საშობაო ყვავილი - დეკემბერა
29-12-2014
საშობაო ყვავილი - დეკემბერა
ზამთარში მცენარეების უმეტესობას სძინავს და როგორც მეყვავილეები ამბობენ, ისვენებენ, მაგრამ არის ისეთი ყვავილებიც, რომლებსაც ამ პერიოდშიც "არ ეძინებათ" და ლამაზად ყვავილობენ. მათ საშობაო ყვავილებს უწოდებენ.

საშობაო ყვავილის ხსენებაზე, ალბათ, ბევრს პუანსეტია ახსენდება, რომელიც ჩვენში ბოლო დროს ისე გავრცელდა, რომ საახალწლოდ გამოტანილ პროდუქტებს შორის ჰიპერმარკეტებშიც კი შეხვდებით. ამჯერად არა პუანსეტიას, არამედ შლუმბერგერას ანუ დეკემბერას შესახებ მოგითხრობთ, რომელიც ასევე საშობაო მცენარეა.

ამ დღესასწაულისთვის შესაფერისი მცენარეების შეძენის ტრადიცია ჩვენში ბოლო დროს დამკვიდრდა. ამბობენ,
სახლებში მათ სიყვარული და კეთილდღეობა შეაქვთო... სასაჩუქრედ დამკვიდრებულ საშობაო მცენარეებს შორის არის ნაირფრად მოყვავილე დეკემბერა. ის საქართველოში გავრცელებული კაქტუსისებრთა ოჯახის მცენარეა, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს ყვავის. მის შესახებ საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის პედაგოგი მაია ქურდაძე გვესაუბრება.


- შლუმბერგერა, ანუ დეკემბერა კაქტუსების ოჯახიდან, ზიგოკაქტუსების ჯგუფიდან
გახლავთ. იზრდება სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში. ეპიფიტი მცენარეა, ე.ი. სხვა, უფრო დიდი ტანის მცენარეების ფუღუროებში, ტოტებისგან შექმნილ "ბუდეებსა" და მსგავს ადგილებში სახლობს, სადაც მცენარისთვის საჭირო ნიადაგი ჩამოცვენილი ფოთლებისა და ხის ქერქების დაშლის შედეგად იქმნება.

- რატომ მიიჩნევენ მას საშობაო ყვავილად?
- შლუმბერგერა თავის სამშობლოში ზაფხულში იწყებს ყვავილობას. ეს თვისება ჩვენს ნახევარსფეროშიც "გამოჰყვა". ამ დროს ჩვენთან ზამთარი იწყება, ამიტომაც შეარქვეს დეკემბერა. ახლა ჩვენთან მცენარეები ხომ ისვენებენ, მხოლოდ რამდენიმე ყვავის. ერთ-ერთი ულამაზესი დეკემბერაა, რომელიც სწორედ საშობაოდ იწყებს უხვ ყვავილობას. დღეს მისი უამრავი ჯიში არსებობს, სხვადასხვა შეფერილობის ყვავილებით.

- როგორი მოვლა სჭირდება?
- შლუმბერგერა, სხვა კაქტუსებისგან განსხვავებით, მზის ნაკლებად მომთხოვნია, ნათელი ადგილი უყვარს, მზის მწველი სხივებისგან მოჩრდილული. ის ხომ ტროპიკული ტყეების ბინადარია, ამიტომ წყალიც, სხვა კაქტუსებთან შედარებით, მეტი სჭირდება, ოღონდ ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს.

- ზამთარში რა ტემპერატურა სჭირდება და ადგილი სად უნდა მივუჩინოთ?

- უპრეტენზიო მცენარეა, მაგრამ ზამთარში, ყვავილობის დროს, სითბო ურჩევნია. სიცივეში კოკრები უფუჭდება. ზაფხულში გარეთ, ღია ცის ქვეშ გატანაც შეგვიძლია, ოღონდ, აუცილებლად ჩრდილში. თუ ნოყიერი ნიადაგი ექნება, უფრო ინტენსიურად იყვავილებს. კარგი იქნება, თუ მიწაში გადამწვარ ნაკელს ავურევთ, ან სისტემატურად სასუქით გავამდიდრებთ.

- ხშირად რომ იყვავილოს, როგორ უნდა მოვიქცეთ?
- კარგი ყვავილობისთვის აუცილებელი პირობაა გადაყვავილების შემდეგ მოსვენება. ამ დროს,P პირველ რიგში, მცენარეს ზედმეტი ტოტები უნდა მოვაცილოთ, გამოვხშიროთ. მოჭრას, ჯობია, ფრთხილად წავატეხოთ ხშირი ღეროები. ეს ტოტები ადვილად დაფესვიანდება, თუ პირდაპირ მიწაში ჩავრგავთ 1-2 სმ სიღრმეზე. მორწყვა უნდა შევუმციროთ და დაახლოებით 1,5-2 თვე სიგრილეში მოვათავსოთ. შემდეგ ისევ ჩვეულებრივი წესით მოვუვლით. შლუმბერგერას არ უყვარს ადგილის ხშირად შეცვლა, განსაკუთრებით, ყვავილობისას.

- სად შეიძლება მისი შეძენა?
- დეკემბერას ყველგან წააწყდებით: როგორც საყვავილე მაღაზიებში, ისე  - ყვავილების ბაზრობებზე. ნაცნობ-მეგობრებშიც ბევრს ექნება ეს ლამაზი მცენარე და სხვადასხვაფრად მოყვავილე დეკემბერას ზედმეტი ტოტებიც შეიძლება ერთმანეთს გავუნაწილოთ.

ლალი ფაცია
lali
11 ივლისი 2016 15:49
qalbatono lali amboben dekemberas oqtombridan ar unda dekembramde morcyvao.marto gaapxviereo.martalia?

რედაქტორის რჩევით