატყლი ისეთი ხარისხიანი არ არის, რომ მისგან ძაფი დავგრიხოთ"

მართალია, თხა ზოგისთვის ცეტი და დაუდეგარი ცხოველია, მაგრამ სინამდვილეში ძალიან უწყინარია და მისი მოშენებაც მომგებიანია. ამას ჩვენში ბევრი მიხვდა და ბოლო დროს საქართველოში თხის მომრავლება დაიწყო.

წლეულს ლურჯი თხის (ცხვრის) წელიწადი დგება და ასტროლოგების თქმით, ისიც უწყინარი და მშვიდი იქნება.

თხებს მცხეთის განაპირას მივაგენით. მცხეთელმა ილია ნაგლაძემ თხის მოშენება 12 წლის წინ დაიწყო.

- საოჯახო საამქრო მქონდა, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთს ვამზადებდი, მაგრამ ერთხელაც დამირეკეს, შენი საამქრო იწვისო. რომ მივედი, იქაურობა ცეცხლში გიზგიზებდა. ყველა ხარჯის გასტუმრების შემდეგ ხელში 400 ლარი შემრჩა. ფულს დავცქეროდი - რას ვამყოფინო-მეთქი, ვფიქრობდი. ისიც კი გავიფიქრე, ძროხა ხომ არ მეყიდა-მეთქი! თუმცა, ამ ფულით კარგი ძროხის ყიდვაც შეუძლებელი იყო! =ამ ფიქრით რამდენჯერმე გადავფურცლე ლიტერატურა შინაური ცხოველების შესახებ და იქ წავიკითხე თხაზე - რა პირობებში იცხოვრებდა, როგორ მრავლდებოდა და ა.შ. ამის შემდეგ ბევრი აღარ მიფიქრია და თხები ვიყიდე.

გაგონილი და წაკითხული მქონდა, სოფლებში დედებს რძე რომ გაუშრებოდათ, ოჯახი  ბავშვს თხის რძით ზრდიდა, რადგან თხის რძე თვისებებით დედის რძეს ყველაზე მეტად ჰგავს. მოკლედ, ჩემი 400 ლარით 6 სული თხა ვიყიდე - 5 დედალი და ერთი მამალი. ამ ექვსმა თხამ 8 თიკანი მოიგო. წასაყვანი არსად მქონდა და თხები ჩემი კორპუსის ეზოში, ფარდულში დავაბინავე. ჩემს მეზობლებს ჩემი 14 თხის კიკინი აღვიძებდა. ამის გარდა, ეზოც გვარიანად შევლახე - ფარდულს დღეში ორჯერ ვასუფთავებდი, მაგრამ ცხოველის ადგილი კორპუსების წინ არ არის...

- მერე რაღა გააკეთეთ?

- მცხეთის გამგეობას მივაკითხე. მითხრეს, ამოირჩიე მცხეთის გარშემო მიწა და მოგცემთო - მიწის ნაკვეთი კანონით მეკუთვნოდა. ქალაქის განაპირა მთაზე ამოვირჩიე. აქ შუაწელამდე მოსახლეობას საცხოვრებელი სახლები უკვე აეშენებინა, ზემო ნაწილი კი ისევ ბუჩქნარით იყო დაფარული. მე მიწა დაბლა არ მინდა, ბუჩქნარში მომეცით-მეთქი და დამთანხმდნენ. ტერასები გავაკეთე და ხეხილი დავრგე, ნაწილზე კი თხისთვის და ჩემს საცხოვრებლად გომური გამოვჭერი. ახლა მთაზე ორი გომური მაქვს. აქ ძალიან ბევრი ტურაა, თხების დატოვება არ შეიძლება და ვიდრე გომურში შევრეკავ, გამუდმებით თვალყურს ვადევნებ. გარდა ამისა, დოლის პერიოდში თხასაც უჭირს და ახალდაბადებულ თიკანსაც, ორივეს მიხედვა უნდა. ისე კი, თხა ძალიან ამტანია - ზამთარში აქ, მთის წვერში, ქალაქთან შედარებით 3-4 გრადუსით დაბალია ტემპერატურა და მშვენივრად უძლებს.

არასოდეს დამავიწყდება 5 წლის წინანდელი ზამთარი - თერმომეტრი -15 გრადუსს აჩვენებდა, თხები კი მშვენივრად იყვნენ.

- თიკანიც?

- გააჩნია. ზამთარში დაბადებული თიკანი უფრო ძნელი გასაზრდელია, ვიდრე ზაფხულის. თხის მაკეობა 5 თვე გრძელდება; მყოლია თხები, რომელთაც დოლი თებერვალშიც ჰქონიათ და აგვისტოშიც. თებერვლის თიკნებს მეტი ყურადღება სჭირდებათ, რადგან თოვლია, თხა ვეღარ შოულობს საკვებს და შესაბამისად, რძეც ნაკლები აქვს. თუმცა, ციკანს გაჭირვებით მაინც გაზრდის.

