მთაში უფლის სადიდებელს ლუდით ამბობდნენ - კვირის პალიტრა

მთაში უფლის სადიდებელს ლუდით ამბობდნენ

ხევსურთა უძველესი საახალწლო ტრადიციები

დღეს ხევსურეთში არის სოფლები, სადაც ხალხი აღარ ცხოვრობს და ხატობაც აღარ იმართება, თუმცა შატილში, გუდანსა და ხახმატში ხატობა მაინც ეწყობა

საქართველოს ულამაზეს და უძველეს მხარეში, ხევსურეთში, მოსახლეობა ძალიან მცირე რაოდენობით ცხოვრობს. ამიტომ ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია ის უძველესი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, რომლებიც ამ მხარეში იყო გავრცელებული. როგორ ხვდებოდნენ შობა-ახალი წლის დღეებს ხევსურები? - ამის შესახებ ჟურნალ "ცისკრის" მთავარი რედაქტორი ბაღათერ არაბული მოგვითხრობს. როგორც მან გვითხრა, ახალი წლის მოახლოება ბავშვობასაც ახსენებს და უძველეს ხევსურულ წეს-ჩვეულებებსაც.

- ბატონო ბაღათერ, როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს თქვენს მშობლიურ მხარეში?

- ხევსურები ახალ წელს "წელწადს" ეძახდნენ და დღესაც ასე ეძახიან. ისინი ძირითადად ძველით ახალ წელს, ანუ 14 იანვარს აღნიშნავდნენ. ჩემს ბავშვობაში ყველა იმ ტრადიციას ასრულებდნენ, რაც წინაპართაგან ჰქონდათ გადმოცემული და ახალი წლის დღესასწაულისთვის საგანგებოდ ემზადებოდნენ: მახსოვს, წინადღით დედაჩემი სახლსა და ეზო-მიდამოს დაასუფთავებდა და ყველას ახალი ტანსაცმლით შეგვმოსავდა, მამაჩემი კი, ამ დროს საახალწლოდ არაყს ხდიდა. ვიდრე ოჯახიდან ვინმე ხატში წავიდოდა, დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობდა. ერთი მათგანი დიდი იყო და სამეკვლეო კვერი ერქვა, რომელსაც მეორე დღეს მეკვლეს აძლევდნენ. ამ კვერზე ბევრი რამ იყო გამოსახული: კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა...

სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს ყურადღებით აკვირდებოდნენ და სჯეროდათ - ცხობისას რომელი გამოსახულებაც აფუვდებოდა და მაღლა აიწევდა, იმ წელიწადს სწორედ ის გამრავლდებოდა, მაგალითად: თავთავი თუ ამოიწევდა, იმ წელიწადს ხორბლის კარგი მოსავალი ექნებოდათ, თუ ხარის გამოსახულება აიწევდა, ეს ნიშნავდა, რომ საქონელი გამრავლდებოდა და სხვ. შემდეგ, დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისთვის აცხობდა ბედობის კვერებს: თითოეულ ბედისკვერს თავისი ნიშანი ჰქონდა და გამოცხობის დროს ვისი ბედისკვერიც აფუვდებოდა, მომავალი წელი მისთვის იღბლიანი და ყისმათიანი იქნებაო - ამბობდნენ.

- მეკვლეობა ხევსურებმა დღესაც იციან?

- რა თქმა უნდა, ოღონდ მეკვლეს ახალი წლის საღამოს ოჯახიდან ხატში გზავნიან. ჩემს ბავშვობაში მეკვლედ რომ გამგზავნიდნენ, თან მატანდნენ არაყს და ე.წ. წულის სანთლებს: ოჯახში რამდენი ქუდოსანი ანუ მამაკაცი იყო, მეკვლეს ხატში იმდენი სანთელი მიჰქონდა. მეც ავიღებდი ამ სანთლებს და სალოცავში მივდიოდი. იქ ქალების სახელზე სანთლის დანთება არ შეიძლებოდა. ახალი წლის ღამეს, ვიდრე მეკვლე ხატობიდან არ დაბრუნდებოდა, ოჯახიდან არავინ გადიოდა. ხატში მისულ მეკვლეს ასე ლოცავდნენ: მოხველ მშვიდობითა, ბევრ ახალ წელსამც დაესწრები, პურიანსა, წულიანსა, სარგებლიანსაო... მეკვლე ხშირად ხატის კარზე რჩებოდა.

ხევსურეთში  ხევისბერს ხუცესს ეძახიან, ის მეკვლეების მიტანილ არაყს გასინჯავდა და ვისი არაყიც მოეწონებოდა, მის პატრონს განსაკუთრებულად ამწყალობებდა და ლოცავდა. გათენებისას ხუცესი გარეთ გავიდოდა, შემოიტანდა თოვლს, ხატის კარზე მყოფთ თავზე გადააყრიდა და ლოცავდა: ესრეთ თეთრად აყვავდით! წელიმც კაი გექნებათ, პურიან-წულიანი, სახელ-სარგებლიანი, მშვიდობის და კარგად ყოფისაო... ამ სიტყვებს იქ მყოფებიც დალოცვით პასუხობდნენ, რის შემდეგაც ყველა ერთმანეთს ლოცავდა და არაყს სვამდა. მზის ამოსვლისას ხუცესი დარბაზიდან ისევ გავიდოდა და ზარს რეკავდა ახალი წლის შემოსვლის ნიშნად. დარბაზის გარეთ ლუდიანი ქვაბი იდგა, ხუცესი მეკვლეებს თითო თას ლუდს შეასმევდა და ჩვენც სახლში ვბრუნდებოდით. ხატიდან დაბრუნებულ მეკვლეს სახლის კართან დიასახლისი ხვდებოდა და სამეკვლეო კვერს გადასცემდა. მეკვლეს პურის კვერი სამჯერ უნდა შემოეგორებინა სახლში ისე, რომ ზედა მხარეზე ჯვარი ყოფილიყო, თანაც ილოცებოდა. ხალხური რწმენის მიხედვით, თუ კვერი ჯვარწაღმა დაეცემოდა, ეს კარგის ნიშანი იყო, თუ არადა - ცუდისა. ამ პურს დიასახლისი აიღებდა და ცალკე შეინახავდა.

- კიდევ რა ევალებოდა მეკვლეს?

- მეკვლე ბუხართან მივიდოდა, მუგუზალს აიღებდა, შეუჩინჩხილებდა და ნაპერწკლები რომ გასცვივდებოდა, ეს იმ ოჯახში ადამიანისა და საქონლის გამრავლებას ნიშნავდა. მეკვლე ოჯახს ლოცავდა და მის წევრებს გამრავლებას, ხვავსა და ბარაქას უსურვებდა. დალოცვის შემდეგ ყველას თავიანთ ბედის კვერებს დაურიგებდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლოთ ოჯახის წევრებს გარეთ გამოსვლა.

- დღეს რა ხდება თქვენს მშობლიურ მხარეში, თუ ინარჩუნებს ხალხი ამ წეს-ჩვეულებებს?

- ჩემი სოფელი, მაწმაო, პირველი სოფელია ხევსურეთში. შემდეგ მოდის დათვისი, გველეთი და მერე - ბარისახო. ხევსურეთში ეს რიტუალები, რომელზეც ვსაუბრობდი, მკრთალად, მაგრამ მაინც შენარჩუნებულია. ხატშიც მიდიან და ილოცებიან. მართალია, ახალი წლის ღამეს იქ არ ათენებენ, მაგრამ დილით ყოველთვის ადიან ხატში, სანთელს ანთებენ და უკან ბრუნდებიან. დღესდღეობით მაწმაოში მარტო ორი ოჯახია დარჩენილი, მაგრამ იქ ადიან ბარისახოში, თიანეთში, თუ სხვა ადგილას მცხოვრები თანასოფლელები და სალოცავში მიდიან. ადრე თითქმის ყველა სოფელში იყო სალოცავები. ხატობას ხუცესი ატარებდა, მას ეხმარებოდა დასტური და მორიგე. ხუცესი ბრძენი, ასაკოვანი კაცი იყო, რომელმაც დამწყალობება იცოდა და ყველა პატივს სცემდა. 1970-1980-იან წლებში ჩვენს მხარეში ხუცესი ბათილა არაბული იყო. დღეს კი, მისი შვილი - გიორგი აგრძელებს მის გზას. \ სამწუხაროდ, დღეს ხევსურეთში არის სოფლები, სადაც ხალხი აღარ ცხოვრობს და ხატობაც აღარ იმართება, თუმცა შატილში, გუდანსა და ხახმატში ხატობა ყოველთვის ეწყობა.  საყურადღებოა, რომ მთაში უფლის სადიდებელს მხოლოდ ლუდით ამბობდნენ, სანთელსაც ლუდის თასზე ანთებდნენ.

- ბატონო ბაღათერ, ძველად ხატის კარზე მისვლის უფლება ქალს არ ჰქონდა. დღეს თუ არსებობს ეს წესი?

- ეს ძველისძველი ადათი დღესაც შენარჩუნებულია და ხატობაზე მხოლოდ მამაკაცები მიდიან. მართალია, მარიამობისა და ათენგენობის დღესასწაულს ქალებიც ესწრებიან, მაგრამ სალოცავში შესვლის უფლება არა აქვთ. ისინი ხატიდან 200-300 მეტრში ჩერდებიან, სალოცავში მყოფი მამაკაცები კი, მათ შორიდან ადღეგრძელებენ და დღესასწაულს ულოცავენ. უნდა ითქვას, რომ ეს ტრადიციები ხალხს თანდათან ავიწყდება, თუმცა, ახალგაზრდობა, რომელიც ხევსურეთში ცხოვრობს, ან ბარშია ჩასახლებული, ცდილობს, მამა-პაპური სალოცავებიც შეინარჩუნოს და წინაპართა ტრადიციებსაც არ უღალატოს.

დასასრულ, რადგან შობა-ახალი წელი მოდის, ის სიტყვები უნდა გავიხსენო, რომლითაც ხუცები და ხევისბრები საუკუნეების განმავლობაში ლოცავდნენ ჩვენს ხალხს:

მთისა და ბარის სალოცავები გვფარავდეს ჩვენ და სრულიად საქართველოს, უფალმა მრავალი ბედნიერი ახალი წელი გაგვითენოს!

ხათუნა ჩიგოგიძე