ბოტანიკოსების მექა თბილისში - კვირის პალიტრა

ბოტანიკოსების მექა თბილისში

მცენარეთა უნიკალური და გადაშენების პირას მყოფი იშვიათი სახეობები

თბილისის ბოტანიკურ ბაღშია დაცული

"ამ მცენარეების უმრავლესობა მაღალმთიანი რეგიონებიდან არის ჩამოტანილი და შესაფერის დეკორატიულ ქვებთან დარგული"

ბუნებისა და მცენარეთა მრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნება დღეს მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემაა, თუმცა, სპეციალისტების მცდელობის მიუხედავად, საქმე ჯერჯერობით ლაპარაკსა და წერას არ გასცდენია...

თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღი ბოტანიკოსებისთვის ნამდვილი მექაა. აქ, კავკასიისა და საქართველოს ფლორის იშვიათ და სამკურნალო მცენარეთა განყოფილების საცდელ-საკოლექციო ნაკვეთში, დაცულია უნიკალური და გადაშენების პირას მყოფი იშვიათი სახეობები. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ზამთარია და მცენარეებს "სძინავთ", განყოფილების გამგე, თავისი საამაყო ნაკვეთისკენ მიგვიძღვის და კოლექციის ლამაზმანებს გულდასმით გვაცნობს. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლამარა ასიეშვილი ამ უმშვენიერეს ბაღში წლების განმავლობაში მუშაობს და თითოეულ მცენარეს თავს ევლება - ნაკვეთში კავკასიისა და საქართველოს იშვიათი სახეობის მცენარეებს ნახავთ, რომლებიც "წითელ წიგნსა" და "წითელ ნუსხაშია" შეტანილი...

- ეს მცენარეები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს და საჭიროა მათი ხსნა სრული გადაშენებისა და განადგურებისგან. არადა, ეს პროცესი სწრაფად მიმდინარეობს და ბუნებრივ პირობებში მცენარეები აღდგენას ვერ ასწრებენ. ამის მიზეზია დღევანდელი ეკოლოგიური პირობები: ღვარცოფები, საქონლის გადამეტებული ძოვება, მშენებლობები. სამწუხაროდ, გამოჩნდა ე.წ. ინვაზიური მცენარეები, რომლებიც ბუნებიდან სდევნის ჩვენთვის ძვირფას მცენარეებს. ამის გამო შემცირდა ბუნებაში მათი სიმჭიდროვე და რაოდენობა.

- თქვენს საცდელ-საკოლექციო ნაკვეთში რამდენი მცენარეა?

- აქ ბევრი სახეობის მცენარეა, თუმცა წინა წლებში მეტი გვქონდა. წარმოდგენილია კავკასიისა და საქართველოს ყველა რეგიონში გავრცელებულ მცენარეთა სპექტრი: მეზოფიტი (ხმელეთის), ჰიდროფიტი (წყალში მყოფი), ქსეროფიტი (მშრალი ადგილმდებარეობის), როგორც ბალახოვანი, ისე მერქნიანი მცენარეები. ისინი ყვავილობას ადრე გაზაფხულზე იწყებენ და გვიან შემოდგომამდე ჰყვავიან. თითოეული მცენარე თავის სათქმელს "ამბობს". გაზაფხულის პირველი მახარობლებია: ენძელა, ყოჩივარდა, ია, თეთრყვავილა, ცხენისკბილა, ფურისულა, ხარისძირა, გლობულარია, ბეწყვავილა, იორდასალამი, მაჩიტა, ცისფოლიო და მრავალი სხვა...

- კოლექციას როგორ ამრავლებთ?

- თესვით, ვეგეტატიური დაყოფით. ვთესავთ შემოდგომასა და გაზაფხულზე ქოთნებში, ყუთებში, კეცებში. აღმოცენება და განსაზღვრული სავეგეტაციო პერიოდი ღია ცის ქვეშ უწევს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღი სუბარიდულ სარტყელში მდებარეობს, ანუ ზღვის დონიდან 450 მეტრ სიმაღლეზე, ჩითილები, მათი ბიოეკოლოგიური თავისებურებების გამო, შესაფერის ეკონიშებში ირგვება. თითოეული სახეობის მცენარეს ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ, სხვაგვარად არ დაგემორჩილებათ. თუ მოვლასა და სხვა აგროტექნიკურ ღონისძიებებს მოვაკლებთ, შეიძლება დაიღუპოს.

კოლექციის ბევრ იშვიათი სახეობის მცენარეს, რომლებიც კარგი ზრდა-განვითარებით ხასიათდება, ამ პერიოდისთვის დაკარგული აქვს მიწისზედა ორგანოები... არადა, თითოეული მათგანი ძალიან ლამაზია, მაგალითად, მაჩიტას სახეობები, ღიღილოები. ბარბეის ღიღილო აფხაზეთიდან არის, აქვს მოიასამნისფრო, ცისფერი ყვავილედები, ეს კი იორდასალამის იშვიათი ენდემური სახეობებია... სესელი რუპრკოლას მოვერცხლისფრო, წვრილად დანაკვთული ფოთლები აქვს. ისიც აფხაზეთიდანაა.