თხა ძალიან სიცოცხლისუნარიანია. მთელი ზამთარი თოვლიც რომ იდოს და დამატებითი საკვები არ მისცე, საჭმელს მაინც იპოვის. ძროხა 60 სახეობის მცენარეს ჭამს, თხა კი - 120-ს, მათ შორის - გამხმარ წიწვს. თოვლის დროს კი ნეკერს - ხეების წვრილ, ნედლ ტოტებს პოულობს. ასე თიკანსაც შეინარჩუნებს და გამოკვებავს. თუმცაღა, როცა თხას რძე აკლია, თიკანი სუსტია, ამიტომაც რძის მიშველება სჭირდებათ. ასეთ დროს რძეს ვყიდულობ და თიკნებს ვაძლევ.

- რა ხნის თიკნებს ყიდით?

- ერთი თვის თიკანი დაახლოებით 5 კილოგრამს იწონის, 7-8 თვისა კი - 9-10 კილოგრამს. მცხეთაში ყველა მიცნობს, თუკი თიკანი სჭირდებათ, მიკავშირდებიან. თხას, რძესთან ერთად, ხორციც ძალიან სასარგებლო აქვს. მის ხორცში ძალიან მცირეა ქოლესტერინი და გემრიელიცაა.  რაც შეეხება რძესა და ყველს, თხის ამ პროდუქტის გემო ყველამ იცის. მცხეთელები ჩემგან თხის ყველსაც ყიდულობენ და ყველა ამბობს, ვეღარ ველევითო. თხა მაკეობისას რძეს არ გაძლევს, მაგრამ ეს პერიოდი ცოტა ხანს გრძელდება. ახლა, მაგალითად, წველას თავი ოქტომბერში დავანებე და თებერვალში განვაახლებ.

- საშუალოდ, თითო თხას რამდენი თიკანი ჰყავს?

- ჩემს თხას 5 თიკანიც ჰყოლია, მაგრამ საშუალოდ მაინც 2 უნდა ვიანგარიშოთ.

100 დედა თხა, საშუალოდ, 150-250-მდე თიკანს შობს. თხის უცხოურ ჯიშებზე, მაგალითად, შვეიცარიულზე, უფრო მეტ შობადობასა და წველას ანგარიშობენ, მაგრამ ჩვენი მეგრული თხა იმდენად კარგია, უცხოური ჯიშები არც მიძებნია.

მეგრული თხა საშუალოდ დღეში 4-5 ლიტრს იწველის. შვეიცარიულ თხებზე ამბობენ, რომ მათი წველადობა 8 ლიტრზეც ადის. ალბათ, ამიტომ ჩამოჰყავთ ფერმერებს საქართველოში. თხა მსოფლიოში თითქმის ყველგან ჰყავთ, ჯიშებიც გამოჰყავთ და რძისა და ხორცის წარმოების მიხედვით, მეხორცულ და სარძეო ჯიშებად არიან დაყოფილი. სარძეო ჯიშის თხა წელიწადში 450-550 კგ-ს იწველის, საუკეთესო მეურნეობებში კი - 1 000 ლიტრამდეც ადის.

- მატყლი დაგავიწყდათ...

- ქართული თხის მატყლი ისეთი ხარისხიანი არ არის, რომ მისგან ძაფი დავგრიხოთ.

- თხა ზოგიერთს  გაუფრთხილებელ და ცელქ არსებად მიაჩნია...

- გაუფრთხილებელი კი არა, მაგაზე ფრთხილი და წინდახედული ცხოველი არ არსებობს. თხას რომ მტერი გაეკიდება, მაშინვე მთის წვერზე არბის, სადაც მტერი ვერ მიჰყვება და რომც მიჰყვეს, გადაიჩეხება. გარდა ამისა,

თხა მარტო არ დადის, ის აუცილებლად ჯგუფებთან ერთად მოძრაობს, რომელთაც თავიანთი წინამძღოლი ჰყავთ. იმ წინამძღოლის გარეშე ნაბიჯს არ დგამენ.

ამავე დროს, ძალიან საყვარლებიც არიან - საკვებს თუ ელის,  კუნტრუშით გამოქანდება და ცხვირით გეფერება. მთა-მთა სიარულით რომ დავიღლები და ბალახზე წამოვწვები, მოვლენ და დრუნჩს მკრავენ, არ მშორდებიან. საერთოდ ყველაფერი ასეა - თუკი გიყვარს, ისიც გპასუხობს, თხა კი მარჩენალიც არის. შეიძლება ვერ გაგამდიდროს, მაგრამ თუ მოუვლი, ოჯახი მშიერი არ გეყოლება.