წიწილები... მაცივრიდან?! - კვირის პალიტრა

წიწილები... მაცივრიდან?!

საქართველოს სოფლებში ჯერჯერობით მზარდი შემოსავლის წყაროს პოვნა კი არა, ოჯახის რჩენაც ძნელია, მით უფრო - გლეხისთვის, ვისაც ბიზნესის გამოცდილება არ აქვს; მაგრამ შრომისმოყვარე და + გონიერი ადამიანი მაინც ახერხებს ფეხზე დადგომას.

თენგიზ ლალიაშვილმა სწორედ ამ ორი თვისებით განმაცვიფრა. როცა შევყურებდი მას და მისი ოჯახის საქმიანობას სოფელ თელეთში, ვრწმუნდებოდი, რომ არც ისე ძნელია, თავისი გარჯით ადამიანმა სოფლად ფული იშოვოს.

- 2008 წლის ომის შემდეგ ცოტა ხანს საჭმელ-სასმლის დეფიციტი გაჩნდა. ცოლ-შვილი და ხნიერი დედა მყავდა საპატრონო. როგორ არ უნდა გავნძრეულიყავი?! დავიწყე ქათმების მოშენება, მაგრამ ფასები ისე სწრაფად იცვლებოდა, ამ საქმემ აზრი დაკარგა; ამიტომაც 2009 წელს ხოხბის გაზრდა დავიწყე - ხოხობს ნაკლები საკვები სჭირდება, ვიდრე ქათამს, თანაც ჩვენს ხოხობზე დიდი მოთხოვნა იყო აზერბაიჯანში, თუმცა ცოტა ხანში თვითონ დაიწყეს გაზრდა.

ამასობაში გარემო მეტ-ნაკლებად სტაბილური გახდა და ისევ ქათმის მოშენება ვარჩიე. ჩემმა გამოცდილებამაც მიშველა - როცა ძალოვან  სტრუქტურებში მუშაობას თავი დავანებე, მეგობარმა თელეთის მეფრინველეობის ფაბრიკაში წამიყვანა სამუშაოდ, ინკუბატორის მეთვალყურეობა მევალებოდა. ცოტა ხანში რასაც შემპირდნენ, ორჯერ იმაზე მეტი ხელფასი მომცეს - ყველამ შეამჩნია, რომ გული არ მითმენდა და ჩემი გასაკეთებელი რაც არ იყო, იმასაც ვაკეთებდი. ასე ვისწავლე ყველაფერი - ინკუბატორის აწყობაც კი...

ამან ისე დამაინტერესა, მწყობრიდან გამოსულ ინკუბატორს ვშლიდი და ხელახლა ვაწყობდი.

- ჩვენში ამ დროს უმეტესად მაინც საბჭოთა ინკუბატორები იყო შემორჩენილი...

- არა მარტო, მაგრამ მე საბჭოთა ინკუბატორებსაც ვშლიდი და ვაწყობდი. სხვათა შორის, ძალიან გამძლე მექანიზმი აღმოაჩნდათ. საკუთარი ინკუბატორიც ამ დანადგარიდან ავაწყვე, თუმცა მანამდე პირველი ინკუბატორი ძველი საბჭოთა მაცივრის - "მინსკისგან" გავაკეთე. ეს არასოდეს დამავიწყდება. თანაც ეს "მინსკი" ჩვეულებრივი, სტანდარტული ზომის კი არ იყო, პატარა, დაახლოებით წელამდე რომ მისწვდება ადამიანს. ავაწყვე და 70 კვერცხი ჩავდე, 68 წიწილა გამოიჩეკა.

- ეს როგორ მოახერხეთ? კრუხიც კი ვერ ახერხებს, წიწილები ასე უდანაკარგოდ გამოჩეკოს...

- რა ვიცი... ასეთი შედეგი "მინსკის" ინკუბატორით 5-ჯერ მივიღე.

- ეს როგორ შეძელით?

- უმარტივესი მექანიზმი იყო. კრუხი კვერცხებს საათში რამდენჯერმე აბრუნებს, რათა კვერცხს საბუდრის ტენიანობა თუ სითბო სრულად აათვისებინოს, ინკუბატორში კი ამისთვის კვერცხი საათში ერთხელ უნდა გადაბრუნდეს. მაცივარში ამ ბრუნვის მექანიზმის შესაქმნელად ავტომობილის მინის ელექტროამწევი გამოვიყენე, ხოლო დროის გამოსათვლელად - წყლის საათი. ამისთვის ავიღე ორი ცალი 2-ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი და ისე დავაყენე, რომ წყალს ერთი ბოთლიდან მეორე ბოთლში გადასასვლელად ზუსტად ერთი საათი დასჭირვებოდა. ბოთლები ყოველ ერთ საათში იცლებოდა და კვერცხიც ამის მიხედვით ბრუნდებოდა. სხვათა შორის, ჩემი წყლის საათი ნებისმიერ საათზე უკეთესად მუშაობდა. ამის შემდეგ უფრო დახვეწილი ინკუბატორების აწყობა დავიწყე... ვიფიქრე, ახლა დიდ ინკუბატორს გავაკეთებ, უფრო მეტს გამოვაჩეკინებ-მეთქი და ასეც მოვიქეცი.

- "მინსკს" რა უყავით?

- იმას მივყიდე, ვისაც არ სჯეროდა, რომ ამ ინკუბატორით ასეთი შედეგის მიღწევა შეიძლებოდა.

- ალბათ, ეს ერთადერთი წარმატება არ ყოფილა...

- რა თქმა უნდა. ამ საქმეში მართლა მივაღწიე წარმატებას, მაგრამ რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, გაყიდვაზე მეტად ის მსიამოვნებს, როცა საქართველოს რომელიმე კუთხიდან ჩხირკედელა, საქმიანი კაცი ჩამოვა და ინკუბატორის აწყობაზე მეკამათება. ამ დროს ვხედავ, რომ ამ კაცს ნიჭი აქვს და ძალიან მიხარია. რჩევას როგორ დავამადლი!.. ასე უამრავი მეგობარი შევიძინე და ახლა ამ მხრივ ჩემზე მდიდარი კაცი არ მოიძებნება... ასეა, კაცი სანამ ცოცხალი ხარ, მარტო შემოსავლისთვის არ უნდა წვალობდე - სიყვარული ისეთი შემოსავალია, ვერაფერი შეცვლის. დღეს ჩემი ოჯახი ფეხზე დგას ქათმების მოვლით. ჩემი პატარა შვილებიც მეხმარებიან. მათაც იციან, ფრინველს როდის რა სჭირდება და მეხმარებიან როგორც ზაფხულობით შინაური ჯიშის ქათმის, ისე ზამთრის სეზონზე ბროილერის გაზრდაში.

- არ სჯობს, სულ ერთი სახეობის ფრინველი გამოზარდოთ, ეს ხომ უფრო იოლია?

- არ სჯობს და გეტყვით, რატომაც - ჩვენს შინაურ ფრინველს სხვა გემო და სხვა მოთხოვნილება აქვს. ამიტომ ზაფხულის სეზონზე, მარტის თვიდან მათ ვზრდი და გვიან შემოდგომამდე ვყიდი კიდეც. შინაური ფრინველი ძვირი ღირს, რადგან მისი გამოზრდა ძვირი ჯდება. "ბროლია" (ანუ ბროილერის - ე.ე.), თეთრი ქათამი 45 დღეში აღწევს 2 კილოგრამს, ჩვენი ქათმის წონა კი ამ დროში ზოგჯერ 1 კილოგრამამდეც ვერ აღწევს. "ბროლია" ქათმების გაზრდა და წონა იმაზეც არის გათვლილი, რომ წიწილებთან მუდმივად დღის ნათურები გვინთია. ესე იგი, მათ ვატყუებთ, რომ მუდამ დღეა და შეუძლიათ საკენკი 22 საათის განმავლობაში ჭამონ. მხოლოდ 2 საათით ვასვენებთ - სინათლეს ამ დროს ვუთიშავთ და სიბნელეში აღარ ჭამენ. ამდენი რომ ჩვენმა შინაურმა ფრინველმა ჭამოს, ვერ იცოცხლებს, ძვლები დაეგრიხება. სამაგიეროდ, ის უძლებს ყველა მასთან დაკავშირებულ სიძნელეს, შეგიძლია აჭამო ცოტა და საკვები დანამატების გარეშე.

- დანამატებში რას გულისხმობთ?

