მარწყვის მოსავალი სახურავზე
26-01-2015
მარწყვის მოსავალი სახურავზე
ნათქვამია, "თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმებაო" - როცა ადამიანს მცენარე, ბუნება უყვარს, თუ მოინდომა, ეს სიყვარული საოცარ ამბებს ჩაადენინებს და მრავალსართულიანი სახლის სახურავზე ყვავილების ბაღსა და მარწყვის ბაღჩასაც კი გააშენებს... პროფესიით ქიმიკოსმა ნინო მელქაძემ, ფოთში, ხუთსართულიანი სახლის სახურავზე მარწყვი გააშენა.

- სტუდენტობისას არდადეგებზე ბებიას ხშირად ვსტუმრობდი ზაპოროჟიეში. ეზოში სხვა გემრიელ ხილთან ერთად, მარწყვი და ჟოლოც ჰქონდა გაშენებული. მერე უკრაინიდან ამ კენკრის რამდენიმე ძირი წამოვიღე და ეზოში დავრგე, მაგრამ
არ გაიხარა.

გათხოვების მერე საცხოვრებლად ხუთსართულიან შენობაში გადავედი, - მეხუთე სართულზე აღმოვჩნდი და გადავწყვიტე, სახლის თავზე არსებული ფართობი გამომეყენებინა. ჯერ ყვავილების ბაღი გავაშენე. მერე მცენარეებს ძირში მარწყვის 5 ნერგი ჩავურგე, რომელიც ნათესავმა მაჩუქა, მოსკოვიდან გახლდათ გამოგზავნილი, "მოსკოვის საიუბილეო" - ერქვა.

- და გაამართლა?
- დიახ,
მარწყვმა კარგად გაიხარა და მერე მის გამრავლებაზე დავიწყე ფიქრი... ავიტანე სახურავზე თხელი პლასტიკატის ფირფიტები, რკინის მავთულები და სამმეტრიანი ქოთნები შევკარი. თითქმის 5 წელია, რაც მარწყვი მომყავს ჩემს სახურავზე.

- მცენარეების მორწყვისას წყალი შინ არავის ჩასდის? ეს ხომ საცხოვრებელი სახლის ხუთსართულიანი კორპუსია?
- შენობას საწვიმარი აქვს და წყალი იქ მიედინება, თან, სახურავი საკმაოდ სქელი ტოლით არის გადახურული. სახურავზე ბაღის გაშენება მეზობლებს არ გაუპროტესტებიათ. პირიქით, გახარებული არიან და იმ დროს უცდიან, როცა კალათით ჩემს მოწეულ დაშაქრულ მარწყვებს ეზოში ჩავუშვებ.

- პირველი მოსავალი როდის მიიღეთ?

- ერთ წელიწადში...

- მზისგულზე ასე როგორ ხარობს თქვენი მარწყვი?
- სინათლე მნიშვნელოვანია, რადგან ის მცენარის ენერგიის ერთადერთი წყაროა...

- სასუქად რას იყენებთ?

- ნიადაგში პატარა ვაშლებს ვყრი, ყოველ 40 სმ-ში, კვერცხის ნაჭუჭსაც ვიყენებ, მთავარი სასუქი კი მაინც ტორფია... აი, მორწყვა კი (გაზაფხულიდან დილა-საღამოს ვრწყავ), ცოტათი მოსაბეზრებელია.

- მოსავალს ოჯახისთვის იწევთ თუ...
- ოჯახისთვის. თუ მსგავსი იდეა გაგიჩნდებათ,  თამამად იმოქმედეთ...

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით