თევზს მხოლოდ წყალი არ ჰყოფნის - კვირის პალიტრა

თევზს მხოლოდ წყალი არ ჰყოფნის

"ყველაზე სერიოზული მიზეზი, რომლის გამოც თევზები იხოცებიან, საკვების ჭარბი რაოდენობაა"

"თევზები ძალიან მიყვარს, ამიტომ ჩემს აკვარიუმში ყოველთვის დაცურავენ ეს "პირში წყალჩაგუბებული" არსებები, რომლებსაც შინ სიმშვიდე და სილამაზე შემოაქვთ. არასოდეს დამავიწყდება განცდა, როცა ჩემი პირველი თევზები მომიკვდა. წყალი 2-3 დღეს არ მოდიოდა, როგორც კი გამოუშვეს, აკვარიუმში მაშინვე გამოვცვალე, 20 წუთის შემდეგ მივედი და ყველა თევზი მკვდარი დამხვდა: თურმე  ქლორიანი წყალი ჩამისხამს და ამიტომ დაიხოცნენ. მას შემდეგ 20 წელიწადი გავიდა, მაგრამ ეს უსიამოვნო ამბავი დღემდე ცუდად მახსენდება", - გვიამბო ჩვენმა მკითხველმა და გვთხოვა, სხვებსაც მოვუთხროთ, როგორ მოვუაროთ თევზებს.

გვესაუბრება ექიმი-ვეტერინარი ქეთი კვირკველია.

- თევზები დედამიწაზე უკვე მილიონობით წელია ცხოვრობენ. მათ ხანგრძლივი ევოლუცია განიცადეს და მათი ნაწილი აკვარიუმში ცხოვრებასაც შეეგუა. საქართველოში ყველაზე გავრცელებული თევზები ციხლიდების (ციკლიდების, კიკლიდების) ოჯახის წარმომადგენლები არიან. მსოფლიოში ციხლიდების ათასამდე სახეობა არსებობს, თუმცა, ჩვენში რამდენიმე სახეობაა გავრცელებული. სახლის პირობებში, ძირითადად, ორნაირი თევზები ჰყავთ: ცივი წყლისა და თბილი წყლის. ორივეს თავისებური მოვლა და განსხვავებული პირობების შექმნა სჭირდება.

თბილი წყლის თევზები ძალიან კარგად ეგუებიან აკვარიუმს, მაგრამ განსაზღვრული ტემპერატურა სჭირდებათ, მისმა დაცემამ შესაძლოა სიკვდილიც გამოიწვიოს. ისინი 18 გრადუსზე ქვემოთ ვერ ძლებენ, ამიტომ მათთვის იდეალური ტემპერატურაა ამ ნიშნულს ზემოთ. ცივი წყლის თევზებისთვის კი იდეალურია 18 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა.

თბილი წყლის თევზებისთვის 24 გრადუსი არის საუკეთესო ტემპერატურა, ხოლო ცივი წყლის თევზებისთვის - 15-18 გრადუსი. ცივი წყლის თევზებისთვის გამათბობელს არც ყიდულობენ, იმიტომ, რომ ზამთარში ისედაც თბება ბინა და შესაბამისად, აკვარიუმიც. ამიტომ ცივი წყლის თევზების მოვლა უფრო მარტივი და იაფია და ასეთი თევზები უფრო ბევრს ჰყავს. თუმცა, თბილი წყლის თევზები განსაკუთრებით ლამაზები არიან, ამიტომ მოყვარულები მათაც ხშირად ყიდულობენ და ამრავლებენ.

ამასთან, თევზებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს წყლის რაოდენობასაც: თუ თევზი 5 სმ-მდე სიგრძისაა, მისთვის 4-5 ლიტრამდე წყალია აუცილებელი. წყლის რაოდენობა აკვარიუმში სწორედ თევზის ზომის შესაბამისად უნდა გამოვთვალოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- რა ფაქტორებია მნიშვნელოვანი თევზების სიცოცხლისთვის?

- ხუთი რამ არის ყველაზე მნიშვნელოვანი: აკვარიუმში წყლის რაოდენობა, ტემპერატურა, ჟანგბადი, ჰიგიენური პირობები და კვება. თუმცა, არანაკლებ საყურადღებოა აკვარიუმის მოწყობაც.

ისეთი გარემო უნდა შევუქმნათ, როგორიც ზღვაში ან ტბაშია. იქ უნდა იყოს გრუნტი, ქვები, წყალმცენარეები და ლაბირინთები, რათა ყველაფერი თევზის ბუნებრივ სასიცოცხლო გარემოს დავამსგავსოთ.

სასურველია რეგულარული კვება, თანაც ერთსა და იმავე დროს. კვების დაწყებამდე შეიძლება აკვარიუმს თითებით მივუკაკუნოთ, ისინი ამგვარ "დაძახებას" მიეჩვევიან და თავიანთ პატრონთან აუცილებლად მოვლენ. თუ ყოველი კვების დროს ასე მოვიქცევით, მათ ეს ჩვევად ექცევათ და ჭამის დრო რომ დადგება, აკვარიუმის კიდესთან თვითონ მოვლენ.

თევზების საკვები სხვადასხვანაირია: მშრალი, ფირფიტების ან გრანულების მსგავსი, შეიძლება ბუნებრივი საკვებიც მივაწოდოთ. ბუნებრივ საკვებში ჭიაყელებს ვგულისხმობ, მაგრამ ისინი ძალიან საშიში არიან, რადგან ბევრი დაავადება გადააქვთ. ამიტომ კარგად უნდა გავყინოთ მაცივარში და მხოლოდ შემდეგ ჩავუყაროთ.

ყველაზე სერიოზული მიზეზი, რომლის გამოც თევზები იხოცებიან, საკვების ჭარბი რაოდენობაა.

თუ ისინი წყლის ზედაპირზე ამოდიან და ტივტივებენ, ეს არის პირველი ნიშანი, რომ თევზებმა ზედმეტი ჭამეს. თუ ეს ხშირად განმეორდება, შეიძლება თევზები დაიღუპონ.

არადა, თევზს თუ ნორმალური გარემო და საარსებო პირობები აქვს, შეიძლება 10 წელიწადსაც კი იცოცხლოს. მიღებულია, რომ თევზს წყალი თვეში ერთხელ უნდა გამოვუცვალოთ, მაგრამ ძალიან კარგი იქნება, თუ კვირაში ერთხელ აკვარიუმიდან წყლის 1/5-ს ამოვიღებთ და შექმნილ დანაკლისს შევავსებთ. ოღონდ ეს ონკანის წყალი არ უნდა იყოს, რადგან ქლორი თევზებისთვის დამღუპველია.

- როგორ გავწმინდოთ წყალი ქლორისგან?

- ონკანის წყალი უნდა დავდგათ, სულ ცოტა, 2-3 დღით მაინც. ყველაზე კარგი იქნება, თუ ერთი კვირით გავაჩერებთ. ეს საჭიროა წყალში ქლორის გასანეიტრალებლად. დროდადრო აკვარიუმის მინებიც უნდა გაიწმინდოს: არსებობს სპეციალური მაგნიტები, რომლის ერთი მხარე შიგნით მაგრდება, ხოლო მეორე - გარეთ და ხელის მოძრაობით იწმინდება როგორც შიდა, ასევე გარე მხარეები. გაწმენდა აუცილებელია, რადგან შიდა მხარეზე ისეთი ნივთიერებები ილექება, რომლებიც ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს. ასევე უნდა გაირეცხოს გრუნტიც, ოღონდ შედარებით იშვიათად - 6 თვეში ერთხელ მაინც. არსებობს პლასტმასის მოწყობილობა, რომელსაც მტვერსასრუტს ეძახიან და რომელიც აკვარიუმის ჭუჭყს ისრუტავს.

- თევზების სიკვდილის გამომწვევ  დაავადებათაგან ან მიზეზთაგან რომელია ყველაზე გავრცელებული?

- პირველი არის ჰიპოთერმია, ანუ ორგანიზმის გადაცივება, მეორე - ჭარბი საკვები და მესამე - ქლორის გავლენა.= არსებობს წამლები, რომლებიც წყალს ქლორისგან ასუფთავებს და დეზინფექციას უკეთებს, თუმცა, უმჯობესია წყალი დავაყენოთ. ეს ყველაზე ადვილი და უტყუარი მეთოდია.

თევზებს ხშირად ემართებათ სოკოვანი დაავადება, რომლის დროსაც კანზე გამონაყარი უჩნდებათ თეთრი წინწკლების სახით. ზოგჯერ თევზების მოყვარულნი სხვა დიდ შეცდომასაც უშვებენ: მშვიდობიან და მტაცებელ თევზებს ერთად ათავსებენ, რის გამოც ისინი ერთმანეთს კბენენ და ჩხუბობენ. მტაცებლები ერთმანეთთან იშვიათად ჩხუბობენ. ხშირად ჩხუბი მაშინაც იწყება, თუ აკვარიუმში თევზები უკვე არიან და ახალი წევრი ემატებათ. ასევე არ შეიძლება აკვარიუმში ერთად გავუშვათ დიდი და პატარა ზომის თევზები - დიდი თევზი პატარას ყოველთვის დაჩაგრავს და შეიძლება კიდეც შეჭამოს. თუმცა, ყველაფერი ზომაზეც არ არის დამოკიდებული: თუ პატარა თევზი მტაცებელია, დიდი ტანის მშვიდობიან თევზსაც მოერევა და თუ ვერ მოერევა, დააზიანებს მაინც.

- ყველაფრის მიუხედავად, თევზები მაინც უყვართ, განსაკუთრებით, ბავშვებს სურთ შინ პატარა აკვარიუმი მაინც ჰქონდეთ...

- ეს სურვილი სავსებით გასაგებია: თუთიყუშზე ვიღაცას ალერგია აქვს, ძაღლი ან კატა შედარებით რთული მოსავლელია, აკვარიუმი კი გარემოსაც ალამაზებს და თან დადებით ემოციებს აღძრავს. სწორედ ამიტომ ხშირად აქვთ ოფისებში, საავადმყოფოებში. რაც უფრო დიდია აკვარიუმი, მით უფრო ლამაზია და თითქოს სხვა სამყაროში გადაჰყავხარ. ბევრ ოჯახსა და ოფისში ულამაზეს აკვარიუმებს დგამენ, რომლებიც ჩანჩქერებით არის დამშვენებული. ბევრ მშობელს ურჩევნია, ბავშვს თევზები უყიდოს, რათა მან ცოცხალ ბუნებასთან კონტაქტი დაამყაროს. უბრალოდ, უნდა ავუხსნათ, რამდენი აჭამოს და როგორ მოუაროს. საერთოდ, დიდი აკვარიუმი ჯობს, პატარაში თევზი ცოდვაა, სასურველია, მას მეტი სივრცე ჰქონდეს.

- რომელი თევზებია მიჩნეული ყველაზე იშვიათად საქართველოში?

- იშვიათია ზღვის თევზები, რადგან ძვირი ღირს, თანაც, ძნელი მოსავლელი არიან. ასეთ თევზებს სპეციალური წყალი და განსაკუთრებული წამლები სჭირდებათ, ამიტომ ძალიან ცოტას ჰყავს.

სპეციალისტი გვირჩევს

როდესაც ზოომაღაზიაში თევზების ასარჩევად წახვალთ, სპეციალისტს ყურადღებით უნდა მოუსმინოთ და მისი რჩევები გაითვალისწინოთ. უნდა შეაფასოთ, რამხელა აკვარიუმის დადგმა შეგიძლიათ - უკვე ვთქვით, რომ წყლის რაოდენობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. უმჯობესია, ერთი თევზი იყიდოთ და ის გყავდეთ კარგ პირობებში, ვიდრე ათი და ვერც ერთმა ვერ შეძლოს ნორმალური თანაცხოვრება იმიტომ, რომ საჭირო სივრცე არ ექნებათ და თავისუფლად გადაადგილებას ვერ შეძლებენ.

აკვარიუმის შეძენისას ყველა საჭირო ინვენტარიც იმ დღესვე უნდა შეიძინოთ, რათა წყლის ტემპერატურა არ დაეცეს. დაბალ ტემპერატურაზე თევზები სტრესს იღებენ და იღუპებიან. აკვარიუმს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თერმომეტრი ტემპერატურის გასაკონტროლებლად. აგრეთვე, გამათბობელიც, რომელიც წყალში უნდა ჩავკიდოთ. როდესაც წყალი საჭირო ტემპერატურამდე გათბება, გამათბობელს თერმოსტატი დროებით გათიშავს. ასე შეიძლება წყლის ტემპერატურის გაკონტროლება 24 საათის განმავლობაში. გამათბობელი, ფილტრი და ჟანგბადის საჭირო დონე აკვარიუმისთვის აუცილებელია. ასევე უნდა მოვარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს, რადგან აკვარიუმი ხავსს იკიდებს და წყალმცენარეები იზრდება. რადგანაც ნამდვილი წყალმცენარეების მოვლა ადვილი არ არის, თევზებისთვის ბუნებრივი გარემოს შესაქმნელად უმჯობესია, წყალში ხელოვნური წყალმცენარეები ჩავდოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე