"მინდა, ყვავილებით გავავსო ციხე" - კვირის პალიტრა

"მინდა, ყვავილებით გავავსო ციხე"

"ყოჩაღი" ყავის ხე ნაყოფს წელიწადში ორჯერ ისხამს

"ახალი სამსახური მაქვს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი ვარ. მინდა, ყვავილებით გავავსო ციხე და საერთოდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებები", - ამბობს თამთა დემურიშვილი, რომელიც 3 კვირაა, რაც ამ თანამდებობაზე დანიშნეს...

ძალიან უყვარს მცენარეები, მაგრამ თავს მეყვავილეს მაინც არ უწოდებს. მოყვარული ვარო, ამბობს. ახალ სამსახურში, პირველი, რაც გააკეთა, შინიდან ქოთნის მცენარეები წაიღო და სამუშაო კაბინეტი ულამაზესი მცენარეებით გაავსო... შინ მსხმოიარე ყავის ხეც აქვს, რომელიც ნაყოფს წელიწადში ორჯერ ისხამს.

- ეს ყავის ხე 12 წელია აქ არის. შეხედეთ, როგორი ატლასივით ფოთლები აქვს. მზის მიხედვით ფერსაც იცვლის, უყვარს კარგად განათებული სივრცე და ბევრი წყალი. მაგალითად, სახლიდან 4 დღით რომ წავსულვარ, ფოთლები ჩამოყრილი ჰქონია. პირველად ასე რომ დაემართა, სანამ მის ხასიათს გავიგებდი, ვიფიქრე, ვეღარ გამოცოცხლდება-მეთქი... წყალი თუ დააკლდა, ფოთლები ურბილდება, მაგრამ როგორც კი წყალს დავუსხამ, 5 წუთში თავს მაღლა სწევს.

- თავიდან რამხელა იყო?

- მუჭში დაეტეოდა. სამსახურში, სადაც კი მიმუშავია, ჩემი ყვავილებით მივდივარ, გარშემო სასიამოვნო ბიოველი რომ შეიქმნას. ევროპელების მშურს, გამწვანებას დიდ ყურადღებას აქცევენ.

წლების წინ კუნძულ კრეტაზე ვიყავი და ვერ წარმოიდგენთ, როგორი შთაბეჭდილებით დავბრუნდი. პატარა, ყვავილებში ჩაფლული თეთრ კლდეებზე აშენებული სახლები  და ზღვა...  ჩემი ოცნებაა, ასეთს ვხედავდე საქართველოს - აივნებზე გამოკიდული ყვავილების ქოთნებით, მწვანე გაზონებით..

- ყავის ხეს მორწყვა ზამთარში რა დოზით უნდა?

- ზაფხულში - ყოველდღე, ზამთარში კი შედარებით ნაკლებად. ისე, თვითონვე მიგანიშნებთ, როდის უნდა მორწყათ...

- ნაყოფით ხშირად იხუნძლება?

- ჯერ იკვირტება, მერე ყვავილობს, ყვავილობის შემდეგ მწვანე ნაყოფით იმოსება. სიმწვანეს დიდხანს ინარჩუნებს. მერე წითლდება, ბოლოს კი ჩამუქდება და გარეკანი ჭკნობას იწყებს... ჩემი ყავის ხე ისეთი ყოჩაღია, წელიწადში ნაყოფს 2-ჯერ ისხამს.

- ნაყოფს როდის კრეფთ?

- როცა კანი სკდომას დაიწყებს. ორი მარცვალი ტყუპად ერთ პატარა ბუდეშია ჩასმული... დიდხანს ვაგროვებდი მარცვლებს, მოხალვა მინდოდა გემოს გასასინჯად, მაგრამ ხელიდან მტაცებენ, რომ დათესონ და გაახარონ. ახლა გადავწყვიტე, თავად დავთესო და გაზრდის მერე, მსურველებს ნერგები ვაჩუქო.

ძალიან მაფიქრებს, ეს ჩემი ყავის ხე  რომ გაიზრდება და ჭერს თავს მიარტყამს, როგორ უნდა მოვიქცე. მიწას პერიოდულად ვაფხვიერებ, რომ წყლის დასხმისგან არ დაიტკეპნოს და ისუნთქოს. ვყიდულობ შავ მიწასაც, მთიდანაც ჩამოაქვთ ხოლმე. ასევე ვიყენებ სპეციალური მინარევებით გაზავებულ სასუქებს. იყიდება წყალში გასაზავებელი სითხე, 1 ლიტრს 5 ლიტრ წყალში ვხსნი და წელიწადში ორჯერ ვუსხამ. რაც მთავარია, მცენარეს უნდა ელაპარაკო, როგორც ოჯახის წევრს. დილა რომ თენდება, ვიწყებ მათ მოვლას და ველაპარაკები: "ჩემი გოგო", "პატარავ"... ხომ გითხარით, როგორც კი სახლიდან რამდენიმე დღით მივდივარ, საოცრად მოიწყენენ ხოლმე... ბავშვობიდან მიყვარს მცენარეები, ბოტანიკაც მიყვარდა. სკოლაში, სადაც ვსწავლობდი, ახლაც არის ჩემი გაკეთებული ჰერბარიუმები... სამოგზაუროდ სადაც მივდიოდი, ნაირ-ნაირი ფოთლები ჩამომქონდა, მაგალითად, ბათუმის, სოჭის ბოტანიკური ბაღებიდან. არ შეიძლებოდა იქ ფოთლების მოწყვეტა, მაგრამ მაინც ვახერხებდი, რომ მცენარეს არაფერი დაზიანებოდა.

- ყავის ხემ პირველად ნაყოფი როდის მოგცათ?

- მეექვსე წელს...

- არ სხლავთ?

- არა, ფოთოლი თუ უჭკნება, თავისით სცვივა. სხვათა შორის, ახლა აქვს  ცვენის პერიოდი. თუმცა, ახალი ფოთლებიც აქვს წამოსული. მის ფოთლებს სათითაოდ ვასუფთავებ მტვრისგან.

- ხე დაგიმაგრებიათ კიდეც, შეიძლება, რომ წაიქცეს?

- რომ გაიზარდა, შემეშინდა, მოხრა დაიწყო. ამიტომ კედელს ლურსმანი მივაჭედე და ხე თოკით მივამაგრე, რომ ძალიან არ გადმოიხაროს. სამიოდე წელიწადში ჭერსაც მისწვდება...

ეს იაც, ასე რომ ყვავის, ჩემი დაფესვიანებული და გაზრდილია. ამასაც ფოთლები რომ სცვივა, არ ვაგდებ, ვაფესვიანებ...

ამ სურომ კი გაბრაზება იცის - დავაფესვიანე და მისი გადარგვის დროს აქ არ ვიყავი, სხვას გადავარგვევინე. იწყინა და ფოთლები დასცვივდა. რა აღარ გავუკეთე, მაგრამ აღარ შემირიგდა, ბუტიაა.

შარშან გოგრა მქონდა დათესილი ქოთანში. პამიდვრისა და წიწაკის ჩითილებს რომ დარგავ და უვლი, მის ნაყოფს უყურებ, მაგაზე კარგი რა არის?!  მინდა,  ეზოიანი სახლი მქონდეს, სადაც უამრავ მცენარეს გავაშენებდი... ვგიჟდები გაზაფხულზე. ხეები რომ გადაიპენტება და ყვავის, დავდივარ და სურათებს ვუღებ. ბავშვებს ხეხილის ტოტებით რომ ვხედავ, გული მეკუმშება. შენიშვნას ვაძლევ. რატომ უნდა მოტეხო და დაგლიჯო ასე, ვერ ვხვდები?! ყველამ იცის, რომ მოჭრილი ყვავილი არ მიყვარს და თაიგულებს არ მჩუქნიან. ყველას ვაფრთხილებ, თუ სურვილი ექნებათ, ქოთნის ყვავილები მაჩუქონ.

ბევრი მცენარის სახელი არ ვიცი, თუმცა, ერთმანეთის კარგად გვესმის. ხელზეც არის ბევრი რამ დამოკიდებული - 18 ვარდი დავრგე და ყველამ იხარა.

- ახალ სამსახურში არ დაგხვდათ მცენარეები?

- არა, სახლიდან 7 ქოთანი წავიღე. ახლა დიდი მცენარეები (არმა და მონსტერა) ლიფტთან უნდა დავდგა, რომ იქიდან გამოსვლისას ადამიანს გული გაუნათდეს.

- თქვენ სახლის სადარბაზოშიც გაქვთ მცენარეები.

- ზოგიერთი შინ მედგა და მერე გარეთ გავიტანე. თან, ეს ადგილი ძალიან მოიხდინა, ფანჯარაც არის და სინათლეც აქვს.

მეყვავილეებმა მაჩუქეს ქოთანი, რომელშიც გვიმრას სძინავს, გაზაფხულზე ამოიყრის. *ერთ მცენარეს ატლასივით ფოთლები აქვს, მეორეს - თეთრი ყვავილები. აქ არის არმა, აგრეთვე, ირმის რქა, ჩვეულებრივი კაქტუსი, რომელიც პერიოდულად ისე ყვავის, ლამის გაგიჟდეს. თეთრი ყვავილები აქვს.

სხვათა შორის, ზედა სართულის მეზობელიც ყვავილების მოყვარულია, მისი ქოთნები აქედანაც ჩანს...

- რას ურჩევთ ადამიანებს, ვისაც შინ ერთი ქოთანიც არა აქვს.

- ძალიან მნიშვნელოვანია შინ ქოთნის ყვავილის გაზრდა. ეს ყველაზე სასარგებლო შრომა-თერაპიაა.

როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ, ხელთათმანებს ვიცვამ და ყვავილების გადარგვა-გადმორგვას, მიწის გაფხვიერებას ვიწყებ. დარგეთ, გაახარეთ რაც შეიძლება მეტი მცენარე. ეს აუცილებელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სილამაზეა.

ლალი ფაცია