- ბევრი მცენარე გქონიათ აფხაზეთიდან?

- რა თქმა უნდა... ჩავდიოდით იქ, თბილად გვხვდებოდნენ კოლეგები და მარშრუტებზე მოგვყვებოდნენ, არაჩვეულებრივი დამოკიდებულება გვქონდა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. ახლა ვცდილობთ, წარსულის მოსაგონებლად იქიდან ჩამოტანილ სახეობებს გავუფრთხილდეთ, რომლებიც თავისი მნიშვნელობით უნიკალურია.

- მცენარეების ადაპტაცია ადვილად მიმდინარეობს?

- ეს რთულია, მაგრამ ხელი უნდა შევუწყოთ. უპირველესად, მცენარეს ნიადაგში ტენი უნდა ჰქონდეს. განსაკუთრებით ზაფხულშია აუცილებელი მათი ყოველდღიურად მორწყვა, გამარგვლა-გაფხვიერება. ზოგი მცენარე ძნელად გემორჩილება თავისი ბიოეკოლოგიითა და ბუნებით... ვერ წარმოიდგენთ, რა სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა გაზაფხულზე ვეგეტაციას იწყებს, ნელ-ნელა არღვევს მიწას...

- ექსპედიციიდან მცენარეები როგორ მოგაქვთ?

- კლასიკურ გავრცელების არეალში მიზნობრივ მცენარეებს ხავსში ვფუთავთ და პოლიეთილენის პარკებით ჩამოგვაქვს. ბუნებაში ვაგროვებთ მცენარეების თესლსაც, რომელიც სპეციალური ქაღალდის პარკებით მოგვაქვს.

ჩვენთან სტუმრად იყო სახელგანთქმული ამერიკელი მეცნიერი, ბოტანიკოსი პიტერ რეივენი, რომელიც გულდასმით გაეცნო კავკასიისა და საქართველოს იშვიათ და გადაშენების პირას მყოფ მცენარეთა კოლექციას, აღფრთოვანება ვერ დაფარა, - ბედნიერი ვარ, რომ ნახევარ დღეში მთელ კავკასიაში ვიმოგზაურე და ასეთ ძვირფას მცენარეებს გავეცანიო.

აქ გახლავთ იბერისი ჩრდილოეთი კავკასიიდან - უიშვიათესი სახეობა. მარადმწვანეა, ყვავის უხვად, თეთრი ყვავილებით. არის ყვითელი ასფოდელოა, ზღარბა. გვაქვს მაჩიტებიც - რადეს, კემულარიას, კოლენატის, ვორონოვის. აქვეა ფურისულა, ბზიფის სალბი, აფხაზეთის ხარისძირა, ოლგას ფოლიო, ეთიონემა, ეუფორბია, ბზიფის ქონდარი, კავკასიის დიოსკორეა, თეთრი დუმფარა, ალპანისა და შოვიცის ყაზახა და ბევრი სხვა.

ზოგიერთი მერქნიანი მცენარე მარადმწვანეა, მაგალითად, საქართველოს ფლორის ისეთი იშვიათი, ვიწრო ლოკალური გავრცელების ენდემური და რელიქტური სახეობები, როგორიც არის: ბიჭვინთის ფიჭვი, კავკასიის სოჭი, წყავმაზა, კოლხური ბზა, კოლხური ლეპტოპუსი, კოლხეთის თაგვისარა, ხემარწყვა (მარწყვის ხე).

- რატომ ხვდება მცენარეები "წითელ წიგნში"?

- ხემარწყვა არის მაღალი საკონსერვაციო მნიშვნელობის იშვიათი, ერთადერთი სახეობა ხმელთაშუა ზღვის რეგიონიდან, რომელიც ძალიან ძნელად მრავლდება.

ლაფანი კაკლისებრთა ოჯახიდანაა, გავრცელებულია მდინარე ალაზნის პირას და იმ მიდამოებიდან არის წამოღებული. განსაკუთრებული ბიოეკოლოგიური თავისებურებები აქვს, თბილისის კლიმატს კარგად შეეგუა, რადგან მის ფესვებში ხელოვნური რუ მიედინება. ლაფნის შემცირების მიზეზი ის არის, რომ საქართველოში - მევენახეობის ქვეყანაში, მას რბილ მერქანს აცლიდნენ და ვენახის ასაკრავ თასმებად იყენებდნენ, ხე კი დროთა განმავლობაში ხმებოდა. ბუნებრივ პირობებში ქიზიყში ასევე შემცირდა უიშვიათესი სახეობა თურანულა, თურანგი.

ლალი ფაცია