"დაბრუნება" ედემში - რეპორტაჟი პატრიარქის ზამთრის ბაღიდან (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"დაბრუნება" ედემში - რეპორტაჟი პატრიარქის ზამთრის ბაღიდან (ექსკლუზივი)

"პატრიარქი ყოველ შემოდგომას, ზამთრის დადგომის წინ, მცენარეს ლოცავს - მშვიდობით დაიძინე და გაზაფხულზე მშვიდობით გაიღვიძეო"

"ბუნებასთან კავშირი უნდა აღდგეს. ეს არის ღმერთთან მიახლების, ურთიერთობის ერთ-ერთი საშუალება"

ბუნების, მიწის სიყვარულისა და ხის დარგვისკენ მუდმივად მოუწოდებს მრევლს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია  II. იმასაც შეგახსენებთ, რომ მისივე ლოცვა-კურთხევით გამოდის ჩვენი ჩანართი "მამულ-დედული", რომელიც მკითხველმა შეიყვარა და მუდმივად გვიზიარებს საკუთარ შეხედულებას, მოსაზრებას თუ სურვილებს. ამჯერად გთავაზობთ რეპორტაჟს საპატრიარქოდან, სადაც უწმინდესის ლოცვა-კურთხევით საოცარი მცენარეები ხარობს. გემოვნებით მოვლილ ეზოსთან ერთად უწმინდესის უნიკალური ზამთრის ბაღიც მოვინახულეთ.

ზამთრის ბაღში შესვლამდე საპატრიარქოს შესასვლელში უმშვენიერესი და უზარმაზარი კრასულა (ჩვენში ბარაქის ხედ ცნობილი) იწონებს თავს. ჩვენი მასპინძელი, საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის მოადგილე, მონაზონი თეკლე სიხარულიძე გვეუბნება, რომ კრასულა, სავარაუდოდ, 20 წლის იქნება.

- უწმინდესის ზამთრის ბაღი სავსეა ეგზოტიკური მცენარეებით, - გვიხსნის მასპინძელი, - ამ კოლექციის დიდი ნაწილი სხვადასხვა ფორმისა და ჯიშის ბონსაებია, ანუ ჯუჯა მცენარეები, ეს ყველაფერი დეკორატიული და გამოყვანილია. ზამთრის ბაღში ბონსაის საუკეთესო კოლექციაა (ბონსაი ბუნებრივი მცენარისგან გამოყვანილი პატარა ზომის მცენარეა).

- კიდევ რა მცენარეებია აქ?

- კაქტუსების დიდი და საოცარი კოლექციაა. არის ორქიდეების კოლექცია, სხვადასხვა სახეობის ასპარაგუსები, პალმები, ფიკუსი, იელი, ანთურიუმის დიდი ჯგუფი.

- რამდენი ხანია, ბაღი არსებობს?

- დიდი ხანია. მოგეხსენებათ, უწმინდესს ძალიან უყვარს მცენარეები და ამ სიყვარულმა შეაქმნევინა ჩვენი მებაღეობის კოლეჯიც... აქაურობას, დედებთან ერთად, უვლიან "ევროეზოს" წარმომადგენლებიც. კვირაში ორჯერ მოდიან - კვება, გასხვლა, შეწამვლა - ყველანაირ პროცედურას ატარებენ.

ეგზოტიკურ მცენარეებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. დახურულ სივრცეში ამა თუ იმ დაავადების გავრცელების საფრთხე მეტია, ამიტომ მათ კვალიფიციური სპეციალისტები უვლიან.

- აქ კლიმატი როგორია?

- ბაღში შესაბამისი კლიმატია. ტემპერატურა და ტენიანობაც ნორმის ფარგლებშია. საჭიროების შემთხვევაში აქაურობას ვანიავებთ.

- ალბათ, ასეთი ხელშეწყობის შედეგია, რომ ზამთარში ასე თავმომწონედ ყვავის ამდენი მცენარე. ზაფხულში რა ხდება აქ?

- ამიტომაც ჰქვია აქაურობას ზამთრის ბაღი... ზაფხულში მცენარეთა უმეტესი ნაწილი გარეთ, ბაღში ინაცვლებს და აქ მხოლოდ ნაწილი რჩება.

- ამ მცენარეების ერთ სივრცეში თანაარსებობა რეკომენდებულია?

- თითოეული საგანგებოდ არის შერჩეული. ყველა მცენარე ცალკე კონტეინერშია მოთავსებული, ამიტომ მათი თანაცხოვრება პრობლემებს არ გვიქმნის.

- თითოეულს, ალბათ, განსაკუთრებული ხასიათი აქვს...

- რა თქმა უნდა, და ამასთან, ყოველი მათგანი ჟანგბადის წყაროა. მცენარეები შერჩეულია ოთახის პირობებისთვის, ორანჟერეისთვის, არც ერთი არ არის ალერგიული.

მცენარეს, როგორც ცოცხალ არსებას, მოფერება და საუბარი უყვარს, ეს სივრცეც, თითოეული ყვავილიც, უწმინდესის მადლითა და სიყვარულით არის გაჯერებული...

- უწმინდესი ხშირად სტუმრობს აქაურობას?

- ეს მისი უსაყვარლესი ადგილია. შესაძლოა, დღეში რამდენჯერმე შემოვიდეს. აქ სტუმრებსაც იღებს.

- რომელია მისი საყვარელი მცენარე?

- რომელიმეს გამოყოფა ძნელია, თითოეული ძალიან უყვარს. ეს მცენარეები მისი ალერსითა და სიყვარულით იზრდება, მართალია, სხვა ადამიანები უვლიან, მაგრამ მათი პატრონი უწმინდესია...

- ეს ორქიდეების კოლექციაა?

- დიახ და არაჩვეულებრივად ყვავის. ახლა იელი იწყებს აყვავებას, იებიც კარგად ყვავილობს... უმეტესობა ტროპიკული მცენარეა. ისინი ბუნებაში +15-20 გრადუსსა და მეტზეც მშვენივრად გრძნობენ თავს. სხვადასხვა კონტინენტზე ბინადრობენ, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერია შესაძლებელი და ისინი აქ არიან... უწმინდესი ყველას დიდი პატივისცემით ესაუბრება. ერთხელ ეზოში დაავადებული მცენარე უკვე მოსაჭრელი იყო. მახსოვს, აზრთა სხვადასხვაობა შეიქმნა - ზოგს უნდოდა მოეჭრა, ზოგს ენანებოდა. უწმინდესმა გვითხრა: "მივედი, მადლობა გადავუხადე, რომ ამდენ ხანს გვემსახურა და მოვუბოდიშე, უნდა მოგჭრათ-მეთქი".

პატრიარქი ყოველ შემოდგომას, ზამთრის დადგომის წინ, მცენარეს ლოცავს - მშვიდობით დაიძინე და გაზაფხულზე მშვიდობით გაიღვიძეო. ყოველთვის, როცა მცენარეს ჩარგავთ, უთხარით, გაიხარე და გამახარე-თქო. ასე ირგვება ხეც, ყვავილიც... იმიტომაც ხარობს ასე ეს ყვავილები და ადამიანის გულს, თვალსა და გონებასაც ახარებს.

...ზამთრის ბაღიდან საპატრიარქოს ეზოში ჩავდივართ.

- ხედავთ, როგორი არაჩვეულებრივი ზეთისხილის ხეა? უძველესია - 300-400-წლიანი. ასეთი აქ ორია.

ეს ხეები უწმინდესს წლების წინ აჩუქეს. ერთი ასეთი რუსთაველზეა, დიდი ჭადრის ნაცვლად რომ დარგეს და ერთიც - სამების ტაძრის ეზოში. ყველა კარგად ისხამს ნაყოფს. ყოველ წელიწადს ვკრეფთ მოსავალს. შარშან სამების ეზოში 300 კილოგრამი ზეთისხილი მოვკრიფეთ.

- ამ კულტურის დანერგვა საქართველოშიც დაიწყო...

- დიახ, და ეს უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ხდება. პირველი ზეთისხილის ხე 70-იან წლებში, სიონის ეზოში დარგო... მერე პირველი დიდი ხეები სამების ეზოში დაირგო, 10 წლის წინ. იქიდან მოყოლებული დაიწყო ზეთისხილის ხეების გაშენება მთელ საქართველოში.

- ეზოს ვინ უვლის?

- ჩვენი კოლეჯის კურსდამთავრებულები უვლიან, დამხმარე მებაღეებთან ერთად. ამ საქმეში ჩვენი სტუდენტებიც მონაწილეობენ - კვირაში ორჯერ მოვდივართ.

- ამჟამად რა ყვავილობს?

- მხოლოდ ნაყოფ-დეკორატიული მცენარეები ყვავის - ეს არის წითლად მოყვავილე ნანდინა, ყვითელი ნაყოფით დახუნძლული პირაკანტები... დანარჩენი მარადმწვანე მცენარეებია. კამელიებს უკვე კოკრები აქვს და ადრე გაზაფხულზე, თებერვლის ბოლოს, პირველივე დათბობისას იწყებს ყვავილობას. ჯერ კიდევ ყვავის ვარდები, არადა, დეკემბრის ბოლოა.

- დასასრულ, რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს, რას მიაქციონ ყურადღება?

- უნდა აღდგეს ის ბალანსი, რაც ღმერთმა სამოთხეში შექმნა. ადამს მან სამოთხის ბაღის მოვლა დაავალა. გამოდის, ეს არაჩვეულებრივი პროფესია პირველი ყოფილა, მაგრამ ადამმა ყველაფერი დაკარგა, ამიტომ ბუნებასთან კავშირი უნდა აღდგეს. ეს არის ღმერთთან მიახლების, ურთიერთობის ერთ-ერთი საშუალება. ღმერთმა ყველაფერი მოგვცა, ჩვენ კი ვანადგურებთ. ეს მცენარეები გადმოგცემენ საოცარ ენერგიას, სილამაზის აღქმის უნარს. დარგვის შემდეგ ელოდები, როდის გაიზრდება, აყვავდება... ის ხომ ცოცხალი არსებაა?

ახლა ზამთარია, ყველა მცენარეს შემობარვა, მიწის გაფხვიერება სჭირდება. თითოეული გაზაფხულისთვის უნდა მომზადდეს, რომ თოვლისა და წვიმისგან რაც შეიძლება მეტი ნესტი აიღოს. ყველა ხეს სჭირდება მოვლა, არავინ თქვას, რომ მოუვლელად რამე კარგად გაიხარებს. აქ ყველაფერი ლამაზია იმიტომ, რომ ვუვლით.

ლალი ფაცია