მოსავლის უხილავი მტრები - კვირის პალიტრა

მოსავლის უხილავი მტრები

არსებობს უხილავი საფრთხეები, რომელიც გლეხის სარჩოს წლიდან წლამდე უფრო და უფრო ანადგურებს. ალბათ, იმიტომ, რომ ისინი "უხილავია", მათთან ბრძოლა თვითდინებაზეა მიშვებული. სოფლის მეურნეობის წამყვანი სპეციალისტი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ნემატოლოგი თამაზ ცქიტიშვილი წლებია ნიადაგის ამ საფრთხეებს იკვლევს.

- იმ პირთა უმეტესობამ, რომელიც ასე მწარედ განიცდის თავის ნაჯაფის განადგურებას, არც კი იცის, რომ გარდა მათთვის ცნობილი მცენარეთა მავნებლებისა, არსებობს ნიადაგსა და მცენარეთა ქსოვილებში მცხოვრები მიკროსკოპული ორგანიზმები, ფიტონემატოდები, რომლებიც ხშირად ბოლოს უღებენ ადამიანის ნაშრომს და რომელიც გავრცელებულია ყველგან, სადაც კი არსებობს სიცოცხლე. ამ დაუნდობელი მიკროორგანიზმების რიცხოვნობამ ნიადაგის ერთ კუბურ მეტრზე, შესაძლოა, მილიარდ-ნახევარს გადააჭარბოს. მათგან 90%-ს შეადგენენ ნემატოდები, ანუ მრგვალი ჭიები, რომელთა 500 ათასამდე სახეობა არსებობს. უმრავლესობა პარაზიტია და ბინადრობს ნიადაგში, წყალში, ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში. ძალიან იშვიათია საკვები მცენარე, ნემატოდა არ ემუქრებოდეს. მაგალითად, არსებობს კარტოფილის, ხახვისა და ნივრის ღეროს ნემატოდები, ხორბლის, ციტრუსების ნემატოდები და ა.შ. დღეს მცენარეების ნემატოდების 90 000 სახეობაა ცნობილი (სპეციალისტების აზრით, მათი რიცხვი გაცილებით მეტია).…

- რა ზიანის მიყენება შეუძლიათ მათ მცენარეებისთვის?

- ფიტოჰელმინთებს (ჰელმინთები - პარაზიტული ჭიები, რომლებიც ბინადრობენ ადამიანის ორგანიზმში, ცხოველებსა და მცენარეებში) უნიკალური თვისება აქვთ, ყოველგვარი დაბრკოლების გადალახვა და ახალ გარემოსთან შეგუება შეუძლიათ. ფიტოჰელმინთით დაავადებული ხე (ფიჭვი, ნაძვი, კედარი, სოჭი, ლარიქსი) 60-90 დღეში იღუპება. ნემატოდას შეუძლია უვარგისი გახადოს სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და ტყის მასივების ათასობით ჰექტარი.

აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, ციტრუსების მოყვანისა და წარმოების უმთავრესი რეგიონი აჭარაა, მთლიანობაში დაახლოებით 8000 ჰექტარი უკავია ციტრუსს, ხოლო მისი წილი ექსპორტში 70%-ს უდრის. რადგან პლანტაციები, მათ შორის, ციტრუსიც, ეტაპობრივად უნდა გაახლდეს ახალი ნარგავებით, გასულ წლებში აჭარაშიც შემოიტანეს იაპონიიდან და ესპანეთიდან და 14 ჰექტარზე გააშენეს მანდარინი ისე, რომ არ ჩატარებულა არც ნერგების და არც სარგავი ტერიტორიის ფიტოჰელმინთოლოგიური ექსპერტიზა. და როცა მოგვიანებით ჩავატარეთ, აღმოჩნდა რომ აჭარის მთელ ტერიტორიაზე ციტრუსების სპეციფიკური ნემატოდა ფართოდ გავრცელებულა. ასე რომ, შესაძლებელია აჭარაში 5-8 წელიწადში დაიწყოს პლანტაციების დაძაბუნება და ხმობა.

ასევე, კარტოფილის უფერული ნემატოდა აღმოვაჩინეთ სამცხე-ჯავახეთში, ჩვენი მეკარტოფილეობის მთავარ ცენტრში. ეს მეტად უსიამოვნო ამბავია. არადა, სამცხე-ჯავახეთის ოთხი რაიონის მეკარტოფილეებს წარმოდგენა არა აქვთ ნემატოდურ დაავადებებზე. კარტოფილის ნემატოდა საკმაოდ გამძლეა, ის გაივლის კვერცხის, მატლისა და ზრდასრულ ფაზებს და კარტოფილს როგორც მინდორში, ასევე საწყობებში ანადგურებს, - კანი დაზიანების ადგილას ნაცრისფრდება, ტყავივით მაგრდება და სკდება. დღესდღეობით კი კარტოფილის მეტად საშიში ოქროსფერი ნემატოდა აღმოჩენილია ჩვენს მეზობელ სომხეთში. ამ უკანასკნელს შეუძლია გაანადგუროს კარტოფილის 90%-მდე მოსავალი.

წიწვოვნის ნემატოდაც ძალიან საშიშია. 1999 წელს ჩინეთიდან შესული შესაფუთი მასალიდან პორტუგალიაში გავრცელდა ფიჭვის ღეროს ნემატოდა. ამ მიზეზით პორტუგალია იძულებული გახდა, 380 ათასი ხე მოეჭრა. ამ დროს სამეცნიერო კვლევებისთვის ევროკავშირმა 8 მილიონი ევრო გამოყო, ხოლო საკვლევმა ტერიტორიამ 1 მილიონი ჰექტარი მოიცვა. გარდა ამისა, ნემატოდას გავრცელება მოსალოდნელია სხვა მრავალ კულტურაზეც. მაგალითად, ატამზე, მსხალსა და იასამანზეც კი.…

- ჩვენ რატომ არ ვიკვლევთ ასეთ საშიშ მოვლენას?

- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ფიტოჰელმინთოლოგთა ჯგუფი (სულ 6 სპეციალისტი) ერთადერთია საქართველოში, რომელსაც ფიტოჰელმინთოზის ფუნდამენტური კვლევების დიდი გამოცდილება აქვს; თუმცა, ამ საშიში მავნებლის კვლევებს სჭირდება ფინანსები, რომელიც, სამწუხაროდ, არა და არ გამოჩნდა. არადა, ნემატოდაზე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ტარდება ყოველწლიური მონიტორინგი, მილიონობით სინჯი კეთდება, მათ შორის, ნიადაგისა.

ჩვენმა ფერმერებმა და სათბურის მეპატრონეებმა არ იციან, რომ შესაძლოა მოსავალს სწორედ ფიტოჰელმინთების მიზეზით კარგავენ. დასანანია, რომ ქართველი ფიტოჰელმინთოლოგების კვლევები მხოლოდ ერთხელ დაფინანსდა და ისიც 3 წლით რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ამაზე სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იფიქროს.

გამანადგურებელი ნემატოდა

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში სკანდინავიის ქვეყნებსა და იაპონიაში ამერიკიდან ხეტყის იმპორტი სრულად შეაჩერეს, რადგან ამერიკულ ხეტყეს შემოყოლილმა ფიტოჰელმინთებმა ამ ქვეყნების ტყის წიწვიანი მასივები ასეულობით ჰექტარზე გაანადგურა. გასული საუკუნის მიწურულს ჩინეთმა მოჭრა და გაანადგურა ფიტოჰელმინთებით დაავადებული 2 მილიონზე მეტი ხე; კალიფორნიაში ნემატოდამ ჯერ ციტრუსების პლანტაციები გაანადგურა ჰექტრობით, მერე კი ვაზი, რომელიც ამ ნიადაგზე დარგეს გამოკვლევების გარეშე - 2-3 წელიწადში ამ ვაზის 95% დაინვაზირდა ამავე ნემატოდით.