ქართული თაფლის "გასაჭირი" - კვირის პალიტრა

ქართული თაფლის "გასაჭირი"

ხშირად სვამენ კითხვას, რომელი თაფლი სჯობს - მაღალი იარუსის ხეების ნექტრისა თუ ბალახოვნებისაო. პასუხი ერთია: თუ თაფლი ეკოლოგიურად სუფთაა, ყოველთვის კარგია, მაგრამ ტოქსინების ათვისების თვალსაზრისით, ბალახეული უფრო საშიშია, ვიდრე ხეები. ამიტომ, თუ ასარჩევად გვექნება საქმე, მაინც აკაციის, ცაცხვის ან წაბლის

თაფლს მიანიჭეთ უპირატესობა.

გამოცდილი მეფუტკრეები ხშირად წუხან, ბუნება გაძუნწდაო... ბუნების გაძუნწება ღალიანობის მოკლებას გულისხმობს, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის მთავარია ნექტრის შემცველი მცენარეებით დაფარული ტერიტორიებისა და გარემოში სხვადასხვა შაქრის შემცირება.

ტყიანი ტერიტორიები მცირდება მერქნის დიდი მოხმარების გამო, ხოლო კლიმატური პირობებისა და სეზონთა აღრევის გამო მცენარეებში შაქრის კონცენტრაციამ მოიკლო. ადრე ბევრად ადვილი იყო თაფლის უხვი მოსავლის მოწევა. მაგრამ დღეს ფუტკრის კულტურული ჯიშის მიღება შეუძლებელია, რადგან ფუტკრის შეჯვარება  მეფუტკრის სურვილისგან დამოუკიდებლად ხდება. ქართული რუხი ფუტკრის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული ჯიშის, წმინდა ხაზის შენარჩუნებაც ძალიან რთულია.

თაფლის შემოწმების მრავალი მეთოდიდან ყველაზე საიმედო ლაბორატორიული კვლევაა, რაზეც ყველას ხელი არ მიუწვდება. შესაძლოა თაფლი მყიდველის თვალწინ გამოწურონ და ის მაინც შეიცავდეს ფიზიკურ, ქიმიურსა და ბიოლოგიურ მტვერს. რამდენიმე წლის წინ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების თაფლი ევროპელებს დაუწუნებიათ, რადგან თაფლი მიღებული იყო ისეთი გარემოდან, სადაც შინაური პირუტყვი ბევრია და ნექტარში ერევა სოკო, რომელიც თაფლს აბინძურებს.

ცალკე საკითხია, რამდენად აქცევს მეფუტკრე ყურადღებას ფუტკრის ოჯახების მკურნალწამლობის ვადებსა და დოზირებას. შესაძლოა, თაფლში აღმოჩნდეს ანტიბიოტიკები და სხვადასხვა ტიპის შხამები. სამაგალითოდ დავასახელოთ ვაროატოზის სამკურნალო "ვაროკომი", რომლის ზემოქმედება თითქმის 50 დღის განმავლობაში არის ეფექტური ვაროას ტკიპაზე და მისი მოხვედრა სასაქონლო თაფლში არასასურველია.

მაგისტრალების გასწვრივ ხშირად შეგხვდებათ სკები, რომლებიც მომთაბარე მეფუტკრეებს დაულაგებიათ იქ, სადაც მათთვის მოსახერხებელი იყო და არ აქცევენ ყურადღებას, რომ ფუტკარი მოქცეულია გამონაბოლქვით დანაგვიანებულ გარემოში.

გარდა ნექტრისა, სკებშიც ადვილად იჭრება გამონაბოლქვი.

ცხელი და მშრალი ამინდის დროს სკებში ხვდება მტვერიც, რის გამოც მაგისტრალების ახლოს თაფლის ყიდვა საშიშია!

ბოლო დროს გაზრდილია მოთხოვნა წაბლის თაფლზე, რომელიც საქართველოს ბევრ კუთხეში იწარმოება. წაბლის მონოფლორული თაფლი ძნელი ასაღებია, თუმცა, არსებობს ადგილები, სადაც წაბლი დომინანტი სახეობაა და მისი ყვავილობისას მხოლოდ ვაზი და მაყვალი ყვავის. ასეთ შემთხვევაში ფუტკარი წაბლს ეტანება, რადგან მას უკეთესი ნექტარი აქვს. უმნიშვნელო რაოდენობით მაყვლისა და ვაზის თაფლი წაბლისას გემოს, არომატსა და ფერს ვერ უცვლის.

გარდა იმისა, რომ წაბლის თაფლი მართლაც კლასიკური გაგებით თაფლისფერია, ასევე შეუდარებელია კულინარიასა და ზოგიერთი დაავადების პრევენცია-მკურნალობისას. თუმცა ფალსიფიკატორები მას იმიტომ ყიდულობენ, რომ მისი არომატი და გემო ხელოვნურ თაფლსაც "აკეთილშობილებს" და წაბლის თაფლის სახელით ასაღებენ.

ფალსიფიკაციისთვის შედარებით ნაკლებად "პოპულარულია" ცაცხვისა და აკაციის მაღალხარისხოვანი თაფლი.

ხშირად სვამენ კითხვას, რომელი თაფლი სჯობს - მაღალი იარუსის ხეების ნექტრისა თუ ბალახოვნებისაო. პასუხი ერთია: თუ თაფლი ეკოლოგიურად სუფთაა, ყოველთვის კარგია, მაგრამ ტოქსინების ათვისების თვალსაზრისით, ბალახეული უფრო საშიშია, ვიდრე ხეები. ამიტომ, თუ ასარჩევად გვექნება საქმე, მაინც აკაციის, ცაცხვის ან წაბლის თაფლს მიანიჭეთ უპირატესობა.

სამწუხაროდ, დღეს თითზე ჩამოსათვლელია მეფუტკრე, რომლის "თაფლიც უფრო სუფთაა, ვიდრე თავად მეფუტკრის სინდისი".

როგორია სახელმწიფო მიდგომა მეფუტკრეობის მიმართ? გვიპასუხებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი:

- ტრადიციული დარგების განვითარებას დიდი ადგილი უკავია 2015-2020 წლების სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიულ გეგმაში. გაწერილია სამოქმედო გეგმები, შექმნილია 15 დარგობრივი კომისია, მათ შორის მეფუტკრეობის განვითარებისაც. ჯგუფში შედიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, მეფუტკრეთა გილდია და ამ დარგის მოწვეული სპეციალისტები. აპრილიდან სახელმწიფოს ექნება სრულფასოვანი ლაბორატორია, სადაც ყველა დონის კვლევას შევძლებთ (უამისოდ წარმოუდგენელია ქართული თაფლის ევროკავშირში ან სხვა რომელიმე ბაზრებზე გასვლა).

როლანდ ხოჯანაშვილი