- ჰორმონებს არა! არის ბუნებრივი საკვები დანამატები, ვიტამინები, რასაც "ბროლია" ქათამი ითხოვს, რითაც წონას სწრაფად კრებს! მაგრამ სხვა მხრივ, "ბროლიაც" ჩვეულებრივად უნდა გაზარდო ჩვენი მარცვლეულით. იმ რაოდენობის ქათმის გამოზრდისთვის, რომელიც გასაყიდად მჭირდება, შემოდგომით დაახლოებით 20 ტონა სიმინდს ვყიდულობ. წლეულსაც ასე ვიყიდე, თუმცა სიმინდი შარშანდელზე ძვირი - 50 თეთრი ღირდა. სამაგიეროდ, სასუქს აღარ ვყიდულობ - ქათმის სკინტლს მცენარეებისთვის ვიყენებ. ჩვენს ოჯახს ყველაფერი - პომიდორიც, კარტოფილიც, მწვანილიც, კიტრიც - ამ ნატურალური სასუქით მოწეული აქვს...

- თქვენ 6-სულიანი ოჯახი გყავთ. ქათმის გაზრდას მოაქვს იმდენი შემოსავალი, რომ ოჯახსაც ეყოს და მხოლოდ სიმინდში 10.000 ლარიც გადაიხადოთ?

- ახლა ერთი წევრიც დაგვემატა - ქალიშვილი გამითხოვდა. მალე შვილიშვილიც მეყოლება... ის საქმე რა საქმეა, თუ მტერ-მოყვარეს ვერ დაუხვდი? ამის სამყოფ ფრინველს კი როგორ გავზრდი, კარგად თუ არ ვკვებე! ქათმების გარდა, ხოხბებსაც ვზრდი და ვუმკლავდები ცხოვრებას. ოღონდ ერთი კია - როგორც დედაჩემი ამბობს, ჩემი საქმიანობით მამაჩემის აშენებული სახლისთვის აგურიც არ შემიმატებია. რა ვქნა - ჩვენს პირობებში ფეხზე დადგომა ძალიან ძნელია. რადგან მამაჩემი ვახსენე, ერთიც უნდა ვთქვა - თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა შრომა ისწავლონ, მაგალითი საკუთარი შრომით უნდა მივცეთ და საქმეშიც პატარაობიდანვე დავიხმაროთ. არ მახსოვს, დილით ავმდგარიყავი და მამაჩემი საწოლში დამხვედროდა. ჯერ ისევ სიბნელე იყო, რომ დგებოდა, შვილებს კი საჩვენო მსუბუქ საქმეს გვაკეთებინებდა. ჩვენ ახლაც ასე ვშრომობთ.

მე ერთი დიდი საქმეც გავაკეთე - ჩვენთან, თელეთში, წყალი არ არის, ამიტომ მიწას ბურღი დავკარი და მუდმივი წყალი გავიჩინე. ძვირი დამიჯდა, სამაგიეროდ, წყალი ულევად მაქვს და მეზობლებსაც ვაძლევ. ქათამს წყლის გარეშე ვერ გავზრდიდი, მარტო დასალევად კი არ არის საჭირო, ერთი თაობა წიწილების გამოზრდის შემდეგ ვოლიერი უნდა გამორეცხო და შეათეთრო. დაუშვებელია საქათმის დაუსუფთავებლად შიგ რამდენიმე თაობის გაზრდა. სწორედ ასე წყდება ქათამი და მერე პატრონები ზარალს მთავრობას აბრალებენ. მთავრობას თავისი დასაბრალებელიც ეყოფა - ისე მიიღეს კანონი, რომ ფრინველი მხოლოდ ლიცენზირებულ საკლავებში უნდა დაიკლას და ისე გაიყიდოს, რომ საკლავები არ არსებობს. მე რომ საკლავი არ მაქვს, ჩემი გაზრდილი ფრინველი სხვის საკლავში უნდა წავიყვანო, იქ დავკლა და ფასიც გადავიხადო. შედეგად, ჩემი ფრინველიც, მინდა თუ არა, ხომ უნდა გავაძვირო? ამ დროს ბაზარზე უკვე დამკვიდრებული ფრინველის მსხვილი ფირმა ჩემზე უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან საკუთარი საკლავი აქვს, ჩემნაირი მეწარმეები კი გაკოტრდებიან! აი, ასეთ რაღაცებზე უნდა იფიქროს მთავრობამ, როცა კანონებს იღებს. ახლა ჩემნაირი მეწარმე იძულებულია, ტყავში გაძვრეს, ბანკის სესხი აიღოს, თანაც ასეთ არასტაბილურ პირობებში, როცა არ იცის, რით დამთავრდება მისი წამოწყება და საკლავი გააკეთოს. მეც ამას ვცდილობ და ვნახოთ, რა გამომივა.