ფეიხოა - ქართული მიწის შვილობილი - კვირის პალიტრა

ფეიხოა - ქართული მიწის შვილობილი

უცხოეთიდან შემოტანილ მცენარეებს შორის, რომლებიც საქართველოს მიწამ მიიღო და შეითვისა, ფეიხოა ერთ-ერთი გამორჩეულია. როგორ მოვუაროთ ფეიხოას? - ამ კითხვით მივმართეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის მთავარ სპეციალისტს, აკაკი ღლონტს. ბატონ აკაკის თავად აქვს ფეიხოას პლანტაციაც, სანერგეც, და მიაჩნია, რომ ეს მართლაც შეუდარებელი მცენარეა.

- ფეიხოა ძალიან სასარგებლო მცენარეა, თუმცა, ადრე ახარებდნენ როგორც დეკორატიულ მცენარეს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან თვე-ნახევრის განმავლობაში ყვავის და ძალიან ლამაზი ყვავილები აქვს.

მიუხედავად სილამაზისა, მთავარი ფეიხოას საკვები ღირებულებაა. ეს უცხო მცენარე შესანიშნავად შეეგუა ჩვენს გარემოს და კარგად ხარობს აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში, აფხაზეთსა და იმერეთში, ასევე სხვა კუთხეებშიც. ფეიხოა 12-13 გრადუსამდე ყინვას უძლებს, მინუს 15 გრადუსზე კი მისი ტოტები და ფოთლები იყინება. ასეთი ყინვა ჩვენში იშვიათია და ფეიხოაც მშვენივრად ხარობს. მის ნაყოფში შედის ისეთი ძვირფასი ნივთიერება, რომელიც სხვა მცენარეებში ნაკლებად მოიპოვება - იოდი. ფეიხოას ნაყოფი ხომ სასარგებლოა, მაგრამ არანაკლებ სასარგებლოა მისი ჯემი, რომელიც ცოცხალი სახით უნდა მომზადდეს, რადგან დუღილის დროს იოდი ადვილად აალდება. ფეიხოას ნაყოფი ძნელად ინახება, მას განსაკუთრებული სამაცივრე პირობები სჭირდება. ამიტომ როგორც კი შერბილდება და ფერს შეიცვლის, უნდა დავკრიფოთ.

ყველა ჯიშის ფეიხოას ერთნაირი გემო და თვისებები არა აქვს. ალბათ, დაჰკვირვებიხართ, ზოგჯერ იყიდით ერთი შეხედვით უხინჯო ფეიხოას, მაგრამ რომ გაჭრით, გული მშრალი და უგემური აქვს. შენიშნულია ისიც, რომ მსხვილნაყოფიანი მცენარეები უფრო ნაკლებად მსხმოიარეა. ამიტომ უმჯობესია, ფერმერმა გაამრავლოს უფრო ტკბილი და წვნიანი ჯიშები, რომლებიც ამასთან კარგი მსხმოიარეა. უკვე ოცდაათი წელიწადია, ერთი და იგივე ჯიშები გამომყავს, რომლებიც ჩემთვის მისაღებია მოსავლიანობით და სხვა თვისებებითაც. ერთი ძირი ფეიხოა 40-50 კილოგრამს ისხამს, ოჯახისთვის ეზოში 2-3 ძირი საკმარისია.

- ნიადაგი როგორი უნდა შევურჩიოთ?

- ფეიხოა ყველანაირ ნიადაგზე ხარობს, ოღონდ გურიისა და აჭარის რეგიონში მჟავე ნიადაგებია და მისი მოკირიანება აუცილებელია. ნიადაგის მოსაკირიანებლად კარგია კირი, დოლომიტი, დეფეკაციური ტალახი და სხვ. ფეიხოას მოვლა ძნელი არ არის, ამ მცენარის სანერგეც მაქვს, პლანტაციაც და ეს საკუთარი გამოცდილებით ვიცი. ოღონდ ყოველწლიურად სასუქი სჭირდება. თუ ფოსფორ-კალიუმი არა გვაქვს, შეიძლება ნაცარიც გამოვიყენოთ და ეს უკეთესიცაა. ბარვა და ნიადაგის დამუშავება მაინცდამაინც საჭირო არ არის, რადგან ფესვთა სისტემა მიწის ზედაპირთან ახლოს აქვს. ამიტომ სასუქი მიწის ზედაპირზე გავშალოთ და ის თავისთავად ჩაიჟონება ნიადაგის სიღრმეში. ერთადერთი, რაც ფეიხოას აუცილებლად სჭირდება, მწკრივებს შორის ამოსული ბალახების გაცელვაა. ბალახი 20-30 სმ სიმაღლეს რომ მიაღწევს, უნდა გავცელოთ და ადგილზე დავტოვოთ, რადგან ეს ორგანული მასაა და ფეიხოასთვის ძალიან სასარგებლოა. შემობარვაც ოთხ წელიწადში ერთხელ უნდა.

- როდის იძლევა ფეიხოა ნაყოფს?

- ნაყოფს დარგვიდან მესამე წელს უკვე იძლევა, ხოლო დაახლოებით 8-10 წლის ასაკში სრულად მსხმოიარობს. ყვავილობას მაისის ბოლოს იწყებს და ივნისში აგრძელებს, ოქტომბერ-ნოემბერში კი ნაყოფს ისხამს. შეიძლება ითქვას, ეს შემოდგომის ხილია. ფეიხოას ნაყოფი პერიოდულად, თანდათანობით ჩამოდის. თუ მცენარის მსუბუქი შერხევით ნაყოფი ძირს ცვივა, ეს სიმწიფეზე მიანიშნებს. დაუმწიფებელი ფეიხოა არ უნდა დავკრიფოთ. ხშირად ბაზარზე უმწიფარი ნაყოფი გააქვთ და მყიდველს კარგი ჰგონია, გამყიდველსაც ურჩევნია, რადგან უმწიფარი ნაყოფი უფრო დიდხანს შეინახება. ხშირად კომპოტსაც უმწიფარი ნაყოფით აკეთებენ, არადა, ფეიხოას მწიფე ნაყოფს არაფერი შეედრება. მას მარწყვისა და ანანასის არომატი დაჰკრავს. სამწუხაროდ, მწიფე ფეიხოა ძალიან ცუდად ინახება. შეიძლება მანდარინმა 2-3 თვე გაძლოს სარდაფში, ფეიხოა კი 15 დღიდან 1 თვემდეც ვერ აღწევს, ამიტომ მისი დროული გადამუშავება აუცილებელია.

- ქართველ ფერმერებს ფეიხოა მოჰყავთ, მაგრამ რამდენად იყენებენ მას ჩვენი მეწარმეები?

- 2 წელია, ბათუმში ფეიხოას ჯემებს აწარმოებს ერთ-ერთი საწარმო და უკრაინის ბაზარზე გააქვს. ვინც იცის, რომ იოდი ცოცხალი სახით მხოლოდ კივისა და ფეიხოას ნაყოფში გვხვდება, ამ მცენარეებს სისტემატურად ყიდულობს. თაფლთან ან შაქართან ერთად შენახული ფეიხოა უებარი საშუალებაა ჩიყვისგან თავის დასაცავად. მეცნიერებმა დაადგინეს - თუ ადამიანი წელიწადში 40 კგ-მდე ფეიხოას მიიღებს, ჩიყვი აღარ დაემართება. განსაკუთრებით სასარგებლოა მისი შენახვა თაფლთან ერთად: 1 კგ ფეიხოას ხორცსაკეპ მანქანაში გაატარებთ და მას 1,2 კგ თაფლს შეურევთ. მიღებულ ფაფისებრ მასას 2-3 დღით გააჩერებთ მომინანქრებულ ან შუშის ჭურჭელში, შემდეგ გადაიტანთ ქილებში, მოხუფავთ და შეინახავთ მშრალ, გრილ ადგილას, ან თუნდაც, მაცივარში. ეს ძალიან სასარგებლო საკვებია არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ დიდებისთვისაც.

ხათუნა ჩიგოგიძე