თეთრიწყაროს "ცისარტყელოვანი" მეურნეობა
05-01-2015
თეთრიწყაროს "ცისარტყელოვანი" მეურნეობა
"ლიფსიტებს მზის სხივიც არ უნდა მოხვდეს, თორემ, შესაძლოა, დაბრმავდნენ"

"აგროსესხი რომ არა, ჩემს საკალმახეს ვერ გავაკეთებდი"

"დედა კალმახების გაზრდას 4 წელი მაინც უნდა"


გიორგი ღარიბაშვილი საკალმახე მეურნეობას უკვე რამდენიმე წელიწადია ამუშავებს და ამას დიდი აზარტითაც აკეთებს. ის თეთრიწყაროს სოფელ საღრაშენში ცხოვრობს და მიზნად აქვს დასახული, ამ საქმიანობიდან კარგი შემოსავალი მიიღოს. თუმცა, წინ კიდევ დიდი გეგმები აქვს. მან სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსესხისთვის ჯერ კიდევ შარშანწინ მიმართა.


- სახელმწიფოს მივმართე აგროსესხისთვის, რადგან
მანამდე საკალმახე (შენობა) მქონდა, სადაც მხოლოდ ლიფსიტების გაზრდა შემეძლო. თითოეული 5-დან 10 გრამამდე იწონიდა. მერე მეურნეობის გაზრდის ინტერესი გამიჩნდა, რომ კალმახი გამეყი
და. თუმცა, ლიფსიტებსაც კარგად ვყიდი.

- ვინ ყიდულობს ლიფსიტებს?

- სხვადასხვა მეურნეობა - მოსაშენებლად და გასაყიდად.

- შესაბამისი ტერიტორია გქონდათ?

- კი, ტერიტორია მქონდა და ამიტომაც მივმართე დახმარებისთვის. ვიცოდი, ამ პროექტის არსებობის შესახებ, რომ მსურველებს კრედიტს აძლევდნენ და მეც მომცეს.

- რამდენი?
- ორ ეტაპად მივიღე. შარშანწინ - სამშენებლო სამუშაოებისთვის, შარშან, გაზაფხულზე - ქვირითის შესაძენი და გასაზრდელად საჭირო თანხა. სულ 220 ათასი დოლარი მაქვს აღებული.

თანხები მიზნობრივად დავხარჯე. ავაშენე რკინაბეტონით სპეციალური აუზები და გათვალისწინებულზე მეტიც გავაკეთე.

- ეს საქმიანობა რას მოითხოვს ფერმერისგან?

- დიდ ყურადღებას. განსაკუთრებით საფრთხილოა, "ცისარტყელოვანი" კალმახის ქვირითში რამე ბაქტერია ან პარაზიტი არ მოხვდეს. ვითარებას ის ართულებდა, რომ საქართველოში ვერც იქთიოლოგს მიაკითხავდი და არც ლაბორატორია არსებობდა.

- ქვირითი საიდან შემოგაქვთ?
- ამერიკიდან შემოტანილ, განაყოფიერებულ ქვირითს ვყიდულობ. ამისთვის საგანგებოდ აკვარიუმების ტიპის "აუზები" მაქვს. ქვირითი ბადეებზე ლაგდება და წყლის მთელ ზედაპირზე ნაწილდება. ლიფსიტები 1-2 კვირაში იჩეკებიან, კიდევ 10 დღის მერე კვებას იწყებენ. იქიდან მოყოლებული, ვკვებავთ, ვუვლით.

- რით კვებავთ?

- არც მათი საკვებია საქართველოში. იტალიიდან, პოლონეთიდან, დანიიდან შემოდის.

- ახლა რამდენი კალმახი გყავთ?
- 100 ათასამდე. 2-გრამიანებიდან იწყება და 250 გრამამდე იწონიან, არადა, როცა იჩეკებიან, 0,1 გრამს იწონიან.  გაზრდას დაახლოებით 9 თვე სჭირდება.

- დღეში რამდენჯერ კვებავთ?
- 2-გრამიანებს დღეში 6-ჯერ ვკვებავ. ცოტა მოზრდილები ნაკლებად იკვებებიან, მაგრამ აუცილებელი სადღეღამისო ნორმა არ უნდა მოაკლდეთ.

- რა არის ეს საქმე თქვენთვის?
- აზარტის გარდა, საკმაოდ მომგებიანი საქმეა, მაგრამ თუ ყურადღებით არ ხარ და თუ თევზები დაგიავადდნენ, ეს შენი საყვარელი საქმე წამგებიანი გახდება.
დიდი ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო.  
თუ თევზებში სიკვდილიანობამ მოიმატა, სავარაუდოდ, რაღაც სჭირთ. ამიტომაც იყო ლაბორატორია საჭირო და სასიხარულოა, რომ ისრაელიდან ჩამოვიდნენ და ლაბორატორია გახსნეს.

- რამდენი ადამიანი გყავთ მეურნეობაში დასაქმებული?
- ბუღალტრის ჩათვლით, 6 ადამიანი. ჩემს საკალმახეს  წელიწადში მილიონიანი ბრუნვა ექნება. მოკლედ, აგროსესხი  რომ არა, ამის გაკეთებას  ვერ შევძლებდი - აუზებისა და აკვარიუმების ასაშენებლად წელიწადიც არ დამჭირვებია.
ჯერ მთლად მყარად ვერ ვარ ფეხზე, მაგრამ შედეგებს არ ვუჩივი.

- მოკლედ, წლის ერთ-ერთი წარმატებული ფერმერი ხართ.
- 2014 წელს წარუმატებელს ნამდვილად ვერ დავარქმევ. თუ რამეს ვერ მივაღწიე, ეს უფრო ლაბორატორიის არარსებობის ბრალია. ახლა, წყალიც გასინჯული მაქვს, და საკვებიც, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის.

- ვინ არიან თქვენი კლიენტები?
- თბილისთანაც ახლოს ვარ და მარნეულთანაც. ლიფსიტებიც გადის და ზრდასრული კალმახიც. სპეციალური კონტეინერებით ცოცხლადაც მიჰყავთ.

- კალმახის გადამუშავებაზე, საკონსერვო წარმოების წამოწყებაზე არ გიფიქრიათ?
- ჯერჯერობით არა. შეიძლება გადამუშავება, შებოლვაც და სხვ., მაგრამ ამაზე მერე ვიფიქრებ.

- ისე, ლიფსიტები ახლაც დახურულ სივრცეში გყავთ მოთავსებული...
- დახურულში უნდა იყოს, მზის სხივიც არ უნდა ხვდებოდეს, თორემ შესაძლოა დაბრმავდნენ. სპეციალური განათებაც უნდა. ამიტომ შიგნით მინის აკვარიუმებში გვყავს. მერე, როცა იზრდებიან, რკინაბეტონის აუზებში გადაგვყავს.

- წყლის ტემპერატურა რამდენი უნდა იყოს?
- კარგია 16 გრადუსი. ზამთარში მდინარის წყალს ვინ ათბობს? როცა მოზრდილია თევზი, ზამთრის ცივ წყალს იტანს, მაგრამ ნაკლები ზრდა აქვს. 4 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე აღარ იკვებება, მაგრამ არც კვდება.

- ქვირითობის პერიოდი როდის აქვთ?
- ახლა სწორედ ქვირითობის დროა, მაგრამ როგორც გითხარით, მე ქვირითი შემომაქვს. დედა კალმახების გაზრდას 4 წელიწადი მაინც უნდა. ტერიტორიებსაც იკავებს და ისეთი ტექნოლოგიებიც არ გვაქვს, როგორიც საზღვარგარეთ. ამიტომ შემოგვყავს მხოლოდ მდედრობითი სქესის კალმახი, მამრებზე უკეთესად იზრდებიან.

- როგორია ამ ახალ წელს თქვენი გეგმები?

- ჯერ მინდა წარმოება იქამდე მივიყვანო, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. მერე კი, სანამ ცოცხალი ვიქნები, გეგმები სულ მაქვს და მექნება.

კალმახი

კალმახი ორაგულისებრთა ოჯახის თევზია, რომელიც ორაგულთა გვარს განეკუთვნება და ბინადრობს მთის ტბებსა და მდინარეებში. უყვართ ცივი, ჟანგბადით მდიდარი, სუფთა წყალი. ტბებში უფრო დიდი კალმახებია (ზოგჯერ 34 კგ-ს აღწევს), მდინარეებში კი პატარები (0,8 კგ, იშვიათად 2 კგ-მდე). სხეულზე ემჩნევათ წითელი, შავი, ნარინჯისფერი და სხვა ფერის ხალები.

ცნობილია ევროპული კალმახები და ჩრდილოამერიკული, ანუ "ცისარტყელოვანი". "ცისარტყელოვან" კალმახებს სხეულის გვერდებზე გასდევს ცისარტყელასებრი ზოლები. მისი კვერცხი მსხვილია (დიამეტრი 5 მმ-მდე აღწევს), ნარინჯისფერი. სწრაფად იზრდება, კარგად უძლებს დაავადებებს და სითბოს.

კალმახები საქართველოში გავრცელებულია ფარავნის, საღამოს, ტაბაწყურის, რიწის ტბებსა და მრავალ მდინარეში. იკვებებიან კიბოსნაირებით, მწერებით, თევზებით... სარეწაო მნიშვნელობა აქვს დიდი ტბების, მდინარეების კალმახებს. ძვირფასი ობიექტია აკლიმატიზაციისა და ტბორული მეთევზეობისთვის.

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით