"კეთილშობილ" ცხოველთა ჟლეტა - კვირის პალიტრა

"კეთილშობილ" ცხოველთა ჟლეტა

ირემი საქართველოში გადაშენების პირას არის

"კეთილშობილი ქმნილება, ბუნების მშვენება..." - ოდითგანვე ასე ამკობდნენ ადამიანები ირემს. ძველი ბერძნები, ინდოელები და გალები მას წმინდა ცხოველად აღიარებდნენ და სიკეთის წყაროდ მიიჩნევდნენ. მიუხედავად ამისა, ადამიანი მაინც ულმობლად ანადგურებდა ამ მშვენიერ ქმნილებას. გამონაკლისი ამ მხრივ არც საქართველო ყოფილა, ამიტომ ერთ დროს ფართოდ გავრცელებული ცხოველი ჩვენში დღეს მხოლოდ სამ ადგილას არის შემორჩენილი: ლაგოდეხის ნაკრძალში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და გარდაბნის აღკვეთილში.

ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე: "თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, მალე საქართველოში ირემი აღარ იქნება. ირმის პოპულაციის აღდგენა-შენარჩუნებისთვის მრავალწლიანი პროგრამის განხორციელებაა საჭირო. პოპულაცია კი რამდენიმე ასეულ ინდივიდს უნდა ითვლიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას გადაშენება ემუქრება".

- ირემი ულამაზესი ცხოველია, აქვს გრძელი და წვრილი ფეხები, მოკლე კუდი და ოვალური ყურები. ნუკრები ხალებიანი არიან, მოზრდილებს კი ხალები ნაკლებად ემჩნევათ. გავრცელებულია ევროპაში, მცირე, შუა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში, აგრეთვე - ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერ სარტყელში. ძირითადად იკვებება მცენარეებით. საკმაოდ კარგად ცურავს, აქვს განვითარებული ყნოსვა და სმენა. ბუნებაში ირემი 20 წლამდე ცოცხლობს, ხოლო ტყვეობაში - 25-30 წელიწადს.

- ვიცით, რომ საქართველოში ძალიან ცოტა ირემი შემოგვრჩა. დაახლოებით რამდენი სული ბინადრობს ჩვენს ქვეყანაში?

- აქ მხოლოდ რამდენიმე პოპულაცია შემოგვრჩა. ყველაზე მრავალრიცხოვანი პოპულაცია ლაგოდეხის ნაკრძალშია, არის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ხოლო სხვაგან პოპულაციის არსებობაზე ლაპარაკი ძნელია, იმდენად მცირეა ირმების რიცხვი. ისინი გარდაბანშიც ბინადრობენ, მაგრამ რაოდენობის შესახებ ბოლო მონაცემები ხელთ არ მაქვს, რადგან შარშან არ აღგვირიცხავს.

საქართველოში დაახლოებით 1000-მდე ირემია. ბოლო აღრიცხვისას 500-მდე ინდივიდი დავთვალეთ ლაგოდეხის ნაკრძალში და 300-მდე - ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. ერთეული ინდივიდები თუშეთსა და ხევსურეთში გამოჩნდა, მაგრამ პოპულაციის შესანარჩუნებლად ეს საკმარისი არ არის. რთული მდგომარეობაა არა მარტო საქართველოში. კავკასიური ირემი ცალკე ქვესახეობაა, რომელიც გადაშენების პირას არის. შედარებით მეტია ჩრდილოეთ კავკასიაში, მაგრამ იქაურ მონაცემებზე ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება. რით განსხვავდება კავკასიური ირემი სხვებისგან? ზომით, ხმით და სხვა ნიშნებით, რომლის შემჩნევაც მხოლოდ სპეციალისტებს შეუძლიათ. ის ზომით უფრო დიდია, ვიდრე ევროპული ირემი, მაგრამ ჩამორჩება ციმბირულ ან ჩრდილოამერიკულ ირემს. განსხვავებული აქვს ხმის ტემბრიც - ჩვენებურ ირემს უფრო ბოხი ხმა აქვს... ეს მხოლოდ კავკასიაში გავრცელებული ქვესახეობაა.

- გამოდის, რომ შველი გაცილებით მეტია (7 ათასამდე), ვიდრე ირემი?

- დიახ, ასეა. ირემს საქართველოში გადაშენება ემუქრება.

ყველა ირემი - ევროპულიც, აზიურიცა და კავკასიურიც, ერთიანდება ოჯახში, რომელსაც ე.წ. კეთილშობილი ირმები ქმნიან. სხვაგვარად მას წითელ ირემსაც უწოდებენ. ევროპაში ეს საკმაოდ მრავალრიცხოვანი სახეობაა, იმდენად მრავალრიცხოვანი, რომ ზოგიერთ ქვეყანაში პრობლემაც კი დგას - ირემი იმდენია, რომ მათი გამრავლებით სხვა სახეობებს პრობლემა ექმნებათ. გაზაფხულზე ყველა მამრი რქებს იცვლის, მდედრი, ანუ ფური სრულიად ურქოა.

- საბჭოთა პერიოდში ირემზე ნადირობა აიკრძალა, ის შეტანილი იყო და არის წითელ წიგნში, ნუთუ ამანაც ვერ გაზარდა მათი რიცხვი საქართველოში?

- წითელ წიგნში შეტანილ სახეობას სასიკეთო ცვლილებები უნდა შეეტყოს, მაგრამ ირმების რაოდენობა არ შეცვლილა. ჯერჯერობით მდგომარეობის გაუმჯობესების იმედიც არ არის. ირმების ასე შემცირება უკონტროლო ნადირობის ბრალია. მათი პოპულაციის აღდგენა კი, როგორც გითხარით, საკმაოდ რთულია. ირემი მხოლოდ ერთ ან ორ ნაშიერს შობს, წარმოიდგინეთ, რა დრო უნდა დასჭირდეს მათ გამრავლებას! განსაკუთრებით დიდი პრობლემა შეიქმნა 1990-იან წლებში, როცა მოსახლეობის ხელში დიდძალი იარაღი აღმოჩნდა. მეც მინახავს ტყეში მოკლული ირემი, რომელსაც ეტყობოდა, რომ დაჭრეს და რამდენიმე საათის ხოხვის შემდეგ ტანჯვით მოკვდა. 1990-იან წლებში ლაგოდეხის ნაკრძალში ინტენსიურად ვმუშაობდით. 1991 წელს იქ 1 000-ზე მეტი ირემი აღვრიცხეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, მერე დაიწყო ცნობილი მოვლენები და 1990-იანი წლების ბოლოს, მორიგი აღრიცხვისას, ნაკრძალში მხოლოდ 80 ირემი იყო დარჩენილი. წარმოიდგინეთ, იმ წლებში რამდენი ირემი განადგურდა. ყველას იარაღი ჰქონდა და რაც ხელში მოხვდებოდათ, ხოცავდნენ. ამას ნადირობაც აღარ ჰქვია, ეს უფრო ჟლეტას ჰგავს. ამიტომ, თუ ადრე ირემი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული, ბოლო წლებში მათი რიცხვი მცირდებოდა.

- ბრძანეთ, რომ ბოლო წლებში ირმები სხვა ადგილებშიც გამოჩნდნენ...

- დიახ, გამოჩნდნენ, მაგრამ ასე ადვილად ვერ ხერხდება პოპულაციის, ანუ იმ ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელსაც გამრავლება შეუძლია. თუ ასე გაგრძელდა, არის საშიშროება, საქართველოში ირემი აღარ დარჩეს. თუმცა, აღდგენის გეგმა შემუშავებულია და ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ. ასეთი გეგმის გარეშე მოქმედებები შეუთანხმებელია, რაც პირიქით, საზიანოა. საჭიროა ირმების გამრავლება რამდენიმე ადგილას, სადაც ისინი საკმარისი რაოდენობით იქნებიან. საბედნიეროდ, წყარო-პოპულაცია გვაქვს ლაგოდეხში, რომლის გამოყენებაც შეიძლება, ოღონდ მიზნის მიღწევას მიზანმიმართული და კარგად დაგეგმილი, გააზრებული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.

ხათუნა ჩიგოგიძე