ბამბუკი - "სწორი ნაბიჯი" მიწიდან ცამდე
12-01-2015
ბამბუკი - "სწორი ნაბიჯი" მიწიდან ცამდე
ჩემი ეზოს ბოლოში პატარა მდინარე ისე დიდდებოდა, პატარა მიწას აუცილებლად წამართმევდა ხოლმე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბამბუკი დავრგე, მისმა ფესვებმა ეს მიწაც გადამირჩინა და ნარგაობაც...

აშოლტილი და შრიალა ბამბუკის ტევრი, ალბათ, არაერთს მოხვედრია თვალში და მისი სილამაზითაც დამტკბარა, - ეს მცენარე სწრაფად იზრდება, მას ბევრი სხვა არაჩვეულებრივი თვისებაც აქვს, - მრეწველობის თითქმის ყველა დარგში გამოიყენება.

ბამბუკი დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული. მას დღემდე ვერ ელევიან, მიუხედავად იმისა, რომ ბამბუკის გადამმუშავებელი საწარმოები თითქმის
განადგურდა. სამაგიეროდ, არსებობს კერძო რეწვა - მოსახლეობა თავად ამზადებს ბამბუკისგან საჭირო ნივთებს. ამ ულამაზესი მცენარის შესახებ ოზურგეთში ანასეულის სამეცნიერო ინსტიტუტის სელექციონერი ციცო ქაშაკაშვილი გვესაუბრა - 30 წელია, ბამბუკის ხეივანი მის ეზოსაც ამშვენებს.

- ბამბუკი მცირე აზიის, აფრიკისა და ამერიკის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში გავრცელებული მცენარეა. იგი
XIX საუკუნის 70-იან წლებში შემოიტანა საქართველოში ბოტანიკოს ანდრეი კრასნოვის ექსპედიციამ. პირველ ხანებში ყველაზე ნაკლებად რატომღაც ბამბუკი გავრცელდა. თუმცა, ეს მანამდე, ვიდრე მოსახლეობა არ დარწმუნდა, რომ მისგან მეურნეობის ნებისმიერ დარგში შეიძლებოდა სარგებლის მიღება. მერე კი ბამბუკმა აჭარიდან გურიაში, სამეგრელოსა და აფხაზეთში გადაინაცვლა. ასე თანდათან გავრცელდა ჩვენში ბამბუკის 20 სახეობა, მათ შორის, ე.წ. ოქროსფერი ბამბუკიც, რომელსაც მცირე დეკორატიული ნივთების დასამზადებლად იყენებენ.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ სახეობად ჩინური და იაპონური "მადაკე" და "მოსო" ითვლება. ეს უკანასკნელი უფრო მსხვილღეროიანია და ხშირად გამოიყენება ავეჯის, პარკეტის დასამზადებლად, "მადაკე" კი უფრო სამშენებლო მასალად იხმარება, - მისგან ხარაჩოები, გუმბათოვანი გადახურვები, კიბის საფეხურები და მრავალი სხვა მზადდება. ბამბუკი იმდენად გამძლეა, ზოგიერთ ქვეყანაში საკანალიზაციო მილებადაც კი იყენებენ, - მისი ნაწარმის სიხისტე 1,7-ჯერ აღემატება მუხისას, ნაკლებაალებადია და მცირეოდენი ქიმიური დამუშავების შემდეგ არ ეკარება მავნებელი, არ უჩნდება სოკო და თითქმის არ ლპება. ბოლო დროს უკვე ლაპარაკობენ ბამბუკის ძაფის დამზადებაზეც, რომლისგანაც მოქსოვილი ქსოვილი ერთ-ერთი უძვირფასესი ეკოლოგიური ნაწარმი იქნება მსოფლიო ბაზარზე.

- ამის მიუხედავად, საქართველოში ბამბუკის პლანტაციის გაშენებას მოსახლეობა მასობრივად არ მიმართავს.
- დაუზუსტებელი მონაცემებით, ითვლება, რომ ჩვენს ზღვისპირეთში ბამბუკს 1000 ჰექტარი მაინც უჭირავს. იმის მიზეზი, რომ ბამბუკს მასობრივად არ ვაშენებთ, ალბათ, ისიც არის, რომ გასულ წლებში ბამბუკის მრავალი საწარმო გაუქმდა. ადრეულ წლებში, ვიდრე გურიიდან აჭარაში მივიდოდით, გზად უამრავი დეკორატიული ნივთი იყიდებოდა. დღეს ეს აღარ ხდება, თუმცა, როგორც ვიცი, ბამბუკის გადამმუშავებელი საწარმო კვლავ მოქმედებს ბათუმში და მშვენიერ ავეჯს ამზადებს. არაერთხელ მინახავს ოზურგეთის ბაზარში გლეხები, ბამბუკისგან დაწნულ კალათებს რომ ყიდიან. ხელმარჯვე გლეხები მისგან ოჯახისთვის უამრავ ყვავილების ქოთანსა თუ სკამს აკეთებენ.
ბამბუკს სოფელში ხშირად შიდა ღობეებისთვის ვიყენებთ, ბოსტნისა თუ სხვა ნაკვეთის შემოსაღობად. გარდა იმისა, რომ ბამბუკის ნივთები ლამაზი, მსუბუქი და გამძლეა, თავად ბამბუკიც საოცარი მცენარეა. მხოლოდ ერთხელ ყვავილობს და ისიც ხანშიშესულობისას, - 70 წლამდე ცოცხლობს, 50-60 წლის ასაკში ყვავის და თესლსაც მაშინ იკეთებს. სწორედ ამ დროს შეიძლება მისი სელექცია, ახალი ჯიშების გამოყვანა.

1983 წელს ჩვენი ბამბუკის მასობრივი ყვავილობა დაიწყო და სწორედ ამ დროს მოვახერხეთ მისი ახალი, ქართული ჯიშის სელექცია, - ლაგოდეხის სანერგიდან გამოგზავნილი იაპონური "მადაკესა" და ჩვენი, ანასეულის იაპონური "მადაკეს" თესლი ერთად დავთესეთ, ამოსული ნერგიდან კი სელექციურად საუკეთესო გამოვარჩიეთ და ქართული საუკეთესო ბამბუკი მივიღეთ. ნერგები ანასეულის ინსტიტუტის ეზოში დავრგეთ. სწორედ ამის შემდეგ მოვიდა წლები, როცა ყველაფერი განადგურდა და მათ შორის, ჩვენი ბამბუკიც, - ინსტიტუტის ეზოში შემოდიოდა ხალხი, ბამბუკს შეესეოდა და ჭრიდა. არადა, ბამბუკის მოჭრას თავისი დრო აქვს, მაშინ უნდა მოჭრა, როცა მომწიფებულია, სამი წლისა, და თანაც ნოემბერ-თებერვალში, ადრეულ გაზაფხულზე, როცა კვირტი არ გამოდის. იმ დროს ინსტიტუტში გვყავდა ბრწყინვალე კოლექციონერი, ბატონი შალვა გოლიაძე, რომელმაც გვითხრა: ხალხო, წაიღეთ ბამბუკის ნერგები და დარგეთ ეზოებში, ასე ამ ჯიშს გადავარჩენთ და თუ ოდესმე მოვიდა ის დრო, რომ ქართული ბამბუკი ინსტიტუტში დავაბრუნოთ, ამას რაღა ენდომებაო. მაშინ ჩემს ეზოში, სოფელ გურიანთაში დარგული ერთი ბამბუკის ნერგი ტყედ იქცა, - ეს საოცარი მცენარეა, დარგავ თუ არა, მაშინვე სიმაღლეში მიდის, საოცარი ენერგიით იზრდება. გარდა ამისა, მიწასაც "პატრონობს", დასავლეთ საქართველოში ხშირად წვიმს, ასეთ დროს ჩემი ეზოს ბოლოში პატარა მდინარე ისე დიდდებოდა, პატარა მიწას აუცილებლად წამართმევდა ხოლმე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბამბუკი დავრგე, მისმა ფესვებმა ეს მიწაც გადამირჩინა და იქ დარგული ნარგაობაც. გარდა ამისა, ბამბუკისგან არაჩვეულებრივ სარებს ვამზადებთ ლობიოსა თუ პამიდვრისთვის. მსუბუქიც არის და რამდენიმე წელიწადსაც ძლებს.

- ალბათ, სარებს ყიდით კიდეც.
- მისი ფასი 50 თეთრიდან 1 ლარამდეა, ეს გლეხისთვის ფულია. მე კი ბამბუკს სხვა დანიშნულებითაც ვიყენებ, - ბამბუკის იმედით კურდღლები გავამრავლეთ, ზამთარში, როცა ბალახი და ბოსტნეული ნაკლებია, კურდღლები ბამბუკის ფოთლებს მშვენივრად მიირთმევენ. სასარგებლო რომ არ იყოს, პირუტყვი პირს არ დააკარებდა. მეტიც, უკვე ჩვენთანაც არის ხალხი, რომლებიც ადრეულ გაზაფხულზე ბამბუკს ამწნილებენ, ძალიან გემრიელია.

- საინტერესოა ბამბუკის ზრდის პროცესიც.
- დიახ. ერთ დილას რომ ბამბუკის ძირზე ამონაყარს დაინახავ, მესამე დღეს ის უკვე 2 მეტრი სიგრძისა დაგხვდება. როცა უყურებ, რა სწრაფად აშრიალდება ბამბუკის ტყე, არ შეიძლება, კარგ გუნებაზე არ დადგე. ვიდრე ამონაყარს გაიჩენს, ბამბუკი უფრო სწრაფად იზრდება, მერე კი, როცა დაიტოტება, ზრდას ანელებს. ბოლოს მისი სიმაღლე 30 მეტრამდე აღწევს. ბამბუკის ტყეში სოკოც ამოდის. და ერთიც: ბამბუკს ძალიან იშვიათად უჩნდება მავნებელი. ამ დროს დახუჭუჭდება და ფოთლები დასცვივდება ხოლმე, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ ფესვებთან, ამონაყარზე, და არა მთელ ტანზე, ამიტომაც მისი გაჯანსაღება ადვილია.


ბამბუკის დაკიდებული ხიდი


ბამბუკს 2000 წელზე მეტია სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მაგალითად, ბამბუკის მყარი სახეობისგან დამზადებულმა ზოგიერთმა კონსტრუქციამ ათასწლეულებს გაუძლო. მათგან ყველაზე ცნობილია სამხრეთ ჩინეთში, ან-ლანში, ძვ. წ. III საუკუნეში მდინარე მინზე გადებული 320 მ სიგრძის ბამბუკის დაკიდებული ხიდი, რომელიც დღესაც მოქმედია. მისი კონსტრუქციის მთავარი მზიდი ნაწილი 15 ბამბუკის გვარლია. თითოეული გვარლის დიამეტრი 5 სმ-ია. ან-ლანის ხიდს წელიწადში ორჯერ არემონტებენ.
gia196008@mail.ru
24 ივნისი 2015 21:15
მოგესალმებით,4 წლის წინ დავრგე ბამბუკი,როგორც მითხრეს ისე დედალ-მამალი,მაგრამ ნაყარი არ გაიკეთა.სიმწბანე აქვს ფოთლებიც აქვს,მაგრამ ნაყარს არ იკეთებს.იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე,რომ ნაყარი წამოიღოს?
La Bambu
21 აპრილი 2015 10:51
მოგესალმებით,

ქალბატონო ეთერ, ძალიან სასიამოვნოა რომ ბამბუკს დაუთმეთ ესეთი ყურადღება და სტატია მიუძღვენით. მინდა გითხრათ რომ ბათუმში არის ბამბუკის გადამამუშავებელი წარმოება შპს "La Bambu" რომელსაც ამზადებს ბამბუკის თითქმის ყველანაირ პროდუქციას, დაწყებული ანკესებიდან დამთავრებული ბამბუკის კოტეჯებზე, ფანჩატურებზე და ავეჯზე. შეგიძლიათ იხილოთ ფეისბუქ გვერდი https://www.facebook.com/LaBambu?fref=ts
ilia
25 იანვარი 2015 17:25
თხრილით უნდა შემოგესაზღვრა დაახლოებით ნახევარი მეტრის თხრილი საკმარისია თხრილს იქით ვეღარ გამრავლდება.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა