"სტევიისშაქარი" - შვება დიაბეტიანებისთვის! - "პარაგვაელი" სტევია საქართველოში წელიწადში 3-ჯერ იძლევა მოსავალს
19-04-2017
"სტევიისშაქარი" - შვება დიაბეტიანებისთვის!  - "პარაგვაელი" სტევია საქართველოში წელიწადში 3-ჯერ იძლევა მოსავალს
სტევიას ადრე მხოლოდ პარაგვაიში იცნობდნენ, ხოლო რუსეთში  XX  საუკუნეში გასინჯეს. საქართველოს იგი რუსეთიდან არ შემოუტანია, გზა, რომლითაც სტევიამ ჩვენამდე მოაღწია, ძალიან საინტერესოა, ისე როგორც თავად მცენარე, თავისი მეტად სასარგებლო თვისებებით, - სტევია შეუცვლელია დიაბეტით დაავადებულთათვის. ამის გარდა, აქვს სხვა უამრავი სასარგებლო თვისება და მიჩნეულია, რომ სიცოცხლესაც ახანგრძლივებს.
სტევიასა და მის საქართველოში დამკვიდრებაზე ანასეულის სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო ინსტიტუტის აკადემიკოსი ვალერიან ცანავა გვესაუბრება.

- სტევია ჩვენში 1986 წელს შემოვიდა, სწორედ იმ წელიწადს,
როცა უკრაინაში ჩერნობილის კატასტროფა მოხდა და  მცენარესაც და კაცსაც ერთნაირად გაუჭირდათ. ჩვენ და კიევის მემცენარეობის ინსტიტუტი ათწლეულების განმავლობაში ვთანამშრომლობდით და როცა ეს უბედურება დატრიალდა, მაშინვე დაგვირეკა კიევის მემცენარეობის ინსტიტუტის დირექტორმა, - უნდა გვიშველოთ, სტევიაზე ვმუშაობდით და გვეღუპებაო. უკრაინაში ამ კატასტროფამ ისეთი რადიაციული ფონი შექმნა, ადამიანები
გაანადგურა და მცენარეთა ჩითილებს რაღას უზამდა! რა თქმა უნდა, ვუთხარით, - ნერგები დაუყოვნებლივ წამოიღეთ-თქო. მაშინ ჩვენი ინსტიტუტის ფილიალი სოხუმშიც იყო და თავდაპირველად იქ ვთხოვეთ ჩამოსვლა. 3 დღე იარა პოლიეთილენის პარკებში ჩაწყობილი ნერგებით სავსე მანქანამ და სოხუმამდე ჩამოაღწია. ნერგებს ინსტიტუტის დირექტორი და კიდევ სამი კაცი მოჰყვებოდნენ და გზაში რწყავდნენ, მაგრამ მაინც მოწყენილი ჩამოვიდა. ამიტომ სოხუმში ნერგები დაუყოვნებლივ დავრგეთ მომზადებულ ნაკვეთზე. მეორე დღეს გურიის სოფელ  წვერმაღალაში დავრგეთ, მერე კი ანასეულის ინსტიტუტში.
ნერგებმა მეორე დღიდანვე დაიწყო გამოცოცხლება და ცოტა ხანში უხვი მოსავალი მოგვცა. ასე შეუდგა ჩვენი ინსტიტუტი მრავალი ათასი ადამიანისთვის ამ მართლაც უნიკალურ მცენარეზე მუშაობას...

- თუ ასეა, სტევიას, რატომ არ ვაწარმოებთ?

- სტევიაზე, შემოსვლის დღიდან, რამდენიმე მეცნიერი მუშაობს... რუსთაველის ფონდმა 3-წლიანი გრანტი გამოგვიყო წარმოებისთვის. ამით შევძელით სტევიის შენარჩუნება, მისი ახალი ჯიშების გამოყვანა და ჩვენი მოყვანილი სტევიისგან 15 ნაწარმის მიღების ტექნოლოგია შევიმუშავეთ. ამის შემდეგ კიY წინ ნაბიჯს ვეღარ ვდგამთ. არადა, სტევია 200-მდე სასარგებლო ნივთიერებასა და ძალიან ცოტა კალორიას შეიცავს, მდიდარია მინერალებით, ვიტამინებით, ბეტა კაროტინით, ნიკოტინის მჟავით, ეთერზეთებით...
მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენში საკვლევი მუშაობა ფინანსდება, მაგრამ აღარ ხდება მისი პრაქტიკაში დანერგვის დაფინანსება.

როცა ანასეულში ედუარდ შევარდნაძეს სტევია ვაჩვენეთ და მის შესახებ ვუამბეთ (თავად იყო დაავადებული დიაბეტით), აღფრთოვანებულმა გვითხრა, სტევიის წარმოება უახლოეს ხანში დაიწყებაო. ამის შემდეგ დიდი დრო გავიდა. როცა კვლავ შემხვდა, მკითხა, - სტევიაზე რა ხდებაო. არაფერი-მეთქი. დაიბარა მაშინდელი სახელმწიფო მინისტრი ჯორბენაძე - თუ სტევიას ერთ კვირაში არ მიხედავ, შენც გადაგაყენებ და შენს მოადგილეებსაცო! გავშრი - ჩემი ნათქვამით ვაითუ, კაცმა სამსახური მართლა დაკარგოს-მეთქი. ჯორბენაძემ დამამშვიდა - თქვენ ნუ ღელავთ, ეგ კვირაში 7-ჯერ გვხსნის თანამდებობიდან, სტევიის საქმეს კი მართლაც მოვაგვარებო. აი, ასე ტკბილი სიტყვით დამცილდა, თუმცა არაფერი გაუკეთებია.

- აბა, შენარჩუნება როგორ შეძელით?
- იმ ერთგულებით, რაც ჩვენს თაობას მეცნიერების მიმართ ჰქონდა, - როგორ შეიძლებოდა, ასეთი უნიკალური განძისთვის ხელი გვეკრა. ბატონმა გივი სარჯველაძემ საოცარ სიახლეს მიაგნო: ჩვენს დანგრეულ და გაყინულ ლაბორატორიაში უმარტივესი მეთოდით სტევიისგან სტევიოზიდის სუფთა კონცენტრატი მიიღო! ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტევიას მოაშორა სპეციფიკური გემო და მიიღო აბსოლუტურად ტკბილი, უვნებელი შაქარი. არადა, საამისოდ უცხოეთში მაღალ ტექნოლოგიებს იყენებენ. სტევიოზიდს იაპონიის 99% იყენებს, ამერიკაში სტევიისგან ახალ-ახალი პროდუქტის მიღებაზე მუდმივად მუშაობენ...
აქამდე სტევიას ვეგეტაციურად ამრავლებდნენ, ჩვენ უკვე სტევიის თესლიც გამოვიყვანეთ.

- ახლა სად გვაქვს სტევიის ნათესები?

- ლანჩხუთში, სადაც სტევიის ნაკვეთი საგრანტო მუშაობის პირობებში გავაკეთეთ და - ანასეულის ინსტიტუტში. ამ ნაკვეთმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენში ამ კულტურის ათვისება დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს და საექსპორტოდაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. მაგალითად, კოლხეთის დაბლობები, სადაც 40 სანტიმეტრ სიღრმეზე უკვე წყალია, საუკეთესოა სტევიისთვის.

სტევია ერთწლიანი კულტურაა, ჩვენ კი ორწლიანიც გამოვიყვანეთ
აღმოვაჩინეთ, რომ თუ ერთწლიანი სტევიის ერთი ჰექტარი ნათესიდან 7 ტონა ნედლეული მოდის, ორწლიანიდან ყოველ წელიწადს 10-12 ტონას ვიღებთ.

სტევია უნიკალური იმითაც არის, რომ მისი მოსავალი ამოსვლიდან, ანუ აპრილიდან სექტემბრის ბოლომდე, ყოველ თვენახევარში, სამჯერ იჭრება. გვიან შემოდგომაზე კი სტევია იფუთება - ფესვების ყელზე, გადანაჭერთან მიწა ეყრება და ნიადაგში იზამთრებს. გაზაფხულზე კი ამ მიწიდან ამობიბინდება და ჯანმრთელობისათვის საუკეთესო წამლად იქცევა.


სტევია

სტევია თაფლოვანი, ანუ ტკბილი მცენარეა, უფრო სწორად, მისი შემცველი სტევიოზიდი 300-ჯერ უფრო ტკბილია, ვიდრე შაქრის შემცველი საქაროზა, მაგრამ საერთოდ არ მოქმედებს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციაზე. ეს ნიშნავს, რომ დიაბეტით დაავადებულებს შეუძლიათ `სტევიის შაქარი" შეუზღუდავად მიიღონ, თუნდაც კილოგრამობით. სტევია ღვიძლში გლიკოგენის წარმოქმნას უწყობს ხელს, ანუ ღვიძლს ანიჭებს ფუნქციას, ორგანიზმში შაქრის შემცველობა დააბალანსოს. ეს კი განუმეორებელი შვებაა დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. გამოიყენება ათეულობით სახეობის, მათ შორის მურაბებისა და საკონდიტრო ნაწარმის დამზადებაში. როგორც დღევანდელი გამოკვლევებით მტკიცდება, საკმარისია ყოველდღე ერთი ფოთოლი ერთ ჭიქა ჩაიზე, რომ ორგანიზმმა გასუქებაზე უარი თქვას. სტევია 200 სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს...
აკაკი
02 თებერვალი 2018 00:35
რა მეცნიერები,რა სისხლის ფასად.საბერძნეთში ყველა სანერგეშია ნერგი,იყიდე და გააშენე,კრისტალის მიღება კი ინვესტორი ან 25000 ევრო დანადგარისთვის და წავიდაააა.მეცნიერებმა კი სისხლის ფასად შეინარჩუნეს.მეოცნებე და სადღეგრძელოს ხალხი ვართ,მოტომაც ვართ ეგრე მიჩმორებულები
ნანა
13 ნოემბერი 2017 16:25
ვიხალისე ჯორ-ბენაძის ფრაზაზე დაპირდა მაგრამ არ შეასრულა..ესეც შენი ედოს მთავრობა...რაც შეეხება სტივიას არაჩვეულებრივი პროდუქტია მაგრამ მარტო ფარმადეპოს აფთიაქებში იყიდება და საკმაოდ ძვირია,,,აბა ბიძო რამეს იაფად მოგყიდის
maria mi
21 აპრილი 2017 16:55
იქნება დააჩქაროთ და დაიწყოს ქვეყანამ ამ მცენარის გადამუშავება შაქრად და დიაბეტიანებსაც გვქონდეს ბედნიერება შევჭამოტ ტკბილ რამე. იზრუნებს მთავრობა ამაზე?არა მგონია.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები