როგორ გადაიღეს "უდიპლომო სასიძოში" "მიხაკოს აკადემიის" გოდრები
26-01-2015
როგორ გადაიღეს "უდიპლომო სასიძოში" "მიხაკოს აკადემიის" გოდრები
ამას წინათ გურიაში ერთ ოჯახში იმდენად ძველ და ლამაზ გიდელში ჩაყრილი ყურძენი მომიტანეს, რომ ყურძნისთვის არც კი შემიხედავს, - ნეტავ ასეთი ლამაზი გიდელი რა ხელმა გააკეთა-მეთქი! ეს გიდელი მიხაკო სალუქვაძემ დაწნა სოფელ ლიხაურში. დიდი ხანია, რაც იმ ქვეყნად წავიდა, მაგრამ მისი შვილიშვილი, ელგუჯა, ბაბუაზე ნაკლებ გიდელებს არ აკეთებსო.

ამ ზამთარს ავედი სოფელ ლიხაურში. სალუქვაძეების სახლი რომ ვიკითხე, გზად შეხვედრილმა ქალმა შუბლი მოიჩრდილა - ალბათ, ელგუჯას ოჯახს კითხულობთ, მაგენს ყველა იცნობს,
ბაბუამისის, მიხაკოს მოწნულ გოდორში "უდიპლომო სასიძო" ბიჭიკო რომ ჩაჯდა, თავზე იმდენი მანდარინი დააყარენ, მარა სიმძიმეს გოდორმაც გოუძლო და მანაც, ვინც იგი მოიკიდაო და სალუქვაძეებისაკენ მიმავალი გზა დამანახა, - თანამედროვე სახლის გვერდით ძველებური ნალია იდგა, ნალიაზე გიდელი ეკიდა.

სტუმარიც და მასპინძელიც ნალიასთან ჩამოვსხედით. იქ ელგუჯა სალუქვაძემ
თავის ბაბუაზეც მიამბო, "უდიპლომო სასიძოზეც" და იმ საქმეზეც, რომელიც ჩვენამდე საუკუნეების წიაღიდან არის მოსული.


- მარტო ბაბუა მიხაკო კი არა, ბებიაც იმისთანა კალათებს წნავდა, 500 კილო ტვირთსაც გაუძლებდა! ბაბუაჩემი გიდელს გადმოჰყვა ხის კენწეროდან - ადესის დასაკრეფად 10-მეტრიან თხმელაზე იყო ასული, გიდელი ჩამოაწოდა და თავადაც წამოჰყვა. ერთი თვე იცოცხლა და იმას წუხდა, ადესა დამრჩა მოსაკრეფიო. ბებია იქამდეც ხომ წნავდა გიდელ-გოდრებს, მას მერე უფრო მოუმატა - ეს ჩვენი ოჯახის შემოსავალი იყო. მოწნული გიდელები იმისთანა იყო, შიგ წყალი რომ ჩაგესხა, წვეთი არ გავიდოდა.

- ეგ რას ნიშნავს?
- გიდელს იმისთანა მჭიდრო წნულს უკეთებდა, წყალს რომ ჩაასხამდი, ნელა ჟონავდა და შიგ კაი ხანს იდგა. ჩვენს ნალიაში ახლაც ბებიაჩემის გაკეთებული კალათით ამაქვს სიმინდი.
ჩვენ რომ ასეთ გოდორს ვაკეთებდით, ქვეყანამ იცოდა, - მოვიდოდა კოლმეურნეობა და ერთად წაიღებდა ჩვენგან ასე, 150 გოდორს და გიდელს - ამ საქმეს ჩვენი ოჯახი მთელი ზამთარი აკეთებდა. "უდიპლომო სასიძოს" რომ იღებდნენ, მოუკითხავთ თურმე, გამძლე გოდრები გვჭირდება და კარგ ოსტატს ვერ მიგვასწავლითო? გურიაში მიხაკოს გოდორ-გიდელზე ლეგენდები დადიოდა და გადამღები ჯგუფიც ჩვენ მოგვდგომია. მაშინ ბაბუას გოდრები ძალიან გამოადგათ.

- იმიტომაც გადაიღეს "უდიპლომო სასიძოში" "მიხაკოს აკადემიის" გოდრები? ისე, "მიხაკოს აკადემიას" რატომ ეძახდნენ?
- იმიტომ, რომ ბაბუასთან ბევრი მოდიოდა ამ საქმის შესასწავლად. ბაბუაც ასწავლიდა, - ამ ხელობით მოწაფეები სარჩოს შოულობდნენ. ბაბუას გოდრებს რკინასავით გამძლე სამხრეები რომ ჰქონდა, "უდიპლომო სასიძოშიც" ხო ეტყობა? იმიტომ, რომ გოდრისა და კალათების სამხრე მზადდება საძირე წაბლისგან. ეს წაბლი კი მდუღარეში უნდა გამოიყვანო და 2 საუკუნე გაძლებს; ოღონდ ნესტი რომ არ მოეკიდოს, გოდორი ფსკერით დადგმული კი არა, დამხობილი უნდა შეინახო. მაგრამ გოდორია თუ გიდელი, უსათუოდ ტყის თხილის წკნელით უნდა დაიწნას, საძირე წაბლი აუცილებლად წყალში უნდა მოიხარშოს, ან ცეცხლზე შეთბეს და მერე რაც შეიძლება თხლად დაითალოს.
ზოგჯერ საძირე იმისთანა თხელია, შიგ მზის სხივი გადის.

- კალათი სხვა ხით არ მოიწნება?
- კი, მარა წაბლზე და ტყის თხილზე გამძლე არაფერია. ის კი არა, ტყის თხილის შინაურით შეცვლაც არ შეიძლება - მსხვილი და უხეში გამოდის. საძირედ კიდევ წაბლი თუ არ იხმარება, წასულია საქმე. მხოლოდ საცობის ხით შეიძლება შეცვლა.

- კორპის ხეზე ამბობთ?
- კი. ადრე აჭარაში იყო გაშენებული, მაგრამ ახლა მაგის გაშენება თუ დავიწყე, 25 წელი კალათს ვერ მოვწნავ - მარტო ამ ხნის ხის გამოყენება შეიძლება სამასალედ.

მეზღვაური კაცი ვარ, მსოფლიო შემომივლია, მაგრამ მამა-პაპის საქმემ რომ დამიძახა, იმას მივუგდე ყური. ამისთვის ბევრი რამის გათვლაა საჭირო. ისე კი, ვერავინ აღწერს, ჩემს გულს რა იმედი მიეცა, როცა ერთ დღეს მითხრეს, 15 მოწაფეს მოგაბარებთ და კალათების მოწვნა ასწავლეო.
კალათები მზისგულზე ამოსული თხილის წკნელით მზადდება - მზე ყველაფერს ახარებს და აცოცხლებს. საცდელად მზისგულზე ნამყოფი ხის წკნელისა და ჩრდილში ამოსულისთვის ერთად ამიძვრია ტყავი, მაგრამ მზისგულზე ამოსული გამომდგომია.

ამ მზეს რომ ვუყურებ, ხანდახან იმაზეც ვფიქრობ, ჩვენ, ადამიანებსაც გვჭირდება, რომ მზიანი ცხოვრება გვქონდეს... ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სიცოცხლე დარდით არ უნდა იყოს ჩამობურული. სხვა რა ვთქვა, - ღმერთმა ინებოს, გოდორიც ბევრი გვქონოდეს, გიდელიც, კალათიც და შიგ მოწეული მოსავალიც.


"მიხაკოს გოდრები ფილმში გამოადგათ"


ქართული კინოკომედია "უდიპლომო სასიძო" 1961 წელს გადაიღო რეჟისორმა ლევან ხოტივარმა. ბრწყინვალე მსახიობებისა და შესანიშნავი მუსიკის წყალობით ფილმმა ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. მეტიც - "უდიპლომო სასიძო" ჩვენი კინოკლასიკის იმ საგანძურად იქცა, რომლის მოარულ ფრაზებს დღესაც იყენებენ. მაყურებელს ახლაც ისეთსავე სიამოვნებას ანიჭებს კოტე მგალობლიშვილის, ბელა მირიანაშვილის, აკაკი კვანტალიანის, დოდო აბაშიძის, ვახტანგ ნინუას, სანდრო ჟორჟოლიანის, აკაკი ვასაძის განსახიერებული როლები, როგორც 54 წლის წინათ. ფილმში აჟღერებულმა კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის მუსიკამ არაერთხელ მოუტანა წარმატება ქართულ შოუბიზნესს.
გელა
22 თებერვალი 2017 19:21
გიდლები პატარებიც არის. ხეზე ყურძენს სტუმრისთვის პატარა გიდელში მოკრეფდნენ თავისთავად და იგივეს მიართმევდნენ სტუმარს !!!
nato
13 თებერვალი 2015 13:52
ნამდვილად სიმართლეს ყვება ბატონი ელგუჯა.სოფ.ლიხაურში მცხოვრებ ბევრი სალუქვაძის ოჯახში. ბწნიდნენ გოდრებს მაგრამ გამიგია მიხაკო დზალიან ლამაზ გოდრებს აკეთებდა.ქალბატონი რუსუდანი მიხაკოს მეუგლე მეთვითონ მინახავს კალათს როგორ ბწნიდა.თან პატარებსაც ბავშვებისთვის
ñññ
30 იანვარი 2015 23:44
კვანტალიანმა რომ გოდორი მოიკიდა, მანდარინებით კი იყო სავსე ,მაგრამ ზურგზე მოკიდებილი რომ მიდის ,შიგ ნამდვილად ზის 'უდიპლომო სასიძო´?

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა